რეკლამა
  • 2018-08-16
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 867

ავტორი: ქარდა ჟანრი: ეპისტოლარული / პუბლიცისტიკა გამოქვეყნება: 2017-11-17

ხვთისშვილნი- თბილისური მითოლოგიიდან (ფიქრები ანა კორძაია-სამადაშვილის „შუშანიკის შვილებზე“)

ხვთისშვილნი- თბილისური მითოლოგიიდან
(ფიქრები ანა კორძაია-სამადაშვილის „შუშანიკის შვილებზე“)

ანა კორძაია-სამადაშვილს მოვუსმინე ინტერნეტში, ჯერ რამდენიმეჯერ ვუყურე ტვ ეკრანზე, არტარეაზე მგონი, ვიცოდი რომ კარგი მწერალი იყო, აი როგორ გითხრათ, როცა იცი რომ მაგარია, ანუ გაგებული გაქვს და შენ გჯერა და აბა ახლა წაკითხვა რად უნდა? თან ყურიც მოვკარით, ამან საბა მიიღო და საერთოდ რაღა საჭიროა უკვე წაკითხვა- მაგარი თანამედროვე მწერალი ქალია. ასე არ ვიცით უამრავი თანამედროვე ქართველი მწერალი? ნუ პოეტებს უფრო გაუმართლათ და მათი ლექსები პრინციპში უფრო ვიცით ან მოგვისმენია ან საღამოებს დავსწრებივართ აგერ აჰანდე დალოცვილი იუთუბი და თვითონ პოეტი გიკითხავს „...თუ ცაზე სხვა ქვეყნის მთვარე გათავხედდა...“.; ანდა სხვა გიკითხავს პოეტის ლექსს „მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული …“, მოკლედ პოეტებს უფრო ვიცნობთ. ჰოდა დავფიქრდი, ნეტა როგორ წერს-მეთქი, თუ ასე კარგადვე წერს … ვა, რა იქნება რომ წავიკითხო? ამ „სასწაულმა“ იდეამ გაანათა უცებ გონება. მართალია თანამედროვე კი ვარ,- ანუ წიგნით კითხვა მირჩევნია,- მაგრამ იქამდე მისვლა მეზარება: წიგნის მაღაზიის არჩევვა, მერე გამყიდველის დამფრთხალი თვალები ან პირიქით- აგრესიული და ჯიქური მზერა, მეტი ფული; ნუ წამხდარ საქმეზე ბიბლიოთეკაც შეიძლება, ჯერაც ადამიანობაშენარჩუნებული, მაგრამ შრომა იგივე... ჰოდა აგერ დალოცვილი საბა.ჯი ანადა ლიტ ჯი, რომელიმემ მიკერძოებად რომ არ ჩამითვალოს: ნაკლები შრომა, ნაკლები დრო ძიებისა, ნაკლები ფული, საერთოდ არავითარი მიშტერმოშტერებული თვალები, არც ღამის ლამპა გინდა და არც სანთელი. მხოლოდ განათებული (აუცილებლად სუსტად) ეკრანი. ავტორი; ანა კორძა… არც უნდა ბოლომდე შევსება ველს და წავიდა. მოკლედ: „შუშანიკის შვილები“. როგორ გინდა ასეთი სათაურის რომანი არ წაიკითხო?. ვიფიქრე საბამინიჭებული ხომ არა-მეთქი მაგრამ ამის სათაურმა დამაინტრიგა ეგრევე თან მოთხრობებინ არც იდო მგონი ელწიგნად.
ნუ, თავიდან მალხაზ ხარბედიასი არ იყოს („წიგნის პირველივე წინადადება იმდენად უაზრო იყო, რომ თავიდან მეწყინა კიდეც“), ცოტა გავღიზიანდი, რატომღაც მთელი საკაცეთი ძველბიჭურვერშემდგარკანონიერქურდულდარდიმანდულ სლენგზე რომ „სწერამს“ პროზას ეგრეა აქაც-მეთქი, არადა ჩემს მიერ მოსმენილ ანას ასე მარტივად არ უნდა ეწერა და გაიხსნა, ნელა გაიხსნა, აი მართა და დათო რომ ხვდებიან ხვეულ კიბეზე ერთმანეთს იქიდან გაიხსნა…
მერე უცებ შემოდის ლეგენდა თუ მითი, თიამათისდროინდელია ეგ ამბავი, ანუ მარადიული მინდოდა მეთქვა მაგრამ აქ მწერალი თავად ქმნის მითს რა თქმა უნდა: ( ეს ლეგენდა სხვისი წიგნიდან რომ აქვს მოხმობილი ეგ აბსოლუტურად არაფერს ცვლის), შუშანიკი გიჟი ქალი, თბილისის ტყაშმაფა, დალი (ალბათ სწორედაც მეოთხე ხეობიდან), მას შემდეგ რაც ქმარი და მამა მიატოვებს აჩენს მკვდარ სულებს, უჩინარ მკვდარ შვილებს, მაგრამ აი, დავითისა და მართასნაირები რომ იცნობენ. როგორი სახეა? დიდებული ამბავია, მწერალი აქ დაიბადა ჩემთვის.
