რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ნუნუ ქადაგიძე ჟანრი: მისტიკური / პროზა გამოქვეყნება: 2018-02-10

სიზმრის ნაკვალევზე

      დაიკარგა სიზმარი, მართლაც სიზმარივით გაქრა... აღარავინ ხედავდა, არც დიდი, არც პატარა, არც მოხუცი. თვით ღამის და დღის გასაყარზეც რახანია აღარავის ენახა იგი ძილბურანიდან გამოფხიზლების ჟამს, რომელსაც უწინ განუყოფლად თან ახლდა ათასნაირი ჭრელაჭრულა ხილვები.
      ერთი შეხედვით ეს ამბავი შეუმჩნეველი ჩანდა, გარეგნულად არაფერი შეცვლილა. ქალაქი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა. ბავშვები ყოველ დილით გარბოდნენ სკოლებში, უფროსები სამუშაოზე მიიჩქაროდნენ. კარგად გამოძინებული პენსიონერები ბაღებს მიაშურებდნენ ხოლმე დომინოს სათამაშოდ. მერე, როცა თამაში მობეზრდებოდათ, ათასგვარ ამბებს გაიხსენებდნენ მდიდარი წარსულიდან. სიზმრის შესახებ, თითქოს პირი შეუკრავთო, არასოდეს სიტყვაც არ დასცდენიათ.
     ერთ დღეს, როცა დომინოს თამაში მობეზრდათ, ჭრელ-ჭრელი ამბების ხურჯინიც ბოლომდე დასცალეს და მთქნარებისაგან ლამის ყბები ენგრეოდათ, ერთ-ერთმა მათგანმა, უფრო მოსმენა რომ უყვარდა, ვიდრე ლაპარაკი, ამოღერღა: ძალიან მიკვირს, რა ხანია სიზმარი აღარ მინახავსო. თითქოს ამასღა ელოდნენო, დანარჩენებიც ფიცხლად გამოეხმაურნენ: მართლაც გასაკვირია, ამ ბოლო დროს სიზმრებს აღარ ვხედავთო. ისეთი გულმოდგინებით ჩაებღაუჭნენ ამ ახალ სალაპარაკო თემას პენსიონერები, ბაღის დანარჩენი მოსეირნეთა ყურადღებაც მიიპყრეს... და ჰოი, საოცრებავ, ყველა ისეთი მონდომებით და სიფიცხით ჩაება ამ საუბარში, თითქოს სხვა საფიქრალი აღარაფერი ჰქონოდათ. თურმე ნუ იტყვით, ქალაქელებს სულაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი სიზმრის უცნაური გაუჩინარების ამბავი, თურმე ყველას აკვირვებდა და აღელვებდა ეს უჩვეულო მოვლენა. და ახლა, როცა შემთხვევა მიეცათ, ყველას გაუჩნდა სურვილი, საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა ამის შესახებ.
     - დაიკარგა და დაიკარგოს, სულაც არაა საჭირო... ძილი უსიზმრო სჯობია, უფრო მოსვენებით გძინავს, - თქვა ერთმა მჭლე, თითქოსდა უძვლო მოქალაქემ, რომელსაც ფერი აღარ ედო საძინებელი ტაბლეტებისგან.
     მეორემ, ცომივით გაფუეუბულმა, კიდევ უფრო განავითარა ეს აზრი: 
     - სიზმარში თუნდაც მთელი ქვეყნის ოქრო შენი იყოს, გამოიღვიძებ თუ არა, მაშინვე გაქრება. მხოლოდ ნერვები აგეშლება და ეგ არის... ამ ნერვების აშლას არ სჯობია, სიზმარი საერთოდ არ ნახო?!
     მართალია, მართალი, - დაეთანხმა უმრავლესობა ამ აზრს, - სიზმარში არაფერს არა აქვს ფასი. ამიტომ მისი დაკარგვით არაფერს არ ვკარგავთ. სიზმარში თუნდაც მთელი ცხვარი შეჭამო, გაიღვიძებ და ისევ მშიერი ხარ...
     - არა ხართ მართლები, - თქვა ჭაღარა ქალაქელმა, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, - სიზმარი... ეს ერთ-ერთი საოცარი ყვავილია იმ უსაზღვროდ მრავალფეროვანი თაიგულიდან, რასაც ბუნება გვიძღვნის. იმ თაიგულიდან ნებისმიერი ყვავილის გაქრობა აუცილებლად რაღაცის დაკარგვას ნიშნავს. მხოლოდ ესაა, ყოველთვის სწორედ ვერ შევაფასებთ ხოლმე ამ დანაკარგს.
ამ მოსაზრებასაც გამოუჩნდნენ თავისი მომხრეები, განსაკუთრებით ერთმა გამოიდო თავი, ცხვირზე სათვალედაკოსებულმა.
     - სიზმარი საჭიროა... აუცილებელიცაა, - გაიძახოდა გაცხარებით, - რამდენი საინტერესო აღმოჩენა გაუკეთებიათ სიზმაში ღრმად პატივცემულ მეცნიერებს, ეს უდავოდ დამტკიცებული ფაქტია...
    - პოეტები ხომ ლექსებს სწერენ სიზმარში, - ჩამოართვა სიტყვა მხრებამდე თმადაშვებულმა.
     - მხატვრები სიზმრებში ეძებენ და პოულობენ ფორმებს. მათთვის სიზმარი ნამდვილი საგანძურია...
     არც მოწინააღმდეგე ბანაკს ეძინა, საპირისპირო არგუმენტები სეტყვასავით დააყარეს:
     - რაო, პოეტები ლექსებს სწერენო სიზმრებში? მეცნიერები აღმოჩენებს აკეთებენო, ცდებით, უკეთეს ლექსებს დასწერდნენ ის პოეტები და მეცნიერებიც უფრო დიდ აღმოჩენებს გააკეთებდნენ, უფრო კარგად რომ ყოფილიყვნენ გამოძინებულნი. სიზმარს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. თუ დაიკარგა, გზაც იქით ჰქონია. მთავარია სხვა არაფერი გვაკლდეს, რაც ბევრად უფრო აუცილებელია და მნიშვნელოვანი. მაგ. დანაკლისს როგორმე გავუძლებთ...
სიზმრის მომხრეებიც არ პირებდნენ უკან დახევას:
     - ჩვენს მშვენიერ ქალაქს, რომელსაც არავითარი სიკეთე არ აკლია, არც კომფორტი, არც ტრანსპორტი, არც ნებისმიერი კულტურული დაწესებულება, რად უნდა აკლდესო სიზმარი...
დიდი დავისა და ყაყანის შემდეგ, დაღამებამდე რომ გაგრძელდა და ბოლოს კინაღამ ჩხუბში გადაიზარდა, მოკამათე ხალხს პატარა ჯგუფი გამოეყო, რიცხვით ათიოდე კაცი, რომლებიც თავს გაძარცვულად თვლიდნენ სიზმრის დაკარგვით და მისი დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდათ. იქვე მოითათბირეს და შეთანხმდნენ, დილით ადრიანად შეხვედროდნენ ერთმანეთს ქალაქის მთავარ გზაჯვარედინზე, იქ სადაც ნებისმიერი მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი იყრის თავს... და რაიმე ეღონათ.
     მეორე დღეს დანიშნულ ადგილას მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ რიცხვით ბევრად უფრო მცირენი... სულ ოთხი კაცი. დანარჩენებს ალბათ უსიზმრო ძილში გამოუნელდათ წინა საღამოს სიფიცხე, უაზრობად ჩათვალეს სიზმრის საძებნელად წასვლა. ძალიან თავდაჯერებულად არც ეს ოთხეული გამოიყურებოდა. ერთმანეთს როგორღაც დამორცხვებით მიესალმნენ და ამინდზე წამოიწყეს საუბარი. ამინდი, მართლაც მშვენიერი იდგა, ცაზე მზე კაშკაშებდა.
     - აბა, წავიდეთ, დროა, - თქვეს ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, სხვა აღარავინ შეემატებოდათ. ამის თქმისთანავე გაოცებით შეხედეს ერთმანეთს და სიცილი აუტყდათ: საით უნდა წავიდეთ და რისთვის? აქედან მართლაც ყველგან შეიძლება წასვლა. ამ გზაჯვარედინიდან ქვეყნის რომელ კუთხეშიც გინდა, იქით მიემართება ყოველგვარი სახის ტრანსპორტი, მაგრამ ,,სიზმრის ქვეყანა~ არც ერთს არ აწერია. სიზმარი არც კვალს სტოვებს, რომ იმას მაინც მისდიო კაცმა.
     სიცილმა იმწამსვე გაალხო ყინული, უფრო გულითადი ტონით ალაპარაკდნენ. მართლაც სასეირო მდგომარეობაში ვიმყოფებით, ერთხმად აღიარა ოთხოვემ. მაგრამ რაკი დავადექით ამ გზას, ნუღარ დავიხევთო უკან. ამინდიც ხელს გვიწყობს. განწყობილებაც შესანიშნავია, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმით სავსე, ხომ ასეა? მოდი მართლა გავწიოთ სიზმრის საძებნელად. თუ ვერაფერს ვიპოვით, გასეირნება ხომ შეგვრჩება. რაც შეეხება მიმართულების არჩევას, ეს საკითხი ავტომატურად იხსნება დღის წესრიგიდან, სიზმრის ქვეყანა არსად არ მდებარეობს და არც მიმართულების დადგენა გვჭირდება. ჯობია ისე, ალალბედზე ვიაროთ... და იმაზეც ნუ ვიფიქრებთ, თითქოს მართლა სიზმარს ვეძებდეთ, რადგან ასეთი ფიქრი როგორღაც გეხამუშება ადამიანს.
