რეკლამა
  • 2018-12-16
  • რეგისტრირებული წევრი - 235
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 906

„პათეტიკური ჟესტის სიმართლე ცხოვრების უდიდესი მომენტია“ - ამბობდა შარლ ბოდლერი. ჰოდა, მეც მინდა წერილი ასეთი პათეტიკურ-რიტორიკული შეკითხვით დავიწყო: რაში სჭირდება ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს შალვა დადიანის, თედო სახოკიას, გერონტი ქიქოძის, ვახტანგ ჭელიძის, ოთარ ჩხეიძის დაბოლოს როსტომ ჩხეიძის გამართლება?! ან საიდან იცოდნენ შალვა დადიანმა, თედო სახოკიამ და გერონტი ქიქოძემ, რომლებმაც მოგვიანებით გაუზიარეს ვახტანგ ჭელიძეს და ოთარ ჩხეიძეს ეს საიდუმლო,  ასე დაწვრილებით, რა მოხდა 1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბლის სახლში?

            დაახლოებით სამი წლის წინ, როსტომ ჩხეიძემ დაბეჭდა პიესა „26 ივნისის საიდუმლო“, სადაც ავტორმა გარკვეული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მხატვრულ ფორმაში შეფუთული ისტორიულ-დოკუმენტალური პრეტენზიის მქონე, ივანე მაჩაბლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვერსია შემოგვთავაზა.

            სამწუხაროდ, დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ამ პიესაში ბატონმა როსტომმა ათი ფოტო გადაუღო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ სინამდვილეს (პიესა 2 მოქმედებად და 10 სურათადაა დაყოფილი) და ვერცერთ სურათზე ვერ აღბეჭდა იგი! ეს სურათები რეალობის სრული დეფორმაციაა. ყველა სურათი ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიახლოებითაც ვერ გადმოსცემს ეპოქის სულისკვეთებას; იმდროინდელ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ნაძალადევ დიალოგს, სადაც ასევე დარღვეულია პიესისათვის ასე საჭირო ბუნებრიობა და აქედან, ავტორი ცდილობს თავის ვერსია ობიექტურ ჭეშმარიტებად შემოგვასაღოს. დიალოგები მეტისმეტად ერთგვაროვანია, მკითხველი უმალ იგრძნობს, რომ ავტორმა ვერ მოახერხა ისტორიული პირების (ამ შემთხვევაში ასევე მხატვრული ტექსტის პერსონაჟების) ფსიქო-მენტალურ შრეებში შესვლა და მათი განსხვავებული  ხასიათების დიალოგებში გამოკვეთა. ამ პიესაში ფორმალური თვალსაზრისით ყველა ერთნაირად მეტყველებს, ხოლო შინაარსობრივად იმდენად მიკროსკოპულადაა გადმოცემული „თერგდალეულებისა“ და „მესამედასელების“ ფუნდამენტალური მსოფლმხედველობრივი განსხვავებები, რომ ქართველი მკითხველიც კი, თუ ღრმად ჩახედული არ არის იმ ეპოქის სპეციფიურ ნიუანსებში, ვერასდროს გაიგებს, რატომ ცდილობენ ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე ილიას დაბრალდეს მაჩაბლის მკვლელობა, ხოლო უცხოელი მკითხველი საერთოდ ვერ გაიგებს რაზეა პიესა, ამიტომ მისი თარგმნა და დრამატურგიული ხორცშესხმა საზღვარგარეთის სცენაზე (თუ ასეთი რამ ვინმეს აქვს განზრახული) უპერსპექტივო მცდელობა იქნება. ვფიქრობ, ჩვენთანაც კი, თუ სერიოზული ცვლილებები არ შევიდა პიესაში, არცერთი რეჟისორი ხელს არ მოჰკიდებს.

            რაც შეეხება ტექსტში შემოთავაზებულ მაჩაბლის გარდაცვალების ვერსიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ უნდა მივიღოთ სიმართლედ, რომ ჩემთვის პატივსაცემ მწერალს, პიესის ავტორის მამას, ოთარ ჩხეიძეს მოუვიდა თავში აზრად და რომლის „გაპრავებასაც“ ავტორი ყველა „დაშვებული“ და „დაუშვებელი“ ხერხებით ცდილობს, მოგვიანებით მივუბრუნდებით.

            მაშ ასე, მოქმედება პირველი, სურათი პირველი:

            ვიდრე უშუალოდ დიალოგებზე გადავიდოდეს, ავტორი გვაძლევს სიუჟეტის აღწერას, რომელშიც შეიმჩნევა ერთგვარი, თითიდან გამოწოვილი ნაციონალისტური ინფანტილიზმი ან ინფანტილური ნაციონალიზმი. კერძოდ, მტკვრის ხიდთან, საიდანაც სავარაუდოდ ივანე მაჩაბელი წყალში გადახტა, შეკრებილია აღელვებული ხალხი. აღნიშნული მოვლენის ჰიპერბოლიზაციისთვის იგი მიმართავს ასეთ ხერხს, ასახელებს რამდენიმე მოვლენას, რომელმაც მსგავსი განწყობები გამოიწვია საზოგადოებაში: „...აქამდე ასეთ განწყობილებას გამოიწვევდა სპექტაკლის „სამშობლო“ დადგმა, ირაკლი ბატონიშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის დაკრძალვის ცერემონია, დიმიტრი ყიფიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტთა გადმოსვენება...“, იკითხავს, დაკვირვებული მკითხველი, რა შუაშია ეს ყველაფერი ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან? და მართალიც იქნება. აქ მარტივია ავტორის ჩანაფიქრი, იგი ცდილობს პიესაში თავის უადგილოდ ჩართვით რაღაც ნაციონალისტურ-ჰეროიკული მოვლენები უტრირებულად წარმოგვიდგინოს და მისი ფიქსაცია მოახდინოს რეციპიენტის ცნობიერებაში. სწორედ ესაა ნაციონალისტური ინფანტილიზმი. თუმცა, იგი (ავტორი) ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ძალადობით ტექსტის მხატვრულ ორგანიზმს ანგრევს. შემდეგ ავტორს ხიდთან შემოჰყავს აკაკი წერეთელი, რომელიც ამ გარემოებისთვის სრულიად ამაზრზენ ოხუნჯობას მიმართავს, კერძოდ, იგი აცხადებს: „მე ვიცი, როგორ მოვძებნით ვანოს ცხედარს, თუ მართლა მტკვრის ფსკერზეა“. ხალხი ეკითხება, „როგორ?“ აკაკი პასუხობს: „ილია ჭავჭავაძე მოვიყვანოთ და ხიდზე დავაყენოთ, ხომ იცით ვანოს მის დანახვაზე რა ემართებოდა, როგორ გაშმაგდებოდა და მაშინვე ფეხზე უნდა წამოჭრილიყო. და ახლაც თვალს მოჰკრავს თუ არა ხიდზე გადამდგარ კნიაზს, იმწუთსვე ამოიჭრება ტალღებიდან“. ამაზე ზოგს ჩაეცინება, ზოგი უარესად მოიღუშება და ა. შ. შეიძლება თქვას ავტორმა, აკაკი ასეთ ხერხს იმიტომ მიმართავს, რომ გამოძიებას კვალი აურიოს, მან ხომ იცის სინამდვილეში რაც მოხდაო? მე კი პირიქით ვიკითხავ: ვის რას „აურევს“ ამგვარი გახუმრება? ვერ ვხვდები, რა მოტივი და მიზანი აქვს მაინც ამგვარ გახუმრებას ასეთ ტრაგიკულ წუთებში? ჩემი აზრით კი, უფრო პირიქითაა, აკაკი უნებლიეთ (ავტორის დიდის მეცადინეობით) პირდაპირ ილიაზე მიუთითებს... მართალია, ისტორიული წყაროები ამბობს, რომ აკაკი ამ შემთხვევაზე მართლაც ოხუნჯობდაო, მაგრამ ის სულ სხვა ვითარება და დრო იყო... მეორე მხრივ ავტორი  მეორე მოქმედების მეოთხე სურათში აკაკის ათქმევინებს: „ტასო რომ არ მომყრდნობოდა, როგორც ერთადერთ მხსნელს, უეჭველად ჩავიკეცებოდი სისხლში მცურავი ვანოს მხილველიო...“ ჰოდა, ამის მთქმელს რა ეოხუნჯებოდა იმავე დღეს, თან წინ უამრავი განსაცდელი ედო...

