რეკლამა
  • 2018-10-23
  • რეგისტრირებული წევრი - 232
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 890

ავტორი: ჟანრი ჟანრი: თარგმანი / პროზა გამოქვეყნება: 2017-04-29

სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით

                                                  ჰარუკი მურაკამი
 
               
                        სამხრეთით, საზღვრის მიღმა,  მზის დასავლეთით
                                 თარგმანი ჟანრი და ლუიზა ლოდეშვილებისა
თავი პირველი

დავბადებულვარ 1951 წლის 4 იანვარს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პირველი  წლის,  პირველსავე კვირაში. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ამაში იყო რაღაც დასამახსოვრებელი და ჰაჯიმე დამარქვეს, რაც ""დასაწყისს"" ნიშნავს. სხვა მხრივ კი არაფრით გამოირჩეოდა ჩემი დაბადება.  მამა დიდ საბროკერო ფირმაში  მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისობდა. მამა სტუდენტი იყო, როცა ომში გაიწვიეს და სინგაპურს გაამგზავრეს. ომის დამთავრების შემდეგ, იქ ერთხანს ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული. სახლი სადაც დედა ცხოვრობდა 1945 წელში BB-29-ით დაბომბვის შემდეგ დანგრეულა. მათი თაობა ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდა ომისგან.

მე როცა გავჩნდი, ვეღარც კი იფიქრებდით, ომი ოდესმე თუკი ყოფილა.   ირგვლივ არც გადამწვარი ნანგრევები ჩანდა და აღარც  საოკუპაციო ჯარი იდგა. ფირმამ მამას საცხოვრებელად სახლი მისცა ერთ  პატარა მყუდრო ქალაქში. სახლი ომამდე იყო აშენებული, ცოტა მოძველებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი ფართი ჰქონდა. ეზოში ნაძვები ხარობდნენ, ქვაში ჩადგმული რამდენიმე შუქურა და პატარა გუბურაც კი გვქონდა.

ქალაქის შემოგარენში ვცხოვრობდით, იქ სადაც ძირითადად საშუალო კლასი ბინადრობდა.  ჩემი სკოლელებიც ასეთივე ცალკე სახლებში ცხოვრობდნენ, ზოგიერთნი ცოტათი უფრო  დიდშიაც კი, მაგრამ ყველას ერთნაირი მთავარი შესასვლელი და ნაძვნარი ეზო ჰქონდა. ჩემი ამხანების მამები, კომპანიების თანამშრომელნი, ანდა სხვადასხვა  დარგის  სპეციალისტები იყვნენ.  არცერთი ჩემი ამხანაგის დედა არ მუშაობდა.  ყველას სახლში  ჰყავდა ძაღლი ან კატა. რამდენადაც ვიცოდი, არავინ ცხოვრობდა არც მრავალბინიან სახლში და არც აპარტამენტებში. მოგვიანებით  ქალაქის სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ იქაურობაც გარეგნულად ისევე გამოიყურებოდა. ასე, რომ სანამ ტოკიოს  ერთ-ერთ უნივერსიტეტში არ გადავედი სასწავლებლად, მეგონა ადამიანები ძირითადად საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ, ეზოში ნაძვნარი ედგათ, შინაური ცხოველები ჰყავდათ და სამსახურში კოსტუმში გამოწყობილნი დადიოდნენ. სხვა სტილის ყოფა ვერ წარმომედგინა. 

იმ  ქალაქში, სადაც ვიზრდებოდი, ოჯახებში ჩვეულებრივ ორი, ან სამი შვილი ჰყავდათ. ბავშვობის დროინდელი ჩემი ამხანაგებიც სწორედ ასეთი ოჯახების შვილები იყვნენ.  თუ ოჯახი ორშვილიანი არ იყო, მაშინ მათ სამი შვილი ჰყავდათ და პირიქით, თუ ოჯახი სამშვილიანი არ იყო, მაშინ  ორი შვილი უნდა ჰყოლოდათ. ექვს, ან შვიდშვილიანი ოჯახები მართლაც ძალიან დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იშვიათობა, ერთშვილიანი ოჯახი გახლდათ.

ბედმა ინება, რომ ერთ-ერთ ასეთ  უიშვიათეს ოჯახის შვილი ვყოფილიყავი, რადგან დედისერთა გახლდით. ამის გამო, თავს დიდხანს არასრულფასოვნად ვთვლიდი, თითქოს სხვებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი, მოკლებული იმას, რაც ყველას ჰქონდა. 

არ მსიამოვნებდა სიტყვა ""დედისერთა”. ყოველთვის როცა კი მესმოდა ეს სიტყვა, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს მახსენებდნენ, რომ ჩემს პიროვნებას რაღაცა  აკლდა, თითქოს სრულყოფილი ადამიანი არ ვყოფილიყავ და თითქოს ამ სიტყვის წარმომთქმელი თითს ჩემსკენ ბრალმდებელივით იშვერდა. 