      ო, ცხოველმყოფელო, მარად თვალმომღიმარე მზეო, ფუტკარს ნექტრის საძებნელად რომ გამოიტყუებ, ადამიანს კიდევ ათასნაირი იგავმიუწვდომელი თავგადასავლისათვის აქეზებ. ყველა ამ საოცრებაში ხომ შენ გიდევს წილი. ასე სხივმოსილად რომ არ გეკაშკაშა ცაზე, არც დაადგებოდნენ ამ გზას ყოჩაღი ქალაქელები. გულითადი მეგობარივით მხარდამხარ მიჰყვები მათ, მომღიმარე თვალს არ აშორებ და ფეხქვეშ ოქროსფერ ბილიკს უფენ. რა მათი ბრალია, თუ ზედაც არ გიყურებენ და მგონი აღარც კი ახსოვთ შენი არსებობა. ქალაქის ქუჩებში დიდი მოძრაობაა, ყურადღების უკიდურესი დაძაბვა უხდებათ, რათა მანქანებს არ შეუგორდნენ ბორბლებქვეშ...
     დინჯად, აუჩქარებლად მიაბიჯებდნენ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადასასვლელზე დასჭირდებოდათ გაქცევა, ტყვიასავით გამოქანებული მანქანებისთვის რომ გადაესწროთ როგორმე. სამშვიდობოს გასულები წინანდელ აუჩქარებელ ტემპს უბრუნდებოდნენ მაშინვე. მოსეირნეებს ჰგავდნენ, როცა არსაით, არც ერთი მიმართულებით არ მიიჩქარის ადამიანი, ანუ არსად არ მიდის. თან მეტად უბრალო, ყველდღიურ საუბარში იყვნენ გართულნი. მათთან ახლოს ჩავლილ ადამიანს შეიძლება ასეთი ფრაზებისთვის მოეკრა ყური: ,,...არაფრით არ მეგონა, თუ ,,პოლარული ვარსკვლავი~ წააგებდა, ბრწყინვალე ფორმაში იყო... ამ სეზონში მაინც...~ ანდა ,,...მანქანა თითქმის მთელი თვე იდგა პროფილაქტიკაში. ორი კვირის მერე ისევ გაფუჭდა... არაფრის მაქნისები არ არიან...~ ,,ისეთ ნამცხვრებს აცხობს, ჭკუაზე აიწევი. შემიძლია მისამართი მოგცეთ...~
     ამ უწყინარი, გაცვეთილი ფრაზებით მოგზაურობის ნამდვილი მიზნის შენიღბვას ცდილობდნენ... საკუთარ თვალში. მართლაც უცნაური იყო, წარმოდგენაც არ ჰქონდათ ერთმანეთზე, არასოდეს არაფერი ჰქონიათ საერთო, თუ იმ ქალაქს არ ჩავთვლით, სადაც იმდენი წელი გაატარეს. გარეგნულად თუ სამოსით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ერთ-ერთ მათგანს, ჯანიანს და მოსულს, მონადირის ფორმა ემოსა, მხარზე თოფი გადაეკიდა, როგორც თვითონვე აღნიშნა, ნადირობის ტრფიალი ყოფილა: ,,თუ სასეირნოდ მივდივარ სადმე, აუცილებლად თოფიც უნდა წავიღო. იქნებ ნადირი შემხვდეს, შემთხვევას ხელიდან არ გავუშვებ. სიზმარი უცხო ნადირივითაა, ჯერ არავის უნადირია მასზე... საინტერესოა...~
     მეორეს ტურისტის სრული აღჭურვილობა წამოეღო, ბინოკლიც მოემარჯვებინა. 
     ,,...ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჯერ ფეხი არ დამიდგამს, სიზმრის ქვეყანაა. მოგზაურობა ყოველთვის საინტერესოა, თან სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის. იქნებ სადმე იშვიათი მინერალებიც შემხვდეს, ჩემს კოლექციას შეემატება~.
     მესამეს ნამდვილი პეწენიკივით ემოსა, თითქოს ფტოაპარატის წინ პოზირებისთვის ემზადებაო. პეპელა ჰალსტუხი ეკეთა, მოძრაობაც ჰაეროვანი და თან გამოზომილი ჰქონდა. შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, გალექსილი ტაეპი არ წარმოეთქვა კარგად დამუშავებული, მაგნიტოფონის ფირზე საგულდაგულოდ შესწავლილი ხმით. როცა ვიტრინაში გამოფენილი სარკეების წინ ჩაიარეს და საკუთარ მრავალსახა გამოსახულებას მოჰკრა თვალი, ხელი პათეტიკურად ასწია და წარმოთქვა: ,,დაიმსხვრა სული ადამიანის, იქცა უთვალავ მბრწყინავ ცთომილად... და სწრაფი სრბოლით მარადი ღამის საუფლოში მიექანება...~ აქედან რაღაც შეიძლება გამოვიდესო, ჩაილაპარაკა ბოლოს.
     სიზმრის შესახებ კი ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამი მოგზაურობის დასაწყისში: ,,სიზმარი - ეს არის ყველაზე იდუმალი და უცნობი ბილიკი, რომელზეც ჯერ არავის დაუდგამს ფეხი და საჭიროა სულის და სხეულის ერთიანი ოსტატობით ფლობა, რათა წონასწორობამ არ გვიღალატოს. გარეგნული იერის შენარჩუნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველთვის ღირსეულად უნდა გამოვიყურებოდეთ... განსაკუთრებით იმ დროს, როცა მაგნიუმის აფეთქებათა რკალში მოვხვდებით~.
     მეოთხე თუ გამოირჩეოდა რაიმეთი, მხოლოდ ყოველდღიური უბრალო ჩაცმულობით, საგულდაგულოდ გამოწყობილი თანამგზავრების ფონზე. არც მრავალსიტყვაობით გამოუჩენია თავი. უმეტესდა ჩუმად იყო და თავის დაქნევით იწონებდა თანამგზავრების გადაწყვეტილებებს. ჩანდა, ცოტათი შემკრთალიც უნდა ყოფილიყო მათი ეფექტური გარეგნობით, მაგრამ ჩუმად ყოფნა და გარეგნული პასიურობა სულაც არ ნიშნავდა, თითქოს სხვებზე ნაკლებად ყოფილიყო დაინტერესებული ამ მოგზაურობით. პირიქით, მას დანარჩენებზე მეტი საბაბი ჰქონდა, რათა სიზმრის საძებნელად თუნდაც ცხრა მთას იქით წასულიყო: ღამის დახატვა თუ შეგიძლიაო, ჰკითხა როგორღაც მეზობლის ბიჭმა, პატარა ზაზამ, რომელთანაც მას დიდი მეგობრობა ჰქონდა. ძალზე უცნაური თვალი ჰქონდა ამ ნამცეცა ბიჭს, რამ მოაფიქრა ასეთი შეკითხვა. ჰოდა, ვერ შეძლო ღამის დახატვა, ვერ აუსრულა იმ ბავშვს სურვილი. ხატავდა ყვავილებს გამომშრალი ფურცლებით. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან სახატავად გამოსადეგ ყვავილებს დაეძებდა... ამას გარდა ბინაც ყვავილებით ჰქონდა სავსე. ზოგი ქოთნებშიც ხარობდა, ზოგი ხის გეჯებში, ზოგიერთები აკვარიუმებში ტივტივებდნენ, ფესვებგაშიშვლებულები... ბევრი ეცადა, მაგრამ ვერც უცნაურად დაგრეხილი ფესვებით, ვერც მშრალი ფურცლებით ვერ მიიღო ის ელფერი, რაც ღამის ილუზიას შექმნიდა... ყოველ შემთხვევაში, თვითონ კმაყოფილი არ იყო და კარგად იცოდა, ეს რითაც დამთავრდებოდა ბოლოს: ერთ მშვენიერ დღეს დანით ჩამოფხეკს ამდენი ხნის ნაცოდვილარს. როცა სიზმრის ძებნაზე ჩამოვარდა სიტყვა, ასე იფიქრა: სიზმარი და ღამე ხომ განუყოფელია, თუ მართლა მივაგენით სიზმარს, ალბათ ღამეც იქ იქნებაო... ღამე ისეთი სახით, როგორითაც შეძლებდა მის დახატვას... ღამე, სრულიად მოულოდნელი ელფერით და ფორმებით, რასაც ვერაფრით ვერ წარმოიდგენს ამ წუთში. ამ თემაზე ხმამაღლა არაფერი უთქვამს, უხერხულად მოეჩვენა. მისი თანამგზავრებისთვის, ასე თუ ისე, აუცილებელი არ იყო ამ საეჭვო ძიებით დაინტერესება, თვითონ კი, თითქოსდა მართლა სისხლხორცეულად უნდა მოენდომებინა სიზმრის მიგნება. სხვა გზა არ ჰქონდა, ისე ვერ დაასრულებდა ნახატს.
     თანაც ამ ოთხეულიდან ყველაზე მეტად სწორედ მას, მეყვავილეს ეჩვენებოდა სიზმრის კვალზე სიარული ფანტასტიკურ წამოწყებად. ეს მართლაც წარმოუდგენელიაო, ფიქრობდა. გულში თუ გაივლებ, ხმამაღლა მაინც არ ნუდა თქვაო. სიზმრებს არ პოულობენ, სიზმარი თვითონვე გპოულობს...