            შემდეგ ავტორი გვთავაზობს მესამე დასელების - ნოე ჟორდანიას და კარლო ჩხეიძის დიალოგს, რომლებიც ასევე ხიდთან იმყოფებიან და ცდილობენ ეს შემთხვევა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს დიალოგიც არაბუნებრივი და ავტორის „მინდაზე“ აგებულია. აქაც შემოდის ნაციონალისტური ინფანტილიზმის ნიშნები, რითიც ავტორი ცდილობს თავისი ეროვნულობა დაგვიმტკიცოს, არადა მკითხველს მხატვრულ ტექსტში ეს არ აინტერესებს... კარლო ჩხეიძე, ნოე ჟორდანიას: „...რაც არ უნდა იყოს, მის „გლახის ნაამბობსა“ და „კაკო ყაჩაღზე“ ვარ გაზრდილი.“ და როგორ ფიქრობთ, რა პასუხს უბრუნებს ნოე? „როგორ გგონია, მე რაღაზე ვარ გაზრდილი? მეც „გლახის ნაამბობსა“ და „კაკო ყაჩაღზე...“. მოკლედ, გულუბრყვილო მკითხველს ტანში ჟრუანტელი დაუვლის, არადა კარლო ჩხეიძეს სულაც რომ შევუნდოთ, ჟორდანიამ ილიას მკვლელობის ამბის გაგების შემდეგ ასეთი ისტორიული, „ფრთიანი“ სიტყვები წარმოსთქვა: „რას იზამ, ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო!“

            შემდეგ, ნოე გადის ხალხში, იქვე შემაღლებულ ადგილას დგება და ხალხს არწმუნებს, რომ ეს თვითმკვლელობა არ არის, მაჩაბელი მოკლულია. ვინ არის მკვლელი? ამასთან დაკავშირებით ნოე ხალხს შეახსენებს ერთ ინგლისურ აფორიზმს: „თუ გსურთ მიაკვლიოთ მკვლელს, უწინარეს ყოვლისა ჩაუფიქრდით, თუ ვის აძლევდა ხელს მისი დაღუპვა“. თუმცა ილიას პირდაპირ არ ასახელებს, ამით ხალხს მიანიშნებს, რომ რადგან ილიასა და ვანოს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, მაშასადამე ილიაა მკვლელი. რა გამოვიდა პიესის პირველი სურათიდან? დაკარგულია ვანო მაჩაბელი, ნაციონალისტი აკაკიც და მსოფლიო პროლეტარიატის წარმომადგენლებიც, უნისონში, ილიაზე მიანიშნებენ... (აკაკი, სურათის ბოლოს, კვლავ აგრძელებს თავის ხუმრობას).

            ეს პირველი დეფორმირებული სურათია, რომელიც ავტორმა თავის ლაბორატორიაში გაამჟღავნა, დაბეჭდა და თამამად გამოფინა.

            სურათი მეორე:

            მკითხველო, ამ პიესაში არის სურათები, რომლებსაც ვრცლად არ მიმოვიხილავ, ერთი იმიტომ, რომ, უმაგსურათებოდ ბევრს ვერც მოიგებდა პიესა და ვერც დაკარგავდა და მეორე ის, რომ არ მინდა გადაგღალო...

            მეორე სურათის აღწერა ასე იწყება: ილია დივანზეა მიწოლილი და... აბა თუ გამოიცნობთ ხელში რა უჭირავს? ჰო, ჰო, რა თქმა უნდა კალამი! ესეც ავტორის ორიგინალობა... შემოდის გიგა ყიფშიძე და მათ შორის ასევე სტანდარტულად ინფანტილურ-ნაციონალისტური დიალოგი იმართება. ილიას გიგა არწმუნებს, რომ გაანებოს ამ ბანკის წვრილმან საქმეებს თავი და მაღალ იდეალებს ემსახუროს. ილია კი მიუგებს: „...ჩემს ნებაზე რომ იყოს, მივატოვებდი ყველა საქმეს და ბელეტრისტიკას ჩავუჯდებოდი“. გიგა პასუხობს: „სარჩობელაზედ“ მაინც რა არის!.. ...მსოფლიო ნოველაა“. ილია კი დიდსულოვნად არწმუნებს, რომ ის თავის შემოქმედებაზე მაგხელა აზრის არ არის. შემდეგ ბარათაშვილის გენიას გადასწვდებიან, ბიძამისსაც გაჰკრავენ კბილს და აი, ილიამ, როგორც იაკობმა, ნახა სიზმარი, რომელმაც ძლიერ ააფორიაქა. ამ სიზმარში, რა თქმა უნდა, მიწასა და ზეცას შორის თოკი იყო გაბმული, სადაც უფლის ანგელოსები ადი-ჩადიოდნენ... გარდა ამისა, ილია უსმენდა ზეციურ გალობას, ესწრებოდა ქვეყნიერების შექმნის პროცესს და შეიგრძნობდა სამყაროს სრულ ჰარმონიას. უეცრად ერთმა ანგელოსთაგანმა იხმო და უთხრა, კიბეზე ამოდიო. ილია ნაბიჯს ვერ დგამს, რადგან ეს ანგელოსთა კიბეა და ჯერ კაცს იქ ფეხი არ დაუდგამს, მაგრამ უეცრად გაიგონებს საშინელ გნიასს, მიიხედავს და რას ხედავს, ავსულები მოისწრაფვიან მისკენ. ილია შეუსვენებლივ აჰყვება ღვთისკენ მიმავალ საფეხურებს (ხედავთ, შიშს რა შეუძლია? ო. ჯ.). ავსულებიც მოინდომებენ კიბეზე ასვლას, მაგრამ ვერ შეძლებენ, კიბიდან გადაცვივდებიან. ახლა ქვემოდან ისმოდა მათი ლანძღვა-გინება და ა. შ.

