რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: ნუნუ ქადაგიძე ჟანრი: საყმაწვილო / პროზა გამოქვეყნება: 2017-12-23

ვარსკვლავთა თოვა

           ვარსკვლავთცვენაო,   ჩვენში ასე იტყვიან ხოლმე, თუმცა, იმ ღამით ასე ვერ იტყოდი,  ცას როდი სერავდნენ ვარსკვლავები ცეცხლოვანი ჩირაღდნებივით,  აუჩქარებლად მოფარფატებდნენ, როგორც ნამდვილი თოვლის ფიფქები.  ამდენად, ვარსკვლავთა თოვა უფრო ეთქმოდათ. 
         ასევე მშვიდად, აუჩქარებლად ეფინებოდნენ ირგვლივ ყველაფერს, მთა იქნებოდა, სახლი თუ მდელო. რაღაც ერთ წამში სრულიად იცვალა სახე ყველაფერმა, ირგვლივ ყოველივეს საზეიმო იერი დაედო, ყველა ხე საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეს დაემსგავსა. ტოტებზე უხვად ეფინათ ბრდღვიალა ვარსკვლავები და ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს მართლა საახალწლო, ზღაპრულად ლამაზი სათამაშოებით მოერთოთ ისინი. კენწეროებზეც იმშვენებდნენ ბრწყინვალე ჯიღას.  ნაირფერად ყვავილებსაც ესტუმრნენ ვარსკვლავები, საზეიმო ელფერი შემატეს, კიდევ უფრო გაალამაზეს, ისედაც ლამაზები... ასევე საზეიმოდ გაბრწყინდნენ სახლებიც: აივნებზე, სახურავებზე თუ ლავგარდანებზე, ყველგან, სადაც კი ოდნავი საყრდენი იყო, უხვად დაჰფენოდათ ვარსკვლავები. კიდევ და კიდევ ემატებოდათ, მანათობელი ქუდები იზრდებოდა ყოველი მათგანის თავზე. 
        ყველა ბილიკი, ქვაფენილი თუ მწვანე მდელო, სულ ერთიანად მოიფინა მოციმციმე ვარსკვლავებით. ჯერ ნაქარგს ჰგავდა გზა და ბილიკი, ალაგ-ალაგ ძვირფასი თვალებით ჩაყოლებულს, მერე და მერე, როცა ძვირფასი თვალები ძალიან გახშირდნენ, მანათობელი ხალიჩა დაეფინა ყველა სავალ გზას. რა საამური უნდა ყოფილიყო იმ ხალიჩაზე გასეირნება.
       ვარსკვლავთა თოვამ ზღაპრული ელფერი შესძინა, სრულიად გადაასხვაფერა ყოველივე, თუმცა უნდა ითქვას, ყველაზე მეტად მწვანე ბალახმა შეიფერა ეს ზეციური საჩუქარი. რა საამაყოდ გასწორდნენ წელში ბალახის ღეროები, თუნდაც სულ უმცირესნი. მუდამ უჩინარი იყო მათი ყოფა, არც თვალშისაცემად ლამაზი ყვავილი ამშვენებდათ ოდესმე, არც რაიმე გამორჩეულად პეწიანი, მიმზიდველი ნაყოფი. ჰოდა ახლა ვარსკვლავები ეფინათ მკერდზე, როგორც ულამაზესი, ზღაპრული ყვავილი ან ნაყოფი, ფრიად ხარობდნენ ბალახები, დიდ, მაღალ ხეებთან შედარებით, გაცილებით მეტად ხარობდნენ.
        ასე გაგრძელდა მთელი ღამე, განა ცოტა ხანს... ისევ და ისევ მოფრინავდნენ ვარსკვლავები ჩამუქებული ცის სიღრმიდან, მოფრინავდნენ თოვლის ფიფქისებური მშვიდი, მსუბუქი ფარფატით. ეფინებოდნენ ხესა თუ მიწას, სახლსა თუ მდელოს, ყოველივეს, რაც შეხვდებოდათ. ყველაფერს სხივოსან სამოსელში ხვევდნენ. და არ უჩანდა დასასრული ამ ბრწყინვალე შუქის ნიაღვარს. ისე ჩანდა, თითქოს ყოველივეს თავის ბრწყინვალე წიაღში უნდა აეტივტივებინა.
         ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ თვით ზეცას არ აკლდებოდა რა ამით. ცარგვალზე ისევ ძველებურად, უკლებლად ელავდნენ მწყობრად აკინძული ვარსკვლავთა გირლიანდები, ერთი ვარსკვლავიც კი არ დაჰკლებია რომელიმე მათგანს. ამ დროს კი ზეცის უძირო სიღრმიდან ისევ ილტვოდნენ ვარსკვლავთა მბრწყინავი გუნდები, ისევ მოფრინავდნენ დედამიწისკენ თვალმსუბუქი, მშვიდი ფარფატით.
        ბოლოს დასასრულს მიუახლოვდა ეს ღამეც, ვარსკვლავებით ეგზომ მდიდარი. განთიადის მაუწყებელი ნათელი ზოლი გამოჩნდა ცისკიდურზე. დაბნეულობა დაეტყოთ ვარსკვლავებს, მიწასა და ზეცას შუა გამოკიდებულებს, აქეთ-იქით უთავბოლოდ იწყეს ფარფატი, თითქოს ვეღარ გადაეწყვიტათ, თუ საით წასულიყვნენ, ზევით თუ ქვევით, მიწისკენ თუ ზეცისკენ. ამასობაში კიდევ უფრო იმძლავრა ცის კიდურზე განფენილმა ნათელმა ზოლმა, მეწამულისფერი შეერია. მაშინ კი დასძლიეს წუთიერი დაბნეულობა ცასა და მიწას შუა შერჩენილმა ვარსკვლავებმა, მაღლა ზეცისკენ იწყეს ლტოლვა. მიფრინავდნენ იმავე მშვიდი, მსუბუქი ფარფატით, რომლითაც მიწისკენ მოიწევდნენ სულ ცოტა ხნის წინ.
         თითქოს ამასღა ელოდნენ, ერთიანად დაიძრნენ ადგილიდან ის ვარსკვლავებიც, რომლებმაც უკვე მოასწრეს მიწაზე დაფენა. მათაც ზეცისკენ აიღეს გეზი, იქითკენ, საიდანაც მოვიდნენ. ნელ-ნელა აფარფატდნენ ჰაერში, ერთიმეორის მიყოლებით წყდებოდნენ ხეთა ტოტებს თუ ბალახთა ღეროებს, ქვაფენილს თუ სახლის სახურავებს. თოვლის ფიფქისებური, მსუბუქი ფარფატით მიიწევდნენ ზეცისკენ. ირგვლივ ყოველივე ახლაც ვარსკვლავთა ბრწყინვალე მირიადებით იყო ავსებული, მაგრამ ადრინდელთან განსხვავებით, ზეცისკენ იყო მიმართული მათი მშვიდი ფრენა-ფარფატი.
         ო, როგორ დასწყდათ გული მაღალ ხეებს, ბუჩქებს, ყვავილებს თუ სულ პატარა, უჩინარ ბალახებს, ისინი ხომ თვალდათვალ იძარცვებოდნენ ამ უმშვენიერესი სამკაულებისგან, ზღაპრული ყვავილებივით რომ ამშვენებდა ყოველ მათგანს. ნუ დაგვტოვებთ, გულმხურვალედ ეხვეწებოდნენ ისინი ვარსკვლავებს, თუ სამუდამოდ არა, კიდევ ცოტა ხანს მაინც დარჩითო ჩვენთან. ამ თხოვნის პასუხად ვარსკვლავები მხოლოდ წამით თუ შეყოვნდებოდნენ ხოლმე, ზოგიერთი გამოსათხოვარ წრესაც შემოავლებდა ჰაერში, მერე კი ისევ ზეცისკენ აგრძელებდნენ სრბოლას. მათ ზეცა უხმობდათ,  მიწაზე  დარჩენა არაფრით არ შეეძლოთ. მალე მზე უნდა ამოსულიყო, ვარსკვლავთ-ვარსკვლავი და იმისთვის უნდა დაეთმოთ ცის თაღი.
