რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ნუნუ ქადაგიძე ჟანრი: საყმაწვილო / პროზა გამოქვეყნება: 2018-01-23

უკვდავების ნიჭი

                        



      უფლისწული ვარდისფერი მინებიდან შეჰყურებდა ქვეყანას; იგი დიდებულ სასახლეში ცხოვრობდა, რომლის სარკმელებში ვარდისფერი მინები იყო ჩასმული. მარადიული გაზაფხული ზეობდა ვარდისფერმინებიან სასახლეში და ნეტარებით ილხენდა უფლისწული. სწორედ რომ ლხენა იყო მისი ცხოვრების ყოველი წუთი, არა იცოდა რა ადამიანთა დუხჭირი ყოფის შესახებ. და რაც მთავარია, არც ის იცოდა, ამქვეყნად სიკვდილი თუ არსებობდა. ეს ყველაფერი დედოფლის დამსახურება გახლდათ, ამ უკანასკნელს ენება, ბედნიერი ყოფილიყო მისი ერთადერთი ძე, დარდსა და ურვას ერთი ნაოჭიც კი არ უნდა გაეჩინა მის შუბლზე, სიკვდილის შიშზე დიდი დარდი კი რაღა უნდა იყოს... უფლისწულთან ჯერ არავის წამოსცდენოდა ეს საზარელი სიტყვა. დედოფლის ბრძანებით, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა იმას, ვისაც იგი წამოსცდებოდა.
      როცა ქალაქში გასეირნებას მოისურვებდა, მოქალაქენი საგანგებოდ რთავდნენ და ალამაზებდნენ იმ ქუჩებს, სადაც უფლისწულს უნდა გაევლო. აქაც უმეტესად ვარდისფერი იყო გამეფებული, იცოდნენ, ეს ფერი გამორჩეულად რომ უყვარდა უფლისწულს. ვარდისფერ ნოხებს უფენდნენ ფეხქვეშ, ვარდისფერ ყვავილებს აყრიდნენ თავზე. ამასთან ერთად, ყველა მორთულ-მოკაზმული იყო, ყველას აღტაცების ღიმილი უკრთოდა სახეზე, შეუძლებელიც იყო, უფლისწურის დანახვაზე არ გაგღიმებოდა. მისი ბედნიერი იერი მაშინვე თავის შუქს მოგფენდა და სიხარულის ღიმილს დაგტყუებდა.
      მაგრამ მთელ ზეცას ვერავინ გადახურავს ვარდისფერი მინებით. ეს არც დედოფალს შეეძლო, მიუხედავად არაჩვეულებრივი დედობრივი გულმხურვალებისა. სამზეოს უამრავი ჭუჭრუტანა აქვს, სადაც არყოფნის ულმობელი თვალი იყურება და მისი ნიშანი გაკრთება ხოლმე. ერთი ასეთი ნიშანი გახლდათ ხმელი ფოთოლი, რომელიც ვარდისფერმინებიან ღია სარკმელში საიდანღაც შემოფარფატდა (ალბათ ქარმა თუ წამოიღო) და ვარდისფერ ნოხზე დაეფინა სწორედ იქ, სადაც ფეხი უნდა დაედგა უფლისწულს.
უფლისწულმა ჰაერში შეაჩერა ფეხი, დაიხარა და ფოთოლი აიღო.
      - ეს რა უცნაური ფოთოლია, - თქვა მან. მხლებლებმა ერთმანეთს მალულად გადახედეს. ვერავინ გაბედა, განემარტა, თუ რას ნიშნავს ხმელი ფოთოლი. შეეშინდათ, ის საზარელი სიტყვა არ წამოსცდენოდათ.
      უფლისწულმა იგრძნო რაღაც არასასიკეთო, ალღოიანი ყმაწვილი გახლდათ (თანაც ცაში ვარსკვლავებს წყვეტდა სილამაზით), ამიტომ კიდევ უფრო დაინტერესდა. ვერც თვითონ მოისვენა, არც სხვები მოასვენა, ყველანი შეკითხვებით აიკლო. ბოლოს ეს ამბავი დედოფლის ყურამდეც მივიდა, ისიც იძულებული გახდა, განემარტა უფლისწულისათვის, რომ ხმელი ფოთოლი მკვდარი ფოთოლია.