            ვეკითხები მკითხველს, ამაზე სტანდარტული, შაბლონურ-ტრაფარეტული რა შეიძლებოდა „მოეფიქრებინა“ ავტორს? ბოლოსდაბოლოს, კაცობრიობის ისტორიაში რამდენმა ადამიანმა შეიძლება ნახოს ერთი და იგივე სიზმარი? არადა, ეს ადგილი თითქოს, ზოგად ასპექტში ტექსტის საკვანძო მომენტია. წინასწარვე გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ეს კვანძი პიესაში არასდროს გაიხსნება, მაშ რა საჭირო იყო იგი?.. იქნებ არა აქვს ყველას წაკითხული როსტომ ჩხეიძის „ეკლიანი და პატარა გზა“? სქოლიოში მაინც მიეთითებინა...

            შემდეგ გიგა ყიფშიძე მოულოდნელად ამცნობს ილიას, რომ ვანო მაჩაბელი სადღაც გაქრა! ილიას თავზარი დაეცემა და სურათის ბოლოს, დასვამს ასეთ შეკითხვას: „...შექსპირის მთარგმნელია, თუ შექსპირის პერსონაჟი?“

            სურათი მესამე:

            მესამე სურათი არსებითად პირველი სურათის გამეორებაა. ამ შემთხვევაში მესამედასელი ფილიპე მახარაძე მიმართავს ხალხს შემაღლებული ადგილიდან და როგორ გგონიათ რას ეუბნება, ზუსტად იგივეს, რაც ცოტა ხნის წინ ჟორდანიამ თქვა: „არა, კი არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ კიდევ მინდა გავიმეორო ეს ინგლისური შეგონება: თუ გსურთ მიაკვლიოთ მკვლელს, უწინარეს ყოვლისა ჩაუფიქრდით, თუ ვის აძლევდა ხელს მისი დაღუპვა...“ ნოე და ფილიპე აქ წარმოდგენილნი არიან, როგორც პილატე და ჰეროდე, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ქრისტეს მკვლელობის იდეამ გააერთიანათ... მაშასადამე, ქრისტე ვინ გამოდის ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე... სანამ ფილიპე ხალხს მიმართავს, კარლო ჩხეიძე გადაულაპარაკებს თავის მენშევიკ მეგობარს ნოე რამიშვილს: „...რა ვქნა მაგის (ილიას ო. ჯ.) ნაწერებზე ვარ გაზრდილი“, რაზეც ნოე მიუგებს... აბა, თუ გამოიცნობ მკითხველო რას მიუგებს? ჰო, რა თქმა უნდა: „მე რაღაზე ვარ გაზრდილი, როგორ გგონია?.. „მაშინ ჩემ თოფმა გამოიჭექა და შეუნგრია გულის ფიცარი...“ შენ გენაცვალე, რა სიტყვებია? ახლაც ჟრუანტელი მივლის...“ აქაც, შაბლონური, მხატვრულად გაურანდავი პასაჟებია. ნაძალადევი დიალოგები... მთლიანობაში რა გამოვიდა? ოთხი თავგაცხელებული სოციალ-დემოკრატი: ნოე ჟორდანია, ფილიპე მახარაძე, კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების სიყვარულში ერთმანეთს ეჯიბრებიან!... ესეც, მორიგი გამრუდებული სურათი...

            სურათი მეოთხე:

            ამ სურათშიც ბევრი არაფერი ხდება, ტასო მაჩაბელი, ივანეს მეუღლე მაგიდაზეა გადაწოლილი და მოსთქვამს, იქვე ზის პოლიცმეისტერი და კითხვებს თან უსვამს და თან ვერა, ქალის ერიდება. აღსანიშნავია, რომ არცერთი გონივრული შეკითხვა არ მოსდის თავში, პრაქტიკულად, მხოლოდ ქალის ტირილს ისმენს და ისე ტოვებს სცენას...

            აქ, ასევე შემოდის პერსონაჟი ისაკა ალხანაშვილი, რომელსაც ნოე ჟორდანია და სხვა მესამედასელები იყენებენ თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის. ისინი ახლაც შთააგონებენ ისაკას, რომ როგორც კი ილია გამოჩნდება, მან და მისმა დამქაშებმა შავი დღე უნდა აყარონ; ლანძღონ, აგინონ, დაემუქრნონ... მოკლედ, ისე გაუხადონ საქმე, რომ ხალხში აღარ გამოესვლებოდეს. და აი გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე. ამის შემხედვარე ფილიპე და ნოე იქაურობას გაეცლებიან, ხალხი, ვისაც უნდა ელანძღა, მიმოიფანტება, შერჩება მხოლოდ ისაკა ალხანაშვილი, რომელიც ისე დაპატარავდება ილიას შეკითხვაზე, რამე ხომ არ გაწუხებსო, რომ ბლუყუნს დაიწყებს... როდესაც ისაკას საყვედურობენ, ეს რა დაგემართა მის დანახვაზეო, გაცხარებული პასუხობს... აბა რას, თუ გამოიცნობთ? რა თქმა უნდა ასე: „...მაგის „გლახის ნაამბობსა“ და „კაკო ყაჩაღზე“ ღამეებს რომ ვათენებდი... „შენი კაცობის ჭირიმე, შენი, ბიჭი ყოფილხარ ხმლისა დამშვენიო“, რომ ვიტყოდი, ჩემი თავი წარმომედგინა...“ მოკლედ: ჩვენი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის შემოქმედების კოსმოპოლიტი ფანების გუნდს ახლა ისაკა ალხანაშვილიც შეუერთდა... საოცარი ამბივალენტური განზომილებაა - ადამიანი გიყვარდეს როგორც შემოქმედი და გძულდეს როგორც პიროვნება!..

            სურათი მეხუთე:

            ეს სურათი წინებთან შედარებით რამდენადმე საინტერესოა, ისევ ავტორი რომ არ აფუჭებდეს ყველაფერს თავისი ხელოვნური ჩარევებით (ფსევდოპატრიოტული წიაღსვლებით) და აზრის ბუნებრიობას მეტ გასაქანს აძლევდეს. მოკლედ, აქ, თხრობაში შემოდის ორი საინტერესო ადამიანი: იაკობ მანსვეტაშვილი და დავით მესხი. ისინი ილიას ბანაკში მოიაზრებიან, მაგრამ მაინც ვერ შეთანხმებულან რიგ საკითხებზე. ვისაც იაკობ მანსვეტაშვილის მემუარული ლიტერატურა („მოგონებანი“) წაუკითხავს, დაინახავს, რომ ის ბანკთან დაკავშირებულ ბრძოლაში თანაბრად ადანაშაულებს, როგორც ივანე მაჩაბელს, ასევე, ილია ჭავჭავაძეს. ერთგან იმასაც კი ამბობს, ილიას მოვუწოდებდი, შეეშვი მაგ ბანკის საქმეებს, გადაეცი ახალგაზრდებს, შენ უფრო დიდი საქმეებისთვის ხარ მოწოდებული, მაგრამ ვერ შევასმინეო. გაჯიუტება იცოდაო და ა. შ. ეს საკმაოდ საღი მიდგომაა, საქმის მიმართ. მაგრამ პიესის ავტორს, არამც და არამც არ აწყობს მსგავსი აზრის გამარჯვება და რაღაც პასუხისმგებლობის ილიაზე გადანაწილება (თუმცა, მოგვიანებით ვნახავთ, რომ მან, მისდაუნებურად გაცილებით დიდი და სახიფათო პასუხისმგებლობა დააკისრა ილია ჭავჭავაძეს). არ უნდა იმის აღიარება, რომ ყველა ვცდებით და ილიაც შეიძლებოდა შემცდარიყო. ამიტომ რა ხერხს მიმართავს იგი? მთელი მისი სიმპატიები და ურაპატრიოტული სულისკვეთება გადააქვს მეორე პერსონაჟზე, დავით მესხზე და მისი მეშვეობით ავტორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მანსვეტაშვილს. ამით ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს არამარტო ტექსტის მხატვრულ განვითარებას, არამედ საღი აზრის პოზიტიურ მომენტს ჩვენს ისტორიაში, რაც გავლენის მქონეა დღევანდელობაზეც.

