რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

ავტორი: მარირა ჟანრი: დიდაქტიკური / კრიტიკა გამოქვეყნება: 2018-01-01

პოემა„განდეგილი“და ილიას თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა

ილიას ჭავჭავაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პოემა „განდეგილს“. ლიტერატურათმცოდნეთა შორის დღემდე სრულიად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ნაწარმოების იდეურ მიზანდასახულობასთან დაკავშირებით. საკითხის კვლევის ისტორიის გასათვალისწინებლად საინტერესოა, თუ როგორი იყო ილიას თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკის პირველი რეაქცია ილიას იმ პოემაზე, რომელიც გამოქვეყნებისთანავე მოექცა მკითხველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 
პირველი გამოხმაურება „განდეგილზე“ იონა მეუნარგიას ეკუთვნის. წერილი სახელწოდებით „განდეგილი“, პოემა ილია ჭავჭავაძისა“ 1883 წელს დაიბეჭდა გაზეთ „კავკაზში“. იონა მეუნარგია აღნიშნავს, რომ ილიას ყოველი ნაწარმოები მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მკითხველი ახალ პოემას დიდი ინტერესით შეხვდა. იონა მეუნარგია „განდეგილს“ ილია ჭავჭავაძის შემოქმედების განვითარების ზოგად ჭრილში განიხილავს. მისი აზრით, „განდეგილი“ არის ახალი საფეხური ილიას შემოქმედებაში. ამ ნაწარმოებით, ფიქრობს მეუნარგია, ილიამ შეაბიჯა წმინდა ხელოვნების სამფლობელოში. ი. მეუნარგია პარალელს ავლებს ილიას „განდეგილსა“ და  მ. ლერმონტოვის „მწირს“ შორის, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეალურად ამ ორ ნაწარმოებს შორის მსგავსება ფრაგმენტული და ზოგადია.
იონა მეუნარგია მოკლედ გადმოსცემს ნაწარმოების შინაარსს. მას ხიბლავს ნაწარმოების შესავალი, მყინვარის მაღალმხატვრული აღწერა, ბერის გარეგნობის დახასიათება ილიას მიერ. მთლიანობაში კი კრიტიკოსი უფრო ნაწარმოების პერიფრაზირებას მიმართავს, ვიდრე მის იდეურ ანალიზს. იგი გვერდს უვლის ნაწარმოების იდეას და მსჯელობას ასრულებს იმის აღნიშვნით, რომ პოემა დაწერილია ათმარცვლიანი საზომითა და ინტერვალიანი რითმით.
ი. მეუნარგიას სტატიას მოჰყვა დავით სოსლანის წერილი „საკვირაო მასლაათი“.
წერილის დასაწყისში ავტორი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე ქართული ლიტერატურის ბურჯია, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველებს მაინცდამაინც ხშირად არ ანებივრებს ახალი ნაწარმოებებით. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე კრიტიკოსი უცებ ასეთ დასკვნას აკეთებს: „პოემა „განდეგილი“, ჩემის აზრით, არის ყველაზედ უსუსტესი, რაც კი ჭავჭავაძის კალმიდან გამოსულა; უსუსტესია მეთქი, ვიმეორებ, როგორც შინაარსით, ისე გარეგანი ფორმით. ამ პოემით ილიამ დაგვიმტკიცა, რომ თავისი მაღალი დანიშნულება ჯერ კიდევ ვერ გაუკვლევია, ის იმ პოეტსა ჰგავს, რომელიც პუშკინის აზრით, „შექმნილია ტკბილი ხმების დალოცვისათვის“. კრიტიკოსი საყვედურობს ილიას, რომ მან თავისი დრო განდეგილი ბერის უსაგნო ცხოვრების აღწერას შეალია. დავით სოსლანის დასკვნით,  „პოემა „განდეგილი“ ამ სოფლიდან გაცლას და მთის წვერებზე ლოცვას გვირჩევს მაშინ, როდესაც დიდის და პატარის ძალა ერთად უნდა იყოს მოქცეული, რომ ხომალდი არ დაიღუპოს. კრიტიკოსის მკაცრი დასკვნით, „მთელი პოემა ცარიელი რიტორებაა“.
