რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: თემურ_ელიავა ჟანრი: / პროზა გამოქვეყნება: 2016-02-19

ტიციანის დუმილი (მოქმედი პირები, ან როგორც გენებოთ) 2

თქვენი არ ვიცი და, ტიციანის ნამბობი ანგელოზთა მიჯნურობის შესახებ, რომელიც მან, ღმერთმა უწყის რა მდგომარეობაში ამოიკითხა, პირადად მე, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი მეჩვენა, რის შემდეგაც გადავწყვიტე დაუყოვნებლივ გადამემოწმებინა მის მიერ ციტირებული აპოფთეგმის არსებობა, ციურ ლოველასთა შესახებ და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა შიზოფრენიკის მიერ ნახსენები, მსოფლიო წარღვნის განზრახვის სისრულეში მოყვანის  მიზეზთა რიგი, არამარტო შეესაბამება სიმართლეს, არამედ ეხება იმ საჭირბოროტო საკითხთა ნუსხას, რომლის გამოაშკარავებას, როგორ ჩანს, ერიდებიან ჩვენი დროის უდიდესი კორპორაციის მამები. რომ არ გავხდეთ მრავალმხრივ მადლგამსჭვალულ კრიტიკოსთა კორექტული რისხვის უსუსური მსხვერპლნი, მოწიწებით გთხოვთ, ტიციანის მიერ ნახსენები წყაროთა მეშვეობით, დარწმუნდეთ ამ უძველესი საპნის ოპერის ჭეშმარიტებაში. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ძველი აღთქმის პირველი წიგნი, თუ თქვენს პირად ბიბლიოთეკაში არ მოიძებნება ღვთის კარნახით შედგენილი წმინდა წერილი, შეიარეთ უახლოეს საეკლესიო მაღაზიაში, სადაც თავისუფლად შეძლებთ ამ, არც თუ ისე ძვირად ღირებული წიგნის შეძენას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი არ აღემატება მინიმალურ ზღვარს და დილაობით, კბილების გახეხვის პროცესშივე, ჯაგრისზე დატანილი პასტით საუზმობთ, ან ბრძანდებით უაღრესად ძუნწი, უბრალოდ მოიპარეთ იგი. ერთი სიტყვით, არსებობს უამრავი ხერხი, ჩაიხედოთ „დაბადება“-ში.  ყველაფერთან ერთად, თუ თქვენი პიროვნული თვისებები აღიწერება ისეთ უიშვიათეს სიტყვათა წყობაში, როგორიც არის  "ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი" და უმარტივესი გზით შეძენილი წიგნის სრულ გაცნობას პრომეთეს ტანჯვასთან აიგივებთ, აგერ, ბატონო, უხილავი სანიშნი - დაბადება. თავი მეექვსე. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მუხლი. შეისწორეთ სათვალე და რიტორიკულად წარმოთქვით - ხედავ შენ?! 

მეორე ლიტერატურული წყარო, როგორც უკვე იცით, გახლდათ ენუქის, ანუ ენოქის წიგნი, რომელიც მან თავის შვილს მათუსალას უანდერძა. ამ წიგნის მეორე მუხლში თქვენ ამოიკითხავთ იმ ანგელოზთა სახელებს, ჰერმონის მთაზე კოლეგიალობის ფიცი რომ დადეს. შემდეგ ჩვენი ქალები შეაცდინეს და დედამიწაზე ნახევრად ანგელოზების გამრავლებას შეუდგნენ, რის შედეგადაც განრისხდა მამა-ღმერთი და აი, მსოფლიო წარღვნაც. აქ ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლასთან გვაქვს საქმე, ნახევრად ანგელოზები, ბუმბერაზნი, (როგორც ენოქი უწოდებს),  დომ დახოცა - ჯანდაბას, ჩვენც რომ მიგვაყოლა ზედ ბონუსივით, ამაზე მწყდება გული. 