            ამ სურათში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოკვეთა იწყება, ილია ჭავჭავაძე, საგამოძიებო მოქმედებებით უკმაყოფილო, თავად ირგებს შერლოკ ჰოლმსის მანტიას და იწყებს ადამიანის გაქრობის ამ ბუნდოვანებით მოცული ისტორიის გამორკვევას. ამისთვის, უპირველესად ის მიმართავს სოსიკო მერკვილაძეს, რომელსაც ტასო მაჩაბელმა ივანეს გაუჩინარების დღეს სთხოვა აკაკისთან წასვლა სასტუმროში და დასახმარებლად მოხმობა. აქ სოსო მერკვილაძე უყვება ილიას თუ რა მოხდა როდესაც მან აკაკი ნახა და ვანოს გაუჩინარების ამბავი შეატყობინა: „გადარეული იყო კაცი (აკაკი ო. ჯ.), ისე მწარედ განიცადა, შემეშინდა, ხელში არ ჩამაკვდეს მეთქი. ბოლო ხანს მაინც ძალიან დამეგობრდნენ...“ (და ასეთი კაცი, ავტორი როგორც გვიხატავს, იმავე დღეს, მისი მეგობრის სიკვდილის გამო, ოხუნჯობის ხასიათზეა?..) და ამ დიალოგის დროს, სადაც ლოგიკურ-დედუქციური თვალსაზრისით არაფერი ისეთი არ ხდება, ილია ჭავჭავაძე დაჟინებით მიაჩერდება სოსიკოს, ის იშმუშნება გულშიჩამწვდომი, გამჭოლი მზერისაგან. და ამ დროს ეკითხება: „სხვა არაფრის თქმა არ შეგიძლია?“ შემდეგ, მოაყოლებს: „რაღაცას მალავ, სოსიკო.“ მე დეტექტივებზე არ ვგიჟდები, მაგრამ არა მგონია ედგარ პოს ოგიუსტ დიუპენი, ჩესტერტონის მამა ბრაუნი, აგატა კრისტის ერკიულ პუარო და კონან დოილის შერლოკ ჰოლმსი საქმის გახსნისას მხოლოდ თავიანთი გამჭოლი მზერის იმედზე ყოფილიყვნენ დაყრდნობილნი და აქედან (გამჭოლი მზერიდან) დაეწყოთ საქმის წარმოება... ამ ირაციონალურმა გამჭოლმა მზერამ და მოულოდნელმა შეკითხვამ, როგორც ჩანს თავზარი დასცა საცოდავ სოსიკოს და ასევე ირაციონალური შფოთვა და გაუკონტროლებელი კონვულსიები წარმოშვა მასში, რამაც ილიაში აღძრული ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა და ფართო გასაქანი მისცა.

აქაც ჩანს ჩვენი პიესის (რომელსაც თურმე „ისტორიულ სიმართლეზე“ აქვს პრეტენზია) ავტორის „მდიდარი“ ფანტაზია და ბელეტრისტიკული შორსმჭვრეტელობა. მშვენივრად მოეხსენება ბატონ როსტომს, რომ ცოდნა არ უდრის ნიჭს! მას ცოდნა აქვს, ამას არავინ უკარგავს, მაგრამ... ჩემთვის უცნობი ვასილ კიკნაძე, პიესის შეფასებისას კი ამბობს, რომ როსტომ ჩხეიძე წერის დიდოსტატიაო (იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იგი სიტყვას „პოსტმოდერნისტული“ სრულიად უადგილოდ იყენებს ამ ტექსტთან მიმართებაში), მე კი ნება მომეცით თამამად გამოვთქვა ჩემი აზრი, - როსტომ ჩხეიძის ეკრიტურის (წერის) დონე ძალიან დაბალია, ალბათ პირველ თანრიგს უთანაბრდება.

ეს სურათი კი ასე მთავრდება, ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე კვლავ აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ხალხში, რათა მკვლელობა ილიას დაბრალდეს, ხალხსაც ლამის უკვე სჯერა ამ ვერსიის და ამ დროს თხრობაში ავტორი შემოდის კარლო ჩხეიძის სახით შენიღბული: „ასე დადანაშაულება? რა გამოდის, ან რა საკადრისია?!. არა, ჭკუაში არ მიჯდება“.

საბოლოოდ, რის ვაი-ვაგლახით, პირველი მოქმედებისა და მეხუთე სურათის ბოლოს, ავტორი შეძლებს კარლო ჩხეიძის მორჯულებას.

 

მოქმედება მეორე, სურათი პირველი:

მკითხველო, ეს სურათი მეტად მნიშვნელოვანი დეტალით იხსნება (რაც დეტექტიური ჟანრისთვის ეგზომ დამახასიათებელი ამბავია), ეს აუცილებლად დაიმახსოვრე, ბოლოსკენ გამოგვადგება. გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე, თავის კაბინეტში, აკაკი წერეთლის გადაშლილი კრებულით ხელში, სავარძელში ზის და ნანობს, რატომ ატკინა გული აკაკის, როცა უთხრა, აწი მე და შენ კალმები გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთო, არა, აკაკი მაინც აკაკია! მან ხომ ამ ბოლოს დაწერა გენიალური პოემა „გამზრდელი“, რომელსაც განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ჩაჰკირკიტებს ილია...

კაბინეტში შემოდის გიგა ყიფშიძე, რომელიც ცენზორზეა გაბრაზებული, ილიას კი საუბარი სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს, კერძოდ, აინტერესებს ერთი დეტალი, რატომ დააწერა აკაკიმ პოემას „ნამდვილი ამბავი“? რა იგულისხმება ამაში? ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მხატვრული დეტალი, აქ რაღაც საიდუმლო იმალება...