      პირველად მაშინ გაიგო უფლისწულმა სიკვდილის არსებობა, თუმცა მხოლოდ  ნაწილობრივ, მხოლოდ მცენარეები კვდებიანო, _ უთხრეს, მათ ხომ მოძრაობა არ შეუძლიათ, ერთმანეთს სხვა გზებით ვერ შეცვლიან. რაც შეეხება სხვა ცოცხალ არსებებს, რომლებიც დარბიან, დადიან თუ დაფრინავენ, მათ ეს არ ეხებათო.
      - ფოთოლი უნდა გახმეს და ტოტიდან ჩამოვარდეს, რათა სხვა ფოთოლს დაუთმოს ადგილი. ყვავილიც უნდა დაჭკნეს, რათა მის ადგილას სხვა ყვავილი გაიფურჩქნოს. რაც შეეხება მოძრავ ცოცხალ არსებას, მათ შეუძლიათ გვერდზე გაიწიონ და ისე დაუთმონ ადგილი სხვებს, მათთვის დაჭკნობა სულაც არაა სავალდებულო, _ ასე აუხსნა დედოფალმა უფლისწულს, ისიც კმაყოფილი დარჩა, ასეთ უბრალო ამბავს რატომ მიმალავდითო, გაიკვირვა. რა დიდი ამბავია, თუ ერთი ფოთოლი გახმება, მაშინვე მეორე ამწვანდება მის ადგილას. ერთი ყვავილი დაჭკნება, სხვა გაიფურჩქნება. ასე, რომ ბედნიერი იერი ოდნავადაც არ შეცვლია უფლისწულს, მის ნათელ შუბლს ზრუნვის ნაოჭი არ გასჩენია.
       მაგრამ რაკი ერთი დაიწყო, გაგრძელებაც მოჰყვა ზემოხსენებულ ამბავს. ერთ მშვენიერ დღეს, ბაღში სეირნობისას, მკვდარი მტრედი დაეცა უფლისწულის წინაშე, ორი ქორი წაჰკიდებოდა ერთმანეთს ნადავლის გამო, ამ ძიძგილაობაში კლანჭებიდან გაუსხლტათ იგი, ერთიანად გასისხლიანებული და სანახევროდ დაფლეთილი მტრედი უფლისწულის ფეხებთან დაეცა. ქორები იქაურობას გაეცალნენ ფრთების ზანტი რხევით.
      - რა დაემართა ამ მტრედს? - იკითხა უფლისწულმა და ხელში აიყვანა გასისხლიანებული ფრინველი.
      პასუხი არ მოჰყოლია ამ შეკითხვას, მხლებლებს თავები ჩაქინდრათ, დაბნეულები იდგნენ. კვლავ იგრძნო უფლისწულმა რაღაც მეტად არასასიკეთო, უჩვეულო ძრწოლა აგრძნობინა მტრედის გაშეშებულმა სხეულმა, მისმა ჩამქრალმა თვალებმა. შეკითხვები სეტყვასავით დააყარა ყოველ შემხვედრს, ყველა აიკლო, კიდევ უფრო მეტი დავიდარაბა ატეხა, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღარავის უსმენდა, მხოლოდ პასუხს მოითხოვდა იმ საბედისწერო კითხვაზე. ბოლოს და ბოლოს დედოფალი იძულებული შეიქნა, ეს საკითხი განემარტა მისთვის. აუხსნა, რომ მტრედებიც კვდებიან, იმ ხმელი ფოთლის მსგავსად, და არა მარტო მტრედები, ყველა სხვა დანარჩენი არსებანიც, ადამიანების გარდაო.
      - ადამიანები უკვდავნი არიან და შენც უკვდავი ხარ, - უთხრა დედოფალმა და ვარდისფერ ლოყებზე მიეფერა. უფლისწულიც დამშვიდდა, სხვა შეკითხვა აღარ ჰქონია. სიკვდილის ამ სახემ შიში ოდნავადაც ვერ აგრძნობინა, მის შუბლსაც არ გაკარებია დარდის ნაოჭი, ძველებურად ილხენდა და ნეტარებდა ვარდისფერმინებიან სასახლეში. თავის მხრივ დედოფალმა ბრძანება გასცა, ყველა ღონე ეხმარა, რათა ყმაწვილის თვალიდან მოერიდებინა სიკვდილის მესამე, ყველაზე საზარელი სახე. არ უნდა გაეგო უფლისწულს, რომ ადამიანიც მოკვდავია, ყველა სხვა სულიერთა მსგავსად.
