რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

(ვახტანგ ჯავახაძის ლექსის გამო „ელეგია პირველი: ყელსაბამი“)

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცხელი ზაფხულის ერთ დღეს, ერთმა თბილისში დარჩენილმა მწერალმა მეორე (სავარაუდოდ, ქვიშხეთში) სიცხესგარიდებულ მწერალთან დეპეშა აფრინა:

-ჩამოდი, რა დროს დასვენებააა, თბილისში „მკვდრის მზე“ დაიწერაო (გიორგი შატბერაშვილის „მკვდრის მზეს“ გულისხმობდა).

არ მიყვარს ასეთი წვრილმანების დამახსოვრება, მაგრამ ამ ამბავმა თავი ორი მიზეზით დამამახსოვრა. პირველ- იმიტომ, რომ თბილისში დარჩენილმა მწერალს სხვა მწერლის წარმატების დანახვისა და აღიარების ძალა ეყო (ეს არც ისე ადვილია), მეორე კიდევ იმიტომ, რომ ამ ამბავს, როგორც მნიშვნელოვანს, როგორც სასიხარულოს ისე ამცნობს დასასვენებლად წასულ მწერალს და დარწმუნებულია, რომ მასაც გაახარებს.

მე კი ეს ამბავი იმ ამბავმა გამახსენა, რომ ამ ზაფხულს თბილისში ვახტანგ ჯავახაძის „ყელსაბამი“ დაიწერა. მართალია, არც დეპეშა სადმე გვიფრენია (მესიჯები კი ალბათ დაიწერა), წერილის გაგზავნაზე კი არ გვიფიქრია, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ინტერნეტმა მსოფლიოს ყველა კუთხეში ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამცნო ეს სასიხარულო ამბავი.

თბილისში „ელეგია პირველი: ყელსაბამი“ დაიწერა !

პოლიტიკურ დაპირისპირებასა და ხმაურიან სასამართლოებს გადარჩენილი საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელთათვისაც ლიტერატურა მოცლილთა საქმე არ არის, ამ ლექსის გამო ერთი ომი უკვე გადაიტანა..

საომრად კი ნამდვილად ღირდა..

ლექსმა პირველი წაკითხვისთანავე ბევრი აღაფრთოვანა, ზოგიერთი მეტისმეტადაც. მათმა აღფრთოვანებამ კი სხვა ბევრი გააღიზიანა, აქაც ზოგიერთი მეტისმეტად (ყველას რომ მოწონებოდა, ალბათ, საეჭვოც იქნებოდა მისი მხატვრული დონე)... ერთი სიტყვით, თითქოს ლექსი კი არ დაიწერა, არამედ ადიდებულმა მდინარემ ჩამოიარა და ისევ ორ ნაწილად გაგვყო (თითქოს აქამდე გვაკლდა მიზეზი გაყოფისთვის).

და ისევ -„გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ...“ და ახლა ვცდილობ, რომ ამ წერილით მდინარის იქითაც მივაწვდინო ხმა.

ლექსი მოცულობითად საკმაოდ დიდია (Word Count – ის ანგარიშით 238 სტრიქონს ითვლის), ინფორმაციულადაც საკმაოდ მდიდარი, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ პოეტიის გარდაცვლილ მეუღლეს ეძღვნება:

„დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა, შენები...“

ლექსის განწყობა და შესაბამისად ჟანრი სათაურშივე განსაზღვრა ავტორმა და მას სევდის გამომხატველი ელეგია უწოდა. ჩვენ შეგვიძლია ლექსი-რომანიც დავარქვათ. თუმცა მკითხველი რომ ადვილად გაერკვეს მის შინა არსში, ხალხური შემოქმედების გამოცდილების გათვალისწინებით „ხმით ნატირალიც“ კი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ლექსი პირველ ივლისს გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთში“. მისი გამოცემა იმ დროს დაემთხვა, როდესაც თბილისში და მთელ საქართველოში (ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, ოჯახებში, ქუჩაში) ადამიანები მხოლოდ მეუღლეებისგან განაკუთრებული სისასტიკით მოკლულ ქალებზე საუბრობდნენ.

თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ პოეტმა მისი გამოქვეყნება სწორედ ამ ტრაგედიას დაამთხვია და ამით ლექსის პოპულარობა საზოგადოების ზოგად -ემოციურმა ფონმა განსაზღრა.

წინასწარ ვეტყვი მკითხველს, რომ მხატვრული ტექსტის (ლექსის) წარმატებისთვის რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს, რომელსაც ეს ტექსტი სრულიად აკმაყოფილებს.

პირველ რიგში, ეს თემის არჩევანია.

ქართულ ლიტერატურას დღემდე აკლია (აკლდა) მეუღლის (ცოლის) განზოგადებული მხატვრული სახე. უფრო ზუტად რომ ვთქვათ, ამ თემაში ლიტერატურა ჯერაც ვერ გათავისუფლბულა ფოლკლორის გავლენისგან, რომელიც ცოლის სახეს (როგორც შეძენილ სიყვარულს) კოლექტიური ცნობიერების გადასახედიდან განიხილავს.

(ამის შესახებ შარშან „კრიტიკაში“ გამოვაქვეყნე მხატვრულ-დოკუმენტური ესე „ნათესავი ქართველთა“, რომელშიც ქალის სხვადასხვა პოზიცია-სტატუსზე { მათ შორის ცოლის, დედის, დის, დედამთილის, სიდედრის, შინაბერას, საყვარლის, ქვრივის} და მის მხატვრულს სახეზე იყო საუბარი ქართულ ლიტერატურასა და ფოლკლორში.

ამ მხრივ ინდივიდუალური და კოლექტიური აზროვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ინდივიდუალური ცნობიერება თავისი ხასიათით უფრო კატეგორიულია და შეფასების უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, კოლექტიური ცნობიერება კი ადამიანის ბუნებით გრძნობებს ეყრდნობა.

შესაბამისად, კოლექტიური ცნობიერება -ფოლკორი სისხლით ნათესაობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ხოლო ინდივიდუალური აზროვნება, ლიტერატურა -მოყვრობას.

ადამიანთა ურთიერთობაში ამ ორი ტიპის სიახლოვეს - სისხლით ნათესაობასა და მოყვრობას - შორის განსხვავებას ჯერ კიდევ ჰომეროსი შეეხო. მისი პოემების მიხედვით დაპირისპირება (ანდა უპირატესობის მინიჭება) მოყვრობასა და სისხლით ნათესაობას შორის მსოფლმხედველური დაპირისპირებაა და კულტურათა შორის კონფლიქტსაც გულისხმობს.

ჩემთვის გასაზიარებელია , რომ ბუნებითი (სისხლით ნათესაობითი) სიყვარული შეძენილ (მოყვრულ) სიყვარულთან შედარებით ნაკლებად პროგრესული მოვლენაა (ამ აზრს ადასტურებს ჩვენი მითოლოგიური ზღაპარი „ამირანი“ და კლასიკური ლიტერატურა „ვეფხისტყაოსანი“).

ამ ფონზე ჩვენ მიერ ლიტერატურასა და ფოლკლორში მოძიებული ცოლის მხატვრული სახე(ბი) დამშვიდების უფლებას მართლაც არ იძლევა.

კვლევამ გამოაჩინა, რომ სანიმუშო ცოლის განზოგადებული სახე (თუნდაც ფრაგმენტული) ქართულ ლიტერატურაში მართლაც ძნელად საპოვნელია. უფრო ადვილია იმ ტექსტების გახსენება, რომლებსაც ცნობილი მწერლები პატივისცემის ნიშნად საკუთარ მეუღლეებს უძღვნიდნენ.

ამ კუთხით ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერების დაპირისპირების თვალსაჩინო სურათს კი ეს მარტივი შედარებითი ანალიზიც იძლევა:

გავიხსენოთ მიხა ხელაშვილის ლექსი „ლექსო, ამოგთქომ ოხერო..“ და დავუკვირდეთ, თუ როგორ ვერ აღწევს პოეტი თავს საზოგადო შეხედულების ტყვეობას:

„ცოლიც ძალიან იტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა.