იმ გარემოში სადაც ვიზრდებოდი, ყველა დარწმუნებული იყო, დედისერთები მშობლების მიერ  ზედმეტად განებივრებულნი, თავნებანი და ჭირვეულები არიანო. ეს ისითივე ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა, როგორც ის, რომ  სიმაღლეზე ასვლისას წნევა ვარდება, ანდა ძროხები რძეს იძლევიან.  ამიტომაც ჭირის დღესავით მეჯავრებოდა, როცა ვინმე მეკითხებოდა, თუ  რამდენი და, ან ძმა მყავდა. როგორც კი ჩემს პასუხს მოისმენდნენ, რომ არც ერთი არ მყავდა, ინსტიქტურად გაიფიქრებდნენ: ""აჰ, დედისერთაა? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, განებივრებული და თავნება  იქნება,"" მათი ასეთი რეაქცია ტკივილს მაყენებდა და ცუდ ხასიათზე ვდგებოდი,  მაგრამ უფრო მეტად მტკივნეული იყო  იმის შეგრძნება, რომ რასაც ისინი ჩემზე ფიქრობდნენ, სრული სიმართლე გახლდათ.

დაწყებით სკოლაში, ექვსი კლასის მანძილზე, მხოლოდ ერთ დედისერთას შევხვდი. ის გოგონა დღესაც კარგად მახსოვს. დავუმეგობრდი და მასთან ათას რამეზე ვლაპარაკობდი. ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს და არ შეცდებით, თუ იფიქრებთ, რომ მიყვარდა კიდეც.

შიმამოტო ერქვა. ახალდაბადებული პოლიომიელიტით დაავადებულიყო და მარცხენა ფეხი ოდნავ უფრო მძიმედ დაჰქონდა. ამას დაემატა თან ისიც, რომ ჩვენს სკოლაში მეხუთე კლასის ბოლოს გადმოვიდა სხვა სკოლიდან, ამიტომ ჩემთან შედარებით,  ბევრად უფრო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო. ამ სტრესმა ეს პატარა, დედისერთა გოგონა, გააძლიერა და იმაზე უფრო თავდაჭერილი გახადა, ვიდრე მე როდისმე ვყოფილვარ. არასდროს უწუწუნია და დაუჩივლია. ვერ მიხვდებოდით რა ულხინდა. რაც არ უნდა მომხდარიყო მის თავს, ყოველთვის შეეძლო გაეღიმა და თუ უარესად იყო საქმე, მისი ღიმილი კიდევ უფრო ფართო ხდებოდა. მე მიზიდავდა შიმამოტოს ღიმილი, ის მაწყნარებდა და მამშვიდებდა. "ყველაფერი კარგად იქნება, ესეც მოითმინე და მალე ყველა ტკივილი გაგივლის," თითქოს მეუბნებოდა ამ ღიმილით. წლების მერეც, როცა მასზე ვფიქრობ, პირველი რაც მახსენდება, მისი ღიმილია.

შიმამოტო ყველასთან თავაზიანი იყო და მასაც ყველა პატივს სცემდა. ამით ჩვენ ერთმანეთისგან დიდად განვსხვავდებოდით, თუმც ორივე დედისიერთები ვიყავით. ეს რა თქმა უნდა, არ გულისხმობდა, რომ ის ძალიან მოსწონდათ. არა, უბრალოდ, არ აბეზრებდნენ და არ დასცინოდნენ. მეგობრობით კი, ჩემს მეტი ნამდვილი მეგობარი მას არ ჰყოლია. 

სხვა ბავშვები მას  მეტისმეტად ცივ და ზედმეტად თავდაჭერილად მიაჩნდათ. მე კი შევამჩნიე, რომ ის მეტად სათუთი, ნაზი და მიმნდობი ბუნებისა იყო. დამალობანას თამაშის მსგავსად, მისი ნამდვილი ბუნება უნდა გამოგეცნო და დაგენახა, რადგან ის ღრმად ჩამალულიყო, სამშვინველის სიღრმეში და პირველ აღმომჩენს ელოდებოდა. 

მამამისს სამსახური სხვადასხვა ადგილას აგზავნიდა, რის გამოც შიმამოტოს უკვე რამდენიმე სკოლის გამოცვლა მოესწრო. აღარ მახსოვს მამამისს რა ევალებოდა, თუმც ერთხელ  ამიხსნა, თუ  რას საქმიანობდა ის, მაგრამ როგორც ბავშვების უმეტესობას ახასიათებთ, მეც ეს ამბავი ერთი ყურიდან იმიტომ შევუშვი, მეორედან რომ გამოსულიყო. ბუნდოვნად მახსენდება,  ბანკის, ან საგადასახადოს, ანდა რაღაც ასეთის, პროფესიული მოხელე იყო. ისინი კომპანიის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ, სახლი ჩვეულებრივზე უფრო დიდი იყო, დასავლურ ყაიდაზე აშენებული, გარშემორტყმული დაბალი, ქვიანი კედლით. კედლის ზევით კი მარადმწვანე ბუჩქნარი, ღობესავით შემოვლებოდა და მასში, აქა-იქ დარჩენილი სიცარიელედან ილანდებოდა ლამაზი ბაღი, დიდი მწვანე მოლით.

შიმამოტო მაღალი გოგო იყო, თითქმის ჩემსიმაღლე, გამოკვეთილი სახის ნაკვთებით. ასეთი გარეგნობა კი იმის საწინდარი იყო, რომ რამდენიმე წელში  ულამაზეს ქალად იქცეოდა. პირველად როცა შევხდი, მის სხეულს ჯერ კიდევ არ მიეღო, ის ფორმა, რაც მის ხასიათს უნდა შესაბამებოდა.  ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სხეულის გამო, ის ბევრს მიმზიდველადაც კი არ მიაჩნდა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ  ბავშური ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა, რაც დისჰარმონიაში იყო, უკვე ქალიშვილობაში შესულ მის სხეულთან. ამ დისჰარმონიის გამო შიმამოტოს ბევრი უხერხულობა ექმნებოდა.