ვკითხულობდი და მთელი ამ კითხვის პროცესში მეგონა რომ რასაც ავტორი ყვება, ყვება რა, წერს, ეგ კი არაა ეს რომანი, არამედ რასაც გულისხმობს. ამ დროს ვინ რა იცის რას გულისხმობს, ეს ხომ მეტაფორული ნათქვამია, ან რა საჭიროა ვიცოდეთ მწერალი რას გულისხმობს? მისი კითხვისას შენ რომ გაფიქრებინა ამას გულისხმობსო ამაზე ვსაუბრობ. მართა აუცილებლად ის მართაა, მარიამ და მართა რომაა, ბიბლიური, თავშივე ამბობს პერსონაჟი თვითონ: „მართა განმარტავდა, ანგელოზის და წმინდანის შვილთაშვილი ვარო“, მეტი რა მიგვანიშნოს მწერალმა?! მაგრამ მართაა თუ მარიამი? ამაქვეყნიური საქმეებით, მართალია ეს  ღვთისთვის სამზადისს, მისთვის გამასპინძლებას გულისხმობს, მაგრამ მაინც ამასოფლიურს, მარიამისთვის კი თვითონ ძეკაცისა არის მთავარი, მისითაა შეპყრობილი. პერსონაჟს სურს რომ გადაარქვან სახელი, ვვარაუდობთ რომ ახლა მარიამად მონათლავს, მაგრამ ეს ხომ ადვილი სვლა იქნებოდა. რა თქმა უნდა ეს მარიამია, მარიამი რომელიც მთლიანად სიყვარულით ანუ „ღმერთითაა“ დაკავებული, არ აწუხებს ამქვეყნიური საზრუნავი, მხოლოდ სიყვარული, შეიძლება ვერ გვენდო მწერალი და ამიტომაც ახსენებს რამდენჯერმე ზეთს, ზეთის ცხებას, ეს ის მარიამია რომელიც საკუთარი თმებით უმშრალებს ტერფებს. ის არაა ამ სოფლის სული, ამა სოფლის სულებს ებრძვიან პერსონაჟები, შუშანიკის შვილები, ანუ მარადიული სულები, რომელთაც ავტორისავე სიტყვებით რომ ვთქვა უმალ ვიცნობთ. მართლაცდა საოცარო ფიქრები და განცდები წამომიშალა ანას რომანმა, და ამიტომაც ვამბობ ჩემთვის რომ კარგი მწერალია ანა კორძაია-სამადაშვილი, სხვაზე ვწერდი ადრე და აქაც ვიტყვი, წერილის მიწერა რომ მოგინდება ისეთი მწერალია ანა. (ფაქტიურად ვწერ კიდეც)
ანა კორძაია-სამადაშვილთან ხშირადა გამოყენებული მამაკაცის სასქესო ორგანოს კლასიკური არსებითი სახელი და სექსუალური ურთიერთობის აღმნიშვნელი მამაპაპური ქართული ზმნა, შეიძლება ითქვას არაა ეპატაჟური, ბუნებრივია არც დამწყები მწერლის ხიბლი სახელისგანსმენისთვის, ცოტათი ქალი მწერლის სურვილს შეიძლება გავდეს, გამბედავი და თავისუფალის თიკუნისათვის, მაგრამ მაინც მგონია რომ ამ რომანში პერსონაჟები ალბათ უნდა იყენებდნენ ამ სიტყვებს, სხვანაირად ალბათ არ იქნებოდნენ დამაჯერებლები. შეიძლება კიდევაც ამ ვულგარიზმსა, უხეშობასა და უხამსობაში მალავენ კიდევაც თავიან „ღვთისშვილობას”, ეს ვულგარული და ერთი შეხედვით ზნედაცემული გმირები აშკარად ახალი აღთქმის წუთისოფლიდან არიან, ბრბოს ქვები რომ უკვე შეკრებილი აქვთ იმ დროიდან არიან, ორონდ, სამწუხარო ისაა რომ მთავარი გმირები ნიკო და მართა, რჩება სთაბეჭდილება რომ მაცხოვრის გამოჩენას ვერ მოესწრნენ… გმირები თავიანთი, ზოგჯერ უხერხული აღსარებებით, თითქოს მკითხველისაგან შენდობას ითხოვენ, მკითხველისაგან რადგან რომანის წუთისოფელში ქრისტე ხომ ჯერ არაა გამოჩენილი, და ისე გულწრფელნი არიან შუშანიკის შვილები, შეიძლებაცდა უხილავი გმირებიც კი, რომ შენდობა განაღდებული აქვსთ…
„შუშანიკის შვილებში“ დახატული გმირები თითქოსდა თანამედროვე ქართული პროზის ტიპიური სახეები არიან, მაგრამ მხოლოდ „თითქოსდა“ , მათ მართლაც არ აკლიათ ორიგინალურობა და ინდივიდუალობა.
