რეკლამა
  • 2018-12-16
  • რეგისტრირებული წევრი - 235
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 906

ცოდვა გამხელილი სჯობს: რომ არა ბექა ახალაიას წიგნის პრეზენტაცია, დღეს, ამ საწვიმრად გამზადებლ ამინდში, მე აქ მომსვლელი არ ვიყავი,

არადა, რა კარგი განწყობაა ირგვლივ, რა ფერადია აქაურობა?! ეს ნაცნობი, საკანცელარიო ნივთების  სუნიც ხომ მასპინძელივით დამხვდა და მთელი პავილიონი შემომატარა... აი, გამომცემლობა „ინტელექტიც“ და ბექას კრებულმაც „ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ სალათისფრად შემომანათა.

შევიძინე და სცენისკენ წავედი, სადაც  ავტორი მოკრძალებულად კითხულობდა ნაწყვეტს პოემიდან „რკინის  მაგიდა“. 

კარგად ვიცნობ ამ პოემას, ოთარ ჭილაძის ხსოვნას მიუძღვნა... - გენიალური ფრაზებითაა გამოტენილი... ჰო, გენიალური, და სულაც არ ვაჭარბებ, ჩემზე ბევრად კომპეტენტური ხალხიც თვლის რომ - ეს კაცი (ანუ, ბექა) მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უახლეს ქართულ პოეზიაში.

დგას და მოკრძალებულად კითხულობს, ერთი სული აქვს სცენიდან როდის ჩამოვა.

ავტოგრაფიც დავტყუე და მოვეფერე კიდეც ჩემებურად.

მიხარია... ის დიდი პოეტია, მე კი მას ვიცნობ!

კიდევ რამოდენიმე წიგნი შევიძინე, მათ შორის, „ცა მიწიდან იწყება“ ოთარ ჭილაძის  და გაბრიელ გარსია მარკესის „იცხოვრო რომ მოჰყვე“.

მოვდიოდი და საოცრად კარგი გუნება-განწყობა მომქონდა. გამომცემლობა „ინტელექტის“ ჭრაჭუნა და სიმპატიურ პარკში, ორ გიგანტ ავტორთან ერთად, მეტად ბუნებრივად იდო ბექას მწვანე, კოხტა წიგნი. მე ზუსტად ვიცოდი, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდნენ ისინი ერთად.

უცებ წკაპ... წკაპ... მსხვილად წამოაყარა და დილიდან  შეპირებული წვიმა გზაში დამეწია... - აჰა, ბატონო, ესაც დასტური ჩემი ფიქრისა.

ნანა ნონიაშვილი

(ფოტოზე: ბექა ახალია და ნანა ნონიაშვილი)

29.05.2016


სხვა სიახლეები