ჩვენ სკოლაში მიღებული იყო, რომ ახალ მოსწავლეზე ზრუნვა, მისსავე მეზობლად მცხოვრებ მოსწავლისთვის მიენდოთ და რადგან  ჩვენი სახლები გვერდიგვერდ იდგა, ის სკოლაში მოსვლისთანვე, დროებით ჩემს გვერდით დასვეს.  ახალმოსულს ვუხსნიდი სასკოლო ცხოვრების თავისებურებებს: რა სახელმძღვანელოები დასჭირდებოდა, რა საკონტროლოები ექნებოდა  კვირის მანძილზე დასაწერი, გაკვეთილებზე რა უნდა მოეტანა,  სახელმძღვანელოდან რა მასალა უნდა ესწავლა, კლასი როგორ უნდა დაგველაგებინა და სასადილოში როდის მოუწევდა მორიგეობა. მასწავლებელმა საგანგებოდ მთხოვა, კოჭლობის გამო განსაკუთებულად მოვფრთხილებოდი.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საპირისპირო სქესის თერთმეტი-თორმეტი წლის ასაკის ბავშვებში, ჩვენც დასაწყისში გვიჭირდა საერთო ენის გამონახვა, მაგრამ როგორც კი გავიგეთ, ორივე დედისერთები ვიყავით, უხერხულობა გაქრა. აქამდე ხომ არავინ გვენახა სხვა დედისერთა. ორივეს დედმამიშვილის უქონლობით გამოწვეული განცდები გვტანჯავდა და ამის გამო უამრავი სათქმელი დაგვგროვებოდა. სახლში ძალიან ხშირად ერთად ვბრუნდებოდით. გზად კილომეტრი მაინც უნდა გაგვევლო და მისი დაზიანებული ფეხის გამო ნელა მოვდიოდით. დრო უამრავ რამეზე საუბრით გაგვყავდა. რაც მეტს ვსაუბრობდით, მით მეტად ვრწმუნდებოდით, რომ ძალიან ბევრი რამ გვქონდა საერთო, დაწყებული წიგნებისა თუ მუსიკის სიყვარულით და კატებთან თამაშით დამთავრებული. ორივეს გვიჭირდა სხვებთან ჩვენი გრძნობების გამჟღავნება. ორივეს საჭმელთა გრძელი ჩამონათვალი გვქონდა, რომელთა ჭამაც  არაფრით არ გვსურდა. რაც შეეხებოდა სასკოლო საგნებს, არანაირი პრობლემა არ გვქონდა იმ საგნებში რომლებიც მოგვწონდა, მაგრამ იყო საგნებიც, რაც არ მოგვწონდა და მათი მომზადება ჭირის დღესავით გვეჯავრებოდა. ოღონდ ერთი არსებითი განსხვავება იყო ჩვენს შორის: ჩემგან განსხვავებით შიმამოტო ცდილობდა ესწავლა ის საგნებიც, რაც არ მოსწონდა. ამას ის მთელი შეგნებით აკეთებდა და დიდი წარმატებითაც. მასყველა საგანში   კარგი ნიშნები ჰქონდა. როცა სკოლის სასადილოში, იმ კერძს სთავაზობდნენ, რაც არ მოსწონდა, ის მაინც სჭამდა. სხვა სიტყვებით, მას ჩემზე ბევრად მაღალი, დამცავი კედელი შემოევლო, თუმცა ის, რაც კედლის შიგნით იყო, საოცრად მაგონებდა საკუთარ თავს.

შიმამოტოსთან ყოფნის დროს სიმშვიდე მეუფლებოდა. ასეთი რამ ადრე არც ერთ სხვა გოგონასთან არ მიგრძვნია. მსიამოვნებდა მასთან ერთად სკოლიდან დაბრუნება, გვერდით ოდნავ მძიმედ რომ მომყვებოდა. 
და ხშირად შუაგზაზე სკამზე ჩამოჯდებოდა დასასვენებლად.   ეს სულაც  არ მაწუხებდა. სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებდა კიდეც, რადგან უფრო მეტ ხანს ვიქნებოდით ერთად. მალე ერთმანეთის გვერდით, უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდით. არ მახსენდება ამის გამო ვინმეს დაეცინოს ჩვენთვის. ეს ამბავი მაშინ არ მაოცებდა, ეხლა კი უცნაურად მეჩვენება, რადგან იმ ასაკის ბავშვებისთვის ნიშანდობლივია, დასცინონ ადრეულად დაახლოებულ წყვილებს. ამის მიზეზი ალბათ შიმამოტოს მტკიცე ხასიათი იყო. მის გვერდით  სხვები ხომ შეზღუდულად გრძნობდნენ თავს და ამჯობინებდენ ამ გოგოსთან სისულელე არ წამოეროშათ. ზოგჯერ მეჩვენებოდა, მასწავლებლებიც კი იძაბებოდნენ მის გვერდით, რაც შეიძლება მისი ფიზიკური ნაკლით იყო გამოწვეული. ასე იყო, თუ ისე, ბევრი  შიმამოტოს გამოჯავრებას ერიდებოდა, რაც მე ძალიან მაწყობდა.

