რეკლამა
  • 2018-10-23
  • რეგისტრირებული წევრი - 232
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 890

ელიჩკა შალვას გარეშე ნაბიჯს არ დგამს. შალვაა ელიჩკას საყრდენი და იმედი.

-შალვა, შალვა! - გარეთ გასვლას დააპირებს თუ არა, მაშინვე შალვას უწყებს ძებნას.

-ტუსიკოო, ტუსოო! სადაა შალვა? - მეძახის მერე მე და თან ბუზღუნებს, - რა იცის ეს დამალვა და დაკარგვა!

-კარგი რა, ელიჩკა, კარგი რა, - ახლა მეც ვბუზღუნებ, - მოასვენე ის კაცი ბოლოს და ბოლოს.

-ჰმ, საკმაოდ მოსვენებული ბრძანდება ვაჟბატონი, - ამბობს მოუსვენრად და ტანზე უკვე კოლოფივით მორგებულ, ამოჩემებულ სავარძელში წამოკოპსილი, მძიმებეჭდიან თითებს სახელურზე აკაკუნებს, - არა, მაინც სადაა? მოდი, თმა დამვარცხნე და ლაქი წამისვი ფრჩხილებზე, წი-თე-ლი! როზასთან მივდივარ.

როზა ელიჩკას ბავშვობის მეგობარია, მგონი, ისიც ასი წლის. იმას შალვა არ ჰყავს და გარეთ ვეღარ გამოდის, ეშინია. ელიჩკას კი რა ენაღვლება. ძაღლი გამოუხტება და, შალვა იქ არაა? წაიფორხილებს და შალვა არ შეეშველება თუ რა? ვინმე რედიკულის წართმევას დაუპირებს და, აჰ, აჰ, ეგღა აკლია ელიჩკას! შალვა, შალვა უშველის!

თექვსმეტი წლის იყო ბებიაჩემი ელიჩკა, ოცდაათი წლის ბაბუაჩემ შალვას ოჯახის დაუკითხავად რომ გაჰყვა ცოლად და მას მერე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უმისოდ.

-ძალიან მიყვარდა და იმიტომ გავიპარე, მაგრამ შალვას უფრო ვუყვარდი, დიახ! - მეუბნება ხოლმე ამაყად და საზამთროდ შენახული სოკოსავით მიმჭკნარ ხელს მსუბუქად არტყამს მაგიდაზე, - შალვაზე ნაკლებს არ გაჰყვე, იცოდე! კაცი უნდა იყოს შენი იმედიც და საყრდენიც, გაიგე?! ისე უნდა უყვარდე და გიყვარდეს, რომ ის უშენოდ ვერ ძლებდეს და შენ უმისოდ ვერ ძლებდე.

ჰოდა, უყვარს შალვა დღემდე, ვერ ძლებს შალვას გარეშე და ისევ შალვასთან ერთად დადის.

მივა, მიკუნკულდება როზასთან (სხვა არც ერთი მეგობარი აღარ ჰყავს მისაკუნკულებელი), მიუსხდებიან მრგვალ, გობელენგადაფარებულ მაგიდას, მაგიდის თავზე ჩამოკონწიალებულ უზარმაზარ აბაჟურში შეასკუპებენ ბარტყებივით გაღინღლულ თავებს, მოუსმენენ ძველ ფირფიტებს, გაშლიან პასეანსებს, ბროლის სირჩებში ჩამოსხმულ ვოლოკორდინის წვეთებს გადაჰკრავენ ვარდის ლიქიორივით, ერთ-ორ ღერ პაპიროსსაც მიაბოლებენ სიკვდილს ცხვირ-პირში და ვინ იცის, მერამდენედ გადაჭორავენ გაღმა გასულ და გამოღმა დარჩენილ ნათესავ-მეგობრებს.

შალვაც რა თქმა უნდა, იქვეა, გოგოებთან, ოღონდ ხმას არ იღებს, მოთმინებით ელოდება ელიჩკას, ერთ ნაბიჯის გადამდგმელიც არაა ელიჩკას გარეშე.

ბავშვობიდან რაც მახსოვს, ესაა: ხან შალვა გამოხტებოდა ოთახიდან კედლის საათის დასაზეთი გუგულივით და დაიჭრიალებდა:

-ელიჩკა, ელიჩკა! სადაა ელიჩკა?

ხან ელიჩკა გამოხტებოდა ოთახიდან კედლის საათის დასაზეთი გუგულივით და დაიგუგულებდა:

-შალვა, შალვა! სადაა შალვა?

და როცა ჩვენს ძველისძველ, ბევრანტრესოლიან და ბევროთახიან სახლში ერთმანეთს იპოვნიდნენ, დაიკოსებდა ელიჩკა თავზე ფეტრის შავ, პატარა შლაპას, დაიჭერდა განუყრელ რედიკულს და გამოსდებდა შალვას ხელკავს. დაიკოსებდა შალვაც თავზე ფეტრის შლაპას, დაიჭერდა განუყრელ ხელჯოხს და გამოსდებდა ისიც ელიჩკას ხელკავს.

ჰოდა, მიღოღავდნენ და მოღოღავდნენ ასე, ტრამვაის ძველი ვაგონებივით, გადაბმულები.

ცალკე მოსიარულე არც ელიჩკა უნახავს ვინმეს და არც შალვა.

ერთადერთხელ წავიდა ბაბუაჩემი შალვა ელიჩკას გარეშე და ისიც მაშინ, როცა სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მოკვდა.

ელიჩკას არ უტირია, გახევებული იჯდა კუბოსთან და დარწმუნებული ვარ, იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ეცოცხლა შალვას გარეშე. მერე, ბაბუაჩემი რომ გავასვენეთ, დიდი ხნით ჩაიკეტა ოთახში, და რომ გვეგონა, დარდისგან თავადაც მალე მიჰყვებოდა, ერთ დილას შავი შლაპითა და შავი რედიკულით გამოვიდა და გამოაცხადა:

-შალვას ვეძებ! სადაა შალვა? როზასთან მივდივარ!

-შალვა... შალვა მოკვდა, დედა, - ენა დაება დედაჩემს და შეშფოთებულმა გადმოგვხედა.

ელიჩკამ ოთახს მოავლო თვალი, მერე მძიმებეჭდიანი თითი კედლის კუთხისკენ გაიშვირა და მე მომიბრუნდა: - ტუსიკო, აი, შალვა.

-რა? - ვკითხე გაოცებულმა. კუთხეში მხოლოდ ბაბუაჩემის განუყრელი, წითელი ხის ხელჯოხი იყო აყუდებული.

-ბაბუაშენის ხელჯოხზე გეუბნები. დღეიდან ეგ იქნება ჩემთვის შალვა, - მითხრა ელიჩკამ. მერე, სანამ მეც და ჩემებიც გონზე მოვიდოდით, ხელჯოხი აიღო, ფრთხილად აუსვ-დაუსვა მიმჭკნარი ხელი, იატაკზე დააკაკუნა და ოფიციალურად გამოგვიცხდა, - როზასთან მივდივარ, არ იდარდოთ, შალვა თან მახლავს.


სხვა სიახლეები