     კარგა ხანია უკან დარჩა ხმაურიანი პროსპექტები, შედარებით მყუდრო ქუჩებში მიაბიჯებდნენ, საუბარიც უფრო გაცხოველებით წარიმართა. მონადირემ ნაირ-ნაირი სასეირო ფათერაკი გაიხსენა, რაც ნადირობის დროს შემთხვეოდა... ერთმანეთს არც კი გასცნობიან ჩვენი მოგზაურები. ეს ალბათ, ამ მოგზაურობის უცნაური, ცოტა არ იყოს, ბავშვური ხასიათით იყო გამოწვეული. მხოლოდ გარეგნული ნიშნების, ან სამოსის მიხედვით სცნობდნენ და მიმართავდნენ ერთმანეთს.
     ერთ ვიწრო ქუჩაზე შეუხვიეს. მონადირემ ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტა თხრობა და თქვა, ბავშვობისას ამ ქუჩაზე ვცხოვრობდიო. ტურისტი იმწამსვე გამოეხმაურა, სანამ ახალ კვარტალში გადავიდოდით, რომელიღაც ამგვარ ქუჩაზე ჰქონდათ ჩემს მშობლებს ბინაო. პეწენიკამაც არ დააყოვნა: შეიძლება ბინა არ მქონია, მაგრამ ბევრი მითამაშიაო ამისთანა ქუჩებში. ასეთ გარემოში თამაში როგორღაც იზიდავთ ბავშვებს. ბავშვობის მოგონებამ ყველას სახე გაუნათა, ყველას რაღაც გაახსენდა უსაზღვროდ შორეული წარსულიდან, რაც ახალი ზღაპარივით საინტერესო და მიუწვდომელი ეჩვენებოდათ. მაინც რა იდუმალი, უცნაური იერი აქვთ ამ ძველებურ, ვიწრო ქუჩებს, თავი თეატრში გეგონება. საცხოვრებლად, მართალია, ვერაა მაინცდამაინც მოხერხებული, მაგრამ რაც გინდა თქვი და საკუთარი სახე მაინც გააჩნია. არც ერთი სახლი არ ჰგავს მეორეს, რაც არ უნდა მინგრეული და უბადრუკი იყოს. ამას ვერ წაართმევ. მიდიხარ და ასე გგონია, ამ მობრეცილი კედლის იქიდან რაღაც უცნაური არსება გამოგეცხადება...
     ეს ქუჩა კი არა, ჩიხი ყოფილა. ოთხივენი შედგნენ აგურის ხავსომდებული კედლის წინ. შორიდან არ დაუნახავთ ქუჩის სიმრუდის გამო. აქა-იქ აგურები გამოცვენილიყო. მონადირემ ყველას დაასწრო, გაიჭვრიტა ნახევრად დანგრეულ კედელში და ბაღს ვხედავო, წამოიძახა.
     - რამდენჯერ გადავმძვრალვარ ამ კედელზე, ბაღში კონცერტები იმართებოდა, შესვლა ფასიანი იყო და აქედან ვიპარებოდით...
     - დარაჯმა იცოდა ჩვენი ამბავი, სულ აქეთ იყურებოდა, არ შემომეპარონო.
     - ერთხელ სახურავზე ავძვერით და დარაჯს საპნიანი წყალი გადავასხით თავზე. სანამ ის თვალებს იწმენდდა, ჩვენ უკვე შორს ვიყავით.
     - რამდენი გვდია მერე, მაგრამ რას დაგვიჭერდა.
     ეს ბავშვური ფათერაკები ისეთი გამოთქმებით და ხატოვნად აღწერა ოთხივემ, მათი მნახველი იფიქრებდა, მთელი ბავშვობა ერთად გაუტარებიათო. ბავშვის  თამაში ყველგან ერთმანეთს ჰგავს, თუ იმათ ოდესღაც სულ სხვებთან ერთად ითამაშეს, ეს სულაც არ უშლიდათ ხელს, ყოფილ ტოლ-მეგობრებად ჩაეთვალათ ერთმანეთი.
     ბავშვური გართობის გახსენება იმით დამთავრდა, რომ ვიღაცამ თქვა, მოდი ახლაც გადავძვრეთ კედელზე. გაურკვეველი იყო, ვის ეკუთვნოდა ეს წინადადება, დათანხმებით კი ყველა ერთსულოვნად დაეთანხმა. ერთმანეთის ხელის წაშველებით აფორთხდნენ კედელზე და რიგრიგობით ძირს ჩახტნენ.
     ბაღი ძალიან გავერანებული აღმოჩნდა. ჩანდა, დიდი ხანია რაც აქაურობა მიევიწყნებინათ. ფხვიერი აგურით მოფენილი ბილიკები შამბნარს დაეფარა, ოდესღაც საგულდაგულოდ გაკრეჭილ მწვანე ბუჩქებს, კარგა ხანია აღარ შეხებოდათ მებაღის მაკრატელი, რაღაც უცნაური, გამოუცნობი ფორმები მიეღო. ეს ფორმები უკვე აღარ ეკუთვნოდა არც ადამიანს, არც ბუნებას. ლამაზიაო, ვერ იტყოდით, მაგრამ წარმოსახვას ძალიან აღიზიანებდა. მნახველს აუცილებლად დაებადებოდა სურვილი, რაიმე ამოეცნო მათში. საზაფხულო თეატრი, სადაც ადრე კონცერტები იმართებოდა, ნახევრად დანგრეული აღმოჩნდა. შესასვლელ კარზე ხის ფიცრები მიეჭედებინათ ჯვარედინად. იქვე თუნუქის ნაჭერი კონწიალობდა, რომელზეც განცხადება მიეჩხაპნათ. ნახევრად წაშლილი ასოები, იუწყებოდა, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის რომელიღაც სამმართველოს... და უახლოეს ხანში მშენებლობას შეუდგება. ამან მონადირე მოთმინებიდან გამოიყვანა.
     - მიაკრავენ განცხადებას ამხელა ფართობს და არის მერე წლობით მიგდებული. არც თვითონ აკეთებენ რაიმეს, არც სხვებს აძლევენ ნებას. არც კი ვიცოდი, თუ ამხელა თავისუფალი ადგილი იყო აქ, ქალაქის ძველ გარეუბანში... - მონადირე გაჯავრებული ლაპარაკობდა.
     სხვებსაც უკვირდათ, როგორ მოხდაო, ამხელა ადგილი გამოუყენებელი და მიგდებული დარჩა. აქაურობა ისეა მიყრუებული, ადამიანს სადღაც სხვაგან, ქალაქიდან შორს გეგონება თავი. 
     ჩაუარეს ნახევრად დამპალ, მრგვალ ფიცარნაგს. აქ ალბათ კარუსელი უნდა ყოფილიყო. თითქოს ამის დასტურად, ფიცარნაგთან დამტვრეული ცხენი ეგდო, საკუთარი კუდისკენ თავმიღრეცილი. ორიოდე ფარღალალა ფარდულიც ნახეს: ერთი ვარსკვლავებით იყო მოხატული, მეორეს ირგვლივ სარკის ნატეხები ეყარა. აქ პეწენიკმა არ დააყოვნა რამდენიმე ტაეპი გაელექსა სამყაროს აპოკალიფსური დასასრულის შესახებ, თან საკუთარი გამოსახულების დანახვას ცდილობდა შედარებით მოზრდილ ნატეხში.
     რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო იშვიათად ხვდებოდათ რაიმე ნაგებობის ნაშთი. საბოლოოდ თავი ხეობაში ამოყვეს, სადაც ათასნაირი ხარახურა ეყარა: დაჟანგული თუნუქის ღუმელი თუ მანქანის დამსხვეული ნაწილები... რაღაც მილები ხან ამოძვრებოდნენ მიწიდან მსხვილი გველებივით, ხან ისევ უჩინარდებოდნენ. სიარული აქ შედარებით გაძნელდა, ყოველ წამს ბორძიკობდნენ ხარახურის გროვაზე, ფეხი ნაგავში ეფლობოდათ... ამის მიუხედავად, ნაბიჯს აუჩქარეს მოგზაურებმა, ამ ნაღვლიანი ხეობიდან თავის დაღწევა ეჩქარებოდათ... ფიქრობდნენ, ალბათ ისევ ქალაქის ძველ გარეუბანში გავალთ რომელიმე მრუდე ქუჩაზეო. ხეობა მოულოდნელად გაფართოვდა და მრუდე ქუჩის ნაცვლად მოგზაურებს ხასხასა, ფერადოვანი პეიზაჟი გადაეშალათ თვალწინ. ლაღად მხრებგაშლილი ხეები თუ მთის მწვერვალები თითქოს საგანგებოდ განლაგებულიყვნენ რომელიღაც უცნობი მხატვრის ნება-სურვილით, რათა ფერების და ფორმების უნაკლო ჰარმონია შეექმნათ. პეიზაჟის სილამაზემ მოგზაურები ბავშვებივით გაახალისა. ნაბიჯს სითამამე შეემატა, სახის იერიც შინაგანმა ენერგიამ გაასხივოსნა. რა სილაღეა და ჰაეროვნება, სრული ჰარმონიაა ცასა და მიწას შორის. ბუნებამ უკეთესად იცის თავისი საქმე, ჭეშმარიტი სილამაზე იქ არის, სადაც ადამიანის ხელი არ ჩარეულა. როგორც არ უნდა გაკრიჭო ეს მწვანე მცენარეები, ამაზე ლამაზი მაინც არასოდეს იქნება...
