რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: თემურ_ელიავა ჟანრი: / პროზა გამოქვეყნება: 2016-02-14

ტიციანის დუმილი (მოქმედი პირები, ან როგორც გენებოთ) 1

"წინაშე თითეული წყალსატუმბი მოწყობილობისა, რომელსაც ერთხელ მაინც მოუწია თავისი მოვალეობის შესრულება, მსურს საგანგებოდ განვაცხადო, რომ ერთი ბოთლი კარგი ღვინო ინახავს იმ გასაოცარ წუთს, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში, იგი სამუდამოდ შესძენდა მსმელს გონებამახვილობას, სიბრძნეს, სიმამაცეს, დიდსულოვნებას, მჭერმეტყველებასა და ბედნიერებას, მაგრამ წუთი იგი იკარგება სამარადჟამოდ და ყოველი მომდევნო ბოკალი ძირფესვიანად ანადგურებს განცხრომაში ყოფნის მდგომარეობას.” 
                                                                                                   (William Thackeray) 

მოქმედი პირები, ან როგორც გენებოთ

1

ამჯერად, ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრში, სეანსი დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი აბრამი ძლიერ ნაბახუსევი გახლდათ. დაჰკარგვოდა ჩვეული მოთმინების უნარი და კრულვას არ აკლებდა ავად მოსაგონარ დეკოლტეს, პრემიის მეოთხედი ბარის დახლთან რომ დაატოვებინა ექიმს. ერთი სიტყვით, სხვა არაფრის თავი არ ჰქონდა, უფრო სწორად, მხოლოდ თავიღა შერჩენოდა საწყალს. უზარმაზარი, დაოფლილი, მელოტი თავი წუთი წუთზე უნდა გასკდომოდა და ადგილობრივი უნივერსიტეტისთვის ნაანდერძევი ტვინით მოერწყა იქაურობა. მიუხედავად ამისა, ეს "პაჟებშემორტყმული", გლობუსისებრი ბატონი, მთელი არსებით ცდილობდა ყურადღებით გაძღოლოდა თერაპიის სეანსს.

ქალაქში, რომლის ბარები ყველა ასაკის ლოთებით იყო სავსე და ყოველკვირეული ალიაქოთის შემდეგ, რესტორნებში ჭურჭლის განახლება და მაგიდების შეკეთება ტრადიციად იყო ქცეული, რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნებოდა ამ, არც თუ ისე მავნე ჩვევისგან, თავის დაღწევის სურვილი რომ გააჩნდათ. ამგვარად, შვიდი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ყოველ ორშაბათს, დილის 12 საათზე პროფესორ აბრამის კაბინეტში იყრიდა თავს. 

შვიდეული დამსახურებული ლოთებისგან შედგებოდა და ყველა მათგანს შეეძლო დაეკვეხნა პირადი მიღწევებით, თუმცა ამ დარგში უდავო ფავორიტი გახლდათ ქალბატონი ნორა. ნორა გამოირჩეოდა ფიზიოლოგიური „ესთეტიზმით“, რომელიც ჭარბ წონასა და სხეულის გაუგებარ აღნაგობაში გამოიხატებოდა. მეტიც, ნორას ბორბლები რომ ჰქონოდა, უდავოდ დაემსგავსებოდა სამოციან წლებში, "პავლოვის" ავტოქარხნის მიერ წარმოებულ ავტობუსს. ალკოჰოლზე დამოკიდებილებისა და ვენების მწვავე გაგანიერების გარდა, ნორა გამოირჩეოდა იშვიათი ვოკალური მონაცემებით, რომლის დემონსტრირებას არასდროს ერიდებოდა. მისივე მტკიცებით, მან წლების წინ თქვა უარი საოპერო კარიერაზე, ავადმყოფი მეუღლის, უწყინარი ბუდისტის, ბატონი გასპარის გამო, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებდა. გასპარის გარდაცვალების შემდეგ (მას გაურკვეველ ვითარებაში ამოხდა სული, რაშიც ზოგიერთი მემატიანის მტკიცებით, ნორას ლომის წილი მიუძღვის), ჩვენი შეუდარებელი სოპრანო სასმელს მიეძალა და ყოველ ორშაბათს, დილის 12 საათზე, ან ოდნავ დაგვიანებით, ბატონი აბრამის თერაპიის სეანს სტუმრობდა, რომლის მსვლელობისას, როგორც წესი, ღრმად იძინებდა მისთვის განკუთვნილ სავარძელში. 