       მაგრამ მოვლენათა სვლას ვერავინ შეაჩერებს, უფლისწული უდიდესი საიდუმლოს უკანასკნელ საზღვართან, მის ბოლო ჯებირთან იდგა. უნდა გარღვეულიყო ის ჯებირი, სხვანაირად არ შეიძლებოდა...
       ეს მოხდა ქალაქში სეირნობისას, როცა უფლისწულს ვარდისფერ ნოხებს უფენდნენ ფეხქვეშ და ირგვლივ ყველაფერი ვარდისფრად გაბრწყინებულიყო. ორი ჯანმაგარი ჭაბუკი, რაღაცის გამო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულნი, სწორედ იქ შეხვდა ერთმანეთს. ერთსაც და მეორესაც მძულვარების ღმეჭად შეეცვალათ აღტაცების ღიმილი, იძრეს მახვილები და უფლისწულის თვალწინ დაკლეს ერთმანეთი. 
       ეს ისე სწრაფად მოხდა, ვერავინ ვერაფერი მოასწრო, აკი ვთქვი, ორივე მეტად ჯანმაგარი იყო. ვერ მოარიდეს უფლისწულის თვალებს ეს საბედისწერო სანახაობა. მანაც სისხლში მოფართხალე გვამების დანახვისას დაუყოვნებლივ იკითხა, მათ რაღა დაემართათო.
ამჯერად ყველას ნამდვილი თავზარი დაეცა, ყველა თითქოს დაყრუვდა და დამუნჯდა კიდეც. იგრძნო უფლისწულმა, რაღაც მეტად გაცილებით არასასიკეთო ხდებოდა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში. თითქოს დაჰბერა ყინულივით ცივმა ნიავმა და ოდნავ შეირხა უდიდესი საიდუმლოს მძიმე ფარდა. ვეღარ მოისვენებდა უფლისწული, სანამ ბოლომდე არ გადაიწეოდა ამ მძიმე ფარდის კალთები.
      ჰოდა, აღარც იყო სხვა გამოსავალი, თუმცა კი ბევრს ეცადნენ, რა აღარ იღონეს, რა არ გამოიგონეს, ცალკე დედოფალმა, ცალკე მხლებლებმა უფლისწულს არაფრის გაგონება არ უნდოდა. ეს ზღაპრები სხვას მოუყევითო, - გაიძახოდა და ზუსტ პასუხს მოითხოვდა. ბოლოს დაიმუქრა, ჭამას ავიკრძალავო. ამან გასჭრა და დედოფალმა გაუმჟღავნა შვილს სიკვდილის საიდუმლო. აუხსნა, რომ ყოველი ცოცხალი არსება, მცენარე თუ ადამიანი, ამ კანონს ემორჩილება. ყველას გარკვეული დრო აქვს მინიჭებული, რათა სამზეოზე იაროს, შემდეგ კი საიქიოს კარიბჭეს მიაკითხავს, სადაც სხვათა შორის, შენი ღვიძლი მამა განისვენებს, რომელიც ბრძოლის ველზე განგმირა მტრის მახვილმაო.
      უფლისწული გაოგნებული დარჩა იმით, რაც უთხრეს, ენაჩავარდნილივით იდგა, ხმა ვერ ამოეღო.
      - გამოდის, რომ სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის მოლოდინი, - როგორც იქნა, დასძრა ენა.
      - ჯერ სრულიად ახალგაზრდა ხარ, სიკვდილი შორსაა შენგან, - სასწრაფად ანუგეშა დედოფალმა.
      - მით უარესი, დიდხანს მომიწევს ლოდინი, - თქვა უფლისწულმა. ბრძანა, შავი ფარდები ჩამოეფარებინათ ვარდისფერმინებიან სარკმელზე. შორს მიმოფანტა ვარდისფერი ნოხები და სიკვდილს მოუხმო. ბარემ დროზე აღსრულდეს, თუ მეც ასეთი რამ მელოდებაო.