     ასეთი აღფრთოვანებული ტირადები უძღვნეს მოგზაურებმა ამ მიმზიდველ სანახაობას. ცალკე ისაც ახარებდათ, ნახევრად დანგრეული ნაგებობები რომ აღარსად ჩანდა... ნამსხვევები თუ ათასგვარი ხარახურა უკვალოდ მიიჩქმალა მწვანე საფარქვეშ. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, ირგლივ ყველაფერი სულ უფრო პირველქმნილი, ხელუხლებელ იერს იძენდა. ხავერდოვანი ბილიკი ხალიჩასავით ეგეგებოდა ფეხქვეშ. ტყის საამო, ჯანსაღი სუნთქვა მაცოცხლებელი ბალზამივით ხვდებოდათ გულზე. ამ ბილიკებზე დაუსრულებლად შეიძლებოდა სიარული. თვალს არ მობეზრდება დახატულივით მშვენიერი ხედების ჭვრეტა, რომლებიც ყოველი ხის მიღმა იშლებიან... სული თავისთავად ეხმაურება გაბადრული ბუჩქნარის მიღმა მიმალულ საოცრებებს, დაუოკებლად მიიწევს წინ, არასოდეს დაღლება ამ მწვანე სამოთხეში ნავარდით. თუ სხეული ყოველთვის ვერ შეუწყობს ნაბიჯს, დასვენებაც შეიძლება ხავერდოვან რბილ მოლზე კუნძსაც იპოვის კაცი, თუ მოლი არ ეპრიანება. შეუძლია ხმელ ტოტებს და ფოთლებს მოუყაროს თავი, თუ სიმშრალე ნებავს და ასე მყუდროდ მოკალათებულმა მიირთვას ყუათიანი საუზმე, რომელიც წინდახედულ მონადირეს წამოუღია თან... ანდა სულაც რომელიმე ადვილად მისადგომ ხეზე აძვრეს და მის ტოტზე მოიკალათოს. ტყეში ბევრია ხნიერი, ტოტებგაშლილი ხეები. მათზე ისე მოთავსდები, როგორც სავარძელში.
     უეცრად მონადირე შედგა და ირგვლივ დაეჭვებით მიმოიხედა:
     - მე მგონი, ეს ადგილი უკვე გამოვიარეთ.
     - რაზე ატყობ? - ჰკითხეს დანარჩენებმა, თან თვალების ცეცებას მოჰყვნენ.
     - აი, ეს ხე მეცნობა, - მიათითა მონადირემ მაღალ, ბარაქიანად გაფოთლილ ხეზე. ფართოდ გაბარჯღული ტოტები ისე დაბლა ჩამოეშვა, თითქოს მათ სიმძიმეს ვეღარ უძლებს და საცაა მიწაზე დააწყობსო. მაინცდამაინც არავინ დაუჭირა მხარი მონადირეს, ხე ხეს ჰგავსო, თქვეს. მართალია, ალალბედზე სიარულისას შეიძლება უნებურად წრე შემოხაზო, მაგრამ თუ ეს რაიმეთი არ დააზუსტე, მაინც ვერ იქნები დარწმუნებული. ხეების მსგავსება ამ შემთხვევაში არაა საიმედო. ამაზე ცოტა არ იყოს ნაწყენმა მონადირემ თქვა:
      - მართალია, ხე ხეს ჰგავს, მაგრამ არის ხეებიც, სადაც ჩასაფრება შეიძლება, ანდა ადვილად აძვრები, თუ დაგჭირდა. კარგ მონადირეს ეს არ უნდა გამოეპაროს.
      მონადირის სიტყვები საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ თანამგზავრების აზრით, მაინც სჭირდებოდა შემოწმება. მთლად ბოლომდე არც თვითონ იყო დარწმუნებული. ხე მართლაც ჰგავს ხეს, ისე როგორც კაცი კაცს. ამიტომ სანამ ისევ გაუდგებოდნენ გზას, ხის მახლობლად სანიშნე ჯოხი ჩაასვეს. ახლა ისე არხეინად აღარ მისეირნობდნენ, ნაბიჯიხ უფრო თანაბარი და გამიზნული გაუხდათ. ყურადებაც გამახვილებული ჰქონდათ, რათა გზიდან აღარ გადაეხვიათ უნებურად. ევლოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, მართალია, ეს მიმართულება ახლაც არსაით იყო მიმართული, მაგრამ წრეების შემოხაზვისგან მაინც უნდა აერიდებინათ თავი როგორმე. მათი მუსაიფიც ახლებურად წარიმართა. ტურისტმა მსგავსებაზე წამოიწყო ლაპარაკი:
      - ერთი ხანობა თითქმის ყოველდღე მხვდებოდა ვიღაც კაცი, ისე უცნაურად მგავდა, რომ ვშიშობდი, ერთმანეთი არ შეგვშლოდა. კარგა ხანია, აღარ მინახავს, გავცნობოდო მაინც... ასეთი რამეები საკმაოდ ხშირია, ყოველ შემთხვევაში იმაზე ხშირი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია... დიახ, ადამიანს უფრო სიამოვნებს ის იფიქროს, თითქოს მისი მსგავსი აღარავინ დადის ამქვეყნად...
      ოთხივე ისე შედგა, თითქოს ვიღაცამ უბრძანათო, ისევ იმ ტოტებჩამოშლილ ხეს მიადგნენ. ახლა კვე ყველამ ამოიცნო, ოღონდ მათდა გასაკვირად, სანიშნე ჯოხი არსად ჩანდა.
     - იქნებ ვინმემ ამოაძრო?
     - შეიძლება, მაგრამ ვის რაში დასჭირდა...
     ტურისტმა წინადადება წამოაყენა, მე მგონი, კომპასის მოშველიებას ვერ ავცდებითო. ამის წინააღმდეგ ყველამ ერთხმად გაილაშქრა, სიზმრის ქვეყანაში კომპასით... ვის გაუგია...
     - აბა, ასე დაუსრულებლად ვაკეთოთ წრეები?
     - კიდევ არის ერთი მიმართულება, - ამ ხნის მანძილზე პირველად გამოთქვა აზრი მეყვავილემ, - საკუთარ ჩრდილებს ვუყუროთ და ისე ვიაროთ. მე მგონია, სიზმრის ქვეყანასთან შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდეთ ჩრდილებს.
     - ჩრდილის მიმართულებით სიარული საბოლოოდ წრეს შემოგვახაზინებს. მზე ხომ განუწყვეტლით იცვლის ადგილს, - შეეპასუხნენ ტურისტი და პეწენიკი, - ალალბედზე სიარულმა კიდევ შეიძლება სადმე მიგვიყვანოს, ჩრდილის მიმართულება კი აუცილებლად საწყის წერტილში დაგვაბრუნებს.
     მაგრამ აქ მონადირემ დაუჭირა მხარი.
     - ხანდახან ჩრდილის მიმართულებაც შეიძლება გამოიყენო, ასეთი შემთხვევაც მქონია. ხელს არაფერი გვიშლის, რომ ვცადოთ. სულ ერთია, სხვა მიმართულება მაინც არა გვაქვს.
ისევ ჩაარჭვეს სანიშნე ჯოხი ხის ძირას და მიჰყვნენ საკუთარი ჩრდილების მიმართულებას. ჩრდილებიც გამგონე ფინიებივით მიუძღოდნენ წინ. უნებურად ლაპარაკიც კი აიკრძალეს მოგზაურებმა, უჩუმრად მიაბიჯებდნენ, ყურადღება- გამახვილებულები. თუ გზიდან გადახვევა დასჭირდებოდათ ბუჩქნარის ან რაიმე სხვა დაბრკოლების გამო, მთელი მონდომებით ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდნენ საკუთარ ჩრდილებს. თვალიც ფხიზლად ეჭირათ, არ გამოგვრჩესო ის ტოტებდაშვებული ხე... თუ მისი მსგავსი. მართლაც, სულ მალე ისევ იმ ხეს მიადგნენ, სანიშნე ჯოხი არც ახლა ჩანდა სადმე.
     - რკალი სულ უფრო დაუფრო ვიწროვდება, - ჩაილაპარაკა პეწენიკმა.
     - ეს უკვე საინტერესოა... - დაფიქრებით გამოეხმაურა ტურისტი.
     - მაგრამ საეჭვოც არის, - ჩამოართვა სიტყვა მონადირემ, - მე თუ მკითხავთ, აჯობებს უკანვე გავბრუნდეთ. არ მომწონს ეს გაუთავებელი წრე-ბრუნვა.
     მეყვავილე დარცხვენილი იდგა, მისმა რჩევამ ასეთი საწინააღმდეგო შედეგი რომ გამოიღო, უკან დაბრუნების მეტი, როგორც ჩანდა, აღარაფერი დარჩენოდათ. თითქოს ასედაც აპირებდნენ, მაგრამ არ ჩქარობდნენ... ადამიანს არ უყვარს უკან დაბრუნება. რაკი ერთხელ დაადგება გზას, ყოველ ღონეს ხმარობს მუდამ წინ იაროს და გზის ბოლომდე მიაღწიოს. ადგილის ტკეპნა დაიწყეს, აღარც წინ მიდიოდნენ, აღარც უკან. თითქოსდა დაუფიქრებლად, სრულიად უმიზნოდ ირგვლივაც შემოუარეს ამ ტოტებდაშვებულ ხეს და მის მეორე მხარეს იშვიათი სილამაზის ყვავილები აღმოაჩინეს. აღტაცების შეძახილი ყველას ერთხმად აღმოხდა მათი დანახვისას. ამ შეძახილებში მონადირის ომახიანი ხმა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოირჩეოდა:
     - სად არ ვყოფილვარ, ყვავილებიც ათასნაირი მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი ზამბახი ჯერ არსად არ შემხვედრია, - თქვა დარწმუნებით.
     - კი, მაგრამ ნამდვილად ზამბახია? - ტურისტი დაიხარა და ყურადღებით დააცქერდა, - თითქოს უცხო მინერალის ძარღვიაო...
