რეკლამა
  • 2018-11-18
  • რეგისტრირებული წევრი - 234
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 897

ავტორი: ნინო ქოქოსაძე ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-01-10

ბაკური

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? 
იყო და ... ასეც იქნება მუდამ, 
მოდი, პატარავ,
ამოვქექოთ ზღაპრების გუდა... 

იყო სოფელი - თოვლში, მთაში - 
გადაკარგული. 
ცხოვრობდა კაცი იმ სოფელში, 
ერქვა ბაკური. 

ტყისმჭრელი იყო,
მხნე და გამრჯე, 
თავგადაკლული, 
არც შეშა აკლდა მისგან სოფელს, 
არც სამსახური. 

მაგრამ სოფელში 
შრომის ყადრი არვინ იცოდა, 
რადგანაც ციდან,
თოვლის ნაცვლად,
ფაფა ცვიოდა.
 
რომ არ სჭირდება მომზადება, 
ქვაბი და ტაფა, 
ხის კოვზი თუ გაქვს, 
სულ ეგაა, 
მიირთვი ფაფა! 

ჰოდა, სოფლისთვის 
კოვზსაც თლიდა ჩვენი ბაკური, 
დაუღალავი და ყოჩაღი, 
კაცი კაცური. 

მეზობლები კი,
ირგვლივ ყველა, ზარმაცი ჰყავდა... 
და არაფერი ანაღვლებდათ ჭამა-სმის გარდა! 

და გადიოდა ასე დღეები... 
ფაფის ფერი და ფაფის იერი 
ედო  სახეზე დიდს და პატარას 
და ამდაგვარად - 
სულ ერთი ჰქონდათ აზრი და ჯაფა, 
რომ თავჩარგულებს
სხვაზე მეტი ეჭამათ ფაფა. 

მხოლოდ ბაკური - წელგამართული, 
კოვზების თლაში იყო გართული. 
და მოდიოდნენ ზარმაცები:
-შენი ჭირიმე,
ყველაზე დიდი გამითალე 
კოვზის პირი მე. 

-აჰ, გაგონილა? 
ასე ხარბნი როგორ ბრძანდებით?! 
მობეზრდა ბაკურს, 
წამოკრიფა თავის წალდები.

უთხრა ზარმაცებს: 
მე წავედი, საქმე ძნელია, 
აქ, ახლომახლო -
საკოვზე ხე შემომელია. 

დიდხანს არა და, უქნარებო, 
მელოდეთ შვიდ დღეს, 
მერვედ რომ შეჭამთ დილის ფაფას
დავბრუნდე იქნებ. 

თუ არ დავბრუნდი, 
ესე იგი შემხვდა ხიფათი. 
ჩამოიწმინდეთ ფაფიანი ყველამ სიფათი. 

მოიცვით ჯუბა, 
ამოისხით ფეხზე ბანდული,
გვერდზე გადადეთ 
თქვენი  ყოფა დარდიმანდული 
და გასაჭირში მომეშველეთ, 
ამ ერთხელ, თუნდა!

ეს სთქვა ბაკურმა, 
თხილამური მოირგო და - თოვლზე გაცურდა. 

ამ დროს, ზღაპარში - ისე, როგორც ომში იარაღს, 
ხმარობენ ფრაზას: 
"ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიარა"

მეცხრე მთის ძირას გაუტყდა ჯოხი, 
მეცხრე მთის ძირას გაუცვდა წუღა, 
და აიშენა ბაკურმა ქოხი, 
აღარ დაბრუნდა სოფელში უკან. 

ახლა იქ არის ლამაზი დაბა, 
თან თოვლიანი და თან მზიანი. 
შენ ალბათ მიხვდი დაბას რაც ჰქვია -
- ბაკურიანი! 
 
ხოლო ზარმაცებს  არ დაუთვლიათ 
არც ერთი დღე და არც ერთი ღამე, 
სანამ კოვზები ჯერ კიდევ ჰქონდათ, 
ჭამეს და ჭამეს. 

მერე ადგნენ და 
ჩაიკეტნენ სახლებში,
ცალფად -
ჩამოაფარეს ფანჯრებზე ფარდა, 
ფაფამ დაფარა სოფელი მთლად და
ნაძვების გარდა აღარა სჩანდა. 

აქაც ლხინი და იქაც ლხინი, 
ზღაპარს - სიმართლე. 
ძილი ნებისა,
ჩემო ორთავ თვალის სინათლევ.