ბინდმა დაისადგურა ვარდისფერმინებიან სასახლეში, ვეღარ ზეობდა მარადიული გაზაფხული. თითქოს ზამთრის სუსხმა დაჰბერა და ერთად დააჭკნო ყველა ვარდისფერი ყვავილი. შიშველი იატაკიდან ვერა და ვერ ააგლიჯეს უფლისწული. ვერაფრით ანუგეშეს, ჭამა-სმა სრულიად აღიკვეთა, ბარემ ახლავე მოვკვდე, თუ ბოლოს მაინც სიკვდილი მიწერიაო, ერთთავად გაიძახოდა. სიკვდილის საზარელ შიშს შეეპყრო და ამ შიშით გათანგული, თვითონვე უვარდებოდა სიკვდილს ხახაში მონუსხული ჩიტის მსგავსად. დედოფალი სასოწარკვეთამ შეიპყრო. მწარედ ნანობდა, რად დავუმალე შვილს სიკვდილის საზარელი სახე. თავიდანვე შეაჩვევდა თვალს და ასეთ თავზარს არ დასცემდაო. გვიანღა იყო თითზე კბენანი, საშველი არსაით ჩანდა, ვარდისფერმინებიანი სასახლე საცაა აკლდამად გადაექცეოდა უფლისწულს.
ყოველივე ამას ციური მნათობნი დაჰყურებდნენ. ისინი ხომ მუდამ თვალს ადევნებენ, თუ რა ხდება დედამიწაზე, ყოველივე კარგად უწყიან, კეთილი რჩევის მოცემაც შეუძლიათ, ოღონდ ესაა, ამ ბოლო დროს ადამიანები თითქოს დაყრუვდნენ მათი რჩევების მიმართ. იმ დროს კი საქმე სულ სხვანაირად იყო. ბევრჯერ ჩარეულან მნათობნი ადამიანთა საქმეებში და ამ ჩარევას ყოველთვის დიდი სინათლე მოჰყოლია.
      ახლაც შემოკრბა მნათობთა გუნდი. ყველანი აქ იყვნენ, გვირგვინოსანი მნათობით დაწყებული, სულ პაწია მეტეორებით დამთავრებული. ცთომილ ვარსკვლავთა კრებული მზეს ეხვეოდა ირგვლივ, თანავარსკვლავედთა ბრწყინვალე ეტლი მოწყალედ ითმენდა ცთომილთა საქციელს. კუდიანი ვარსკვლავი ჩასაფრებულივით გამდგარიყო განზე; ვერ გაიგებდი, რაზე ფიქრობდა, თუმცა ის კი აშკარა იყო, ყური რომ აქეთკენ ჰქონდა. ცხადია, მთვარეც აქ იყო, უიმისობა არაფრით შეიძლებოდა, ხომ საყოველთაოდ ცნობილია მთვარის არაჩვეულებრივი გამჭრიახობა, ცბიერებასთან წილნაყარი. სიტყვაძვირია მთვარე, მაგრამ თუ ამეტყველდა, ღირს მოსმენად.
      ბევრი უცნაური და არგაგონილი ამბავი ითქვა მნათობთა შეკრებაზე, მათ თვალწინ ხომ მთელი დედამიწა ხელისგულივითაა გადაშლილი. უფლისწულის ამბავიც ითქვა.
ძალიან შეებრალათ მნათობებს უფლისწული, წამით თითქოს ფერიც კი გაუკრთათ. მთვარემაც ჩველებრივზე სევდიანი სახე მიიღო, რასაც განსაკუთრებით აძლიერებდა მისი ჩრდილისფერი პირბადე, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. ყველაზე მეტად მზემ უთანაგრძნო უფლისწულის გასაჭირს, მას ხომ საოცრად მხურვალე გული აქვს, მაგრამ ცარიელ თანაგრძნობას როდი დასჯერდა, მისი დახმარებაც განიზრახა: მთვარეს სთხოვა, სიზმრის ბილიკი დაეთმო მისთვის და იმ ღამესვე ძილში გამოეცხადა უფლისწულს. უნდა აღვნიშნოთ, რომ სიზმრის ბილიკს მთვარე ფლობს, მისი ნებართვის გარეშე იქ ვერავინ შეაღწევს.
      ამრიგად, მზე გამოეცხადა უფლისწულს სიზმარში. ეს უკანასკნელი მოკრუნჩხული იწვა შიშვილ იატაკზე, უღონოდ ეწყო ლამის ჩონჩხად ქცეული ხელები, სიკვდილსღა ელოდა. მზემ ალერსიანად შეჰღიმა სახეში და უთხრა:
      - რად შეუპყრიხარ სიკვდილის შიშს, განა არ იცი, რომ უკვდავი ხარ?
