რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-23

გულს

რაო, ჩემო ფართხალა, მთის მდინარის კალმახო,
რად წრიალებ, 
რად ფეთქავ, 
ტვინი რატომ წამიღე?!
რად გსურს შენი მშვენება ყველას რომ დაანახო?
განა მიგიხვდებიან, 
განა ყველა გაგიგებს?!

არა, ჩემო ერთგულო, 
არა, ჩემო ბეღურავ,
შენ კი არა, ყველას გულს ვერ იგებენ ღმერთები!
იმედს გაგიცრუებენ, 
ჩაგიქვრება ეგ ქურა
და ასაკით ყმაწვილი უცებ დამიბერდები.

ჰოდა, ჩემო ზღაპრულო ფრთაგაშლილო პეგასო,
დაიმალე, 
გახევდი, 
გამოისხი კორძები.
და რომ ვეღარ გატიროს, 
ვეღარავინ, 
ვერასდროს,
გამოუჩნდი მხოლოდ მას, ვინც სიზმარშიც მოგძებნის.