ინტერნეტში მოვიძიე გამოხმაურებები,(ერთი ვახსენე უკვე) და ქართულმა ვიკიპედიამ გამაოგნა; წესით, ასეთ დროს, რომანის გმირები რომ იტყოდნენ იმ ლექსიკით უნდა ვთქვა, მაგრამ იყოს: „რომანის მთავარი პერსონაჟები შუშანიკის შვილები არიან, ზრდასრული, მარტოსული ადამიანები ბავშვური ოცნებებით, რომლებსაც სიყვარულის აღარ სწამთ.“
ერიჰააა, რათა შვილო რათა, ეგ რას ნიშნავს, აბა რა სწამთ? საერთოდ არაფერი არ სწამთ? ვინ გითხრა, გმირების სვ წაიკითხე?
კიდევ ერთი რამ რამაც დამაფიქრა მესამე ხეობაა , მეოთხე ხეობაზეცაა საუბარი, სანატრელი ადგილი, გნებავთ ზეციური იერუსალიმი ალბათ, უფრო კონკრეტულს ვეძებდი ეტყობა და ამიტომაც ვერ მივაგენი. შეიძლება ეს სწორედ ტერენტისეული „არამედ რაღაც სხვაა“, ვინ იცის. მთავარია რომანის გმირებმა მიაგნონ, რჩება იმედი რომ მიაღწევენ მესამე ხეობას, რომელიც ახლა „სეპარატისტების ხელშია“ მაგრამ მერე რა, როგორც გმირი ამბობს. სეპარატისტებზე და ხეობაზე ბუნებრივია დალის ხეობა გაგახსენდება ლოგიკურად, შუშანიკიც ხომ დალია, თბილისელი დალი, და მეტი ირეალურობისთვის უკვე მეოთხე ხეობაზე გადააქვს საუბარი რომანის გმირს, სადაც თხა და მგელი ერთად არ ძოვდეს იქნება მაგრამ, თხაც იქნება, მგელიც, სამი ძახლიც და იქნება სურვილიც იმისა რომ გიყვარდეს, გიყვარდეს უკანმოუხედავად.
მწერალმა მთავარი კითხვა დაგვიტოვა მკითხველს- რატომ იღუპებიან ნიკო და მართა, რომელთაც უსაზღვროდ უყვართ ერთმანეთი? სულელურად იღუპებიან?
ბოლოში მოხმობილი ავთანდილი და თინათინი, როგორი იქნებოდა მათი სიკვდილის რუსთველისეული აღწერა? მთავარ გმირებს არ კლავს შოთაი ხომ? ნესტანის მშობლების გარდამზიურებას ახსენებს გაკვრითღა, ეგეც ხომ სულელურად იყო? არაფერი ჰყოფნიდათ და მათი ინდოეთი მტერს შთაუვარდა ხელთ უპატრონდ. ყველა სიკვდილი ხომ ისედაც სულელურია და ბანალური; მახსოვს, ჩემი 95 წლის მეზობელი ქალი, სიკვდილის წინ სარეცელზე ჯერაც ცოცხალი რომ გააპატიოსნეს მგონი, თვითონაც ხვდებოდა რომ კვდებოდა, მაგრამ მისი ბოლო ჟესტი ის იყო რომ კაბა გაისწორა ჯანსაღი მარცხენა ხელით, აჩაჩული არ იყოსო. ასე რომ შეიძლება არც მომკვდარან სულელურად მართა და ნიკო…
და საწყისს რომ დავუბრუნდეთ, აფთარი რომ გონია ნიკოს მართა „ნიკო, რომ მართა იყო აფთარი ასე გადაწყვეტდა ხოლმე“. ეს უცნაური წყობის წინადადება შეგეფეთება პირველი. ყველასთვის ცხადია, აფთარი ესაა სიმბოლო ყოველგვარი უბედურების, მათ შორის ადამიანის ორგულობის, ეშმაკის,( გიენის), სოდომ-გომორული ცოდვის. ნიკოს კი არ აგონებს აფთარს მართა, არა, ასე გადაწყვეტდა ხოლმე, არა ერთგზის არამედ ხშირად. და რატომ უყვარდა ამქვეყნად ყველაზე მეტად თუ აფთარი იყო? რად ვერ დარჩნენ ერთად გმირები რომელთაც ამას არავინ უშლიდა და ასე ძალიან კი უყვარდათ ერთმანეთი? 
ავთანდილი და თინათინიო ავტორმა, ანდა პირიქითო… წარმოიდგინეთ მას შემდეგ რაც ნესტანი აპოვნინეს ტარიელს, ავთანდილი და თინათინი დაშორებულიყვნენ?
თითქოს მათი სიკვდილ ით ვეფხისტყაოსნის ამბის გაგრძელება მოსწადინებია მწერალს. სად არ გაგიტყუებს ფიქრები და მადლობა ამ ფიქრებისთვის ანას…