     - ყოველ შემთხვევაში ზამბახს უფრო ჰგავს, ვიდრე რომელიმე სხვა ყვავილს, - დამაჯერებლად თქვა მეყვავილემ, - თუმცა ცოტა უცნაურად კი გამოიყურება.
პეწენიკმა დრო იხელთა და მაშინვე პოეტური ტაეპების ღვარი გადმოაფრქვია ,,მეწამულ-ბინდისფერ ზამბახებზე, რომლებსაც ასე ჯადოსნურად წარეტაცათ აისის ელფერი~. თან ისიც აღნიშნა გულნაკლულად, დღევანდელ დღეს პოეზიაში სულ სხვა თემატიკა მეუფებს, ყვავილების სახოტბოდ იმდენად აღარ იწუხებენ თავს, მაგრამ ეს სრულიად უჩვეულო სილამაზეა, ვერავინ ვერ ჩაუვლის გვერდს გულგრილად. შევყურებ და ასე მგონია, საცაა ამომავალ მზეს დავინახავო...
     მართლაც, მეწამულ აისს მოაგონებდა მნახველს ეს უცნაური ყვავილები. როცა ბინდბუნდის ჩრდილი ჯერ ისევ შერჩენია ზეცას, მაგრამ ყოველ წამს სულ უფრო მძლავრობს მზის სხივების არილი. სათუთ ფურცლებზე მჭიროდ მეზობლობდნენ მოწმენდილი ცის გამჭვირვალება და ბინდბუნდის ხავერდოვნება, მაგრამ ეს სიმჭიდროვე სულაც არ უშლიდათ ხელს, იშვიათი სიცხოველით ეჩინათ თავი. ტოტებგაბარჯღულ ხესაც დიდი მცდელობით ჩამოეშვა დაბლა თავისი მწვანე კარავი, რათა უცხო თვალისთვის მოერიდებინა მათი უცხო სილამაზე...
     და უცბად შეამჩნიეს მოგზაურებმა, მეწამულ-ბინდისფერ ზამბახებს მიჰყვებოდნენ უნებლიეთ... არა, ამაზეარც უფიქრიათ, უბრალოდ მეტისმეტად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ მეწამულ-ბინდისფერი ზამბახები მზით განათებულ მწვანე მოლზე. აისის ნაკუწებს ჰგავდნენ, დღის სამფლობელოში შემთხვევით დარჩენილებს. თანაც, როგორც შემდგომში თანდათან გამოიკვეთა, უწესრიგოდ სულაც არ ყოფილან მიმოფანტულნი. ერთ გარკვეულ მიმართულებას მიუყვებოდნენ, თითქოს მართლა ბინდბუნდს გადაევლო აქ და მის ნაკვალევზე ეხარათ. პეწენიკმა განსაკუთრებით შეაქო მათი იდუმალი იერი, ისე მრავალმნიშვნელოვნად გამოიყურებიან, სულაც არ გამიკვირდება, ლაპარაკი რომ დაიწყონო. დაუსრულებლად შეიძლებოდა გევლოთ მათ კვალდაკვალ. თუ სიზმარეული სამყაროს კარიბჭეს ვერ მიაგნებდი, მათი სილამაზის ჭვრეტა ხომ შეგრჩებოდა? განა ეს არაფერი არ ღირს? განა ცოტას ნიშნავს, ფეხი შედგა ამ ზღაპრულ ბილიკზე და ბოლომდე შეიგრძნო მისი მშვენიერება. თავისთავად ეს შეგრძნება ყოველგვარ ძვირფას აღმოჩენაზე მნიშვნელოვანია. ეს გამოძახილია იმ ჯადოსნური სამყაროსი, რაც ყოველ ადამიანში დავანებულა...
     ასეთი მაღალი, ზეაწეული განწყობილებით მიაბიჯებდნენ ჩვენი მოგზაურები ამ მშვენიერ, ყვავილოვან ბილიკზე. ბოლოს, არც ისე დიდი ხნის სიარულის მერე, ერთ-ერთმა მათგანმა შეამჩნია, მეწამულ-ბინდისფერი ზამბახები ფითრდებიანო.
     ამ შენიშვნამ მოგზაურები გამოაფხიზლა, პოეტური ღრუბლების სიმაღლიდან დაბლა დაეშვნენ და ერთხმად დაასკვნეს, ზამბახებს მართლაც ეცვლებოდათ ფერი, ყოველ შემდგომ ნაბიჯზე სულ უფრო ეკარგებოდათ მეწამული აისის მსგავსი არილი, ისე მომხიბლავად რომ ერწყმოდა ბინდისფერს. მუქი მეწამული ჯერ ვადისფერში გადავიდა... ეს ვარდისფერიც თანდათან გამკრთალდა. სულ ოდნავღა ჭიატობდა, როგორც მზის შორეული ჩირაღდანი. მერე ისიც ჩაქრა, მის ნაცვლად მკრთალი ბუნდოვანი ფერი დარჩა. ეს ფერი ძალიან წააგავდა განთიადის სიფითრეს, როდესაც მზე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ დღის ნათელი უკვე მკაფიოდ იჩენს თავს. სამაგიეროდ, ბინდისფერი უფრო ჩამუქდა, მეტი ხავერდოვნება შეიძინა.
რა საოცარი ფერია, გაფითრებულ-ბინდისფერი, - ჩაილაპარაკა მეყვავილემ. მის ხმაში გაკვირვება ისმოდა.
     - ამაზე უფრო მეტად იშვიათი მინერალიც არ გამაკვირვებდა, - დაუდასტურა ტურისტმა.
     - სილამაზით ოდნავადაც არ ჩამოუვარდებიან თავიანთ წინამორბედებს, - პეწენიკს თვალები აღტაცებით უელავდა, - ერთი შეხედეთ, თითქოს მართლა ბინდის ნაკვალევია. ესენი უფრო გვანან ბინდს.
     რაც შეეხება მონადირეს, ხმისამოუღებლად მდგარი გაოცებული შეჰყურებდა თავის თანამგზავრებს და ბოლოს იკითხა:
     - ყველა ერთად შეიშალეთ თუ რა მოგივიდათ, სად ხედავთ გაფითრებულ ბინდისფერ ზამბახებს.
     - აგერ, შენს ცხვირწინ, - ერთხმად მიუთითეს დანარჩენებმა.
     მონადირემ დაიხედა მითითებულ ადგილას, უფრო გაოცებულმა ამოხედა მათ, ნეტავი რას მუხემრებითო, აქ არაფერიც არ ჩანსო.
     გაოცებისაგან ერთი წამით თითქოს დამუნჯდნენ მისი თანამგზავრები, მერე კი ერთხმად ალაპარაკდნენ: როგორ, მონადირე, ასეთი მჭრელი თვალის პატრონი, რომელსაც მხედველობიდან არაფერი გამორჩება, სულ უმცირესი წვრილმანიც კი, ვერ ხედავს იმას, რაც ასე ცხადად დევს მის ცხვირწინ. ეს რაღაც დაუჯერებელია. ალბათ თვითონ მონადირეა ხუმრობის გუნებაზეო.
     ამის პასუხად მონადირე დაიბღვირა, ეჭვიანად სათითაოდ მოავლო მათ თვალი.
     - თქვენ, როგორც გატყობთ, ჩემს გასამასხარავებლად შეგიკრავთ პირი, - თქვა პირქუშად, - მე სახუმაროდ სულაც არ მცალია. ისედაც ამდენი დრო დავკარგე... სიზმრის საძებნელად... თქმაც კი მიჭირს, ისე სულელურად ჟღერს. თუ დიდი სურვილი გაქვთ, მიჰყევით მაგ უჩინარ ყვავილებს. მე აგერ, ტყეში გავივლი, ცოტას წავინადირებ. იქნებ სიზმარიც, - აქ ცოტათი წაიფრუტუნა, - შემომხვდეს. 
      თოფი შეისწორა მხარზე, ფეხი არხეინად დააბიჯა მის წინ გაფურჩქნილ ზამბახს და სხვა მხარეს გაუხვია. სანამ თვალს არ მიეფარა ხშირ ხეებს იქით, ქანდაკებებივით უბრად და ხმისამოუღებლად იდგნენ მისი თანამგზავრები, იქნებ მობრუნდესო. ასეთი გამჭრიახი და გამოსადეგი თანამგზავრი, სჯობდა ისევ მათთან ყოფილიყო. მისი უცნაური საქციელიც ძალიან აკვირვებდათ. ვერ გაეგოთ, გაეხუუმრა მათ მონადირე, თუ მართლა ვერ დაინახა გაფითრებულ-ბინდისფერი ზამბახები.
      - საოცარია, ვერ ხედავდე იმას, რაც შენ ცხვირწინ დევს, - დაფიქრებით ამბობდა მეყვავილე.
     - ასედაც ხდება... და საკმაოდ ხშირადაც, - გამოეხმაურა პეწენიკი.
     - ასე არ უნდა დაბრმავდე ადამიანი, - იმეორებდა ტურისტი.
ასეთი მშვიდი მუსაიფით კარგა ხანს იარეს გაფითრებულ-ბინდისფერი ზამბახების კვალდაკვალ და მერე უცბად აღმოაჩინეს, რომ ზამბახები ისევ იცვლიდნენ ფერს.
     - ხედავთ? თანდათან მუქდებიან, - წამოიძახა პეწენიკმა.