        ცრემლები ღვარეს მაღალმა ხეებმა, ბუჩქებმა ყვავილებმა და სულ პატარა, უჩინარმა ბალახებმაც, ვარსკვლავებს რომ ვეღარაფერი შეასმინეს. გულამოსკვნით მისტიროდნენ თავიანთ ულამაზეს სამკაულებს, დაუბრუნებლად ზეცისკენ განფენილებს. მათი ცრემლები დილის ნამში აირია...
          დილით კი, როცა მზე ამოვიდა და ყველამ გაიღვიძა, ძალზე გაკვირვებულები დარჩნენ ადამიანები, ისე უჩვეულოდ ხშირი ნამი იყო დაფენილი მიწაზე. ასეთი უხვი ნამი ჯერ არასდროს გვინახავსო, ამბობდნენ. ალბათ წვიმა წამოვიდაო, ბოლოს ასე გადაწყვიტეს. აბა, რა იცოდნენ, თუ დილის ნამში მცენარეთა ცრემლებიც იყო შერეული და იმიტომ იყო ასე უხვი.
          თუმცა საიდან ეცოდინებოდათ, მათ ხომ ღამის განმავლობაში ეძინათ და თვალიც არ მოუკრავთ ეგზომ ულამაზესი და ზღაპრული სანახაობისთვის, როგორიცაა ვარსკვლავთა თოვა. ნამდვილად ასე მოხდა, რა უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს. იმ ღამით ყველას მკვდარივით ეძინა, იმათაც კი, რომლებსაც უძილობა აწუხებთ ხოლმე და ყოელ საღამოს ძილის წამლებით იჭყიპებიან, იქნება, თვალი როგორმე მოვატყუოთო.


                                                                                  * * *


        მართლაც საწყენი იყო, რომ არავინ ყოფილა ამ ზღაპრულად ლამაზი ღამის მხილველი, როცა მოვიდა დედამიწაზე ვარსკვლავთა თოვა. როგორც უკვე ვთქვით, ყველას ღრმად ეძინა. იმათაც კი, ვინც ყოველ ღამეს უძილობით იტანჯებოდნენ.
         თუმცა, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, არც ასე ყოფილა საქმე. ერთ პატარა არსებას, ასე ხუთიოდე წლის გოგონას გაეღვიძა ამ უჩვეულო ღამეს. გოგონას სახელად მზეონა ერქვა. გაიღვიძა და გაახსენდა, რომ თოჯინა, რომელთანაც მთელი დღე თამაშობდა, ბაღში დარჩა, ღია ცის ქვეშ.
         ისიც შეიძლება, რომ სწორედ თოჯინაზე დარდმა გააღვიძა მზეონა, ვაითუ წვიმა მოვიდეს და დასველდესო, ვერაფერს ვიტყვი.

          ერთი სიტყვით, გაეღვიძა მზეონას, მაშინვე წამოხტა, ვარსკვლავებით მოხატული კაბა გადაიცვა და ბაღში გამოცუნცულდა.
          გამოცუნცულდა და რას ხედავს: მთელი ბაღი ვარსკვლავებს აუვსიათ. როცა ბაღის ბილიკზე დააბიჯა ფეხი, ასე ეგონა, მანათობელ თოვლში ჩავეფალიო. ლამის მუხლამდე მოწვდა, სულ ცოტა დააკლდა, უკვე იმდენი ვარსკვლავი დაფენილიყო ძირს. ვარსკვლავთა თოვა არც ახლა წყდებოდა, ისევ და ისევ მოფრინავდნენ აუჩქარებლად, მშვიდი ფარფატით. რაც შეეხება მზეონას თოჯინას, იმასაც უხვად დაფრქვეოდა ვარსკვლავები. თავზე დიდი ბრდღვიალა ვარსკვლავი უბრწყინავდა.
