რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ქარდა ჟანრი: თარგმანი / პოეზია გამოქვეყნება: 2017-11-27

სურათები ბრეიგელის ნახატებიდან

უცნაური პოეტია უილიამსი, ჰო კარლოსზე ვამბობ, უილიამ კარლოს უილიამსზე, პენსილვანიის უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, სამედიცინო ფაკულტეტი და ექიმად რომ მუშაობდა თითქმის მთელი ცხოვრება, ჰო, ის უილიამსი, მხოლოდ ერთხელ რომ დაქორწინდა და ქორწინების შემდეგ ერთხელ ნაყიდ სახლში რომ იცხოვრა მთელი ცხოვრება, ერთხელ რომ დაქორწინდა იმ ქალზე, რომლის უფროსმა დამაც უარი უთხრა ცოლობაზე, იმიჯისტი (სიტყვა image-დან მოდის და თუ გავითვალისწინებთ რომ ინგლისურში „ჟ“ საერთოდ არ ისმის, როგორც ასეთი, ამიტომ „იმაჟიზმის“ წარმოთქმა არაა სწორი ალბათ, რამდენადაც ეს წმინდა წყლის ინგლისური მიმდინარეობა გახლდათ) რომ იყო სხვა დანარჩენთან ერთად და ცოლის შენახული  ალუბლები რომ შემოეჭამა, წერილი რომ დაუტოვა ამის სათქმელად, რომელიც მერე ცნობილ ლექსად იქცა, რამდენიმე თარგმანია ქართულად, უფრო „პატერსონით“ გახდა ბოლო ხანებში პოპულარული, ჯიმ ჯარმუშის ფილმით, კარგი ფილმით, რომელიც მას,თავად   როგორც ბრძანებს, უილიამს კარლოს უილიამსის ამავე სახელწოდების პოემამ „შთააგონა“,  და იქ უკითხავს ამ ლექსს ცოლს მთავარი გმირი:

„სალაპარაკოდ კი არა“

მაცივარში რომ
ალუბლები შეგინახია
შემომეჭამა
შენ მათ 
ეტყობა
იგულვებდი
საუზმისათვის
მე მაპატიე
ისეთი მადის ამღძვრელი იყო
ისე ტკბილი
და გემრიელი.“