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ტიციანს ანგელოზი მოევლინა, თუ როგორც ფიზიკოსმა ივარაუდა, განრისხებული შანსონი დაადგა თავზე, მაგრამ ის, რომ მის მიერ მოყოლილი ამბავი, მსოფლიო წარღვნასა და მის ჭეშმარიტ მიზეზებზე, სიმართლეს შეესაბამება, ამაში ჩვენ ერთობლივად დავრწმუნდით. 

ჩვენგან განსხვავებით, პროფესორ აბრამის პაციენტთაგან არავინ შეწუხებულა ამ  ფაქტების გადამოწმებით, რაც გასაგებიცაა, მსგავს სეანსებზე იმდენი სისულელე გაჟღერებულა,- იცოცხლე! მით უმეტეს, რომ ყველა თავისი გასაჭირით ჭიპზე სკდებოდა და თავზე საყრელი პრობლემებით ხვდებოდა ქალაქის უმთავრეს დღესასწაულს, რომლის დასაბამი კაცისშვილმა არ იცოდა. ასევე გაუგებარია რას აღნიშნავდნენ ამ დღეს ქალაქის ბინადრები, მაგრამ აღნიშნავდნენ ისე პომპეზურად, რომ ამათთან შედარებით აძურას ტიფოზები საბავშო ბაღში გამართული ზეიმის მონაწილეებად მოგეჩვენებოდათ.  სიმართლე გითხრათ, ეს იყო გაუმაძღრად დროის ტარების კიდევ ერთი მიზეზი. ამ დღეს ვლინდებოდა ისეთ ტურნირთა გამარჯვებულები, როგორიც არის ლუდის დიდი რაოდენობით მირთმევა შეზღუდულ დროში, იმავე წესებით ათასგვარი ნამცხვრის ათვისება, იმართებოდა სპარინგები კრივში (ადგილობრივი წესებითა და რეფერის მოსულიერებით), თეატრალური წარმოდგენები, ვისკის დალევის 101 ხერხის დემონსტრირება და სხვა ამგვარ წეს-ჩვეულებათა რიგი, თუმცა ყველაზე ბრწყინვალე ტრადიცია ძალაუნებური მსხვერპლშეწირვა გახლდათ, რომელიც ყოველწლიურად თან სდევდა უხარისხო ფოიერვერკის ამოქმედებას. ყოველი ოჯახი, დაწესებულებათა კოლექტივი, თუ სამეგობრო წრე, ინდივიდუალურად ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის. რა თქმა უნდა, არც რეაბილიტაციის ცენტრი პასიურობდა, სადაც რიგგარეშე ალკოჰოლიკთა სხდომაზე, პროფესორ აბრამის ხელმძღვანელობით იმართებოდა მსჯელობა, თუ რა თეატრალური ნომრით გამოსულიყო ეს, დიდად საპატივცემლო ხალხით დაკომპლექტებული ჯგუფი.
                                                                