         ისე გაიხარა მზეონამ, რომ სრულიად გადაავიწყდა, გაკვირვება გამოეხატა ამ საოცარი მოვლენის გამო, როგორიცაა ვარსკვლავთა თოვა. თუმცა შეიძლება, არც ისე ძალიან გაკვირვებია... აბა, რა სჯობდა ვარსკვლავებით მოფენილ მდელოზე თამაშს და სირბილს. რაღა დროს იმის კვლევა-ძიება იყო, თუ საიდან, რისთვის და როგორ მოფრინდნენ აქ ვარსკვლავები; სამაგისოდ სადღა ეცალა... თოჯინა ხომ ავ თვალს არ დაენახვებოდა, ისე უხდებოდა სხივოსანი სამოსელი, თვითონ მზეონასაც დაეფინა ვარსკვლავები. ერთ მათგანს ხელისგული შეაგება, ნელი ფარფატით დაასკუპდა ხელისგულზე ვარსკვლავი, თითქოს მართლა თოვლის ფიფქიაო. ოღონდ მისგან განსხვავებით, ცივი სულაც არ ყოფილა, არც დნობა დაუწყია მაშინვე. ისე კი თითქმის თოვლის ფიფქივით მსუბუქი იყო...
        ძალიან გაერთო მზეონა ვარსკვლავებთან თამაშით,  დარბოდა მანათობელი გირლიანდებით მოფენილ მდელოზე და ხელებს ისე იწვდიდა ჰაერში მოფარფატე ვარსკვლავებისკენ, თითქოს ყველა მათგანის დაჭერა უნდაო. მაგრამ ბოლოს გაახსენდა, უფრო კარგად გავერთობი, თუ თეონას დავუძახებო და იქვე დაფიქრდა, როგორ დაეძახა მისთვის ისე, უფროსები რომ არ დაეღვიძებინა, თორემ აღარ მისცემდნენ თამაშის უფლებას ამ შუაღამით. თვითონ მზეონასაც სახლში მიაბრძანებდნენ.
       დაფიქრდა და მოიფიქრა: აიღო ერთ-ერთი ვარსკვლავი და კენჭივით ესროლა თეონას სახლის ფანჯარას, თუმცა გულში შიშობდა, ვაითუ სხვებმაც გაიღვიძონო.
        ვარსკვლავმა მართლაც კენჭივით გაიტკაცუნა ფანჯრის მინაზე. თუმცა კენჭთან შედარებით უფრო ნაზი და ნარნარი იყო ეს ხმა, ვიოლინოს სიმის ჟღერას მოგაგონებდა. ამ ხმაზე მაშინვე გაეღვიძა თეონას. როცა მზეონას ხმაც შემოესმა, მაშინვე გადაიცვა თავისი კუდრაჭა კაბა და მასთან მიირბინა. არავის არ დაუშლია ეს თეონასთვის, რადგან არავის არ გაღვიძებია, მის გარდა.
        თეონას, ცხადია, ძალიან მოეწონა ვარსკვლავებით მოფენილ ბაღში თამაში, ერთხანს კარგად გაერთო მზეონასთან ერთად, მერე კი თავის მხრივ მანაც დაუძახა ნათიას იმავე წესით: კენჭივით ესროლა ვარსკვლავი მისი სახლის ფანჯარას. სულ მალე მათთან ნათიაც გამოჩნდა. საბედნიეროდ, არც მის სახლში გაღვიძებია ვინმე სხვას.
       ნათიამ დათუნას სახლის ფანჯარას ესროლა ვარსკვლავი კენჭივით, დათუნამ გივის, გივიმ ჯაბას, ჯაბამ მანანას... და სულ მალე ბავშვების მოზრდილმა გუნდმა მოიყარა თავი ვარსკვლავებით მოფენილ ბაღში. ერთი შეხედვით, თითქოს უცნაური უნდა  ყოფილიყო, რომ მხოლოდ ბავშვებს ეღვიძებოდათ მაშინ, როცა ვარსკვლავი ნაზ, მელოდიურ ტკაცანს გაადენდა მათი სახლის ფანჯარაზე, ერთხელაც არ გაღვიძებიათ არც დედას, არც მამას, არც ბებიას და ბაბუას, სხვა დროს უძილობით გატანჯულებს, დიახ, ძალზე უცნაური ამბავი იყო ეს ყველაფერი და წესით ძალიანაც უნდა გაკვირვებოდათ ბავშვებს, მაგრამ სად იყო დრო საამისოდ. დაინახავდნენ თუ არა ვარსკვლავებით მოფენილ ბაღს, ისეთი სიხარული ეწვეოდათ, ისე მოუნდებოდათ ვარსკვლავებთან თამაში, რომ სხვა ყველაფერი ავიწყდებოდათ ამქვეყნად.