      - რანაირად... - გაიკვირვა უფლისწულმა, - აკი მითხრეს, შენც მოკვდებიო.
      - შენ ხომ გული გიცემს მკერდში, გულში კი ჩემი განუყოფელი ნაწილია, - აუხსნა მზემ, - როცა დადგება ჟამი გარდაცვალებისა, მზის ნაწილი არ მიიქცევა ხრწნად, იგი კვლავ ჩემთან ბრუნდება. აი, ეს არის შენი უკვდავება. რაღა განაღვლებს?
     გაიხარა უფლისწულმა, მკერდში მზის ნაწილიანი გული მიცემსო. ხელები გაიწოდა მისკენ. მზემაც გულიანად გაუღიმა და ხელებში ჩაადნა...
თვალი გაახილა უფლისწულმა, თბილი ღიმილის კვალი გამოჰყვა სიზმრიდან, ჩამომხმარი სახე გამოუცოცხლდა. მაგრამ მალევე გაუქრა ღიმილი, როცა დარწმუნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარში ვნახეო. ისევ დაღონდა.
     - სიზმარი ხომ ლანდია მხოლოდ. თუ ცხადშიაც იმავეს მეტყვის მზე, რაც სიზმარშიც მითხრა, მაშინ დავუჯერებ და აღარ შემეშინდება სიკვდილის სახის. - თქვა და ისევ შიშველ იატაკზე განერთხო უფლისწული.
     მზის ყოველისმხილველმა თვალმა იხილა ეს სამწუხარო სურათი, მიუხედავად იმისა, რომ შავი ფარდები ჰბურავდნენ ვარდისფერმინებიან სარკმელებს. საკმარისია სულ ოდნავ შეტოკდეს ნიავისგან ფარდა, მზის სხივი მაშინვე გასხლტება მის მძიმე ნაკეცებში, მათი საშუალებით არაფერი დაემალება გვირგვინოსან მნათობს. ამ უკანასკნელმა კვლავ სთხოვა მთვარეს სიზმრის ბილიკი. არც ახლა უთქვამს მთვარეს რაიმე, სახეზეც თავისი ჩვეული სევდა ეწერა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვერაფრით შეამჩნევდი.
       - თავს რად იწამლავ ეჭვებით, - უსაყვედურა მზემ უფლისწულს, - გადასწიე შავი ფარდები, კარგი მასპინძელივით შეეგებე ჩემს ამოსვლას. როგორც კი ჩემი სხივები მოგეფინება, შენი გულიც ამეტყველდება. ყური კარგად დაუგდე საკუთარ გულს, იგი გეტყვის ჩემს სათქმელს. გეტყვის, რაც მზის ნაწილმა უნდა გითხრას.
      ამჯერად უფრო იმედმოცემულს გამოეღვიძა უფლისწულს, მზე ცხადშიაც ჰპირდებოდა რაღაცის თქმას და საიდუმლოს გამხელას. მაშინვე გადასწია შავი ფადრები, სარკმელიც ფართოდ გამოაღო. მოთმინებით ელოდა მნათობს, რომელიც თავის სხივებს მოაფენდა სხეულზე და მის გულს აამეტყველებდა.
      ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, ვარსკვლავები ჩუმად ადევნებდნენ თვალს უფლისწულს, მათ ხომ იცოდნენ, რაც ხდებოდა.
      მთვარემაც იცოდა... ეჰ, ნეტავი კი არ სცოდნოდა. ისეთი უცნაური რამ ჩაიფიქრა, ყველას ერთნაირად დასცა თავზარი, ადამიანსაც და ციურ მნათობთა კრებულსაც.
როგორც იქნა, ფერი გაუკრთა ცას. მალე ამოხდა ბრიალა მნათობიც, სახეში შესცინა უფლისწულს, ოქროსფერ სხივთა ნიაღვარში გაჰხვია. ქანდაკებასავით უძრავად იდგა უფლისწული, ხელები მზისკენ გაეწვდინა, ერთიანად ბანაობდა მის სხივებში, თან მთელი ყურადღება საკუთარი გულისკენ ჰქონდა მიპყრობილი. ელოდა, როდის ამეტყველდებოდა, გაუმხელთა მზის საიდუმლოს, ეტყოდა, რომ მისი გული ნაწილია მზისა, და ამდენად უკვდავიცაა. გულის უკვდავებახომ იგივე მისი უკვდავებაა.