- არ შევრცხვეთ, ბატონო, არ შევრცხვეთ! - გაიძახოდა ქიმიკოსი და მოუსვენრად ბოლთას სცემდა კაბინეტში.                                                                                                         
- თავი ამატკივე უკვე! - შესძახა შეწუხებულმა ფიზიკოსმა, - რა უნდა შერცხვე, შენც არ გქონდეს ახლა მენდელეევის რეპუტაცია.                                                                                 
- მოგვეჭრა თავი! - არ ჩერდებოდა ქიმიკოსი.
- მოჭრასთან გამახსენდა, - ჩაერთო საუბარში ბელა, - "ვენეციელი ვაჭარი" ხომ არ დაგვედგა?
- შექსპირი თუ გინდა, "ოტელოს" არაფერი სჯობია. - თქვა ფიზიკოსმა,  განსაკუთრებით ის სცენა მომწონს:  „დეზდემონა, შე კახპა...!“
- ოჯახური პრობლემები ყველამ დავივიწყოთ თუ შეიძლება! - გამოაცხადა პროფესორმა, - ნორა რას შემოგვთავაზებს?                                                                      
- ნორა რას შემოგთავაზებს არ იცი? - დაასწრო ნორას ქიმიკოსმა, - ”მძინარე მზეთუნახავს”.
- არა, ბატონო! - იუკადრისა ნორამ, - მე უფრო დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებს ვამჯობინებდი. 
- ”შავი ქვრივი”, მაგალითად! - ჩაიჩურჩულა ფიზიკოსმა.                                        
- პოლკოვნიკო, თქვენ რას გვირჩევდით? 
-Шо-небудь, родимое, ”Иван Сусанин” к примеру. Я репетировал.
- ნაწყვეტი შემოგვთავაზოს, იქნებ ღირებულია რამე!
- С превеликим удовольствием! - დათანხმდა გრეღორიჩი და მხატვრული კითხვის მისაბაძი მაგალითი წარადგინა:
                             -Куда ты завел нас, старик бородатый?
                             Куда ты завел нас? не видно не зги.
                             -Идите вы на хуй, я сам заблудился,
                             Шагайте вперед не ебите мозги... 
- როგორია?                                                                                                                                   
- ზედმეტად  დახვეწილი! - შეაფასა ფიზიკოსმა. 
- მე მაქვს ერთი ჩანაფიქრი! - ჩაერთო საუბარში ტიციანი.                                        
- არ გვინდა, შენი ჭირიმე, - აღუდგა წინ ქიმიკოსი, - ახლა კიდევ რა უნდა შემოგვთავაზო? ლოცვა აღვავლინოთ სცენაზე,  თუ ფეხებს დაგვბან აქ მაცხოვარივით. დაბანილი ვართ ჩვენ. სხვათა შორის, არ მჯერა მე მაგ შენი ანგელოზების. ქიმიკოსი ვარ მე - წყალი ღვინოდ რომ იქცეოდეს, ვიღაც დურგალი დამასწრებდა ამას?
- მშრალი კანონის წლებში გაამართლებდა მაგი! - აღნიშნა ფიზიკოსმა.
- გრცხვენოდეთ, ბატონებო! - შეწუხდა ბელა, - ნუ გააფრინეთ მთლად!
- მართლაც, - აუბა მხარი ტყუპისცალმა, - ეტყობა, იმ თქვენს ლაბორატორიებში, თუ რა ჯარხანაა, ცდებში გადააჭარბეს და მოგვევლინა აგერ ორი ჭკუის კოლოფი. ღვთის მოშიშები რომ უნდა ვიყოთ, ამის შესახებ თუ გსმენიათ რამე, თქვე ღლაპებო?                
- შენ თუ გსმენია, ჩემო დელა, ემპირიოკრიტიციზმის შესახებ? - შემოუბრუნა ფიზიკოსმა - და საერთოდ, დღემდე ზოგიერთის შუბლივით ბრტყელი რომ გგონია დედამიწა, ნუ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში! მე, თავის დროზე, ნობელის პრემიაზე ვთქვი უარი და ერთი-ორჯერ აინშტაინიც მყავს ნანახი.                              
- ეტყობა, მაგის მერე გადმოიგდო ენა მაგ საცოდავმა! - შეეპასუხა დელა, - ცოლი როგორ გიძლებს სახლში?!

აშკარაა, რომ ეს მეტად კორექტული დისკუსია აუცილებლად გადაიზრდებოდა უდრეკი არგუმენტაციის ფაზაში, სადაც სექსოლოგიის უზადო ცოდნა და ანატომიურ საკითხებში ღრმა ჩახედულება მალევე გამოვლინდებოდა მხატვრული ლექსიკის შეუდარებელ ნიმუშებში, რომ არა რაფაზე ამძვრალი ტიციანის ომახიანი შეძახილი:

- ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ!!!                                                                                       
- ბრავო! - წამოხტა სავარძლიდან ნორა, - რამე ხომ არ გამომრჩა?                           
- დაიძინე! - უყვირა ნორას ფიზიკოსმა და ტიციანს მიუბრუნდა. - რომ დამდგარხარ აქ მუსოლინივით, ყური მიგდე მეგობარო, ბერკლისა და ლაიბნიცის ერთურთ გამომრიცხავი თეორიის გთვალისწინებით, მომენტალური ანალიზის თანახმად და, რაც მთავარია, მასათა მიზიდულობის კანონზე დაყრდნობით, შემიძლია ვივარაუდო გარდაუვალი შედეგი, რომელიც ბიოქიმიური თვალსაზრისით, არანაკლებ მტკივნეული იქნება, როგორც თქვენთვის, ძვირფასო ტიციან, ასევე იმ კოხტად გაპრიალებულ პარკეტზე  მობინადრე მიკრობებისთვის. ერთი სიტყვით მესია, ჩამოდი ძირს, თორემ ისე ჩამოეპერტყები, ფრთების გაშლასაც ვერ მოასწრებ!

როგორც ჩანს, ამგვარი მეცნიერული დასკვნა არ აღმოჩნდა საკმარისად დამაჯერებელი და ტიციანმა ბღავილს უმატა. სამაგიეროდ, იგივე დასკვნა საკმარისი აღმოჩნდა ქიმიკოსისთვის, რათა გადაჭარბებული სარკაზმით გაეღვივებინა ვითარება:

- აი, როგორ ეტყობა კაცს ნობელი რომ იუკადრისა, - მიუთითა მან ფიზიკოსზე, -ასეთი მეცნიერული პროგნოზი იმსახურებს საყოველთაო ყურადღებას, მარტო ეს სიტყვები რად ღირს: - "შემიძლია ვივარაუდო გარდაუვალი შედეგი",“გარდაუვალის ვარაუდს ნამდვილად დიდი ჭკუა სჭირდება.

აქ კი, იძულებული ვარ ტამ-აუტი გამოვაცხადო და ამ პაუზის მიზეზს აქვე განგიმარტავთ. მოვლენების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას და უმთავრესი დაბრკოლება გახლავთ ბეჭდვითი ცენზურა. ამდენად, მე არ მაქვს უფლება ჩვენი ძვირფასი ფიზიკოსის პასუხი კლავიატურაზე ავკრიფო და როგორც ჩვენი დროის უმუშევარ ჯენტლმენს შეეფერება, ვალდებული ვარ, დავიცვა ეთიკისა და სხვა უსარგებლო ცნებათა ნორმები. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ჩემი, პირადი გამოცდილება, რომელიც, ერთი მხრივ, მკარნახობს, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, მეორე მხრივ, უბრალოდ, არასაკმარისია იმისთვის, რათა სათანადოდ აღგიწეროთ მოახლოებული არეულობა. ამიტომ დაველოდოთ ამ, ექსტრავაგანტული პუბლიკის დაშოშმინებას და უადგილო გადახვევა დროის ფლანგვაში რომ არ ჩაგვეთვალოს, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი დაკვირვება, ფიზიკოსის მიერ ზემოთ ნახსენები, მიზიდულობის კანონთან დაკავშირებით.