        ო, რა გულიანი თამაში გააჩაღეს ბავშვებმა, დარბოდნენ, დახტოდნენ, ყირაზე გადადიოდნენ მანათობელ ხალიჩაზე და ვინ მოსთვლის, რა ოინს აღარ იგონებდნენ. ასეთი ლამაზი ღამე მათ ხომ არასოდეს ენახათ. ყველა ხე საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავდა, ყველა სახლი სადღესასწაულოდ ელავდა, ყოველი არსება, ბალახი თუ ბუჩქი, კენჭი, თუ უბრალო კუნძი არაჩვეულებრივად ლამაზად ზეიმობდა, ყველა და ყველაფერი ზეციური სხივების ნაპერწკლებში გახვეულიყო.
      მერე კი, რომელიღაცა ბავშვმა, მგონი დათუნა უნდა ყოფილიყო, ნამდვილი ეშმაკის ფეხი, ვარსკვლავებისაგან გუნდების გაკეთება იწყო თოვლის გუნდების მსგავსად. როგორც აღმოჩნდა, არ გაურბოდნენ ერთმანეთს ვარსკვლავები, თურმე შეიძლებოდა მათგან პატარა გუნდების გაკეთება... ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, მაშინვე გუნდაობა გააჩაღეს,  ესროდნენ ერთმანეთს ვარსკვლავთა მბრწყინავ გუნდებს და ყოველი მათგანი სხივების ნიაღვარში ეხვეოდა გუნდის მოხვედრისას. 
       ისიც კი მოიფიქრეს ბავშვებმა, თოვლის ბაბუის მსგავსად ვარსკვლავებისგანაც გამოეძერწათ ვარსკვლავთბაბუა. ეს სულაც არ ყოფილა ძნელი, არც ხელები ეყინებოდათ, არც გუნდები შემოჰკლებიათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ მოფრინავდნენ ციდან ვარსკვლავთა მბრწყინავი მირიადები. და სულ მალე მშვენიერი ვარსკვლავთბაბუა წამოიჭიმა შუა ბაღში. რა მშვენიერი სანახავი იყო: მაღალი, ახოვანი, ერთიანად სხივების მფრქვეველი.
       წრე შეჰკრეს ბავშვებმა ვარსკვლავთბაბუას ირგვლივ, ცეკვა-თამაში გააჩაღეს. ლექსები, სიმღერები, ზღაპრები, რაც კი იცოდნენ, ყველაფერი ახლა გამოადგათ. არასდროს არცერთ საზეიმო საღამოზე არ უმღერიათ ასე გულიანად, არც ლექსები უთქვამთ ასე უნაკლოდ. ერთი შემთხვევაც არ ყოფილა,  ოდნავადაც რაიმე შეშლოდა რომელიმე მათგანს. ზღაპრებიც ისე ახსოვდათ, თითქოს გუშინ წაიკითხესო.
        და ამ დროს იცით რა მოხდა? შეიძლება არც კი დაიჯეროთ: ვარსკვლავთბაბუაც ალაპარაკდა. თურმე ყველა ბავშვის სახელი იცოდა ვარსკვლავთბაბუამ, ყველა მათგანის დაბადების დღე ახსოვდა. ისიც კი იცოდა, ვინ რითი იყო გატაცებული. მაგალითად, დათუნას მოუწონა გადაწყვეტილება, ცხენოსნობის შესწავლას რომ აპირებდა. თეონა გააფრთხილა, კვლავ აღარ დაგავიწყდეს ყვავილების მორწყვა, თორემ აუცილებლად დაჭკნებიანო. ნათიას უთხრა, კიდევ უნდა მოჰქარგო პატარა სუფრა, ხომ იცი, ამით ბებიას ძალიან გაახარებო. მზეონას კი აღუთქვა, თუ ვარსკვლავები მუდამ ისე გეყვარება როგორც ახლა გიყვარს, აუცილებლად მათი მესაიდუმლე გახდებიო.