სურათი მეორე:

აკაკი ქუჩაში მისეირნობს, უეცრად, როგორც ჭეშმარიტ დეტექტივს შეეფერება, არსაიდან, გაჩნდება ილია და გვერდში ამოუდგება, მათ შორის საინტერესო საუბარი გაჩაღდება, ილია პატიებას სთხოვს, - არ უნდა მეთქვა კალმები გვერდზე გადავდოთ-მეთქი... რაზეც აკაკი პასუხობს, მე ვაჟა-ფშაველას მაგოდენა პოეტად ვერ აღვიქვამო. ამაზე ილია მიუგებს, შენ მაინც აკაკი ხარო!.. და მოულოდნელად, როგორც ამას დეტექტივის წესები მოითხოვს, ილია გადადის „გამზრდელის“ განხილვაზე. ილია ეუბნება, რომ ეს პოემა „ჭაბუკური გზნებითაა დაწერილი“, არ ეტყობა ასეთი ასაკის კაცმა რომ დაწერა, თითქოს 28 წლისა იყოო... აკაკი შეშფოთდება, რატომ მაინცადამაინც ოცდარვისაო, რა ვიცი ისე წამომცდაო, ამბობს ილია და შემდეგ პირდაპირ მიახლის, რომ მთლიანად ეს პოემა მგონია აღსარებაო, რაზეც აკაკის საბოლოოდ დაეცემა თავზარი, რადგან მიუხვდნენ... ილიას, როგორც დიდ დეტექტივს, ახლა უკვე სრულად ეხსნება მოქმედების სარბიელი და პირდაპირ მიახლის, საფარ-ბეგი შენ ხარო! საფარ-ბეგში შენვე იგულისხმე შენი თავიო... აკაკი მაინც არ ტყდება და აქ უკანასკნელ კოზირს გამოიყენებს დეტექტივი ილია ჭავჭავაძე: „...სოსიკო მერკვილაძემ ყველაფერი გულახდილად მიამბოო“. აკაკი საბოლოოდ გამოვა წონასწორობიდან, დაიწყებს სოსიკოს ლანძღვას, მე ეგ კაცი მეგონაო და საბოლოოდ გამოტყდება ყველაფერში, თუმცა ილია ჯერ არაფერს ათქმევინებს და „ივერიის“ რედაქციაში დაიბარებს...

სურათი მესამე:

აკაკი მიუვარდება სოსიკო მერკვილაძეს და გალანძღავს, მე შენ კაცი მეგონეო! ყველაფერი როგორ დაფქვი ილიასთანო?! რაზეც სოსიკო გაოგნებული პასუხობს, არაფერი წამომცდენია, სრულიად არაფერიო, და აკაკი იმავ წამს მიხვდება, ე. ი. წამომიკიდა, მათქმევინა ყველაფერიო!.. რა გაეწყობა, უნდა მივიდე მასთან რედაქციაში და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბოო...

ხიდთან და სანაპიროსთან კი ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე კვლავ შეახსენებს ხალხს ინგლისურ სიბრძნეს: ვის აძლევდა ხელს ივანეს მოკვლაო?.. ხალხიც სრული მხარდაჭერით ხვდება ამ განცხადებას და ყვირიან: თქმაც არ უნდა, მოკლულიაო! მოკლული და საკირეში დაფერფლილი, აღმოჩენა რომ შეუძლებელი ყოფილიყო!..

სურათი მეოთხე:

მოქმედება მიმდინარეობს „ივერიის“ რედაქციაში. ილიას კაბინეტში შემოდის გიგა ყიფშიძე, მას შემოჰყვებიან ნამეტანი გამხიარულებული რედაქციის თანამშრომლები და მოღუშული აკაკი წერეთელი (დამეთანხმებით, ეს სულაც არ ჰგავს, აკაკის მხიარულ განწყობას ხიდთან). აკაკის ცხვირ-პირი ჩამოსტირის, რაც ასე შეუსაბამოა მისი ფსიქოლოგიური წყობის ადამიანისთვის... ილია თანამშრომლებს სთხოვს, დატოვონ კაბინეტი და აქ გაჩაღდება დიალოგი, სადაც ავტორი აკაკის პირით ცდილობს ნაძალადევად თავს მოგვახვიოს სუსტი ვერსია, როგორც წყალგაუვალი სიმართლე.

მათ შორის ასეთი შინაარსის დიალოგი იმართება: მეგონა ნაწერსაც წამოიყოლებდი, ბარემ დავბეჭდავდითო. ამაზე აკაკი ისე აღელდება, რომ მთელ გრაფინ წყალს გამოცლის (იმედია, „ივერიის“ რედაქციაში ჰქონდათ საპირფარეშო...), ილია კი დასცინის, ძალიან მწყურვალი ყოფილხარო, რაზეც მოაყოლებს, ტასო მაჩაბელს ისე შეუძლია კაცის გადარევა, თვითონ ვერც კი იგებსო. აკაკი გველნაკბენივით წამოიჭრება, რაზე ამბობო? და ა. შ. მოკლედ, ილიას კუთხეში ჰყავს აკაკი მიმწყვდეული და მისი ნებისყოფის სუსტი წერტილებით მანიპულირებს, ხან წონასწორობიდან გამოიყვანს და ხან კი ამშვიდებს... ამ დიდი ტრაგედიის გასახსნელად ასეთ კომიკურ სურათს გვთავაზობს, პიესის ავტორი.

მოკლედ, აკაკი გამოტყდება, რომ ტასო მაჩაბლის მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ ქალის თანაგრძნობა ვერ მოიპოვა, თუმცა ღვთის წინაშე ამბობს, რომ ვანოს ძმობა არასდროს შეუბღალავს!  (საინტერესოა, ტასო რომ დათანხმებულიყო, მერეც ასე იქნებოდა?). მისი (ვანოს) ხსოვნის წინაშე პირნათელია. როგორც კი აკაკი სიტყვა „ხსოვნას“ ახსენებს, ილია მყისვე მიხვდება, რომ აკაკიმ დანამდვილებით იცის ყველაფერი... ილია ეუბნება, არც მიფიქრია, რომ ვანოს ღირსებას შებღალავდი, მაგრამ გულში რომ გაგივლია, ეგ გტანჯავს და სულსა გხდის, სწორედ ამიტომ გაიმეტე საკუთარი თავი საფარ-ბეგად... მორალურად ისე გაანადგურე, იმას სიკვდილი გაცილებით რომ ერჩივნაო. აკაკიც დაეთანხმება: „ამიტომ... ამიტომ...“ ილია მიხვდება, რომ ტასო გრძნობდა აკაკის სიყვარულს, ამიტომ მოუხმო მას დასახმარებლად გაჭირვების ჟამს, ამიტომ მიენდო ბოლომდე, მაგრამ ვერ ხვდება რა იყო დასამალი ამ სიტუაციაში. აკაკი, ვანოს ცხედარს ხომ არ წაადექი? - ეკითხება ილია.

აკაკი პასუხობს: „თვალებიდან არა მშორდება ის სურათი, გაგიჟებას არაფერი მიკლია და ეგებ ვერც გადავიტანო. ვანო, ვისაც შუაღამემდე გვერდით ვეჯექი და ვემუსაიფობდი, ვანო ვისი გამომჯობინების იმედსაც არა ვკარგავდი... (ვითომ? ო. ჯ.) ...თავგაჩეხილი იწვა სისხლიან გუბეში“. არადა, ამის მთქმელი და განმცდელი კაცი, იმდღესვე ხუმრობის ხასიათზე დამდგარიყო ხიდთან. აი, თუ გნებავთ საკვირველი პარადოქსი.

