რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ნათია ჯანაშია ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-02-01

შვიდი, რვა, ცხრა, ათი

შვიდი

შვიდ ნოტს სწავლობს შვიდი დღეა
პაწაწინა ენოტი.
რა ქნას? ვერ დაიმახსოვრა 
ზუსტი თანმიმდევრობით.

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი! დო... - 
უმეორებს ირემი.
ენოტი კი - დო, მი, ფა, სოლ...
სოლ, სი, ლა, დო... მი, რე, მი!


რვა

მოუქსოვა ობობამ
რვა-რვა წინდა რვა შვილს,
კმაყოფილი მობობღავს,
დარდი არ აქვს ზამთრის.

თბილ ჩექმებსაც მოარგებს
რვავე ფეხზე ყველას,
პალტოებსაც - ღუნღულას
რვავეს შეუკერავს.


ცხრა

ცხრა მთის და ცხრა ზღვის გადაღმა,
დევი მიჰყვება თავდაღმართს.

წინდა აცვია ცალ-ცალი,
ქუდი ახურავს ცხრა ცალი.

მიდის ცხრა თავის კანტურით,
ხელში უჭირავს ფანდური.

ღიღინებს: დელი, დელაო,
შორს - ჭირი, დევებს - ლხენაო!


ათი

ათი წლის გახდა მელია,
ოდელი, დელა, დელია.

ცეცხლზე შეუდგამს საცივი,
ჩოხა ჩაუცვამს კაცივით.

გაუწკეპია ულვაში, 
ათ კეცს ახურებს ბუხარში.

შეწვავს ათ მსუქან ვარიას, 
ვაი, იმათი ბრალია!