მეორე დღესა იგიცა, სხვისა ჭირს გაალხინებსა“

თითქოს მის კოლექტიურ ცნობიერებას (წინა რიცხვით) ეპაექრება ვაჟა-ფშაველა თავის ლექსში („სიკვდილი გმირისა“):

„ცოლის გულსაც ხვდა ლახვარი,/ თუმც ტირილს ვერა ჰბედავსა;

ჩუმად იტირებს ბეჩავი, როცა არავინ ხედავსა.“

ბევრი სხვა მსგავსი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, თუმცა, ცხადია, ამ საკითხში ფოლკლორი და ლიტერატურა საოცარ ერთსულოვნებას ამჟღავნებს და დღესაც დაუღალავად ეწევიან ცოლის საწინააღმდეგო ფიარკამპანიას. როგორც ჩანს, ცოლის ქება ჩვენს ლიტერატურაში დღესაც „აუგია“. ამ ფონზე კი ვახტან ჯავახაძის ეს ლექსი უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯი, არამედ ნახტომია კულტურისაკენ, ქრისტიანული ფასეულობისკენ. მეუღლის (ცოლის) სახე ამ ლექსში სრულიად ახალ ესთეტიკურ ღირებულებებს ამკვიდრებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში (აქ არაფერს ვამბობ ლექსის მხატვრულ დონესა და ავტორის შემოქმედებით უნარზე, რომელთა საშუალებითაც მან უკიდურესი განცდების მოტანა შეძლო მკითხველამდე).

და აქვე, მართალია, ავტორი ებრძვის კოლექტიურ ცნობიერებას, თუმცა შემოქმედებითად იყენებს ფოლკლორულ კონსტრუქციებს და აიძულებს მათ ინდივიდუალური აზროვნების სამსახურში ჩადგნენ:

ხალხური- სიზმარში მაინც მეჩვენე...

ვახტანგ ჯავახაძე -„ სიზმარში მაინც გამომეცხადე...“

ვახტანგ ჯავახაძე -„ მესიჯი მაინც გამომიგზავნე, ყვავილებს წყალი როდის დავუსხა... „

***

შუძლებელია თემის, განწყობის, ხასიათის მიხედვით ამ ლექსს ქართულ პოეზიაში არ ჰყავდეს წინამორბედი და არ გაუჩნდნენ მიმდევრები. თუმცა მე პირველი წაკითხვისთანავე რატომღაც ივანე წიკლაურის „რამ დამაბერა“ გამახსენა.

შესაძლოა ამ მოსაზრებას ბევრი არც დაეთანხმოს. მართლაც, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გასული საუკუნის 80-იან წლებში გახმაურებულ ფოლკლორულ (ესეც საკამათოა) შედევრს კლასიკური პოეზიის დღევანდელ ბრწყინვალე ნიმუშთან, გარდა იმისა, რომ ორივე ლექსმა თავის დროზე მკითხველის ყურადღება მიიპყრო და ორივე მათგანი, პირველ რიგში, თავისი მასშტაბური ხედვით გამოირჩა.

მკითხველს გავახსენებ, რომ იმ დროს მართლაც ბევრი მოიხიბლა ივანე წიკლაურის ლექსით. მისი პოეტური სახებით, ბრწყინვალე ინტონაციით (ეს ვახუშტი კოტეტიშვილის დეკლამაციამ უკეთ გამოაჩინა ), დიალექტშერეული ლექსიკით, ჰეროიკული პათოსით. მოიხიბლა მკითხველი და სრულიად გამორჩა, რომ ეს ლექსი შესაძლოა პირველიც იყო, რომელმაც აღსარებითი ხასიათის ნაკადი შემოიტანა ქართულ საბჭოთა მწერლობაში. ისიც შეუმჩნეველი დარჩა, რომ ეს ავტობიოგრაფიული ლექსი ჩვენი განვლილი ცხოვრების ნამდვილ მატიანედ იქცა და რამდენიმე ათეულ სტრიქონში მთელი ეპოქა ჩაატია.

(დარწმუნებული ვარ პირუთვნელი და გამოწვლილვითი ანალიზის შემთხვევაში (ამ წერილს არ შეიძლება ამის პრეტენზია ჰქონდეს) ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსიც ბევრი მიმართულებით „ განაცხადებს“ ერთადერთობის პრეტენზიას).

