რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

ავტორი: თემურ ჯობავა ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-11

შიში

საღამოა. წიგნაკი, რომელშიც ამ სიტყვებს ვწერ,
იაფფასიანი, სულელური ყდით მაწონებს თავს.
ჩემი ხელების მოძრაობა მაგონებს მწერს,
საზარელსა და უსიზმრებელს, დუმილს რომ ქურდავს.
თანაც მე არ მქონია მიზნად შევცილებოდი
კაფკას სულისგამყინავ ფანტაზიაში. არა.
ცივ ლოგინში უმეტამორფოზოდაც ვხმებოდი
შიშით, როდესაც მომავალმა აწმყო მომპარა.
მაინც რანაირიღა არ არი შიში-მძიმე,
მსუბუქი, მშრალი, ნახევრად მშრალი, ბრაზიანი.
ო, რა უტაქტო რამეა. აღარც კი იძინებს,
თუ არ მიეხუტე, ჩუმი და თავაზიანი.
მოკლედ, ანტიმეგობარია, რა, ძალიან ანტი.
პარადოქსია, მაგრამ ძალიან ერთგულიც,
და ამ ერთგულებას, უმარილოს, პურივით ვჭამდი,
სანამ არ შემომეჭამა ყველაზე მთავარი-გული.
ამასობაში გამიგრძელდა და მსურს განვაცხადო:
არა ვარ ექსპერტი, არც ფსიქოანალიტიკოსი,
ისე, უბრალოდ, გადავწყვიტე ფარდა ავხადო
ძველ მეგობრობას, გაუჟღინთავს მწარე მითოსით.