მიუხედავად გაუთავებელი მცდელობებისა, შეუდარებელი ნორას ბოჰემური შარმი აბრამისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვინაიდან საპირისპირო სქესზე პროფესორის ზოგადი წარმოდგენა ორი უმარტივესი მიზეზით იყო დასახიჩრებული: პირველი და უმთავრესი მიზეზი გახლდათ შედარებით ახალი პაციენტი, ქალთა მოძრაობის აქტივისტი, ქალბატონი დელა, რომელიც ძვლებზე გადაჭიმული კანისა და ოცამდე კბილისგან შედგებოდა. მეორე მიზეზად პროფესორი აბრამი დელას ტყუპისცალს მიიჩნევდა - ბელა, თავისი წუთნახევრით უფროსი დისგან მხოლოდ კბილების რაოდენობით განსხვავდებოდა.

ორივე მათგანი გაუთხოვარი გახლდათ, რამაც, ჩემი ვარაუდით, გამოიწვია გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის სურვილი, რომელიც ათასგვარი პლაკატის აფიშირებაში გამოიხატებოდა და უფრო დახვეწილ ლანძღვა-გინებას ჰგავდა, ვიდრე ვისიმე უფლებათა დაცვას. ამგვარად, სექსუალურად დაუკმაყოფილებელმა დებმა ბოთლში უსაშველოდ ჩაყვინთეს და ამას მხოლოდ კარგი, ჯანსაღი მამრის ოფლის ღვრა თუ მოუღებდა ბოლოს. 

რომ არ გადავუხვიოთ მამრების თემას, წინათქმის გარეშე, შევუდგეთ უშიშროების ყოფილი მუშაკის, პოლკოვნიკ გრეღორ გრეღორიჩის ზედაპირულ აღწერას და მისი უდავოდ „შესაშური თვისებით“, პარანოიით შემოვიფარგლოთ, რომელშიც საბჭოთა ოფიცერს ყველა დროის უდიდესი პარანოიკი, ლამანჩელი რაინდი - დონ კიხოტი თუ შეედრებოდა. შეთქმულების თეორიით შეპყრობილი პოლკოვნიკისთვის, სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, "სტალიჩნოესადმი" უზომო სიყვარული არ იყო რაიმე მოვლენით განპირობებული ჩვევა. მეტიც, ის ერთგვარ საგვარეულო ტრადიციას წარმოადგენდა, რასაც მოწმობს გრეღორიჩის აკვიატებული გამონათქვამი: „"Бухать, курить и разговаривать учился я одновременно".“ ასეა თუ ისე, უშიშარ საბჭოთა ოფიცერს, რიგით მეოთხე, (წარმოშობით ავსტრიელი) ცოლის მოკრძალებული თხოვნით, პროფესორ აბრამის დახმარებით და თავის მხრივ, არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით, უწევდა უარის თქმა საგვარეულო პრინციპებზე, რასაც გრეღორი უფროსი (აცხონოს პარტიამ), არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა. 

