რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

ახლა  ნეშვილიდან ნიუ იორკში მივფრინავ.

ეს იმას ნიშნავს, რომ  ინტერნეტი ტელეფონში გათიშული მაქვს და კიდევ იმას, რომ შემიძლია, ფიქრით შევიქციო თავი, უფრო სწორედ, წერით და მე, ყოფილი გალაკტიონოლოგი, უკეთესზე რაზე ვიფიქრებ?

რაც მახსოვდა შენი ლექსები, გულში მოვილიე, ახლა შენთან ლაპარაკის ხასიათზე დავდექი.

რა კარგია ასე, თავისუფლად, უპასუხისმგებლოდაც კი,  შენთან რაღაცნაირად, ტოლი-ტოლზე საუბარი.

შენ რომ სივრცეებმა დაგიბინადრეს, მე ახლა - იმ სივრცეებში თვითმფრინავის მგზავრი ვარ.

ჰო, ოლიაზე გეუბნები - მასზე ახლობელი ქალები შენ, როგორც მამაკაცს სხვებიც გყავდა, მაგრამ როგორც პოეტს - არასოდეს გყოლია.

მხოლოდ ოლიამ იცოდა შენი, როგორც პოეტის ენა.

რუსეთში ერთად წასვლამდე, 1916-ში ცოლად შეირთოო. 

როგორ უნდა შეგერთო?!

ბინა შენ არ გქონდა ქუთაისში. სოფელში კი, სადაც ერთი მოცუცქნული სახლი გედგა და შიგ დედა და ძმა ცხოვრობდა, დაბრუნება შენ არ შეგეძლო და არც ის ქალი გამოგყვებოდა.

ქალი ათეისტი იყო და ჯვარს ვერ დაიწერდით, ქორწინების რეგისტრაცია სხვაგვარადაც არ მომხდარა. 

არც სუფრა გაგიშლიათ, ნათესავ-მეგობრებისთვის რომ გამოგეცხადებინათ თქვენი შეუღლების ამბავი.

მაშინ არც ქალის ოჯახს დაურქმევია შენთვის სიძე, არც შენს ოჯახს უწოდებია მისთვის რძალი.

მანამდე ჯერ წლები იყო გასასვლელი.

ქალი მოსკოვს მიდიოდა თავის გზაზე, თავისიანებთან და შენც გაეკიდე... სიმართლე თუ გინდა - ესაა.

გზაში, მატარებელშიც არ ჩაუთვლიხარ ქმრად, ტამბურში სხვასთან გააბა ფლირტი.

 შენ რა ჰქენი?! - ბრაზივით რაღაც კი მოგერია, მაგრამ მამაკაცს მხოლოდ ის უთხარი, - ოლია ბავშვიაო.

განა ქმრები ასე იქცევიან?!

მით უფრო, ქართველი ქმრები.

რუსეთში ერთ სახლში არ დაბინავებულხართ. ქალს ჰქონდა წასასვლელი, შენ - არა. 

დედაშენი გონიერი ქალი იყო, გაჭირვებით ორი ობოლი ვაჟის გამზრდელი. შენს ნათქვამზე, - სწავლის ფული მინდა და მიწა გავყიდოთო, - როგორ დაგთანხმდებოდა, განა არ ახსოვდა შენი ზარმაცობა სასწავლებლში, შენი დაბალი ნიშნები, შენი კლასში ჩარჩენა?

შენ კი მერე მთელი ცხოვრება ვერ აპატიე.

ულუკმაპუროდ იმ არეულ, რევოლუციურ რუსეთში რამდენ ხანს გაძლებდი?

ძლივს ჩამოაღწიე მარტომ საქართველომდე. არც იქიდან გამოუცილებიხარ ოლიას, არც შენ დახვედრილხარ თბილისში, როცა რამდენიმე წლის მერე საქართველოში დაბრუნდა.

ჩამოსვლის ამბავიც კი შემთხვევით გაიგე.

რა არის ოჯახი? - საერთო ჭერი, საერთო შვილი, საერთო ბიუჯეტი, ქონება...

აბა, რომელი ერთი გაგაჩნდათ?

იმდროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებშიც, როგორც მახსოვს, ორივე მიუთითებდით რეალობას - „გაუთხოვარი“, „დაუოჯახებელი“.

კრილოვის ქუჩაზე რაღაც პატარა ოთახს კი ეღირსეთ, მაგრამ ოლია ძმასთან ცხოვრობდა, სოლოლაკში და ხანდახან შემოგივლიდა, თავსგასულ მეზობლებს დაგიფრთხობდა, უპატრონო რომ არ ჰგონებოდით, ცოტას რასმე დაგიტოვებდა, თუ ჰქონდა...

ამასობაში წლები გავიდა და შენიანები მიეჩვივნენ ოლიას, როგორც რძალს...

თვითმფრინავი უკვე დასაჯდომად ემზადება.

დანარჩენი - მერე.

აბა, დროებით!

28.05.2016

(გაგრძელება იქნება)


სხვა სიახლეები