და აქ მივადექით მთავარ მომენტს, მოდით მოკლედ ჩამოვწეროთ მაჩაბლის გარდაცვალების რა ვერსიას გვთავაზობს ჭეშმარიტებად, აკაკის და ილიას დიალოგში, პიესის ავტორი:

1.      ივანე მაჩაბელი, ლოგინადაა ჩავარდნილი, წამოდგომა არ შეუძლია, მაგრამ 26 ივნისის საბედისწერო დილას, როგორღაც ახერხებს თავისი ოთახიდან გამოსვლას;

2.      ოთახში ხვდება ვინმე ოფიცერი წელსზემოთ გახდილი, ტასო მაჩაბელი კი ამ ოფიცრის მუნდირს აუთოვებს;

3.      დაუძლურებული ვანო გაცეცხლდება, უკანასკნელ ძალებს მოიკრებს და უთოს აიტაცებს ხელში;

4.      უთო თავსზემოთ შემართა, ოფიცერმა მოასწრო მკლავში სწვდომოდა, რა დროსაც ვანოს უთო უვარდება ხელიდან, თავში ეცემა და კვდება;

5.      ოფიცერი მუნდირს დასწვდება და გაიქცევა, წონასწორობიდან გამოსული ტასო მაჩაბელი კი ბიჭს აფრენს სოსიკო მერკვილაძესთან;

6.      თავის მხრივ სოსიკო, ტასოსავე თხოვნით გაიქცევა აკაკი წერეთელთან, დახმარების სათხოვნელად;

7.      აკაკი თავზარდაცემულია, მაგრამ დროზე მოეგება გონს და მომხდარს პოლიციას არ შეატყობინებს;

8.      ის მოელაპარაკება სოსიკოს და ივანე მაჩაბლის ცხედარს მისი გაქრობის მიზნით საკირეში დაწვავენ (გარკვეულწილად, მართლები აღმოჩნდნენ მესამედასელები);

9.      აკაკის თავში მოუვა მაჩაბლის მტკვარში გადახტომის ჭორის გავრცელების იდეა და ამას კვალის ასარევად წარმატებით განახორციელებს;

10.  ყოველივე ეს კეთდება ერთადერთი მოტივით: ქალის (ტასო მაჩაბლის) ღირსებაა გადასარჩენი!..;

11.  ილია ცდილობს დაარწმუნოს აკაკი, რომ უფრო მნიშვნელოვანია თავადაზნაურობის, ჩემი და შენი გადარჩენა ვიდრე ქალის ღირსებისო (თუ ამ ვერსიას ვერწმუნებით, მაგარი ღირსეული კი ყოფილა);

12.  თავის მხრივ აკაკი ცდილობს დაარწმუნოს ილია, არ გათქვან ეს ამბავი, ვანო მაინც მშვენიერი ლეგენდების საბურველში გაეხვევა და ამას ხელს ნუ შევუშლითო (აი, როგორ ზრუნავენ ვანოზე);

13.  ბოლოს შეთანხმდებიან, რომ ილია თუ დააპირებს ამ ამბის გათქმას, აუცილებლად წინასწარ საქმის კურსში ჩააყენებს აკაკის და ტასოს.

აი, სულ ეს არის, რასაც ავტორი ამ პიესის მე-4, საკვანძო სურათში, ივანე მაჩაბლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გვთავაზობს. ეს „გამოსავალი“ და „გამართლება“ მოუძებნა როსტომ ჩხეიძემ მთელ იმ ტრაგედიას, რაც დღემდე აშფოთებს, აღაგზნებს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს...

დაბოლოს, სურათი მეხუთე:

აკაკი, ტასოსთანაა სახლში (კარგი შანსი მისცემია) და უამბობს მთელ ამბავს, რაც ილიასთან გადახდა. იმასაც უყვება, რომ ვერ დაარწმუნა ილია არ გაეთქვათ ეს ამბავი, რაზეც ქალი ობსესური წამოროშვებით, რომელიც რეფრენად გასდევს მთელ ამ სცენას, გაიძახის: „თავს მოვიკლავ, იცოდე!.. თავს მოვიკლავ, თავს მოვიკლავ, ეს ამბავი რომ გამჟღავნდეს!..“ ამ დროს აკაკი ცდილობს ქალის დამშვიდებას (ალბათ, ახლა უკვე მამა-შვილურად) და გარბის ილიასთან. პირდაპირ გამოუცხადებს, მე შენთან საკამათოდ არ მოვსულვარ, უბრალოდ გეუბნები, თუ ეს ამბავი ჩვენთან ერთად არ დაიმარხება და გასთქვამ, მაშინ ტასო მაჩაბელი თავს მოიკლავს და თუ ის თავს მოიკლავს, მეც თავს მოვიკლავო (საინტერესოა, ეს რაღატომ იკლავს თავს...) და ორი ადამიანის სისხლი შენს კისერზე იქნებაო! ახლა შენ იცი და შენმა კაცობამაო. ილია პასუხობს, აკაკი, იცოდე მძიმე შეცდომა მოგვდის, რომელიც საბედისწერო გაგვიხდებაო. აკაკი მიტრიალდება და წავა... როგორც ჩანს, ილიამ მაინც შეინახა ეს საიდუმლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომაბეზრებელი პიესა არ დაიწერებოდა. ასე მთავრდება ეს პიესა, რომელსაც კულმინაციაც კი ხელოვნური აქვს, ავტორი ცდილობს რეჟისორს მიუთითოს, სცენაზე ხელოვნური აყალმაყალი და ზათქი დაატრიალოს, რათა შექმნას არაბუნებრივი კულმინაცია (უფრო, კულმინაციის იმიტაცია), რაც შეუძლებელია, რადგან სიყალბეს ადვილად გრძნობს როგორც მკითხველი, ისე მაყურებელი.

ახლა კი მივუბრუნდეთ პიესის ზოგიერთ საკვანძო მომენტს.