შემდეგი ორი პაციენტის, რბილად რომ ვთქვათ, გაუთავებელი ლოთობის მიზეზი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და ამავდროულად შეიცავდა იდენტურ თვისებებს. ქიმიკოსის შემთხვევაში, ტრაგიკული გარემოების საგანი იყო ცოლის მიერ განქორწინებაზე შეტანილი განცხადება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის უცნობია, ამის შემდეგ მიეძალა სასმელს მიტოვებული ქმარი, თუ ქალბატონი "მენდელეევნას"“ გადაწყვეტლება, ქმრის სასმელზე მიძალების გამო იქნა მიღებული. ფიზიკოსის შემთხვევაში კი, სწორედ წლების წინ, მენდელსონის მარშის ფონზე, მმაჩის ბიუროს საბუთზე დასმული ავტოგრაფით დაშვებული საბედისწერო შეცდომა წარმოადგენდა რეაბილიტაციის აუცილებლობის მიზეზს. ბუნებრივია, მეოჯახე ფიზიკოსი შურით იყო განმსჭვალული ცოლისგან მიტოვებული ქიმიკოსისადმი, რომელიც, თავის მხრივ, ამ ყველაზე გავრცელებულ გრძნობაში არავის ჩამოუვარდებოდა. ერთმანეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება თავს იჩენდა აკადემიურ დისკუსიებში, რაც განუმეორებელ აზარტს სძენდა ამ ორი მეცნიერის გაცხარებულ პოლემიკას. 

და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, - ახალგაზრდა, პერსპექტიული ლოთი, ბატონი ტიციანი. ვინაიდან ტიციანისთვის ეს კონკრეტული სეანსი გახლავთ სასტარტო, მას, ჩვეულებისამებრ, მოუწევს სიტყვით გამოსვლა ამ დიდად პატივსაცემი პუბლიკის წინაშე. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თავი შევიკავოთ მისი დახასიათებისგან.

თუმცა, ვიდრე ამ, საკმაოდ დელიკატურ საქმეს მასვე მივანდობდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით საერთო პროცედურის სხვა ჩვეულებებზე მოგახსენოთ. როგორც წესი, სეანსის მიწურულს, ჯგუფი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა იმას, ვინც, თქვენ წარმოიდგინეთ და, მესამე დღეა არ მიჰკარებოდა სასმელს. ამ დროს ნორასაც ეღვიძებოდა და, პროცესში ჩართულობის ნიშნად, „ბრავოს“ წამოიძახებდა-ხოლმე. გარდა სიტყვით გამოსვლისა, რომელიც, ძირითადად, წარდგენის ხასიათს ატარებდა, ახალბედები თავისთვის, სამომავლოდ, მუდმივ ადგილს ირჩევდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო დადგენილი წესი, ან აუცილებლობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალბატონი ნორა ფლობდა უზარმაზარ სავარძელს, რომლის მდგომარეობა იმდენად სავალალო იყო, რომ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, პირადად მე, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, შორეულ მომავალში, ვაპირებ დავაარსო ორგანიზაცია, რომელიც ძალების დაუზოგავად იმუშავებს ავეჯის შეურაცხმყოფელთა გამოვლენასა და დასჯაზე! დები, თავიანთი პატარა, გასაშლელი სკამებით მოდიოდნენ. ჭადრაკის მაგიდასთან ადგილობრივი მასშტაბით წარმატებული მეცნიერები ისხდნენ. რაც შეეხება უშიშარ პოლკოვნიკს, მას ადგილი მტრის ნაღმმა აურჩია, საკმაოდ კომფორტული ეტლის სახით. ტიციანს ფანჯრის მოუხერხებელი რაფა დაებედა, რომელსაც ტრიბუნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ახლა კი, რამე რომ არ გამოგვრჩეს, უშუალოდ პროცესსა და მის მონაწილეებს დავუბრუნდეთ. ყველა მათგანი, ნორას გამოკლებით, რომელიც ჩვეულებისამებრ აგვიანებდა, თავის ადგილზე იჯდა. ახალბედა საქმეს შეუდგა.