სპორტის გაკვეთილების დროს მაყურბელთა ადგილას იჯდა, ხოლო, როცა ჩვენი კლასი მთის დასალაშქრად, ანდა საცურაოდ მიჰყავდათ,  სახლში რჩებოდა. ყოველწლიური სპორტული შეჯიბრების დღეებში, თავს, ალბათ, ვერ გრძნობდა კარგად, მაგრამ თუ არ ჩავთვლით, ამ რამდენიმე დღეს, მისი სასკოლო ცხოვრება, სხვათაგან არ გამოირჩეოდა. არ მახსენდება, როდისმე რაიმე ეთქვას ფეხთან დაკავშირებულ პრობლემაზე. ყოველ  შემთხვევაში, მე არც ერთი საუბარი  არ მახსენდება. სკოლიდან წამოსულებს, არასდროს მოუბოდიშებია, მის გამო რომ ვყოვნდებოდით. არც სახეზე შემიმჩნევია, თუ სწუხდა ამის გამო, ოღონდ  მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ყოველთვის თავის ფეხზე ფიქრობდა და სწორედ ამის გამო მასზე არასდროს ლაპარაკობდა. არ უყვარდა სხვა ბავშთა სახლებში სტუმრობა, რადგან იაპონური წესისამებრ, მას შესასვლელშივე ფეხსაცმელი უნდა გაეხადა, არადა ქუსლებს ერთნაირი სიმაღლე არ ჰქონდათ და  ფეხსაცმლებიც ერთნაირად არ გამოიყურებოდნენ, ეს კი სულაც არ უნდოდა სხვებს  შეემჩნიათ. ფეხსაცმელს ეტყობოდა სპეციალური შეკვეთით უმზადებდნენ. სახლში მისული, პირველად  ფეხსაცმელს იხდიდა და სასწრაფოდ კარადაში აწყობდა.

შიმამოტოს სახლში, საცხოვრებელ ოთახში, სრულიად ახალი სტერეო ფირსაკრავი იდო, სადაც ხშირად შევდიოდით მუსიკის მოსასმენად. სტერეო ფირსაკრავი მართლაც,  საუცხოო ხარისხის იყო, რასაც ვერ იტყოდით მამამისის მიერ ნაყიდ გრამფირფიტებზე. სულ თხუთმეტიოდე  გრამფირფიტა თუ ექნებოდათ, მსუბუქი მუსიკის იაფასიანი კოლექცია. თხუთმეტივე მათგანისთვის, ათასჯერ მაინც მოგვესმინა, ახლაც კი მახსოვს ის მუსიკა, არც ერთი ნოტი არ დამვიწყებია.

საკრავ მოწყობილობას ყოველთვის შიმამოტო დასტრიალებდა. გრამფირფიტას ფრთხილად იღებდა კონვერტიდან და სათუთად სდებდა დასაკრავად, ამასთან ცდილობდა გრამფირფიტის საკრავ ნაწილს თითებით არ შეხებოდა. ნემსს გრამფირფიტას მხოლოდ მაშინ ახებდა, როცა დარწუნდებოდა რომ  მტვრისგან თავისუფალი იყო.  ჩანაწერის მოსმენის შემდეგ გრამფირფიტას ჯერ სულს შეუბერდა, მერე ნაჭრით დადაწმენდა, კონვერტში აბრუნებდა და თაროზე შემოდებდა ხოლმე, სადაც ყველა გრამფირფიტას თავისი ადგილი ჰქონდა. ეტყობოდა ეს პროცედურა მამას ესწავლებინა მისთვის და ისიც, მას მთელი სერიოზულობით ასრულებდა, რაც მის სახეზეც აისახებოდა, ამ დროს თვალები უვიწროვდებოდა და დაძაბულობისგან სუნთქვა ეკვროდა. მე, სავარძელში მჯდომარე, მის ყველა მოძრაობას ვუთვალთვალებდი. ის კი, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებოდა, რომ გრამფირფიტა თაროს უვნებლად დაბრუნებოდა, შემომხედავდა და ოდნავ გამიღიმებდა. ამ დროს ყოველთვის ერთი და იგივე ფიქრი გამიელავდა:  ის, რასაც ასე ელოლიავებოდა, გრამფირფიტა კი არ იყო,  არამედ მინის ჭურჭელში გამომწყვდეული მისი სამშვინველი.

სახლში, ჩვენ არც გრამფირფიტები გვქონდა და არც სტერეო ფირსაკრავი. ჩემს მშობლებს მუსიკა სულაც არ აინტერესებდათ. მე კი მუსიკას  პატარა, პლასტმასის რადიოთი ვუსმენდი, რომელიც მარტო საშუალო ტალღებს იჭერდა. როკენროლი ყველაზე მეტად მომწონდა, მაგრამ მალე შიმამოტოსთან მოსმენილ კლასიკურ მუსიკასაც გავუგე გემო. ის იყო სულ სხვა სამყაროდან მოსული მუსიკა და თავისი განუმეორებელი მიზიდულობა ჰქონდა, ოღონდ  მე ის მუსიკა იმის გამო უფრო მიყვარდა, რომ "ის" ნაწილი იყო იმ სამყაროსი. კვირაში ერთხელ, ან ორჯერ მაინც, მე და შიმამოტო სავარძლებში მოკალათებულნი, ვსვამდით დედამისის მიერ ჩვენთვის დაყენებულ ჩაის და ვუსმენდით როსინის უვერტურას, ბეთჰოვენის ""პასტორალს"", ანდა სულაც ""პერ გიუნტ"" სუიტას. დედამისს მოსწონდა, ჩემი  ხშირი სტუმრობა, სიამოვნებდა ახალ სკოლაში გადასულ მის ქალიშვილს, ასე მალე მეგობარი რომ გაეჩინა. დარწმუნებული ვარ, ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ  იმ დღეებისთვის, საგანგებოდ ვიყავი ხოლმე გამოწყობილი. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება იმის თქმა, რომ დედამისი მეც მომწონდა. არა, არანაირი საგანგებო მიზეზი მის შესაძულებლად  არ მქონდა, დედამისი ხომ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, მაგრამ რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ მის ხმაში გაღიზიანებული ადამიანის ტონი იგრნობოდა  და ამის შემდეგ თავს იქ მოუსვენრად ვგრძნობდი.