როგორც ცნობილია, მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ტრაგედია მოხდა 1898 წლის 26 ივნისს, აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“ კი გამოქვეყნდა 1898 წლის ივნისის პირველ რიცხვებში (ბუნებრივია, დაწერილი კიდევ უფრო ადრე იქნებოდა!) ჟურნალ „აკაკის კრებულში“, მე-10 ნომერში.* გამოდის, რომ აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ დაწერა და გამოქვეყნება წინ უსწრებს მაჩაბლის ტრაგედიას, როსტომ ჩხეიძე კი ცდილობს ისე დაგვანახოს, თითქოს პოემა მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, რითაც აკაკიმ თავისი თავის საფარ-ბეგთან გაიგივებით, სიკვდილზე უარესი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. პიესიდან ვიცით, რომ მთელ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც ილია ჭავჭავაძემ წამოიწყო, საფუძვლად ედო „გამზრდელში“ დამალული აზრის გახსნა, იქ დაინახა ილიამ აკაკის სინდისის ქენჯნა, ხოლო ამ ყველაფრისკენ ილიას აღმძვრელი იმპულსი იყო სწორედ მაჩაბლის გაუჩინარება. ისმის კითხვა, რას ჩააჟინდა ილია იმ პოემას, რომელიც წინ უსწრებდა მოვლენას? რატომ, ან რის საფუძველზე დააკავშირა დროში ამოტრიალებული ორი მოვლენა, პოემაში გადმოცემული და რეალობაში მომხდარი ტრაგედია, მაშინ როცა ჯერ რეალური უნდა მომხდარიყო და ამას მოჰყოლოდა მხატვრული გამოძახილი? აქ კი პირიქითაა. ნამეტანი ხელოვნური ხომ არ არის ამ პოემისა და მაჩაბლის ტრაგედიის დაკავშირება? ეს მკითხველმა განსაჯოს. თუ ვინმე იტყვის, განა აკაკი მანამდეც არ ეტრფოდა ტასოს და მანამდეც არ ჰქენჯნიდა სინდისიო? მე ვუპასუხებ, განა ეს ილიამ მანამდე არ იცოდა?.. მთლიანობაში, პიესის ამ ასპექტში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არეულია, რაც დაუშვებელია იმ დეტექტიური ჟანრისთვის, რომლის პრეტენზიულობა სცდება მხატვრული ტექსტის ჩარჩოებს და „ისტორიული სიმართლეზე“ აქვს პრეტენზია! ლოგიკურად ასე უნდა ყოფილიყო: მიზეზი (მაჩაბლის გაუჩინარება), შედეგი (დათრგუნული და განადგურებული აკაკის პოემა) და კვანძის გახსნა (ილიას მიერ საქმის გახსნა), რეალობა კი (რასაც ავტორი საგულდაგულოდ გვიმალავს!) გვეუბნება, რომ ყველაფერი პირიქითაა, ჯერ იყო შედეგი (პოემა), შემდეგ მიზეზი (მაჩაბლის გაუჩინარება)... მარტო ეს ფაქტიც კმარა, რომ ნაწარმოების ღერძი (რაზეც პიესაა აგებული) მთლიანად დაინგრეს, წარმოიდგინეთ, დეტექტიურ ჟანრი, სადაც შედეგი წინ უსწრებს მიზეზს, ეს ხომ აბსურდია! არ ვიცი, შეიძლება როსტომ ჩხეიძემ ამ შემთხვევაში კვანტური მექანიკის კანონები გამოიყენა, მსმენია იქ ზოგჯერ ხდება მსგავსი რაღაცებიო (ვგულისხმობ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების რღვევას).

...კიდევ ერთი ანაქრონიზმი: პიესის მინაწერში ავტორი გვარწმუნებს, რომ ლიტერატორმა სოსო სიგუამ ფროიდული ფსიქოანალიზის მეთოდის მიყენებით შეძლო პოემა „გამზრდელის“ დაფარული აზრის გამოცნობა. მან გახსნა „გამზრდელის“ ავტორის ფსიქოლოგიური მოტივაცია. სწორედ ამიტომ, როსტომ ჩხეიძემ, ეს ფროიდული ინსტრუმენტი პიესაში გადააბარა ილია ჭავჭავაძეს და იგი ფროიდამდე არსებულ, უდიდეს ფროიდისტად გამოიყვანა. ან, ეგებ, ბატონი როსტომის აზრით, სინამდვილეში, ილიაა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი და ფროიდმა მისგან ისესხა იდეები? ცნობილია, რომ აკაკიმ „გამზრდელი“ გამოქვეყნა 1898 წელს, პიესაშიც მოქმედება ამ წელს მიმდინარეობს, ამ დროს კი ფროიდს არცერთი სერიოზული ნაშრომა არ ჰქონდა გამოქვეყნებული და არც არავინ იცნობდა, არათუ საქართველოში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი. აბა, საიდან დაესიზმრა ილია ჭავჭავაძეს წმინდა ფსიქოანალიტიკური, მეცნიერულობამდე აყვანილი ინსტრუმენტების მისადაგება აღნიშნული საქმის გასახსნელად? გასაგებია, რომ როსტომ ჩხეიძის მიხედვით, ილია არ ცდება! ის ესწრებოდა სამყაროს შექმნას! შეცნობილი ჰქონდა კოსმოსური ჰარმონიის სრული საიდუმლო! ადიოდა ზეცად, ღმერთის სანახავად! და ა. შ. და ა. შ. მაგრამ, როცა მხატვრულ-დოკუმენტალისტურ ტექსტს ქმნი, იმდენად მაინც არ უნდა გადავარდე ფანატიზმში, რომ ელემენტარული ქრონოლოგიური ჭეშმარიტება დაარღვიო და სრული ანაქრონიზმი დაამკვიდრო ისედაც უამრავი ნაკლის მქონე ტექსტში. მაგალითად, ილია აკაკის ფსიქო-ტიპის იდენტიფიკაციას ახდენს არა „გამზრდელის“ რომელიმე დადებით პერსონაჟთან, არამედ, სწორედ საფარ-ბეგთან, რომელმაც სექსუალური ენერგიის შეუკავებლობის გამო უღალატა მეგობარს, იმით, რომ მისი ცოლი გააუპატიურა. ილიამ, საფარ-ბეგში სწორედ აკაკი დაინახა, რომელმაც თავისი ლიბიდოს სუბლიმაცია მოახდინა პოემის „გამზრდელის“ დაწერით, და ამით შეეცადა თავისი გაუმართლებელი ვნება ჩაეხშო და განედევნა, რაღაც პოზიტიურ მომენტად ექცია. შემდეგ უნდა ვახსენოთ ისეთი ფროიდისტული ტერმინები, როგორიცაა: რაციონალიზება და პროეცირება. რაციონალიზება ნიშნავს, რომ ჩვენი ქმედების ნამდვილ მიზეზს არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ვუმხელთ, ვინაიდან ნამდვილი მიზეზი მიუღებელია. ხოლო, როცა პროეცირებას ვახდენთ, იმ თვისებებს, რომელთა საკუთარ თავში ჩახშობასაც ვცდილობთ, სხვა ადამიანს მივაწერთ. მაგალითად, ის, ვინც საკუთარ თავს არ უმხელს, რომ მუდმივად სექსზე ფიქრობს, შეიძლება ყველაზე მეტად გაღიზიანდეს, როცა სხვა სექსს გადაჭარბებულ ყურადღებს აქცევს და ა. შ. ავტორს უნდა გვითხრას, რომ ეს ყველაფერი (ტერმინებში თუ არა, თუნდაც აზრობრივად) ილია ჭავჭავაძემ იმ დროს იცოდა? და თუ ავტორი გველაპარაკება ილიას პირით, მაშინ დაეწერა რამე სტატია და არა მხატვრული ნაწარმოები, სადაც პერსონაჟი მისი გარდაცვალების შემდეგ წარმოშობილი მეცნიერული სისტემის მიმდევარია.