- გამარჯობა, მე ტიციანი ვარ! არასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავს ვითარებაში მომიწევდა ყოფნა. დავიწყებ უმთავრესით: მე, მარტივად რომ ვთქვათ, ვარ ლოთი და აქამდე არც ვუჩიოდი ჩემს სოციალურ სტატუსს. ყოველმხრივ კმაყოფილი ვიყავი, სანამ ერთი უცნაური რამ შემემთხვეოდა. თქვენ, ყველამ იცით, რომ ჩვენს ქალაქში, ამ ორიოდე წლის წინ, დაიხურა სპირტის მწარმოებელი ქარხანა და ათეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
- რთული დრო იყო! - დაეთანხმა ფიზიკოსი. - ჩემი სიძეც ემსხვერპლა ამ ამბავს, დღემდე უსაქმურად დაეხეტება.
- ამას ყველანი ვემსხვერპლეთ. - შეუსწორა ქიმიკოსმა. - როგორი ამბავია ქალაქში ერთადერთი სპირტის მწარმოებელი ქარხნის ლიკვიდაცია?!
- რა დღეში ჩაგვაგდეს ამ ნაძირლებმა?! - ჩაერთო საუბარში გრეღორიჩი და მოკლე დახასიათებით დახურა თემა: - Бляди!
- განაგრძეთ ტიციან, განაგრძეთ! - ბრძანა პროფესორმა, რომელიც სხვებზე მეტად განიცდიდა ქალაქის ტრაგედიას. 
- ამ უსიამოვნო მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, უმცროსი დეგუსტატორის თანამდებობაზე დამაწინაურეს და ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. ყველა სახის მარაგზე მიმიწვდებოდა ხელი. ქარხნის გმირულად დაცემის შემდეგ, ბიბლიოთეკაში დამასაქმეს ღამის დარაჯად, სადაც ჩემთვის აქამდე უცნობი სამყარო აღმოვაჩინე და მოკლე ხანში გადავიკითხე წიგნების კოლოსალური რაოდენობა. დღეს კი, თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში მიწევს ოფლის ღვრა, რითაც ძლივსძლივობით ვახერხებ წყურვილის დაკმაყოფილებას. ამ რამდენიმე დღის წინ კეფალის დიდი პარტია ჩამოვცალეთ. უმძიმესი სამუშაოს შემდეგ, სრულიად გამოფიტული, ჩვენი დარაჯის, ბატონი შანსონის კუშეტკაზე გავიშხლართე. არ ვიცი ჩამეძინა თუ არა, მაგრამ როცა გონს მოვეგე, ანგელოზი გამქრალიყო.
- ვინ, უკაცრავად? - იკითხა ექიმმა 
- ანგელოზი.

ნათქვამია: "ძაღლი ახსენე და ხელში ჯოხი მოიმარჯვეო", - კარებში გამოჩნდა შეუდარებელი ნორა. ამჯერად მას ვერ დავადანაშაულებდით არაპუნქტუალობაში, ვინაიდან დაგვიანებით დაწყებულ სეანსზე დაგვიანება სხვა არაფერია, თუ არა კანონზომიერება. როგორც ჩანს, პროფესორი აბრამი სხვა აზრისა იყო და პაციენტს უსამართლოდ უსაყვედურა. 

- მაპატიეთ ექიმო! - მოიბოდიშა ნორამ, - საუზმის შემდეგ ჩამძინებია, შემოდგომაზე მჩვევია ხოლმე. 
- როგორ?! - გაიკვირვა ექიმმა, - თქვენ სახლშიც გძინავთ? რას არ გაიგებს კაცი?! 

ნორა ღრმად მოკალათდა თავის სავარძელში და ჩვეულებრისამებრ იკითხა:
- რამე ხომ არ გამომრჩა? 