იტყვის კაცი, ახლა რა სალექსო ეს ალუბლებიაო, მაგრამ იმიჯისტი იყო-თქო, ვთქვით წეღან, არ უყურებდა ჩვეულებრივი თვალებით არც საგანსა და არც მოვლენებს, როგორც იმპრესიონისტები ვერ აღიქვამდნენ ბრდღვიალა მზეს ბრდღვიალად, უფრო გათხაპნილ, ბავშვის  დახატულ სურათად ხედავდნენ, ბავშვებს კი დაეჯერებათ, ხომ მათია ცათა სასუფეველი. სადღაც ცოლის დატოვებული საპასუხო წერილიც მქონდა თარგმნილი, იმანაც მაცივრის კარზე რომ მიუკრა, როგორც ამერიკულ კულტურას ახასიათებს უკვე, მაგრამ ის მგონი მთლად  ლექსი არაა და აქ აღარ მოვიყვან. იმპრესიონისტის არა, მაგრამ  გვიანი შუასაკუნეების ნიდერლანდელი მხატვრის, პიტერ ბრეიგელ-უფროსის ნახატებს დაადგა თვალი  ამ უილიამსმა და დაწერა ლექსები, ლექსების ციკლი სათაურით  „ბრეიგელის ნახატებიდან“. ჩვენებურად ალბათ უფრო ასე ითქმის: „ბრეიგელის ნახატების მიხედვით“, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ თემებს, იმ ვარიანტში, მაგრამ ვინ გვიშლის და  „სურათები ბრეიგელის ნახატებიდან“, ასე ვარჩიე. 1963 წელს დაწერა ეს ციკლი უილიამსმა, კრებულს კი ასე ჰქვია „ნახატები ბრეიგელიდან და სხვა ლექსები“, გულის ინფარქტი და სამი ინსულტი ჰქონდა გადატანილი უკვე; მესამე ინსულტის შემდეგ  ნახევარი სხეული გაშებული ჰქონდა და მარცხენა ხელით წერდა მისთვის მშველელად მოვლენილ ელექტროსაბეჭდ მანქანაზე. თავიდან დიდად არ აღვფრთოვანდი, მართალი გითხრათ, ამ ლექსებით, მერე რამდენჯერმე წავიკითხე, მერე ერთი მათგანი ვთარგმნე, „ავტოპორტრეტი“ და გაიხსნა თითქოს. ბრეიგელის ნახატები გაიხსნა. წავიკითხე ნახატები, მგონია. ლექსზე უფრო ბრეიგელის ეს ნახატები გავიგე, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ეტყობა ლექსებიც კარგია თორემ ბრეიგელს როგორ ამიხსნიდა? კინაღამ სულმა წამძლია და ფიროსმანის ნახატებზე  რა კარგი იქნებოდა ასეთი ციკლი-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ დროზე ვძლიე თავს; ისე ვინმე მაგარი პოეტი და თან ფერწერის თუ მხატვრობის კარგი მცოდნე რომ ჩაუჯდებოდეს ამ საქმეს,  კი გამოვა მგონი მშვენიერი; რა მაგარი იქნება, პოეტი რომ გაგიხსნის ფიროსმანს, და მიხვდები, „ფიროსმანი ასე რამ შეგაყვარა“. ბრეიგელი კი რა, კარლოს უილიამსამდეც უყვარდათ და მერეც უყვართ, ის კი არადა შეიძლება ისიც კი თქვან, რად უნდოდა ბრეიგელს მისი განხილვა კი არადა, აღწერა ლექსებითო, მაგრამ თქვან, ამითაც რა შავდება, ზოგი თავისით მიხვდება რომ იკაროსის ზღვაში ჩავარდნა მხოლოდ მცირე შხეფებით აღიქმება სურათზე, ზოგიც პოეტის ლექსის შემდეგ დაინახავს, ზოგიც საერთოდ იტყვის, იკაროსი რა მშვენიერი ბუკოლიკური ნახატიაო. უილიამსმა ხელოვნებათმცოდნის ყოველგვარი თვისებები მიაძინა ამ ნახატების აღწერისას, თითქოსდა რეპორტაჟი მიჰყავდეს რამე სპორტული, მშრალად აღწერს იმას, რასაც ხედავს, და იძლევა სურათის აღქმის საოცარ ეფექტს. არავითარი გარეგნული რეფლექსია, არავითარი ემოცია;  უბრალოდ - უკანა ფონი, მარცხენა ფონი, წინა ხედი და აღწევს განუმეორებელ შედეგს. სწორედ ამ კრებულისთვის მისცეს მას პულიტცერის პრემია, რითაც აღიარეს ის, როგორც პოეტი, რომელიც იმ დროს ამერიკის სულს ყველაზე უკეთ ასახავდა და ქმნიდა პოეტურ ამინდს. მართალია ეს პრემია სიკვდილის შემდეგ გადაეცა, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ დაინახეს და აღიარეს; როგორც ერთ დიდ მხატვარზეა ნათქვამი, უილიამსზეც შეიძლება ითქვას, რომ სახელმა საფლავთან მიუსწრო. ამ ციკლში ლექსები დიდებულ სამკუთხედს კრავენ -  მხატვარი, პოეტი და მკითხველი, შთამბეჭდავი შტრიხებით, და მეტი რაღა უნდა უნდოდეს რაღაც არაამქვეყნიურში დროებით ნავსაყუდელის მაძიებელ კაცს? 


(ლექსებს მეტი ეფექტი აქვს როცა სურათები ახლავს, სამწუხაროდ მხოლოდ გალერეაში დავამატე)

მონადირეები თოვლზე

 მთელი  სურათი არის ზამთარი
ყინულის მთები
უკანა ფონზე  დაბრუნება
 
ნადირობიდან არის მიმწუხრი
ხოლო მარცხნივ კი
დაუდეგარი მონადირენი მიუძღვებიან
 
ხროვას და დუქნის გადატეხილი ანჯამით მიკრულ
ფირნიშზე* მოსჩანს 
ჯვარცმა ირემი  
 
მის რქებს შორის კი გაყინული
დუქანი ეზო უდაბური
მაგრამ  კოცონი დიდი ალით
 
ქარიშხლისაგან გადაწეწილი მიფიცხებული
ქალებისაკენ
მარჯვენა მხარეს
 
გორაკების გაყოლებაზე  საციგურაო  მოედანი
არ გამორჩება არაფერი ბრეიგელს მაგრამ
წინა ფონისთვის მაინც ირჩევს