საინტერესოა კიდევ ერთი კრიტიკოსის, ესტატე მჭედლიძის (ბოსლეველის), თვალსაზრისი ილიას „განდეგილის“ შესახებ. წერილის დასაწყისში ბოსლეველი ილიას უდიდეს ეროვნულ-ლიტერატურულ ღვაწლს აღწერს, ხაზს უსვამს მისი შემოქმედების ნოვატორულ ხასიათს. საინტერესოა კრიტიკოსის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ილია შეიძლება მხატვრული ფანტაზიით ჩამოუვარდება ზოგიერთ სხვა მწერალს, მაგრამ იგი ყველაზე აღმატებულია ანალიტიკური ტალანტით, ლოგიკური მსჯელობის უნარით. ილია თითქმის ერთადერთი მწერალია, ვისაც ძალუძს მოვლენათა არისის სიღრმისეული წვდომა და მათი შინაგანი კავშირების დანახვა. ბოსლეველის თქმით, „სულის მოძრაობათა ღრმად გაგებაში, გრძნობათა ფსიქოლოგიურს ანალიზში ადამიანის შინაგანი ქვეყნის გამოხატვაში ილიას ძნელად თუ ჰყავს ბადალი და ამ აზრს ამტკიცებს აშკარად მისი ახალი პოემა „განდეგილი“. დიდი სინამდვილით არის დახატული ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანის, მწყემსი ქალისა და განდეგილის შეხვედრა და ამ შეხვედრის საბედისწერო შედეგი განდეგილისათვის. ყოველივე ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნითაა გადმოცემული, მაგრამ იგი ვერ ბოლომდე მაინც ვერ აკმაყოფილებს კრიტიკოსს. მისი აზრით, „ეს პოემა თითქოს ახალს ხანას იწყებს ილ. ჭავჭავაძის პოეტურს მოღვაწეობაში. ამ პოემიდან ჩანს, რომ ჩვენმა ერთმა საუკეთესო პოეტთაგანმა თითქოს მიანება თავი ცხოვრების კითხვების გამოხატვას პოეზიაში, თითქო თვითონ ცხოვრებასაც შემოსწყრა და მის ავსა და კარგს გვერდი აუქცია“. ბოსლეველის თქმით, „ამ ნაწარმოებში ილიას პესიმისტურ შეხედულებას „სააქაოზედ“ საზღვარი არა აქვს“.
დაახლოებით ამავე თვალსაზრისს ავითარებს ვინმე გ-კა, რომელიც წერს, რომ „განდეგილი ილიას პესიმიზმის ხატებაა, ის ცხოვრებას უარყოფს და გაურბის. პოემის უმთავრესი ღერძი სწორედ ამაშია და ე. ბოსლეველთან ერთად ჩვენც ვიმეორებთ ამასო“.
ლიტერატურული კრიტიკის ამგვარი დაბნეულობა, როგორც ჩანს, განაპირობა თავად ნაარმოების ხასიათმა. „განდეგილში“ არ ისმის ილიას დიდაქტიკური ტონი, იგი კი არ მოგვიწოდებს, არამედ აღგვიწერს ამბავს და მკითხველს უტოვებს საფიქრალს. ამ გარემოებამ უბიძგა კრიტიკოსებს, რომ „განდეგილში“ ახალი ტიპის ნაწარმოები დაენახათ და ილიას მიაწერეს საკუთარი პერსონაჟის პესიმისტური თვალსაზრისი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. არადა პოეტი აშკარად ემიჯნება საკუთარ პერსონაჟს, როცა წერს: „განშორების ვით ცოდვის სადგურს, ვით სამეუფოს ბოროტისასა“. ასეთად განდეგილი აღიქვამს ქვეყანას და არა ავტორი. სინამდვილეში „განდეგილი“ ორგანულადაა დაკავშირებული ილიას მთლიან შემოქმედებასთან და სწორედ მის საფუძველზე უნდა აიხსნას კიდეც.