ცნობისთვის (შემდგომში თავადაც დარწმუნდებით), ამ კითხვას ქალბატონი ნორა ორჯერ სვამდა, - მაშინ, როცა ჯდებოდა ჩემს მიერ გულისტკივილით ნახსენებ სავარძელში და მეორედ, როცა სავარძლიდან თვალების მოფშვნეტით აიზლაზნებოდა ხოლმე. 

- არაფერი გამოგრჩენიათ, თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდა ტიციანის ისტორიის პროლოგს! - აცნობა ექიმმა და ტიციანს მიუბრუნდა, - როგორც ვხვდები, თქვენ ამბობთ, რომ ვინმე შანსონის კუშეტკაზე წამოწოლილს, ანგელოზი გამოგეცხადათ.
- დიახ, მე ხილვა მქონდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავიდან ვერ გავიაზრე ამ უჩვეულო ვითარების სრული მისტიციზმი. ახლა კი ვცდილობ გონებაში აღვიდგინო ყველა ის დეტალი, რაც ამ საოცარ მოვლენას თან სდევდა. ერთადერთი რამ მყარად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, - ეს ანგელოზისთვის უჩვეულო, ასე ვთქვათ, არასტერეოტიპური იერი იყო. მას ისეთივე სახე ჰქონდა, როგორიც კარაქის სარეკლამო რგოლში აქვთ იქაურ ქერუბიმებს, - ცალ ხელში ანკესი ეპყრო, მეორეთი კი ბოთლიდან კონიაკს წრუპავდა. 
- მე ანგელოზი სხვანაირი წარმომედგინა. - თქვა ბელამ.
- ნამდვილად! - დაეთანხმა ტყუპისცალი. 
- რა იცით, რომ ანგელოზი იყო? - იკითხა ფიზიკოსმა. - ის დარაჯი იქნებოდა, შანსონი...
- ფრთები ჰქონდა ალბათ, - ივარაუდა ქიმიკოსმა, - შანსონას ვინ მისცა ფრთები?! ვიცნობ მაგ გარეწარს.
- ფრთებზე ვერას მოგახსენებთ, თუმცა ის, რომ ჩემი არაამქვეყნიური სტუმარი ანგელოზი იყო, მისი გამოცხადებისთანავე გახდა ნათელი, - განმარტა ტიციანმა, - გაუგებარია ისიც, ამაში რამ დამარწმუნა, მაგრამ იმ მომენტში სუფევდა აუხსნელი აურა, რომელმაც, ასე ვთქვათ, მტკიცედ შთამაგონა ურყევი აზრი, გნებავთ შინაგანი შეგრძნება. გარდა ამისა, ჩემ შემთხვევაში, ზეციური გამოცხადების უმთავრესი მტკიცებულება პარადოქსულია და მდგომარეობს შემდეგში: მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მსგავსი ფსევდოსაოცრებებისადმი და, რბილად რომ ვთქვათ, არ ვატარებ ღრმად მორწმუნე ადამიანის სახელს, წამითაც არ შემპარვია ეჭვი ამ მოვლენის ზეციურობაში. ამდენად, ჩემს მიერ ხილული არსების ვინაობა არ უნდა იყოს სავარაუდო, მე ანგელოზი გამომეცხადა.
- კეთილი. რა მიზეზით მოევლინა ანგელოზი თევზის გადასამუშავებელი ქარხნის რიგით მუშას? - იკითხა პროფესორმა. 
- ცვლის უფროსთან რომ გამოცხადებულიყო, არ გაგიკვირდებოდა თუ რაშია საქმე? - აღშფოთდა ქიმიკოსი.
- В яблочко! – აუბა მხარი პოლკოვნიკმა.
- მიზეზი საპასუხისმგებლო მისიის დაკისრება გახლდათ. - ტიციანი წამით შეყოვნდა, მოწევის ნებართვა ითხოვა, რაზეც ტყუპების კატეგორიული უარი მიიღო და საუბარი განაგრძო, 