      ელოდა, მაგრამ მდუმარებდა გული.
      შეფიქრიანდა უფლისწული, ხელითაც კი მოისინჯა მკერდი, რად მდუმარებსო. არა და არა, ერთი სიტყვაც ვერ გაიგონა მისგან.
      მაშინ კი სასოწარკვეთამ შეიპყრო უფლისწული, სიზმარს რად ავყევიო, თქვა. კვლავ განერთხო შიშველ იატაკზე და დაიფიცა, აქედან არ ავდგები, სანამ სიკვდილი არ მეწვევაო. სარკმელზე შავი ფარდები ისევ ჩამოაფარებინა.
      ნეტავი მეტი ყურადღება გამოეჩინა უფლისწულს. მაშინ დაინახავდა, რომ პატარა შავი ლაქა ეფინა მკერდზე, ზუსტად იქ, სადაც გული ძგერს. ეს  ჩრდილოვანი ლაქა მთვარის პირბადის ჩრდილი გახლდათ. არ ენება მთვარეს, ამეტყველებულიყო უფლისწულის გული და შუა ჩაუდგა მზის სხივებს, პირბადის ჩრდილი დააფინა მკერდზე. ჰოდა, ვერაფერი თქვა უფლისწულის გულმა, რამეთუ არ ამეტყველდა მზის ნაწილი; მზის სხივებმა ვერ მიაღწიეს მასთან. 
      ამის შესახებ არა იცოდა რა უფლისწულმა.
      სამაგიეროდ, მნათობთა კრებულმა ყოველივე ცხადად იხილა. ყველას შეებრალა უფლისწული, მთვარე ერთხმად გაკიცხეს. განსაკუთრებით მზე ცხარობდა, ერთიანად ალისფერმა გადაუარა სიბრაზისგან. ვარსკვლავნი თრთოდნენ, ცალკე შიშისგან, ცალკე რისხვისგან, ეს რა მოიფიქრაო მთვარემ. თანავარსკვლავედთა ბრწყინვაე ეტლს არც ახლა დაუკარგავს თავდაჭერილობა, თუმცა თვალს განსაკუთრებული სიავით აკვესებდა. კუდიანი ვარსკვლავები უწესრიგოდ მიმოჰქროდნენ აქეთ-იქით, სულ დაავიწყდათ, რომ თითო-თითოდ გამოჩენის უფლება აქვთ მხოლოდ. ბოლოს ეს იმით დამთავრდა, რომ ორ მათგანს კუდები გადაესკვნათ ერთმანეთზე. მეტეორებს ხომ ერთიანად დაებნათ თავგზა; იმის ნაცვლად რომ დედამიწაზე ჩამოცვენილიყვნენ ცეცხლოვან წვიმად, გუნდ-გუნდად იწყეს ტრიალი და ცეცხლოვანი რკალებით აავსეს მთელი ზეცა.
      სად იყო ამ დროს მთვარე? აღარსად ჩანდა, მისი ნასახიც კი გამქრალიყო. ასე იცის ხოლმე ამ საოცრად ცბიერმა მნათობმა: როგორც კი რაიმე არ მოუვა თვალში, მაშინვე უჩინმაჩინად იქცევა. იცოცხლეთ, ეს ემარჯვება, საკმარისია თავისი ჩრდილისფერი პირბადე ჩამოიფაროს და მთვარე ვითომც არ ყოფილა.
      მაგრამ ყოველივეს აქვს დასასრული, მათ შორის მნათობთა რისხვასაც, ნელ-ნელა გაუარათ სიბრაზემ, მზეს გადასცილდა ალისფერი, კვლავ ოქროსფრად გაბრწყინდა. ცთომილებმა შეწყვიტეს თრთოლვა, მზეს დაუბრუნეს ოქროსფერი ღიმილი და ცხადია, დედამიწისთვისაც გაიმეტეს. კვლავ მშვიდი დიდებულებით გაბრწყინდა თანავარსკვლავედთა ბრწყინვალე ეტლი, სიავის კვალიც არ ემჩნეოდა. კუდიანმა ვარსკვლავებმა შეწყვიტეს უთავბოლო ქროლვა,  ერთად მიჰქროდნენ კუდგამოსკვნილები, თუმცა ცდა არ დაუკლიათ, როგორმე დასცილებოდნენ ერთმანეთს. ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხეს. Mმეტეორებიც, ბოლოს და ბოლოს ჩამოცვივდნენ დედამიწაზე ცეცხლოვან წვიმად.