ილიას თანამედროვე კრიტიკოსთაგან პოემის ყველაზე საყურადღებო ანალიზი კიტა აბაშიძეს ეკუთვნის. კ. აბაშიძის თქმით, „განდეგილი“ წარმოადგენს შედევრს არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებში, არამედ საერთოდ ქართულ ლიტერატურაში. კრიტიკოსს ნაწარმოები ილიას რეალისტური კონცეფციის გვირგვინად ეჩვენება, რომლის მიხედვითაც, „ყოველი კაცი, რომელიც ცხოვრებას გაურბის და ზურგს აქცევს მას, განდეგილივით დაისჯება და მის დამსჯელად თავად ცხოვრება გამოვა“. კ. აბაშიძე მკვეთრად უპირისპირდება ბოსლეველის თვალსაზრისს და პოემის საფუძვლიანი ანალიზით ცდილობს დაამტკიცოს მისი სიმცდარე.
კ. აბაშიძის მიხედვით, პოემის მთელი ინტერსი მდგომარეობს იმ მწვავე ბრძოლაში, რომელიც მიმდიარეობს ბუნების კანონებსა და მის უარმყოფელ ასკეტიზმს შორის. „ვერავითარი სენაკი, ვერავითარი უდაბნო ვერავითარი ცდა - „დღედაღამ ლოცვით გოდებით, გვემით სულისათვის ხორცის წამება“ ვერ დაძლევს ბუნების მოთხოვნილებას, ვერ გააქარწყლებს სასტიკ კანონს ბუნებისას. მართალია კაცს შეუძლია სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს ამ მოთხოვნილებას, მაგრამ ერთიანად მისი მოსპობა კი შეუძლებელია“.
კ. აბაშიძე პარალელს ავლებს ილიას „განდეგილსა“ და ემილ ზოლას „აბე მურეს შეცოდებას“ შორის. კრიტიკოსის მიხედვით, ილიას პოემა მაღლა დგას ზოლას რომანზე იმ თვალსაზრისით, რომ თუ ზოლასთან ასკეტიზმი რჩება გამარჯვებული, ილიასთან ბუნება იმარჯვებს.
კრიტიკოსი მარჯვედ შენიშნავს სხვა განსხვავებასაც. მისი თქმით ზოლას რომანი საერთოდ კათოლიციზმის წინააღმდეგ გალაშქრებაა და ამდენად ის უფრო ვიწრო აზრს ებრძვის, ილიას „განდეგილში“ კი პრობლემა სცდება რელიგიური კრიტიკის საზღვრებს და ზოგად ჭრილში დაისმის.
ტიპოლოგიური ანალიზის მეთოდით განიხილავს კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის „განდეგილსა“ და გუსტავ ფლობერის „წმინდა ანტონის ცდუნებანს“. თუ ფლობერი ამ თხზულებით, კრიტიკოსის აზრით, ცხოვრებას მწარედ დასცინის და პესიმისტურ თვალსაზრისს ავითარებს, ილია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ცხოვრების უსამართლობისა, სიმწარისა, ადამიანი მაინც არ უნდა განუდგეს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ისევე დამარცხდება, როგორც განდეგილი.
განსხვავებაა ნაწარმოებთა შორის ფორმის თვალსაზრისითაც. კ. აბაშიძის აზრით, „წმინდა ანტონის ცდუნებანი“ უფრო ფილოსოფიური ხასიათის ნარკვევია, გადატვირთული მითოლოგიური სახე-იდეებით, „განდეგილი“ კი ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში, ნამდვილი მხატვრული ნაწარმოებია ფორმითაც და შინაარსითაც.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ილიას თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა, ძირითადად, მზად არ აღმოჩნდა პოემა „განდეგილის“ სათანადოდ აღსაქმელად. კრიტიკოსთა რიგი მსჯელობანი დილეტანტური ხასიათსაა და ავლენს მე-19 საუკუნის მიწურულის ქართული კრიტიკის საგრძნობ ჩამორჩენას ლიტერატურის ევოლუციასთან მიმართებით. გამონაკლისად გვევლინება კიტა აბაშიძის წერილი, რომელიც, ვფიქრობთ მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა თხზულების ჭეშმარიტ პრობლემატიკას.