- ბიბლიოთეკაში მუშაობის დროს, მე წავაწყდი ერთი სასულიერო პირის ლიტერატურულ ნაშრომს, სადაც დეტალურად იყო განმარტებული წიგნთა წიგნის, "დაბადების" რამდენიმე წმინდა წერილი. ჩემი ინტერესი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სუფთა აკადემიური გახლდათ და დაუყოვნებლივ შევუდექი ამ უნიკალური ტრაქტატის დეტალურ შესწავლას. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ადამიანთა წარწყმედის ნამდვილი მიზეზი იყო არა კაცთა გარყვნილება და სხვა ათასი უბედურება, არამედ ანგელოზთა მიჯნურობა დედამიწაზე. "დაბადების" მეექვსე თავის პირველი ოთხი მუხლი გვამცნობს: "და იყო, რა ჟამს იწყეს კაცთა განმრავლებად ქვეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა. ხოლო იხილნეს რა ძეთა ღვთისათა ასულნი, კაცთანი, რამეთუ შვენიერ იყვნენ, მიიყვანეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველთაგან რომელნი გამოირჩინნეს. და თქვა უფალმა ღმერთმან: არა დაადგეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე რამეთუ არიან იგინი ხორცთ: იყვნეს უკვე დღენი მათნი ას ოც წელ. და იყვნეს გმირნი ქვეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომათ ამისა, ვითარცა შევიდოდეს ძენი ღვთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს მათგან. იგინი იყვნენ გმირნი, საუკუნითაგან კაცნი სახელოვანნი...““
- Я ни хера не понял!
- მოითმინეთ, ბატონო! - ტიციანმა განაგრძო, - რატომღაც ეს ოთხი მუხლი ამოღებულია წმინდა წერილის მოკლე სახელმძღვანელოებიდან და ზოგიერთი სასულიერო პირი ცდილობს, შეძლებისდაგვარად, გვერდი აუაროს ამ მეტად სათაკილო ამბავს და ნოეს ხსენებისას, პირდაპირ წარღვნის ამბავზე გადადის , თუმცა ბიბლიამ შეინარჩუნა ეს ოთხივე მუხლი. გარდა ამისა, არსებობს ენუქის წიგნი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნემდე დაკარგულად ითვლებოდა, სანამ იაკობ ბრიუსმა, ცნობილმა შოტლანდიელმა მოგზაურმა, ნაპოვნი წიგნი ოქსფორდის უნივერსიტეტში არ ჩაიტანა. მალევე, 1838 წელს გამოქვეყნდა ირლანდიის ეპისკოპოსის, რიჩარდ ლოურენსის ინგლისური თარგმანი, რომელშიც აღწერილია, როგორ შეიყვარეს ციურმა ქმნილებებმა ადამიანთა მოდგმის ასულები. ამ განზრახვის უმთავრესი შემოქმედი გახლდათ უბრწყინვალესი ანგელოზი, სახელად სემიაზი. ენუქი წერს: "ანგელოზებმა მრავალთა ადამიანთა ასულები მოიყვანეს, ცოლებად შეიქმნეს 1170 წელს ქვეყნიერების შექმნიდან. ამ ქორწინებიდან ბუმბერაზთა მოდგმა იშვა...". “როგორც შემდეგ "დაბადებაში" აღმოვაჩინე, სწორედ ამ მოდგმის წარწყმენდის მიზანი იყო ნოესდროინდელი წარღვნა! 
- ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ თქვენთან რა კავშირშია? - შეაწყვეტინა ექიმმა, - აგვიხსენით, გეთაყვა!
- მართლაც, - აუბა მხარი ფიზიკოსმა, - სად შენ და სად ნოე?!