       კიდევ ბევრი საინტერესო რამ უთხრა ვარსკვლავთბაბუამ ბავშვებს, მერე რამდენი ზღაპრები უამბო . . .   როგორი იყვნენ ის ზღაპრები?  მომიტევეთ,  მე მათ ვერ გიამბობთ,  თვალსა და ხელს შუა დამეფანტებიან ის ფერადოვანი ნაპერწკლები, რითაც ვარსკვლავთბაბუამ შემოსა ისინი, ერთიანად გაფერმკრთალდებიან და თვალს ვერაფრით ვერ მოგტაცებენ.  ერთ რამეს კი გირჩევთ;  ჰკითხეთ თვით იმ ბავშვებს, რომლების შეესწრნენ ამ საოცრებას. მოგეხსენებათ ბავშვის მეხსიერება, მათ ყოველივე კარგად ახსოვთ. გიამბობენ ვარსკვლავთბაბუას ზღაპრებს და მერწმუნეთ, მოხიბლულნი დარჩებით,  ფერადოვან ზღაპრულ ხალიჩას გაშლიან თქვენს თვალწინ. 
        ასე და ამგვარად, მთელი ღამე მღეროდნენ, ლაღობდნენ, ზეიმობდნენ ბავშვები,  ვარსკვლავთბაბუაც მათთან ერთად ხარობდა, ბოლოს იცეკვა კიდეც. ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს და მათთან ერთად ფერხული ჩამოუარა,  თავზე კი განუწყვეტლივ ათოვდათ ვარსკვლავთა ბრწყინვალე მირიადები.
       ვერც კი გაიგეს მხიარულებაში გართულმა ბავშვებმა, თუ როგორ გაილია ღამე. ცის კიდეზე განთიადის მაუწყებელი ნათელი ზოლი გამოჩნდა და მაშინ კიდევ ერთი საოცრება იხილეს ბავშვებმა; ჰაერში მოფარფატე ვარსკვლავებს თითქოს გზა აებნათო, როგორღაც უთავბოლოდ იწყეს ფარფატი. აღარ იცოდნენ, საით გაფრენილიყვნენ, ზევით თუ ქვევით, მიწისკენ თუ ზეცისკენ. განთიადის ნათელმა თანდათან იმძლავრა და ვარსკვლავებმაც დაძლიეს წუთიერი დაბნეულობა. მაღლა იწყეს სრბოლა, ახლა უკვე ზეცისკენ მიფრინავდნენ. მალე ის ვარსკვლავებიც დაიძრნენ ადგილიდან, რომელთაც უკვე მოასწრეს დაბლა მიწაზე დაფენა. თოვლის ფიფქისებური მშვიდი ფარფატით მიიწევდნენ მაღლა.
       ალბათ ახლა მაინც გაიკვირვებდნენ ბავშვები, ისეთი საოცარი სანახავი იყო ეს სურათი: ვარსკვლავთა თოვა, ოღონდ ზევითკენ მიმართული, არა მიწისკენ, არამედ ცისკენ. მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ეცალათ გაკვირვებისთვის, შიშობდნენ, ვაითუ ვარსკვლავთბაბუამ მიგვატოვოსო.
        საბოლოოდ მართლაც ასე მოხდა, თუმცა ოდნავი დაგვიანებით. ვარსკვლავთა უმეტესობამ უკვე დატოვა მიწა... აქა-იქ თუ ჭიატობდა ბალახებზე თუ ხის ტოტებში შერჩენილი თითო-ოროლა ვარსკვლავი და ისიც ჰაერში მაღლა აფრენას ლამობდა. უცბად ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ ვარსკვლავთბაბუასაც მოწყდა ერთი ვარსკვლავი და მაღლა-მაღლა წავიდა. იმწამსვე მეორეც მოწყდა, მესამეც... ეჭვი არ იყო, ვარსკვლავებად იწყო დაფანტვა ვარსკვლავთბაბუამ.
ბავშვებმა ხელი ჩასჭიდეს ვარსკვლავთბაბუას, იმის შიშით, არ გაგვიფრინდესო, მაგრამ ეს უარესი გამოდგა: ხელებში ვარსკვლავები შერჩათ, ვარსკვლავთბაბუას სხეულიდან მოწყვეტილი. ამჯერად უკვე გაურბოდნენ ერთმანეთს ვარსკვლავები და ბავშვებმა ვეღარ შეძლეს მათი მოგუნდავება.