ზამთრისაგან განძარცულ ბუჩქნარს
რომ სრულყოფილი გახდეს
ნახატი


პეიზაჟი იკაროსის დამხობით ციდან

თუ დავუჯერებთ იკაროსი
ბრეიგელს ციდან 
გაზაფხულისპირს დაემხო მიწას

გუთნისდედა 
ავლებდა ხნულებს
როცა ბუნებამ

სიდიადით მთელი თავისით
გამოიღვიძა
სადღაც 

ზღვისპირას
საკუთარი თავით
შეძრულმა

ოფლად დაღვრილმა მზეზე რამაც
დაუდნო ფრთებში
ცვილი უჩინო

სანაპიროსთვის
იყო 
შხეფები

 შეუმჩნევლი და უხმაურო
ასეთი იყო იკაროსის
დამხობა ციდან


მოგვთა თაყვანისცემა

ქრისტეშობისდღე
ჩავლილი შობა
ჩვილი საკუთარ დედის ხელებში

მოგვები სადღაც მოპარული
დიდებულებით
იოსები და ჯარისკაცები

თანმხლები უნდო სახეებით
გადმოღებული  გეგონება 
შეგვიძლია ვთქვათ ზედმიწევნით

იტალიელი ოსტატების ტილოებიდან
თუმცა სხვაობა აშკარაა
ოსტატობაში

ფერწერისა და
გონების უშრეტ წარმოსახვაში
ყველგან რომ მყოფობს

და რომ  შფოთავს უკმაყოფილოდ 
რადგან რაც სურდა 
ის ვეღარ შეძლო

ისეე შეერწყა  თხრობა ნახატთან
როგორც უძველეს ხელნაწერების
მოოქროვილი მინიატურა

თუმცა ღვთისმშობლის დახრილი მზერა
ხელოვნების როგორც ნიმუში
იმსახურებს თაყვანისცემას.


ავტოპორტრეტი

წითელი ზამთრის ქუდით თვალები
ლურჯი იცინის
თავმა და მხრებმა

გაავსეს ჩარჩო
ხელები მკერდზე ჯვარედინად დიდი მარჯვენა
ყური ხაზს უსვამს

შესამჩნევად გადახრილ სახეს
ბამბის პალტო ძალიან მძიმე
კისრამდე შეკრულ ფართო ღილებით

წამოაშიშვლებს ცხვირს 
გამობუშტულს მაგრამ თვალების 
ჩაწითლებული ქუთუთოები

ამტკიცებს რომ მას
დაძაბული უწევდა მზერა
ხოლო ფაქიზი  მისი მაჯები

აჩვენებს რომ ის უსარგებლო იყო ყოფითი
გარჯისთვის კაცი
გაუპარსავი წითური წვერი

სანახევროდ მოვლილი ალბათ
მიგვანიშნებს რომ სხვა არაფრისთვის
დროს არ კარგავდა გარდა მხატვრობის



იგავი ბრმებზე

ეს შემაზრზენი და ბრწყინვალე ნამუშევარი
იგავი ბრმებზე
მეწამული ფერის გარეშე

კომპოზიცია წარმოადგენს ჯგუფს მათხოვრების
თავდაღმართში რომ ირიბულად
გამწკრივებულან

მთელი ნახატის გაყოლებაზე
ერთი კიდიდან ჭაობში თავით
გადაყუდებულ დასასრულამდე

კომპოზიცია და ნახატიც
სადაც მთავრდება კვლავ ბრმობილებს
რომ დავუბრუნდეთ

გაუპარსავი ჩანან თანაც
უპოვარები მათ საცოდავ
ყოფასთან ერთად

წყალსატევებთან სადაც მოჩანს
გლეხების ქოხი
და ეკლესია

ზეაპყრობილი აქვთ სახეები 
თითქოს ციური ნათელისაკენ
აქ აღარაა აღარც ერთი ზედმეტი შტრიხი

კომპოზიცია სადაც  ერთი
მისდევს დანარჩენს ხელჯოხით ხელში
უდიადესი   უკუნეთისკენ



თიბვა

კაცის გონების სასიცოცხლო
ძალმოსილება
და იდუმალი

მიჯაჭვულობა აშკარავდება
ხელოვნებასთან, ხელოვნებასთან, ხელოვნებისთან!
აღორძინებამ

დაუპირა რასაც შესანსვლა
მაგრამ გადარჩა
პურის ყანაში

ქარი
რომ  არწევს
მამაკაცები 

ყანას მკიან
ცელით
მწკრივებად

და საზიდარზე ზვინავენ უკვე -
ეს მხოლოდ მისი საკუთრებაა -
მეჭვავიები

მშვიდი ცხენები ვერავინ შეძლო
გადმოეღო
ეს სიღრმე მისგან