      მთვარემაც იხელთა დრო, გაბედა გამოჩენა. ძალზე ფრთხილობდა, ოდნავ გადაიწია ჩრდილისფერი პირბადე, ვიწრო მნათი რკალი გამოაჩინა. მზად იყო,  ისევ უჩინმაჩინად ქცეულიყო. ნახა, ყოველივე რიგზეაო. ისიც გათამამდა, ნელ-ნელა გადაიცალა მუქი პირბადე, გამოაჩინა თუმცა სევდიანი, მაგრამ მაინც მეტად მშვენიერი, სალუქი სახე.
     ჯერ არავინ იცოდა, რა ითათბირეს მზემ და მთვარემ. მათ დაითხოვეს ვარსკვლავთა გუნდი, არავის დასწრება ინდომეს. მოგვიანებით კი, საიდუმლო თათბირის გასრულების მერე, ყველამ ერთად იმსჯელა უფლისწულის ბედსა თუ უბედობაზე, და როგორც შემდგომში დავინახავთ, ყველამ გაიღო წვილი მის საშველად. მართლაც კურთხეული დრო იყო, ადამიანები და მნათობები ახლობელი ნათესავებივით ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
Mმზემ კვლავ სთხოვა მთვარეს სიზმრის ბილიკი. Uფლისწულმაც იმ ღამით კვლავ იხილა სიზმარი, მართალია, მას სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ სიკვდილი ჯერ არ მოსულიყო, ხოლო ძილს ვერავინ დაუშლის მოსვლას. ძილს სიზმარიც მოჰყვა. მთვარემ ფართოდ გააღო სიზმარეული სამყაროს კარი, მნათობთა მთელ კრებულს დაუთმო სიზმრის ბილიკი.
ესიზმრა უფლისწულს ხილვა საოცარი, ეს იყო უმშვენიერესი ასული, მართლაც ზეციური ქმნილება, რომელიც ყველა მნათობს დაეჯილდოებინა თავისი სილამაზის ნიშნით: ტანწყობილი იყო და მშვენიერი, ვითარცა მთვარის სალუქი სხეული, თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა და სიცოცხლით სავსე ღიმილს აფრქვევდა ახლადამომავალი მზის დარად. გულმა დაუძლეველი ძალით გაუწია უფლისწულს უმშვენიერესი ასულისაკენ, ორივე ხელი მისკენ გაიწოდა, ხელებში ჩაადნა უცხო ხატება და გამოეღვიძა...
      - ეჰ, ესეც ფუჭი სიზმარი ყოფილა, - თქვა უფლისწულმა და კვლავ განერთხო შიშველ იატაკს, თვალი მაგრად დახუჭა და სიკვდილს მოუხმო. აღარაფრის დანახვა უნდოდა, მათ შორის, არც იმ უცხო ხატების, მაგრამ თავის გულს ვეღარაფერი მოუხერხა. გული თითქოს მკერდში აღარ ეტეოდა, საითკენღაც უხმობდა, ეძახდა...
      ვეღარ გაუძლო ამას უფლისწულმა, წამოდგა შიშველი იატაკიდან, გადასწია შავი ფარდები, დედოფალს უხმო და გაუმჟღავნა გულის ნადები.
      დედოფალს წამით მეტყველების უნარი წაერთვა გაოცებისაგან და სიხარულისაგან, ძლივს დაძრა ენა:
      - ზეციური ასული? ახლავე...
      და დედოფალმა ქვეყნის ოთხივე კუთხით აფრინა ხალხი.