       ამასობაში უფრო მეტი ძალით აენთო განთიადი, თეთრი ზოლი სულ ერთიანად გავარდისფერდა ცისკიდურთან. უკვე ყველა ვარსკვლავს მოესწრო მაღლა აფრენა, აღარ ციმციმებდნენ აღარც ხეთა ტოტებზე, არც მწვანე მოლზე თუ სახლის სახურავებზე. აჩქარდა ვარსკვლავთბაბუა,  მოწყდა მიწას, მაღლა ჰაერში აიწია, სწრაფად იწყო აღმასვლა, თან განუწყვეტლივ იფანტებოდა ვარსკვლავებად და თანდათან პატარავდებოდა.
       _ ჩვენთან დარჩი, ვარსკვლავთბაბუა! _ დაუყვირეს ბავშვებმა, სხვა რომ ვერაფერი გააწყვეს, მზეონას ცრემლებიც კი წასკდა, ისე დაწყდა გული.
      _ ვერ დავრჩები, მაგრამ არ იდარდოთ, ისევ გესტუმრებით.
      _ როდის? როდის?
      _ როდესაც ისევ მოვა ვარსკვლავთა თოვა.
     _ ვარსკვლავთა თოვა როდისღა მოვა? _ ახმაურდნენ ბავშვები, _ ხომ უნდა ვიცოდეთ წინასწარ, ვაითუ სწორედ იმ ღამით არ გაგვეღვიძოს.
       პასუხად რაღაც ჩამოსძახა ვარსკვლავთბაბუამ, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ძალიან მაღლა მოესწრო აფრენა და ამიტომ ვერაფერი გაიგეს ბავშვებმა მისი სიტყვებიდან. სულ უფრო და უფრო სწრაფად მიიწევდა მაღლა, ერთი პირობა კუდიან ვარსკვლავსაც კი დაემსგავსა, რომლის ირგვლივ მოწყვეტილი ვარსკვლავები რიალებდნენ. მერე ისიც გაქრა, ცის სიღრმეში ჩაიკარგა სხვა ვარსკვლავების მსგავსად.
       ბავშვებსაც მეტი რაღა დარჩენოდათ, თავთავიათ სახელებს მიაშურეს. ჯერ ისევ ძალიან ადრე იყო და ისევ ლოგინებში ჩაგორდნენ. უფროსებს კი, რა საოცარიც არ უნდა ყოფილიყო, არც ახლა გაუგიათ რაიმე.
       დილით, როცა მზე ამოვიდა, გაიღვიძეს დედებმა და მამებმა, ბებიებმა და ბაბუებმა. ბავშვები ისედაც გაღვიძებულები იყვნენ და რაღას გაიღვიძებდნენ. მათ ხომ მთელი ღამე არ სძინებიათ, მაგრამ ოდნავ დაღლილობასაც არ გრძნობდნენ. არც ეძინებოდათ, თითქოს მთელი ღამე ძილში გაუტარებიათო. ცხადია, ესეც საოცრება იყო, მაგრამ იმ ღამეს ვიღას გააკვირვებდა ასეთი პატარა საოცრება.
       და ამ დილით ყველა ბავშვმა ერთი და იგივე კითხვა დაუსვა დედას თუ მამას, ბებიას თუ ბაბუას:
       _ ვარსკვლავები ძალიან შორს არიან?
       _ ძალიან, ძალიან შორს არიან, _ ასეთი პასუხი მიიღო ყოველმა მათგანმა. ამ პასუხს კითხვაც მოჰყვა, ამ დილით ვარსკვლავები რამ გაგახსენაო.
       მაგრამ ბავშვებს ხმა აღარ ამოუღიათ, გუნებაში ფიქრობდნენ,  ვარსკვლავთბაბუა კვლავ როდის გვესტუმრებაო. ეტყობა, არც ისე მალე, თუ ვარსკვლავები ასე შორს არიან, მაგრამ როცა იქნება, აუცილებლად შეასრულებს თავის დაპირებას. განა შეიძლება ვარსკვლავთბაბუა მატყუარა იყოს? ადრე თუ გვიან, ისევ მოვა ვარსკვლავთა თოვა.