საგულისხმოა, ორივე ლექსში სამყაროს მცირე მოდელია გამოხატული. მის ცენტრში კი ადამიანი, ერთი მხრივ, ავტორი („რამ დამაბერა“), ხოლო, მეორე მხრივ, ავტორის მეუღლე („ყელსაბამი“) - დგას. მათ ორბიტაზე კი დიაკონთ გიორგი, ტოლხეშათ მიხა, უთურგათ ჯურხა, გაბური ლელა („რამ დამაბერა“) და ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, დავით წერედიანი და სხვები ტრიალებენ ... ისინი ეპოქის ხასიათს ქმნიან.

ლიტერატურის ისტორიაში ასეთი ლექსები სხვადასხვა ლიტერატურულ ეტაპს მიჯნავენ ერთმანეთისგან. მათით რაღაც მთავრდება და რაღაც ახალი იწყება. ისინი სამანის ქვებივით ღრმად არიან მიწაში (ერის თვითმყოფად კულტურაში) ჩაფლულნი, რათა ლიტერატურული მიმდინარეობების მსუბუქმა ნიავმა ადგილიდანაც ვერ დაძრას.

ორივე ეს ლექსი ანალიტიკური გონების და შემოქმედებითი შრომის ნაყოფია. სტიქიურობის კვალი არცერთ მათგანში არ იგრძნობა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე მათგანი შეგვიძლია კულტურულ მოვლენად ჩავთვალოთ, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მოიტანს შესაბამის ცვლილებას.

ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ როგორ იმოქმედებდა ივანე წიკლაურის ეს ლექსი იმ დროის მკითხველის გემოვნებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ლიტერატურულმა საზოგადოებამ მისით აღტაცებას სათანადო მეცნიერული ანალიზიც მოაყოლა. დარწმუნებული ვარ, არც ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსიც ჩაიკარგება ელექტრონული მეხსიერების უძირო ჭაში, თუ მკითხველის ინტერესი ღრმად ჩაწვდება მის დაფარულ შრეებს და განსჯის თემად აქცევს მას.

***

ჩვენში პოეზიას კარგი მკითხველი ჰყავს. მას ახარებს ახალი ლექსის წაკითხვა. ახარებს ახალი მხატვრული სახე, კარგი სტრიქონი, კარგი ფრაზა... შეუძლია განუწყვეტლივ იმეოროს ის. ერთი დღით, რამდენიმე კვირი ან თვეობით აიკვიატოს და იღიღინოს ნაცნობი სიტყვები.

ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ ლექსის მკითხველმა ამ დღეებში მთელი თავისი ძველი რეპერტუარი განაახლა:

„...დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა - შენები... „

„...ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები... „

„..და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელს ეძებდა...“

„ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?“

„...მესიჯი მაინც გამომიგზავნე ყვავილებს წყალი როდის დავუსხა..“

„.. სადაც ერთმანერთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა...“

(ეს ყოფნა-არყოფნის თანამედროვე ვარიაციაა).

„გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არა ხარ...“

(ეს ფრაზა კი რეფრენივით მიყვება მთელ ლექსს და როგორც ადამის (პირველი კაცის) სასოწარკვეთილი კივილი არყევს მთელ სამყაროს).

***

ლექსი ადვილი გასაგებია, რადგამ ის მკითხველისთვისაა დაწერილი . მიუხედავად იმისა, რომ მას არ აკლია არც სიღრმე, არც სიმაღლე და ზოგ შემთხვევაში არც ბუნდოვანება.