     სულ უფრო ემსგავსებიან ღამის ბინდს, - ჩაილაპარაკა მეყვავილემ. რაც მონადირე გამოაკლდათ, იგი წინ მიუძღოდა ამ პატარა ჯგუფს. გაფაციცებით ეძებდა ზამბახებს ბუჩქებისა თუ ჩირგვების მიღმა. ხანდახან თითქოს თვალს ეფარებოდნენ ეს მზაკვარი ყვავილები. მაგრამ მეყვავილე მაშინვე პოულობდა მათ, ისე სწრაფად და ადვილად, თითქოს მთელი სიცოცხლე სხვა აღარაფერი უკეთებიაო. დანარჩენებიც დიდი გულმოდგინებით მიჰყვებოდნენ უკან, ძალზე გაიტაცა ამ ბავშვურმა გართობამ ეს დარბაისელი ხალხი. კიდევ კარგი, მოწმე არავინ ჰყავდათ, არავინ უთვალთვალებდათ, არც ნაცნობი, არც უცნობი, თორემ ალბათ იმწამსვე დაანებებდნენ თავს ამ უცნაურ საქმიანობას.
     განსაკუთრებით ფერთა ამ უცნაურმა ცვალებადობამ დააინტერესა მოგზაურები, ცვლილება ყოველთვის ერთი მიმართულებით, სინათლიდან სიბნელისკენ ხდება, ღია ფერიდან მუქისკენ. ამიტომ ფერთა ცვლა არ უნდა იყოს უბრალო ამბავი, ალბათ რაღაცას მიგვანიშნებს. გაფითრებული ფერი თანდათან ჰქრება, მის ნაცვლად ბინდისფერს მუქი ლურჯი ერწყმის.
     - ეს უკვე ნამდვილი მუქ-ბინდისფერია, - წამოიძახა მეყვავილემ.
ზამბახის ფურცლებზე საბოლოოდ გაქრა ადრეული განთიადის მკრთალი სიფითრე, მისი 
     ადგილი მუქ-ლურჯმა დაიკავა. ეს ფერი უკვე დილის რიჟრაჟს გავდა დღისა და ღამის გასაყარზე, როცა ნათელი ოდნავ შეეხება ღამის სიბნელეს. ბინდისფერსაც შეემატა მუქი ფერი და ხავერდოვნება.
     პეწენიკმაც არ დააყოვნა აღფრთოვანებით მისალმებოდა ამ იშვიათ ყვავილს:
     - მე არასოდეს მინახავს დღისით, მზისით, მწვანე მდელოზე მოსეირნე ღამე, მაგრამ ამ წუთში ეჭვიც არ მეპარება, რმო აქ ნამდვილად ღამეს უსეირნია და ეს მუქ-ბინდისფერი ზამბახებიც მის კვალზე ამოსულან. ეს ხომ ნამდვილი ჯადოსნური ყვავილებია, მე მათ თუნდაც ქვეყნის დასალიერამდე გავყვები.
     ტურისტს ამჯერად ხმა არ გაუღია. დაფიქრებული იდგა, ეჭვით და გაოცებით შეჰყურებდა თავის თანამგზავრებს, მაგრამ როცა პეწენიკმა და მეყვავილემ გზის გაგრძელება დააპირეს, ახლა საით უნდა წავიდეთო, იკითხა.
     - რა საკითხავია, მუქბინდისფერ ზამბახებს გავყვებით.
     - მერე სად ხედავთ მუქბინდისფერ ზამბახებს.
     - შენ ცხვირწინ, - ერთხმად წამოიძახეს პეწენიკმა და მეყვავილემ.
     ტურისტმა ისინი დაეჭვებით შეათვალიერა და თავი გაიქნია, მე აქ ვერავითარ ზამბახებს ვერ ვხედავო. ამაოდ უთითებდნენ თანამგზავრები, ტურისტიც ამაოდ აჭყეტდა თვალებს რაიმეს დასანახად. ბოლოს თავმობეზრებულმა ასე უთხრა მათ:
     - მე აქ ვერავითარ ყვავილებს ვერ ვხედავ და ეჭვიც არ მეპარება, რომ არც არსებობენ. რომ არსებობდნენ, მის დანახვას ვერავინ დამასწრებდა. ჩემს თვალს არაფერი გამოეპარება, სულ უმცირესი უცხო მინარევსაც აღვიქვამ ხოლმე მინერალში. მიჰყევით მაგ თქვენს არარსებულ ყვავილებს, მე სხვა გზით ვამჯობინებ წასვლას.
     ამ სიტყვების შემდეგ ციცაბო კლდეების მიმართულებით გადაუხვია, მწვანე კენწეროების მიღმა რომ მიუყვებოდნენ ჰორიზონტს. კლდეებს შორის აქა-იქ ჩაღამებული მღვიმეებიც მოჩანდა. ტურისტმა იმ მღვიმეებისკენ აიღო გეზი. მიაბიჯებდა, თან თავის თავს ლანძღავდა:
     - რამდენი დრო დავკარგე სულ ტყუილუბრალოდ. ბინდისფერი ზამბახების დევნა... სირცხვილით ვერცკი გაამხელ კაცი. იმ მღვემეებში კი რამდენი საინტერესო რამეს შეიძლება წააწყდე. გამორიცხული არაა, სიზმარიც... ჰმა, სადმე იქ იყოს, ახლომახლო...
პეწენიკი და მეყვავილე ტურისტის გაუგებარმა დაბრმავებამ კიდევ უფრო გააოცა. კარგა ხანს ვერ ამოიღეს ხმა. მერე მეყვავილემ ჩაილაპარაკა, ნეტავი თავს ხომ არ იკატუნებსო. იქნებ მობეზრდა ჩვენთან ერთად სიარული, ამის პირდაპირ თქმას კი ასეთნაირად გახუმრება ამჯობინა.
     - არა მგონია, - შეეპასუხა პეწენიკი, - ნაღდად ეტყობოდა, ვერ ხედავდა მუქბინდისფერ ზამბახებს... საოცარია, რომ ასე შეიძლება დაბრმავდეს ადამიანი...
ამ მუსაიფით ნელ-ნელა მიჰყვებოდნენ მუქბინდისფერ ზამბახებს. პეწენიკი ფერადოვანი გამოთქმებით ანვითარებდა იმ აზრს, თუ რა საეჭვოა ადამიანის თვალი, რა ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. ძალიან ხშირად ხედავ რაიმე უმნიშვნელოს და სწორედ ის გეჩვენება ყველაზე უმთავრესად, ამ დროს კი მასზე ბევრად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება ვერ შეამჩნიო, თუნდაც ჩვენ ცხვირწინ იყოს. ასე ჩაუვლი გვერდს, არცკი მიიხედავ მისკენ. ჩვენს ირგვლივ ხომ ყველაფერი მეტყველებს თავისთავად, ყველაფერი რაღაცის სიმბოლოა და ხატი. ბიჭობა მათი დანახვაა...
      მეყვავილე მთელი არსებით ეთანხმებოდა. თვითონაც ბევრჯერ მოსვლია ასეთი აზრი თავში. რამდენჯერ უამრავი დრო დაუხარჯავს რომელიმე სურათზე, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ამავე დროს, რაღაც აკლდა, რაღაც სულ პატარა, უმნიშვნელო... ეძებდა იმ უმნიშვნელოდ პატარას, ვერ პოულობდა... და მერე შეიძლება სრულიად შემთხვევით ენახა იგი, ისეთი უბრალო, რომ ძალიან უკვირდა, ამდენ ხანს როგორ ვერ შევამჩნიეო. ერთხელ ასეთი რამეც კი მოხდა: ქარმა შემოაღო კარები, დაუბერა იქვე დაგროვილ ყვავილების მშრალ ფურცლებს და ნახატს მიაყარა. როცა კარები მიხურა და ნახატს მიუბრუნდა, ერთი ფურცელი შერჩენილიყო, ერთი შეხედვით, თითქოსდა უადგილოდ, მაგრამ ისე უცნაურად და ლამაზად, რასაც თვითონ ალბათ თავის დღეში ვერ მოიფიქრებდა, ანდა საკმაოდ ხნის გასვლის შემდეგ შეიძლება მიეგნო. ნიავის დაქროლვასავით უმნიშვნელო რამ არის საჭირო, სასწაული რომ მოხდეს და ნახატი გაცოცხლდეს. ის ნახატი ახლა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა. ასედაც ხდება ხანდახან, ქარიც კი შეიძლება დაგეხმაროს, ოღონდ უნდა შეგეძლოს შეაფასო მისი მოწვდილი ძვირფასი საჩუქარი. ეს უცნაური ყვავილებიც ხომ საჩუქარივითაა, ბუნების მიერ მოწვდილი... თითქოს მართლა ჯადოსნური სამყაროსკენ მიმავალი ბილიკიაო, ისე იცვლიან ფერს, კიდევ უფრო მუქდებიან.
      პეწენიკმაც დაუდასტურა, ეს მე უკვე კარგა ხანია შევამჩნიე, ლურჯი ფერი თანდათან მუქდება, ღამისფერში იხსნება.
      უბეც წინ მდინარე გადაეღობათ. ისე მოულოდნელად წაადგნენ თავზე, რომ გაოცებულები შეჩერდნენ. მდინარის ხმა სრულებით არ ისმოდა. თუმცა საკმაოდ სწრაფად მოაგელვებდა ლეგა ფერის ტალღებს. მეყვავილემ მდინარის პირას ძალიან მუქი ფერის ზამბახი შეამჩნია. მის ფურცლებს უკვე აღარ ერთოვოდა არც მზის მეწამული არილი, არც ადრეული განთიადის სიფითრე, არც რიჟრაჟის მუქ-ლურჯი სულმთლად შავი ფერისა იყო. ღამესავით დაბინდული, თითქოს ჩრდილიაო, ოღონდ უჩვეულოდ ჩამუქებული ჩრდილი, ისე მოჩანდა მზით განათებულ მდელოზე.