მამამისის ყველა გრამფირფიტადან, ერთი გამორჩეულად მომწონდა.  მასზე  იყო ჩაწერილი ლისტის საფორტეპიანო კონცერტები, თითო კონცერტი, გრამფირფიტის თვითოეულ  მხარეს. ეს გრამფირფიტა ორი რამის გამო მომწონდა, ჯერ ერთი, ის ძალიან ლამაზ კონვერტში იდო. მეორეც, რამდენადაც ვიცოდი, ჩემი ნაცნობებიდან არავის, რა თქმა უნდა შიმამოტოს თუ არ ჩავთვლით, ლისტის საფორტეპიანო კონცერტები არასდროს  მოესმინა. ამ ფაქტის  მარტო  წარმოდგენაც კი მაამაყებდა. მე ხომ ისეთ სამყაროში შევაბიჯე, სადაც ჩემი ნაცნობები არასდროს ყოფილან, თითქოს საიდუმლო ბაღი ყოფილიყოს,  სადაც შესვლის ნება მხოლოდ მე დამრთეს. ვუსმენდი და ვგრძნობდი,  ზევით როგორ ვიწეოდი, როგორ ავდიოდი არსებობის ახალ დონეზე.

რა თქმა უნდა, მუსიკაც თავისთავად მომაჯადოებელი იყო. თავიდან ის გაზვიადებული, ხელოვნური და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნაწილებისგან შედგენილი მეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა, თანდათანობით, ხშირი მოსმენის შემდეგ, ჩემს წარმოდგენაში,  ჯერ ბუნდოვანი, ხოლო შემდეგ ჩამოყალიბებული და გააზრებული ფორმა მიიღო. როცა თვალდახუჭული, მუსიკას გულისყურით ვუსმენდი, ამ ბგერების ფონზე, მორევს ვხედავდი. ჯერ კიდევ ახალ გაჩენილ წყლის ჭავლს, მეორე უფრო მაღალი ჭავლი მოსდევდა, ხოლო მას მალევე მესამე. დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ მორევები და წყლის ჭავლები განყენებული, აბსტრაქციების გამოხატულებანი იყვნენ. მახსოვს, შიმამოტოსთან, მაშინ ყველაზე მეტად, მათზე მინდოდა მესაუბრა, მაგრამ სალაპარაკო ენა  უძლური იყო საამისოდ, საჭირო იყო სრულიად ახალი სიტყვები, რომ გამომეთქვა ის, რასაც განვიცდიდი. მაშინ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, ასეთი სიტყვები თუ არსებობდნენ, თანაც არ ვიყავი დარწმუნებული, საერთოდ თუ ღირდა იმ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა. სამწუხაროდ მახსოვრობამ ვერ შემომინახა, იმ პიანისტის გვარი. რაც კარგად მახსოვს ეს არის იმ გრამფირფიტის ლამაზი, ფერადი კონვერტი და თვითონ გრამფირფიტის წონა, ის სრულიად გაუგებარ მიზეზთა გამო, საგრძნობლად მძიმე და ზედმეტად მასიური იყო.

მისი სახლის გრამფირფიტების კოლექციაში იყო ნათ კინგ კოულის და ბინ კროსბის თითო გრამფირფიტა. ორივეს ხშირად ვუსმენდით. კროსბის დისკზე საშობაო სიმღერები იყო ჩაწერილი, მაგრამ მას წლის ყველა დროს ვუკრავდით. საოცარია, როგორ შეგვეძლო ასეთი სიმღერების გაუთავებლად მოსმენა.

შობა უკვე მოახლოებულიყო,  როცა გვიანი დეკემბრის ერთ დღეს, შიმამოტო და მე სავარძელში ჩვეულებისამებრ მოვეწყეთ და გრამფირფიტებს ვუსმენდით. დედამისი რაღაც საქმეზე იყო სახლიდან გასული და ჩვენ მარტონი ვიყავით. ზამთრის მოღრუბლული და მოქუფრული დღე იდგა. მზის სხივები ძლივს არღვევდნენ მძიმე ღრუბლებს და ჰაერში  ირიბ ნათელ ზოლებს სტოვებდნენ. ირგვლივ სიბნელე და უღიმღამობა სუფევდა. შებინდდა. ოთახი სულ ჩამობნელდა, თითქოს უკუნი ღამე ყოფილიყოს. მხოლოდ პარაფინის გამათბობელი გამოსცემდა მკრთალ შუქს. ნათ კინგ კოული მღეროდა ""Pretend"". რა თქმა უნდა მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა სიმღერის შინაარსზე და მას როგორც სასიამოვნო მელოდიას, ისე აღვიქვამდით. სიმღერა საკმაოდ მომწონდა და იმდენჯერ მქონდა მოსმენილი რომ შემეძლო მისი დასაწყისი სიტყვების წამღერება:

Pretend you"re happy when you"re blue,
It  isn"t very hard to do.