მკითხველი შეამჩნევს, ლექსში ბევრის სახელი ხსენდება, გარდა თვითონ ადრესატისა...მხოლოდ ერთხელ, ისიც ირიბად, როდესაც ვიგებთ , რომ მის სახელზე ნანა დედოფლის ხატი აკურთხეს, სხვაგან ავტორი არსად არ ახსენებს მეუღლის სახელს, თუმცა ყველა სტრიქონში იკითხება, შენ, შენ, შენ.... და ჩამოთვლილია ყველა ის მეტსახელი (ჩემო ფინანსთა ნამინისტრალო, ოთარაანთ ქვრივო, თომას დაიკო), რომლებშიც ძალზე კარგად იკითხება მისი ხასიათი და იწერება მისი პორტრეტი. თუმცა, თავდაპირველად, უსახელობა მაინც აოცებს მკითხველს , რადგან ფიქრობს, რომ სახელი ერთგვარი კარია მეორე ადამიანთან დასაახლოვებლად. აქ ეს კარი კი არ იღება, რადგან ა ის არც არსებობს... ამ ურთიერთობაში არ ჩანს არც კარი, არ ბარიერი, არც სხვა რამ ისეთი წინააღმდეგობა , რომელიც სახელით უნდა დაიძლიოს. თანდთან ხვდები, რომ სახელით მიმართვა მხოლოდ დაარღვევდა იმ ინტიმს, რომელიც ძალზე ფაქიზი შეხებით მიიღწევა ტექსტში..

ლექსის თითოეული სტრიქონი გამოწვლილვით ანალიზს ითხოვს. ეს ამ ფორმატში მართლაც შეუძლებელი მეჩვენება. (ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ ძალების მოსინჯვა და პირველი ცდაა ამ „სიმძიმისთვის“ ქარის გატრებისა). თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ითქვას. ძალზე რეალური და ხილვადია სამყარო (რომელიც ლექსის დასაწყისში ჩნდება თანდათან მისტიკურ ბურუსსეს იკრებს, ფიზიკური შეგრძნებები სულიერ ურთიერთობებში გადადის და ლექსის ფინალში ბიბლიურ არქეტიპებამდე აღწევს.

ფინალში უსიტყვოდ ბატონობს რელიგიური განცდა...

აქ ჩნდება ცისფერი მტრედი, რომელი ავტორს ფანჯარაში ეცხადება. ის, ერთი მხრივ, მეუღლის ლანდია, რომელიც ნაწერში საკუთარ სახელს დაეძებს (რომელიც არ არის) ამავე დროს, მტრედი მას ახსენებს პიკასოს (მშვიდობის მტრედი) , ახსენებს ნოეს, ახსენებს სხვა რამესაც. თუმცა იქვე ჩნდება მტრედი-ქედანი. შეუძლებელია ავტორს შემთხვევით ეხსენებინა მტრედის მეორე სახელი -ქედანი. აქ ქედანს უფრო მეტი შინაარსი აქვს და მას ეროვნულ-ლიტერატურულ ძირფებთან მივყევართ. მეორე მხრივ, თუ მტრედი მშვიდობის მაცნე და სულიწმინდის (სიცოცხლის) სიმბოლოა, „საწყალი ბერი ქედანი“ სულის ფრინველია. იმქვეყნიური, სულეთის მაცნეა...

„ზედ იჯდა ბერი ქედანი, დამღუღუნებდა თავზედა..“ (ვაჟა-ფშაველა „ბახტრიონი“)

სწორედ ეს არის ის უკანასკნელი ნასკვი, რომელიც ხსოვნის რექვიემს ერთ ამბად კრავს. აქ ყველა ძაფი ავტორის ხელში იყრის თავს. საკმარისია, მცირედი ხელის ჩამოკვრა, რომ ის ხმა გამოსცეს, რომელსაც ავტორი ისურვებს..

და ბოლოს, მხატვრულ-ესთეტიკური კუთხით ამ ლექსმა დაიტია ყველა ის ექსპერიმენტი, რომელთაც ავტორი ახორციელებდა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში. თურმე მისი თხრობის ირონიულ-პაროდიულმა ხერხმა მხოლოდ გულწრფელობის ხარისხი შემატა ნათქვამს. პოეტის მხრიდან ლექსიკის სანაქებო მომჭირნეობამ კი სიტყვები აიძულა სრული დატვირთვით „ემუშავათ“ . ვახტანგ ჯავახაძის პოეზიაში სიტყვები შეუცვლელნი ხდებიან. ისინი „ჩრდილოვანი“ ფუნქციის შესრულებაზე უარს ამბობენ და განახლებული ძალით მხოლოდ აზრის გაძლიერებას ემსახურებიან.

გია არგანაშვილი


სხვა სიახლეები