ახლა რაც შეეხება პიესის ავტორის მიხედვით დახატულ ილია შერლოკ ჰოლმსს: მკითხველო, როდესაც გაიგე, რომ მაჩაბელი ოთახიდან გამოლასლასდა, ხელი დასტაცა და თავსზემოთ შემართა ის უთო, რომლითაც მისი მეუღლე ოფიცრის მუნდირს აუთოვებდა, პირველ რიგში რა კითხვა გაგიჩნდა? დიახ, მართალი ბრძანდები, მაინც რამდენ კილოგრამს იწონიდა ის დაწყევლილი უთო? აი, ილიას მსგავსი კითხვა არ გასჩენია. კითხვა მეორე, თუ უთო ძალიან მძიმე იყო, მაშინ როგორ მოახერხა ავადმყოფობით გასავათებულმა, ლოგინად ჩავარდნილმა ადამიანმა მისი აღმართვა, და თუ მსუბუქი, მაში როგორ მოხდა, რომ სულ რაღას 15 სანტიმეტრიდან თავში ჩაცემამ სიკვდილი გამოიწვია? არც ეს კითხვა გასჩენია ილიას. რა მანძილით იყვნენ დაშორებული ტასო და მისი საყვარელი, მაჩაბლის დაუძლურებული, აღმართული ხელიდან, რომელსაც ოფიცერი ასე გამალებით ეცა? სად გაქრა ის ოფიცერი, რომელმაც უნებლიეთ მკვლელობა ჩაიდინა? როდესაც მაჩაბელი ჩაიკეცა, რატომ არ დაუძახა ტასომ სასწრაფოდ ექიმს? როდის და როგორ მიხვდნენ, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო? ვინ იყო ის ბიჭი და რა იცოდა მან ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ტასომ სოსიკოსთან გააგზავნა? როგორ მოახერხებდა სოსიკო მარტო, აკაკის დახმარების გარეშე, გვამი წაეთრია და საკირეში დაეფერფლა? სოსიკო მერკვილაძეს, რომელსაც ასე უყვარდა ივანე და დღენიადაგ მხარში ედგა, არ გაუჭირდა მისი მეგობრის ასე გამეტება, ჯერ წასათრევად და შემდეგ დასაწვავად? რის ფასად უნდა მოემოქმედებინა ეს მას? ვინ გაასუფთავა შემთხვევის ადგილი? სად იყო მკვლელობის იარაღი? და ა. შ. და ა. შ. არცერთი ამ შეკითხვათაგანი არ ებადება ილია ჭავჭავაძეს (უფრო სწორად, პიესის ავტორს).

 კრიტიკული წერილის ბოლოს, ვისუბროთ იმაზე, თუ პიესის ავტორმა, მისდაუნებურად რამხელა პასუხისმგებლობა, შეიძლება ითქვას სიზიფეს ტვირთი აჰკიდა ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს ივანე მაჩაბლის გარდაცვალების საქმეში. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რაც მათ ჩაიდინეს (რა თქმა უნდა, როსტომ ჩხეიძის მიხედვით) დანაშაულია - როგორც რელიგიურად, ისე ზნეობრივად და ასევე სისხლისსამართლებრივად! რელიგიურ და ზნეობრივ მხარეზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან აქ ისედაც ყველაფერი ნათელია. ერთი უღირსი ქალის გამო, რომელსაც ბიბლიური კანონის თანახმად, მსგავსი საქციელისთვის ჩაქოლვა არ ასცდებოდა (შეგახსენებთ, ათი მცნებიდან მეშვიდეს: არ იმრუშო! ხოლო, რაც შეეხება აკაკის, მასთან დაკავშირებით შეგახსენებთ მეათე მცნებას: არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა!..), გაწირულ იქნა ივანე მაჩაბელი, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. ის ორივემხრივ გაანადგურეს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რაც შეეხება საქმის სისხლისსამართლებრივ ასპექტს. ქმედებები, რომლებიც ჩადენილ იქნა როსტომ ჩხეიძის ვერსიის მიხედვით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა დროში უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს და ითვალისწინებს! ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში კი წერია:

1.      მუხლი 258. მიცვალებულის უპატივცემულობა, ჩადენილი ჯგუფურად (ტასო მაჩაბელი, აკაკი წერეთელი, სოსიკო მერკვილაძე), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე;

2.      მუხლი 368. მტკიცებულების განადგურება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე;

3.      მუხლი 370. ცრუ ჩვენება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე;

4.      მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა ჯგუფის მიერ, (აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ტასო მაჩაბელი, სოსიკო მერკვილაძე), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე;

5.      მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა ჯგუფის მიერ, (აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ტასო მაჩაბელი, სოსიკო მერკვილაძე), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე.

ეს იმ მუხლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა დასჯას ითვალისწინებს. თუ შეკრებითობის პრინციპს მივმართავთ, ამ დანაშაულისთვის აკაკის, ტასოს და სოსიკოს 12 წელს მიუსჯიდნენ, ილიას კი 7 წელს. თუ შეკრებითობა არა (ვიყოთ უფრო ჰუმანურები), ყველაზე უკეთეს ვარიანტში აკაკის, ტასოს და სოსიკოს 5 წელი, ხოლო ილიას 3 წელი არ ასდებოდათ.

აი, რა პერსპექტიავა დაუსახა და რა გამოსავალი მოუძებნა ილიას და აკაკის როსტომ ჩხეიძემ თავის პიესაში - პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი დამნაშავეებად გამოაცხადა! არადა, ეგონა კარგს აკეთებდა.

მთლიანობაში, პიესა, როგორც მხატვრულად, ისე იდეურად უსუსურია. მაჩაბლის მკვლელობის ვერსია იმდენად სუსტია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ მეეჭვება ეს ვერსია სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილ ადამიანებს დაჰბადებოდათ, ეს უფრო თავად პიესის ავტორის განწირულ მცდელობას ჰგავს. მან მიმართა მისტიფიკაციას და თავად აღმოჩნდა მახეში... ისე, კიდევ კარგი როსტომ ჩხეიძე ილიას, აკაკის, ტასოს, ოფიცრის და სოსიკოს ეპოქაში არ ცხოვრობდა, თორემ მას ნამდვილად მოიშორებდნენ (და ამის აღსრულებას ალბათ სოსიკოს დაავალებდნენ), აგერ, სულ ახლახან, ჩვენ თვალწინ „ჩაუშვა“ ყველანი წარბშეუხრელად და ამით თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულება მოიხადა, რის გამოც იგი პირნათელია ღვთის, ერის და საკუთარი თავის წინაშე!

P. S. დაბოლოს, წერილს ერთი ასეთი შეკითხვით დავასრულებ, ბატონო როსტომ, თქვენი აზრით, 1987 წელს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად კრიმინალი შერაცხა?

 

*იხ. ნ. გურგენიძე, ი. გოგრგაძე, „აკაკი წერეთელი, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“, თბ. 1989, გვ. 326. იქვე გრძელდება: „ივნისის მეორე ნახევარი - საჩხერიდან ბრუნდება თბილისში“, შემდეგ: „ივნისის 25 - სტუმრად არის ვანო მაჩაბელთან... ეს იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა“. 1 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ბეჭდავს წერილს „ივანე მაჩაბლის გარდაცვალების შესახებ...“


სხვა სიახლეები