- კეთილი, ბატონებო, - ტიციანი წელში გაიმართა, შეისწორა საყელო და საგანგებოდ გამოაცხადა, - მე, ჩემს მიერ ხილული ანგელოზისგან, მაქვს დავალებული, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მოვძებნო და გამოვააშკარავო სემიაზის შთამომავალი დედამიწაზე, ერთადერთი ნახევარანგელოზი. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ მოვახერხებ ამას, და სანამ ამ საპასუხისმგებლო საქმეს შევუდგებოდე, სათანადოდ მომზადება მმართებს. ამიტომ გადავწყვიტე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებით დამეწყო, რაშიც ექიმი აბრამის დიდ იმედი მაქვს. 
- რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალებით! - დაუდასტურა პროფესორმა, - მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მთავარია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არის თქვენი რეაბილიტაციის უმთავრესი გარანტი, თუმცა მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც თქვენ დაგევალათ ამგვარი, უდავოდ განსაკუთრებული მისია?
- ვფიქრობ, ამაში გზადაგზა გავერკვევი! - ივარაუდა ახალგაზრდა შიზოფრენიკმა.
- ასე თუ ისე, თქვენ აქ ხართ, ჩვენთან, მთავარი ეს არის! - დაასკვნა პროფესორმა, - ახლა კი, სიამოვნებით მოვისმენ ჯგუფის მოსაზრებას, ამ იშვიათ შემთხვევასთან დაკავშირებით. დავიწყოთ თქვენით, პოლკოვნიკო! 
- Шо туть думкать, белая горячка.
- ვეთანხმები გრეღორიჩს, - თქვა ქიმიკოსმა, - ყველაფერი ნათელია! ბიჭი ჯერ სპირტთან მუშაობდა, ამას მოკლე დროში მიღებული ცოდნა დაემატა, ბიბლიოთეკის შემდეგ კი, ყველაფერი ტონობით თევზის ავსურნელებამ დააგვირგვინა. ხომ წარმოგიდენიათ რა დღეშია ახლა ამის ტვინი?!
- ქალბატონი ბელა რას გვეტყვის? 
- მე დელა ვარ. 
- რას გვეტყვის ქალბატონი დელა?
- ჩემს წარმოდგენაში, ზეციური არსება ნაკლებად მორგებულია ლოთი მეთევზის ტიპაჟს. თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ. იცით, ჩვენს ქალაქს აქვს უნიკალური თვისება, თავიდან, ვინც ჩვენთან ჩამოდის სამუშაოდ, სტუმრად, ან რომელიმე სხვა განზრახვით, ანგელოზივით სუფთა და უმანკოა, მაგრამ მერე რა დღეშიც ვარდებიან, ყველამ კარგად ვიცით! - თქვენი აზრი, ქალბატონო ნორა? ვინმემ გააღვიძეთ!
- ეძინოს! - თქვა ქიმიკოსმა, - წინა შეკრებაზე ვცადე, გავწვალდი. ნორას სჯერა ასეთების.
- კეთილი, ახლა კი ამ ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ...

სეანსი კიდევ საათს გაგრძელდა. ტიციანი ბოლომდე ჩართული იყო პროცესში, რაც ახლო მომავალში, სასურველი შედეგის მიღწევის იმედის საფუძველს ჰქმნიდა. რა თქმა უნდა, პროფესორი აბრამი შორს იყო იმ აზრისგან, რომ არაამქვეყნიური არსების გამოცხადება შეიძლებოდა რეალური ყოფილიყო და დიაგნოზში უმრავლესობას ეთანხმებოდა. თუმცა, რასაკვირველია, ტიციანისთვის ამის გამხელა, უგუნური ნაბიჯი იქნებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გზას აცდენილი ახალგაზრდა თავისი
ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. სეანსის ბოლოს აპლოდისმენტებით ქიმიკოსი დააჯილდოვეს. სრულიად სამართლიანად. ოთხი დღე სასმელის გარეშე ხუმრობა საქმე არ არის.

- ბრავო! - გაეღვიძა ნორას, - რამე ხომ არ გამომრჩა? 

(გაგრძელება იქნება)