      ო, რომ იცოდეთ, რა გულმხურვალებით შეეგება ცა და ქვეყანა დედოფლის სურვილს, ვარდისფერმინებიან სასახლეში მოეყარა თავი გასათხოვარ მშვენიერ ასულებს! იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს რაღაც სხვა იყო მოსალოდნელი, მხოლოდ სისწრაფე დედოფლის ნების ასრულებისა იყო ჭეშმარიტად გასაოცარი. ზეციურმა სილამაზემ ჩანჩქერივით იწყო დენა ყოველი მხრიდან. უფლისწულს ცოტა არ იყოს, თვალები აუჭრელდა, იმდენმა უმშვენიერესმა ქმნილებამ მოიყარა თავი ვარდისფერმინებიან სასახლეში. ცთომილი ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ, ერთიმეორეს მჯობნი, გარეგნობით თუ მორთულ - მოკაზმულობით. Uუფლისწულს, ცოტა არ იყოს, თავგზა დაებნა. ვეღარ გაარკვია, რომელი მათგანი ნახა სიზმარში. მოგეხსენებათ, სიზმარეული ხილვები არც ისე მკაფიოა და სიცხადესთან მათი მისადაგება ჭირს. ისევ დედოფალი დაეხმარა თავის ერთადერთ ძეს.
     - ეს ხომ არ არის? - ჰკითხა და ერთ-ერთ უმშვენიერეს ქმნილებაზე მიუთითა.
     - მგონი ეს არის, - უპასუხა უფლისწულმა.
     ,,მგონი~ სულ მალე იქცა ,,ნამდვილად~. იღბლად, უმშვენიერესი ქმნილებაც სამეფო გვარის ჩამომავალი აღმოჩნდა. ასე რომ, ერთი ბეწო ჩრდილი არ დაჰფენია უფლისწულის ბედნიერებას. გულით ხარობდა, ლაღობდა, არც კი ახსოვდა, თუ სიკვდილი არსებობდა სადმე.
მნათობთა კრებული თვალმოუცილებლად დაჰყურებდა ბედნიერ წყვილს, ისინიც ხარობდნენ მოვლენათა მსვლელობის სასიკეთო განვითარებით. ჩვეულებრივზე მეტი ძალით ბრწყინავდნენ იმ დღეებში. მთვარე ერთიანად გაბადრულიყო, სადღაც გადაემალა თავისი ჩრდილისფერი პირბადე. მზე ხომ ისე ბრწყინავდა, თვალს ვერ გაუმაგრებდი. კუდიანმსა ვარსკვლავებმაც იმ დროისთვის გამოხსნეს თავიანთი გადასკვნილი კუდები, გვერდით ამოუდგნენ მეფე-დედოფალს და მათ გვირგვინები ეჭირათ. რა ბედნიერი, რა მოსიყვარულე წყვილი იყო! ერთმანეთისთვის არიან დაბადებულნიო, ამბობდნენ მნახველები. უფლისწულიც დარწმუნებული იყო ამაში, უდიდესი სიხარულით სძგერდა მისი გული, ათას საოცნებო ამბებს ჰყვებოდა, ჭეშმარიტ უკვდავებას ჰპირდებოდა. ,,უკვდავია შენი სიყვარული~, - ასე ეუბნებოდა საკუთარი გული უფლისწულს, - “შენც უკვდავი ხარ, რაღა თქმა უნდა . . .” 
     და სწორედ ეს იყო მზისა და მთვარის საიდუმლო, რაც მათ სხვა მნათობებს დაუმალეს. უნდა ითქვას, რომ მთვარემ ძალიან მარჯვედ იმართლა თავი, მზეს ზედმეტი გულმხურვალება უსაყვედურა. ,,არ შეიძლება, ადამიანმა სრულიად შეიცნოს საკუთარი უკვდავება, - უთქვამს ამ ცბიერ მნათობს, - ადამიანი მარად უნდა მიმოდიოდეს სიკვდილ-სიცოცხლის სამანებს შორის, ამას მოითხოვს მისი მაძიებელი და შეუპოვარი გონება, დაუცხრომელი თვალი.
     - იქნებ ადამიანს დაავიწყდეს, რომ უკვდავია, - ჩაფიქრებით ბრძანა მზემ, - თვალი აუბას სიკვდილ - სიცოცხლის მონაცვლეობამ, გულს წაერთვას მეტყველების ნიჭი.
Mმაგაზეც ვიფიქრე - შეეხმიანა მთვარე, - საკუთარი უკვდავება რომ არ დაავიწყდეს, ადამიანის გულში სიყვარულის ნერგი უნდა აღმოვაცენოთ და ვახაროთ. მხოლოდ მაშინ ამეტყველდება მისი გული, უფრო მეტიც, ზეციური ჰანგებით ამღერდება . . . გამუდმებით შეახსენებს ადამიანს, რომ თვითონაც სიყვარულივით უკვდავია.