     - ერთი შეხედე, წერტილიც კი არ ურევია სხვა ფერის, სულ ერთიანად ბნელ ღამეს გავს, - აღფრთოვანებით ამბობდა მეყვავილე, - იმ ნაირფერი ზამბახებისა რა მოგახსენოთ, ეს კი ნამდვილად ღამის ნაკვალევია. იმათზე ბევრად ლამაზია, თუმცა... ცოტა არ იყოს, შხამნარევი ჩანს ეს სილამაზე.
     პეწენიკი აღარ გამოხმაურებია ამ ახალ აღმოჩენას პოეტური მეტაფორებით, სულ სხვა მხარეს იყურებოდა დაბნეული უმეტყველო სახით.
     - საით იყურები, აგერ შენ ცხვირწინ დაიხედე.
     პეწენიკმა დაიხედა მითითებულ ადგილას, მაგრამ არც ახლა გაუღია ხმა მეყვავილეს ეჭვმა გაურბინა გულში.
     - ვერც შენ ხედავ ღამისფერ ზამბახებს?
     პეწენიკმა თავი ნელა გააქნია უარის ნიშნად.
     - კარგად შეხედე, დაუკვირდი, ზუსტად შენ ცხვირწინაა, - არ ეშვებოდა მეყვავილე, - შეუძლებელია ვერ ხედავდე. აკი ასე ცხადად ჩანს. მე ხომ არ მეჩვენება, - დაუმატა შეშფოთებით.
     ამაზე ცოტა ხნით იყუჩა პეწენიკმა და მერე ასე ალაპარაკდა:
     - მე ვერ ვხედავ ღამისფერ ზამბახებს, შენ შეიძლება ხედავდე, შეიძლება არა. ეს შენი საქმეა, ყერაფერს ვიტყვი. მიჰყევი მაგათ, თუ სხვანაირად არ შეგიძლია. მე მდინარეს დავუყვები. ჩემი აზრით, ეს მდინარე ღამისფერ ზამბახებზე არანაკლებ საოცარია. იმაზე ვერ დავდებ თავს, სიზმარს მაპოვნინებს თუ არა, მაგრამ რომელიმე ქალაქში აუცილებლად მიმიყვანს. იქ ფოტოაპარატი ექნებათ, მე არ წამომიღია და ამ წუთში ძალიან ვნანობ, რა იქნებოდა იმაზე ეფექტური, რომ ფირზე აღგვებეჭდა ამ საოცარ მდინარესთან შეხვედრის წუთები. ასეთი სურთი ხომ დიდი იშვიათობაა.
      და პეწენიკი დაუყვა მდინარეს. თან რამდენიმე ტაეპით ხმამაღლა შეაქო მისი იშვიათი სილამაზე: თვითონ ხომ სიზმარს ჰგავსო სწრაფად მსრბოლი უხმო ტალღებით, ამავე დროს, ირგვლივ ყველაფერს სიზმარს ამსგავსებს. მეყვავილე აღტაცებაში მოიყვანა ნამდვილად მშვენიერმა, დახვეწილმა ტაეპებმა, თვალი სევდიანად გააყოლა მიმავალ პეწენიკს. გუნებაში იფიქრა, ხომ არ აჯობებს მეც თან გავყვეო. ისედაც არ სიამოვნებდა მარტო დარჩენა. შეფიქრიანებულმა დახედა ღამისფერ ზამბახს, კიდევ უფრო მიმზიდველი და მომაჯადოებელი მოეჩვენა იგი. სიზმარში მყოფივით გადაადგა მათკენ ნაბიჯები, სულ სხვა მიმართულებით იმ გზიდან, რომელსაც პეწენიკი გაუყვა.
      ბევრად უფრო მოწყენილი გამოიყურებოდა მეყვავილე, როცა მარტოდმარტო შერჩა ღამისფერი ზამბახებით მოფენილ ბილიკს. სულ სხვაა, როცა ვინმე მოაბიჯებს გვერდით, ხან გაგაცინებს, ხან დაგაფიქრებს, შეიძლება ცოტათი დაგგესლოს, მაგრამ მარტო სიარულს მაინც სჯობია. კაციშვილი არ ჭაჭანებს ირგვლივ, მხოლოდ ზეცა დაჰყურებს მღალიდან მუდამ ერთნაირი, განურჩეველი ხედვით.
      ნაბიჯს აუჩქარა უნებურად, თან გულში ფიქრობდა: თუ ძალიან გაჭიანურდა ეს გზა, აღარც მე გავყვები, როგორც არ უნდა შეიცვალონ იერი ამ ჯადოსნურმა ყვავილებმაო. ან სადმე გადავუხვევ, ანდა უკან დავბრუნდებიო. შეიძლება ითქვას, მიზანის მიაღწია, ამ ღამისფერი ზამბახით ნამდვილად შეიძლება ღამის დახატვა.
      ერთ-ერთი ზამბახი მოწყვიტა. ღამისფერი ხავერდოვანი ფურცლები ჩრდივლით დაეფინა ხელებზე. ისე ახლოდან კიდევ უფრო გასაოცრად მოეჩვანა იგი მეყვავილეს.
      - ბნელი ღამის ნაკუწს ჰგავხარ, შენი გულისთვის მე მგონი ღირს ამ ბილიკზე სიარული. მაინც ვნახავ, სადამდე მიმიყვან, - უთხრა ხელებზე დაფენილ ღამისფერ ყვავილს.
სიარულის დროს ხშირ-ხშირად დახედავდა ხოლმე მოწყეტილ ზამბახს, იმათ ადარებდა, რომლებითაც ბილიკი იყო მოფენილი. მათ შორის ვერავითარ განსხვავებას ვეღარ პოულობდა.
      - ზამბახები ფერს აღარ იცვლიან, - ამბობდა თავისთვის, - ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს, უკან ხომ არ უნდა დავბრუნდე?
      მაგრამ იმავე წამს გავლილი გზა ახსენდებოდა და ისევ წინ მიდიოდა, ამაოდ ხომ არ გამოვიარე ამდენი მანძილიო.
      ზამბახი ზამბახს მისდევდა, გზას დასასრული არ უჩანდა, არც არაფერი იცვლებოდა. მეყვავილეს ქანცი გაუწყდა. კიდევ ბევრჯერ დააპირა უკან დაბრუნება, მაგრამ გავლილი გზის გახსენება ისევ წინ ეწეოდა. დაღლილ-დაქანცულს ისიც კი არ გამოეპარა მხედველობიდან, რომ ღამისფერი ზამბახები თანდათან გაიშვიათდნენ. აქა-იქ იყვნენ მიმოფანტულნი. მათ ძებნაში მეყვავილე უთავბოლოდ აწყდებოდა აქეთ იქით, ბოლოს კი ვეღარ იპოვა მომდევნო ზამბახი.
     - ახლა მართლა დაბრუნების დროა, - გადაწყვიტა მეყვავილემ და მობრუნდა კიდეც, რათა უკანვე გაჰყოლოდა ღამისფერი ზამბახების ბილიკს, მაგრამ ახლა თვით ეს ბილიკიც ვეღარ იპოვნა. ალბათ ძალიან დაშორდა ბოლო ზამბახის ძებნაში. ერთადერთი ისევ ის ღამის ფერი ზამბახი ეპყრა ხელთ, ამ ბილიკის დასაწყისში რომ მოწყვიტა.
     მაშინ გარემო მოათვალიერა ყურადღებით, სცადა ხეების თუ ბუჩქნარის განლაგება კარგად ჩაებეჭდა გონებაში. განსაკუთრებით კი იმ მთაგრეხილზე გაამახვილა ყურადღება, ჰორიზონტს რომ მიუყვებოდა მწვანე კენწორებს მიღმა. შედარებით მომაღლო მწვერვალი ამოირჩია და მისი მიმართულებით დაადგა გზას. მიაბიჭებდა და იმ მწვერვალს ერთი წუთითაც არ უშვებდა მხედველობიდან. იმედი ჰქონდა, ამ ტყიდან გამომიყვანსო. და როცა შედგა იმის განსაზღვრისათვის, თუ რა მანძილი გაიარა, განცვიფრებით აღმოაჩინა, რომ ისევ ის ხედი იყო მის ირგვლივ, რაც დასაწყისში ჩაიბეჭდა გონებაში. იმავე ადგილას იდგა ყოველი ხე და ბუჩქი, მთაგრეხილის იგივე დაკლაკნილი ხაზი გადაკვროდა ჰორიზონტს. მაღალი მწვერვალი, მისი მთავარი მიზანი, ერთი ბეწოთიც არ მოახლოებულიყო.
     ხე ხეს ჰგავს, მთა კიდევ მთას, მაგრამ მაინც უცნაური ამბავიაო, გაფიქრა ცოტა არ იყოს შემკრთალმა მეყვავილემ. უფრო დაბეჯითებით მოათვალიერა იქარუობა, გონებაში ყველა ხე და ბუჩქი აღნიშნა, რასაც კი თვალი მიაწვდინა თვით ღრუბლებიც კი დაიმახსოვრა, მკვრივი ბორცვივით ჰაერში გამოკიდებული სიარულითაც უფრო მეტ ხანს იარა ახლა. თვალს არ აცილებდა იმ მწვერვალს, ცდილობდა მუდამ მისი მიმართულებით ევლო.