ეს სიმღერა მუდამ მომღიმარ შიმამოტოს სახეს მახსენებს და ამიტომაც ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულ მოგონებად მექცა. როგორც ვხვდებოდი, სიმღერა ცხოვრების მიმართ თავისებურ დამოკიდებულებას გვთავაზობდა, ოღონდ მაშინ, ამ წესით ცხოვრება შეუძლებლად მეჩვენებოდა.

შიმამოტოს ყელთან მრგვლად ამოჭრილი ლურჯი სვიტერი ეცვა. კარგად მახსოვს რამდენიმე ასეთი სვიტრი ჰქონდა. ეტყობოდა ლურჯი ფერი ძალიან მოსწონდა, თუმც შეიძლება მათ სულაც იმიტომ იცვამდა, რომ უხდებოდნენ მის მუქ-ლურჯ პალტოს, რომლითაც სკოლაში დადიოდა. სვიტრიდან თეთრი საყელო მოუჩანდა. ამ ყველაფერს კი ამშვენებდა კუბოკრული ბოლოკაბა და თეთრი ბამბის წინდები. მსუბუქი, ოდნავ შემოჭიმული სვიტრი, შესამჩნევს ხდიდა მის ახლად ამოზნექილ მკერდს. შიმამოტომ ფეხები შემოიკეცა და სავარძელში მოკალათდა. სავარძლის ზურგს მიყრდნობილი, სადღაც შორს იყურებოდა და მუსიკას ისე უსმენდდა.

""როგორ ფიქრობ, მართალნი არიან, როცა ფიქრობენ, დედისერთა ბავშვის მშობლები ერთმანეთში არც ისე კარგად არიანო?"" შეკითხვით მომმართა.

დავფიქრდი ერთხანს, მაგრამ ერთმანეთთან მიზეზობრივი კავშირი ვერ დავინახე, ვერც შესაძლო ეფექტი წარმოვიდგინე. ""ეს სადღა მოისმინე?"" იქით დავუბრუნე კითხვა.

""დიდი ხნის წინათ ნაცნობმა მითხრა: როცა ცოლ-ქმარი  კარგად ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ისინი ერთი ბავშვით კმაყოფილდებიანო. მაშინ ამის მოსმენამ ძალიან დამაღონა.""

გაოცებისგან უცნაური ბგერები ამოვუშვი. 

""შენი მშობლები  ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ?""

უცბად ვერ ვუპასუხე. ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ.

""დედა ფიზიკურად სუსტია,"" ვუპასუხე. ""არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ მგონია,  მეორე ბავშვი მისთვის მეტისმეტად ძნელი იქნებოდა.""
""დაფიქრებულხარ რა მოხდებოდა და, ან ძმა რომ გყოლოდა?""
""არა.""
""კი მაგრამ რატომ? რატომ არ დაფიქრებულხარ?""

.

კონვერტი ავიღე რაშიც  გრამფირფიტა იდო. იმდენად ბნელოდა, შეუძლებელი იყო მასზე წარწერის გარჩევა. კონვერტი უკანვე დავდე და თვალები მაჯით რამდენჯერმე მოვისრისე. ერთხელ დედამ უკვე დამისვა იგივე შეკითხვა. მაშინ ჩემმა პასუხმა, ის არც გაახარა, არც დაანაღვლიანა. მას, უბრალოდ, გაუკვირდა. არადა სრულიად გულახდილად ვუპასუხე და რაც მთავარია, საკუთარ თავთან მართალი ვიყავი. მაშინ ვერ მოვახერხე წესიერად ამეხსნა  თუ  რისი თქმა  მინდოდა,  რადგან შესაფერისი სიტყვები ვერ ვიპოვე. არადა მინდოდა მეთქვა, რომ მე და-ძმის გარეშე გავიზარდე და ასეთად უკვე ჩამოვყალიბდი, თუ და, ან ძმა მეყოლებოდა, მე უკვე ის არ ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ, ამიტომ არაბუნებრივია, ვიფიქრო იმაზე, რა მოხდებოდა ისინი რომ მყოლოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მომეჩვენა, დედის შეკითხვა უაზრო იყო.

იგივე პასუხი გავეცი შიმამოტოსაც. სანამ ვლაპარაკობდი, დაჟინებით, თვალმოუწყვეტლივ მიყურებდა. სახის გამომეტყველებაში, რაღაც ჰქონდა ისეთი, რაც ხალხს იზიდავდა. დიდი ხნის შემდეგღა მივხვდი,  როგორც ვარდს, სათითაო ფოთოლს რომ გააცლიან ხოლმე,  შიმამოტოც ისე, ფენა-ფენად,  აცლიდა იმ უფაქიზეს გარსს, რაშიაც ადამიანის გულია გახვეული. სახის გამომეტყველების ყოველ ცვლილებას, ტუჩების ოდნავი მოძრაობით გამოხატავდა. ძლივს შევძელი მის თვალთა სიღრმეში გაელვებული შუქის შემჩნევა, რომელიც ვიწრო ოთახში, მოციმციმე პაწია სანთელს უფრო ჰგავდა.

""ვფიქრობ მიგიხვდი რისი თქმაც გსურდა.""  მითხრა წყნარი ხმით.

""მართლა?""

""აჰა! ამ ქვეყნად ზოგი რამის შეცვლა შესაძლებელია და ზოგისა კი არა. დრო კი ისეთია, რასაც უკან ვერ დააბრუნებ. მოხდა რაღაც და მორჩა! ვეღარაფერს იზავ. განა, ასე არაა?""

დავეთანხმე.

""გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მომხდარი უკვე სიმყარეს იძენს, აი ისე, ცემენტი რომ მაგრდება ხოლმე და ამიტომ მომხდარს  ვეღარ შეცვლი. შენ იმის თქმა გინდოდა, რომ ცემენტი, რომლითაც შენ ხარ შექმნილი, უკვე გამყარდა და შენ უკვე, შენ ხარ და სხვა ვეღარ იქნები.""

""მგონია მართლაც მაგის თქმა მინდოდა."" გაუბევად მივუგე მე.

შიმამოტო ერთხანს ხელებს დაჰყურებდა.

""იცი? ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, თუ როგორი ვიქნები, როცა გავიზრდები და გავთხოვდები, ან როგორ სახლში ვიცხოვრებ, ანდა რას ვისაქმიანებ და კიდევ, რამდენი შვილი მეყოლება.""

""ვაუ!!!""

""შენ? შენ თუ როდისმე გიფიქრია ამაზე?""

თავი გავაქნიე უარის ნიშნათ. განა ბიჭები 12 წლის ასაკში ასეთ რამეებზე ფიქრობენ?

""და რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?""

აქამდე ხელი სავარძლის ზურგზე ედო და ახლა კი მუხლზე დაიდო. დაბნეული ვუყურებდი, თითს როგორ ამოძრავებდა ბოლოკაბის უჯრედების გასწვრივ. რაღაც ძალიან საგულისხმო ხდებოდა, თითქოს მისი თითებიდან გამოსული უხილავი ძაფები ერთმანეთში იბურდებოდნენ და ერთი  მითისა არ იყოს, სრულიად ახალ დროს ჰქმნიდნენ. თვალები დავხუჭე და სიბნელეში, ჩემს თვალწინ მორევთა ნაკადი გამოჩნდა. უთვალავი მორევი გამოჩენისთანვე უხმოდ გაჰქრა. სადღაც შორს, ნათ კინგ კოული მღეროდა South of the Border. მექსიკაზე მღეროდა, მაგრამ მაშინ ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. სიტყვები South of the Border ჩემთვის უცნაურად მიმზიდავად ჟღერდა. დარწმუნებული ვიყავ, რაღაც მიმზიდველი მართლაც რომ იდო სამხრეთით, საზღვრის მიღმა. თვალები, როცა გავახილე, შიმამოტო თითებს ისევ ისე ამოძრავებდა უჯრედების გასწვრივ. სადღაც შიგნით, სიღრმეში მოტკბო-მომწარე ტკივილი ვიგრძენი.

""უცნაურია, მაგრამ როცა ბავშვებზე ვფიქრობ ერთზე მეტი ვერაფრის დიდებით ვერ წამომიდგენია. შვილი რომ მყავდეს, ეს ადვილი წარმოსადგენია! აი, ვითომ დედა ვარ და ბავშვი მყავს! ეს უპრობლემოდ შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ ვერ წამომიდგენია, ბავშვს ან და, ან ძმა რომ ჰყავდეს. ის ჩემს წარმოდგენაში აუცილებლად დედისერთაა"".

ეჭვსგარეშეა ნაადრევად დაქალიშვილებულიყო. დარწმუნებული ვარ, მოვწონდი კიდეც, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი და რაღა თქმა უნდა,  მეც ის ძალიან მომწონდა, მაგრამ იმ ასაკში ვიყავი, წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რა უნდა მექნა ამ გრძნობებისთვის. ვგონებ, ეს არც შიმამოტომ იცოდა. ჩვენი  ხელები მხოლოდ ერთხელ შეეხნენ ერთმანეთს. ერთხელ, სადღაც მიმიძღოდა და ხელში ჩამავლო, თითქოს უნდოდა ეთქვა "აქეთკენ, სწრაფად!"" ჩვენი ხელები სულ ათიოდე წამით შეერთდნენ, მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ნახევარი საათი მაინც გასულიყოს. როცა ხელი შემიშვა, მაშინვე მოვეშვი. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოუვიდა, ხელი თითქოს სრულიად შემთხვევით მომკიდა, მაგრამ ვგრძნობდი,  კვდებოდა, ისე მოუნდა შემხებოდა.

გრძნობას, რაც მისი ხელის შეხებამ დამიტოვა, არასდროს მივუტოვებივარ. ის ხომ ასე განსხვავდებოდა ყველა სხვა ხელისაგან, რაც კი ოდესმე ხელში მჭერია, ყველა შეხებისაგან, რაც კი მქონია. ჰო, თორმეტი წლის გოგოს პატარა, თბილი ხელი. ოღონდ ეგაა, მისი თითები და ხელისგული შეიცავდა  ყველაფერს, რაც  კი მინდოდა მცოდნოდა და რაც აუცილებლად უნდა მცოდნოდა. თავისი ხელით, ჩემსაზე შეხებით, მან გამაგებინა და დამანახა მათი არსებობა, ჩვენი რეალური სამყაროს გვერდით. იმ ათიოდე წამის მანძილზე, პაწია ჩიტად გადავიქეცი, რომელიც ჰაერში აიჭრა და ქარივით მიფრინავდა. ციდან თვალსაწიერი გამიფართოვდა, მაგრამ სიშორის გამო სიცხადე დავკარგე, იმასაც მივხვდი,  ერთხელაც იქნებოდა, იქ აუცილებლად მივაღწევდი. ამ ხილვამ სუნთქვა შემიკრა და მკერდში ტკივილი ვიგრძენი.

