რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: თაზო ქიზიყელი ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-04-18

თეთრი ჭუჭული

ატყდა გნიასი ეზოში, -
არსად ჩანს თეთრი ჭუჭული!
სად არ ეძებეს, გაჩხრიკეს
ყველა კუთხე თუ კუნჭული.

ვიშვიში გააქვს დედა ბატს,
ლოყებს იხოკავს ქოჩორა;
თავლიდან ზეცას ახედა
თვალცრემლიანმა ჩოჩორმა.

ქორი ვერ მოგვტაცებდაო, -
ტრაბახობს ჭროღა ციცარი,
- არ გახსოვთ, ერთხელ, იმ ლეგას
ვუმტვრიე გულის ფიცარი!

უეცრად წნელის ღობეზე,
ძაღლი გადმოხტა, ბროლია,
- ნუღარ მოსთქვამთო, დაბრუნდა,
შემთხვევით რუს ჩაჰყოლია.

და ისიც შემობატბატდა,
დედისერთა და ნუგეში,
- მაპატიეთო, გოჭებთან
ვჭყუმპალაობდი გუბეში!

ეს თქვა და ტალახიანი
ნისკარტი დაბლა დახარა,
შეუნდეს! აბა, რა ექნათ? -
ერთი ჰყავთ და თან პატარა!