     როცა დადგა და გარემო მოათვალიერა, ახლაც იგივე ხედი იხილა, იგივე ხეები, ბუჩქები, იგივე განლაგება, მთაგრეხილის იგივე კლაკნილი ხაზი. მაღალი მწვერვალი ახლაც იმავე მანძილზე იყო მისგან. თვით ღრუბელიც კი... ზუსტად იმავე ფორმის ღრუბელი ეკიდა ცაზე მის თავს ზემოთ. მისი მოხაზულობა ოდნავადაც არ შეცვლილიყო. 
     ეს რა ხდებაო, გაიფიქრა შეშფოთებულმა მეყვავილემ, რას უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური მოვლენა. მივდივარ, მივდივარ და ამავე დროს ერთი ნაბიჯითაც ვერ მივიწევ წინ, ყველაფერი ერთ წერტილში გაყინულა. იქნებ მეჩვენება, თითქოს მივდივარ და ამ დროს ერთ ადგილს ვტკეპნი, ანდა ეს ხეები, მთაგრეხილი თუ ღრუბლები უსასრულოდ გვანან ერთმანეთს და დაუსრულებლად მეორდებიან. ალბათ თავს ვეღარ დავაღწევ ამ უსასრულო განმეორებებს... მართლა შხამიანი ყვავილი ყოფილხარ, ეს სად შემომიტყუე...
     ბოლო ფრაზა ღამისფერი ზამბახის მისამართით თქვა და მოისროლა კიდეც ძირს. მწარედ ნანობდა, რატომ არ გავყევიო თავის დროზე რომელიმე ჩემს თანამგზავრს, ასე უაზროდ, უხილავის დევნაში რატომ გავფლანგეო ამდენი დრო. ერთი აქედან გამიყვანა და სხვა აღარაფერი მინდა, აღარც ღამის დახატვა, აღარც სიზმრის მიგნება...
     ღამის ნაკუწივით დაეცა ძირს ღამისფერი ზამბახი, თითქოს წერტილი დაუსვაო ამ ბილიკს. და იმავე წამს რაღაცა შეიცვალა ამ გაყინულ წერტილში. მეყვავილემ რაღაც მოძრაობას მოჰკრა თვალი... მისი ჩრდილი იყო, ფეხებთან ფინიასავით გაშოტილი. ამდენხანს არ შეუმჩნევია, მთელი ყურადღება გზის მოძებნაზე ჰქონდა გადატანილი. როგორც კი ღამისფერი ზამბახი დაეცა ძირს, ჩრდილმა, ყოველთვის გამგონედ რომ იმეორებდა მეყვავილეს მოძრაობას, რაღაც სულ სხვა, ზედმეტი მოძრაობა გააკეთა... ხელი გაიწოდა ღამისფერი ზამბახისკენ, თითქოს მისი აღება უნდაო.
      განცვიფრებით დახედა მეყვავილემ საკუთარ ჩრდილს. თვითონ ხელი არცკი გაუწვდენია ღამისფერი ზამბახისკენ, მის აღებას სულაც არ აპირებდა... თანაც რა უცნაურად ჩამუქებულიყო... ჯერ არასოდეს ენახა მეყვავილეს ასე ღამესავით ჩაშავებული ჩრდილი, ღამისფერ ზამბახს გავდა ელფერით, ესეც ინიშნა თუმცა ჩრდილი დიდი მონდომებით იწვდიდა ხელს ღამისფერი ზამბახისკენ, მაგრამ მისი აღება არ შეეძლო.
     უცნაური სიცხოველით შეიგრძნო ჩრდილის უძლურება მეყვავილემ. უფრო უმეტესად და ძლიერად, ვიდრე საკუთარი სხეულის უძლურება უგრძვნია ოდესმე. ბოლომდე გააზრებაც ვერ მოასწრო, თუ რის გაკეთებას აპირებდა, ისე გაიწოდა თვითონაც ხელი და აიღო ღამისფერის ზამბახი.
     ჩრდილმა მორჩილად გაიმეორა მისი ეს მოძრაობა, ისევ გამგონედ, ფინიასავით გაუწვა ფეხქვეშ. დაკვირვებით უთვალთვალებდა მეყვავილე, სხვა ვერავითარი ზედმეტი მოძრაობა შეამჩნია და გუნებაში გადაწყვიტა, ისევ მიჰყოლოდა ჩრდილის მიმართულებას (სულერთია, სხვა მიმართულება მაინც არ არსებობდა), იქნებ მისი წყალობით დავაღწიო თავი აქაურობასო. ხელში ფრთხილად ეპყრა ღამისფერი ზამბახი. მიაბიჯებდა და უჩვეულოდ ჩამუქებულ საკუთარ ჩრდილს არ აშორებდა თვალს, ერთხელაც არ აუხედია მაღლა, იმ გაყინული ხელის და ღრუბლების დანახვა აღარ უნდოდა.
     ბოლოს შეამჩნია, ჩრდილმა გაფერმკრთალება დაიწყო, უკვე აღარ იყო ისე ღამესავით ჩამუქებული, ამავე დროს, ღამისფერ ზამბახსაც შეეცვალა ფერი. მოლურჯო მიიღო. ძალიან ნასიამოვნები დარჩა ამით მეყვავილე. როგორც ჩანს, თავი დააღწია იმ გაყინულ წერტილს. რაღაც ხდებოდა მის ირგვლივ, რაღაც ფერს იცვლიდა... უფრო ბეჯითად განაგრძო გზა, ჩრდილი მეგზურივით მიუძღვოდა წინ. კიდევ უფრო გაფერმკრთალდა, თითქოს შუქის უხილავი წყარო შეერიაო. ღამისფერ ზამბახსაც ადრეული განთიადის ფერი დაედო.
კიდევ უფრო შეუმსუბუქდა ნაბიჯი გახარებულ მეყვავილეს, მგონი თავს ვაღწევ ღამის სამყაროს, მზის ქვეყანაში გავდივარო. მართლაც, ჩრდილი უფრო მეტად გაფერმკრთალდა... ცოტაც და მისი ჩვეული ფერი მიიღო, ისევ ის ჩრდილია, რომელიც მთელი სიცოცხლე თან ახლდა მეყვავილეს. აქ მეწამული ფერი შეერია ღამისფერ ზამბახს... უკვე ზუსტად ისეთივე მეწამულ-ბინდისფერი ზამბახი ეპყრა ხელთ მეყვავილეს, რომელიც ტოტებდაშვებულ ხესთან პირველად იხილეს ჩვენმა მოგზაურებმა. მართლა საოცარი ყვავილი ყოფილხარო, ესღა თქვა მეყვავილემ, როცა ეს შეამჩნია... მაგრამ ღამისფერი ზამბახის ფერისცვალება ამით არ დამთავრებულა. ყოველ ნაბიჯზე ისევ ჰკარგავდა ფერს... ბინდისფერიც და მეწამულიც, ორივე ფერმკრთალდებოდა, რამდენიმე ნაბიჯიც... კიდევ უფრო გაუფერულდა... მსუბუქი ღრუბლის ჩრდილს დაემსგავსა, ერთი წამით რომ გადაეფარება მზეს და ისევ გადაივლის... ბოლოს კი სულმთლად გაქრა. ეს მოგვიანებით შეამჩნია მეყვავილემ, რამდენიმე ნაბიჯი წინგაწვდილი ცარიელი ხელებით გადაადგა.
     სასწრაფოდ დაუშვა ძირს ხელები. ირგვლივ მიმოიხედა და მისდა გასაოცრად, იმ გავერანებულ ბაღში აღმოაჩინა თავისი თავი, სარკის ნამხსვრევებით მოფენილ, სარეველებით დაფარულ ბილიკზე.
     ძალიან დაუმძიმდა ნაბიჯი მეყვავილეს, როცა ღამისფერი ზამბახის გაქრობა შეამჩნია. ცარიელი ხელები ყველაზე მძიმე ტვირთია ასე შორი გზიდან დაბრუნების მერე... გაჭირვებით გადაფორთხდა ნახევრად დანგრეულ კედელზე... სახლში მისვლისას, საწოლამდე მიაღწია თუ არა, გაუხდელად მიწვა და მაშინვე დაეძინა.
     დილით რაღაც ხმამ დაუფრთხო ძილი. გაახილა თვალი, თავზე მეზობლის ბიჭუნა ზაზა ადგა.
     - სიზმარი დაგვიბრუნდა, - ახარა ბავშვმა, - მთელ ქალაქში სულ ამაზე ლაპარაკობდენნ. ყველამ ნახა სიზმარი.
     - სიზმარი? - თვალების ფშვნეტით იკითხა მეყვავილემ, - ჰოო, მგონი მართლა დაგვიბრუნდა. მეც ვნახე წუხელი სიზმარი. რაღაც უცნაურ ზამბახებს ვეძებდი... მე ხომ სულ ყვავილები მიტრიალებს თავში... ერთი ერია იმ ზამბახებში, ნამდვილი ღამისფერი ზამბახი. იმით მართლა შეიძლებოდა ღამის დახატვა.
     - ჰოდა, დახატე.
     - რითი დავხატო, სადაა ღამისფერი ზამბახი, - მეყვავილე ცქვიტად წამოხტა და პირზე ცივი წყალი შეისხა.
     - აგერ, შენ ცხვირწინ, - მოისმა ბავშვის ხმა.
     მეყვავილე ამ დროს ფანჯარასთან იდგა, ფარდებს ასწორებდა, რათა მზის სხივები შემოეშვა ოთახში. ბავშვის სიტყვებზე ძირს დაიხედა და მართლა დაინახა ღამისფერი ზამბახი, ნაირფერ ყვავილებს შორის გაფურჩნილი. მზის სხივები უხვად იჭრებოდა სარკმელში. მის შუქზე იგი ღამის ნაკუწს გავდა, შემთხვევით დღის სამფლობელოში დარჩენილს.