სახლში დაბრუნებული, მაგიდას მივუჯექი და დიდხანს დავცქეროდი ჩემს თითებს, ეხლახანს რომ ეჭირათ შიმამოტოს ხელებს. მისი ხელის, ჩემს ხელზე მოჭერით, აღტაცებული ვიყავი. მისი ნაზი თითების კვალი, კიდევ მრავალ დღეს მითბობდა გულს. იმავდროულად გვარიანად შეცბუნებული და ცოტა არ იყოს სევდიანი, ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა უნდა მოვუხერხო ამ სითბოს?

დაწყებითი სკოლის დამთავრების მერე, ჩემი და შიმამოტოს გზები გაიყარა. ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. სხვა ქალაქი კი ვთქვი, მაგრამ  სინამდვილეში, სადაც ადრე ვცხოვრობდით, იქ ჩასასვლელად, მატარებლის სულ ორი გაჩერება იყო საჭირო და ჩვენი გადასვლიდან პირველი სამი თვის მანძილზე, მას სამჯერ თუ ოთხჯერ მივაკითხე, ოღონდ მეტჯერ აღარ. ორივე ისეთ ასაკში ვიყავით, რომ სხვადასხვა სკოლაში სიარულმა და ორი გაჩერებას იქით საცხოვრებლად გადასვლამ, ისე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვედრილიყავით: ახალი ამხანაგები, ახალი სასკოლო ფორმა და ახალი სახელმძღვანელოები.  უცბად დამეწყო სწრაფი ცვლილებები, ტანი სხვანაირი გამიხდა, ხმაც. სამყაროსაც სხვანაირად დავუწყე ყურება და ადრინდელი გულითადი დამოკიდებულება დაგვერღვა. შიმამოტოც, რა თქმა უნდა, ცვლილებებს განიცდიდა, როგორც სხეულით, ასევე ფსიქოლოგიურად. ეს ყველაფერი მაფორიაქებდა. დედამისმაც უცნაურად დამიწყო ყურება. თითქოს ამბობდა: "რატომ აგრძელებს ეს ბიჭი ჩვენთან სტუმრობას? ის ხომ აქ უკვე აღარ ცხოვრობს და თანაც სხვა სკოლაში გადავიდა," ან იქნებ, არც უთქვამს  არაფერი ამის მსგავსი  და მე ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი.

 ასე დავშორდით მე და შიმამოტო.  გავიზარდეთ და ჩვენი უშუალო და გულწრფელი ურთიერთობაც დამთავრდა.  მას აღარ ვნახულობდი. ეს ალბათ შეცდომა იყო (თუმცა დანამდვილებით ამის თქმა არ შემიძლია და არც ჩემი მახსოვრობის ყველა შრის მონახულება მაქვს განზრახული, რათა დავადგინო, თუ რა იყო, სწორე გადაწყვეტილება და რა მცდარი). სულ მის ახლოს უნდა ვყოფილიყავი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მე ხომ ის მჭირდებოდა და მასაც ვჭირდებოდი! მაშინ ზედმეტად მორცხვი ვიყავი და პატარა რამესაც, კი შეეძლო გულისტკენა. ჰო, მას მერე აღარ მინახავს. მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ შევხდი ხელახლა.

ჩვენი შეხვედრების შეწყვეტის მიუხედავად, მასზე მუდამ სათუთად ვფიქრობდი. ზრდასრულობაში შესვლა ხშირად ბევრ ტკივილთან იყო დაკავშირებული და ასეთ დროს მასზე მოგონებები მამხნევებდნენ და მამშვიდებდნენ. ძალიან დიდი ხნის მაძილზე მას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ჩემს გულში. როგორც რესტორნის მეპატრონე, მაგიდას წარწერით ""დაკავებულია"" კუთხეში უნახავს მისთვის ცნობილ მუშტარს,   ისევე ვუნახავდი  მას   ადგილს  ჩემს გულში,  იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვიყავი, შიმამოტოს აღარასოდეს ვნახავდი.

როცა მას ვხდებოდი თორმეტის წლისა ვიყავი, ნამდვილი სექსუალური სურვილების გარეშე. რა თქმა უნდა ჩემთვის უცხო არ ყოფილა იმაზე ფიქრი, თუ რატომ ჰქონდა მკერდი ამობურთული, ან ბოლოკაბის შიგნით ნეტა რას მალავსო, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, სინამდვილეში ეს რას ნიშნავდა და რა შედეგი შეეძლო გამოეღო ამაზე ფიქრს.

სმენადაძაბულს და თვალდახუჭულს წარმომედგინა ადგილი ერთი. ჩემს წარმოდგენებში ადგილი იგი, არ იყო სრული. ის იყო დაბურული, გაურკვეველი, ბუნდოვანი მონახაზებით. მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვიყავი, იქ,  ჩემი სიცოცხლისთვის სრულიად აუცილებელი რამ მელოდებოდა. ისიც ვიცოდი, შიმამოტოც იგივეს  მზერდა. 

ჩვენ, ორივე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელნი ვიყავით, როცა სრულიად მოულოდნელი და ჯერ კიდევ გასათავისებელი გრძნობა გვეწვია, გრძნობებით სავსენი, ერთარსად ვიქეცით და იმ კარის წინ აღმოვჩნდით, რომელიც მანამდე არ შეგვემჩნია. მკრთალი შუქის ფონზე პირისპირ დარჩენილებმა, ერთმანეთის ხელებს ჩავაფრინდით, სულ რაღაც ათიოდე წამით.