 "წავედი ფორუმზე", -  იბარებდა რიგითი რომაელი საპირფარეშოში შესვლის დროს. მსგავსი გამონათქვამები არსებობდა ყოველთვის და ყველა კულტურაში. მაგალითისთვის, ვოლტერი ტუალეტში წასვლამდე ამბობდა, რომ სამყაროს გონთან სასაუბროდ ემზადებოდა. რა კავშირშია ფრანგი ფილოსოფოსის ფაღარათი საყოველთაო მიზიდულობის კანონთან? - იკითხავთ თქვენ, და მართლაც, თუმცა არსებობს ერთი საინტერესო გარემოება. ყველა მოაზროვნე და ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანმა იცის, რომ საპირფარეშო არის იდეალური ადგილი ფიქრისთვის. აქ კი, დგება ჩვენი მოკძალებული კვლევის საკვანძო მომენტი. გაიხსენეთ, რა ვითარებაში მოახდინა კლასიკური მექანიკის ფუძემდებელმა,  სერ ისააკ ნიუტონმა, საყოველთაო მიზიდულობის კანონის ფორმურილება. შეგახსენებთ, ვაშლის ხის ძირში! აქედან გამომდინარე, და ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ჩვენ არა თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, არამედ გვაქვს სრული საფუძველი, დანადვილებით ვთქვათ, თუ რითი იყო დაკავებული, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, მე-17 საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი და არაფერ შუაშია ის გაპიარებული ვაშლი. გოგრაც რომ დასცემოდა თავზე, ”ფორუმის”“გარეშე არ გამოვიდოდა ეს ამბავი: - მოისაქმაც ამას ჰქვია!

მათთვის, ვინც არ არის დაინტერესებული მსგავსი ლაკონური კვლევებით და გუგულის ბუდისთვის ერთხელაც არ გადაუფრენია, უმჯობესი იქნება,  სხვა, გაცილებით აპოლოგიური ლიტერატურის მეშვეობით განიღრმავოს ბრჭე სულისა და გონებისა, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავნო, ვისთვისაც წყალი უპირველეს ყოვლისა სველია, დავუბრუნდეთ გამოჩენილი ლოთების რიგგარეშე სესიას, სადაც პროფესორმა აბრამმა ეს ესაა განმუხტა ვითარება. ტიციანმა კიდევ ერთხელ ითხოვა სიტყვა და შიზოფრენიკისთვის შეუფერებელი სიმშვიდით განაგრძო:

- მეგობებო, თანამოზიარენო! ჩემი შემოთვაზება არანაირად არ ეხება დრამატურგიას.  პირიქით, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ავანტურული ჩანაფიქრი სწორედ მოახლოებული დღესასწაულის იგნორირებას გულისხმობს. როგორც იცით, დღევანდელი სეანსი რიგით მეორეა ჩემთვის და მე უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენთან ურთიერთობით, მაგრამ რეაბილიტაციის თვალსაზრისით, თქვენი ყოველკვირეული ასამბლეა, ვფიქრობ, არაფრის მომცემი და უპერსპექტივოა. პირადად მე, ყველა იმედი იმის შემდეგ გადამეწურა, რაც შევიტყვე, რომ ჩვენი მშობლიური კლინიკა, დაარსებიდან, ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრში აღრიცხულ პაციენტთა უცვლელი შვიდეულის მიერ გაღებული ფულადი შენატანის მეშვეობითღა ახერხებს კომუნალური ხარჯების დაფარვას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი დაწესებულების პიონერები ამავდროულად ყველაზე სტაჟიანი პაციენტები არიან და გრეღორიჩზე რომ არაფერი  ვთქვათ, ქალბატონი ნორა უდავოდ იმსახურებს შენობის ფასადზე მემორიალური დაფის განთავსებას, რომელზეც ოქროს ასოებით დაეწერება: "აქ, მრავალი წლის მანძილზე, მოღვაწეობდა მსოფლიო ოპერის აუნაზღაურებელი დანაკარგი ...”        
- მოთმინება გმართებთ ტიციან! - შეაწყვეტინა პროფესორმა, - ეს ხანგრძლივი პროცესია, ცვლილებებს მხოლოდ დროთა განმავლობაში იგრძნობთ. 
- გეთანხმებით ექიმო და პრობლემა სწორედ ამაშია! ჩვენ, ჯერ კიდევ წინა შეკრებაზე, აპლოდისმენტებით დავაჯილოვეთ პატივცემული ქიმიკოსი და ლამის დაფნის გვირგვინი შევუკოწიწეთ ჩვენი დროის საამაყო ჰერაკლეს, წუხელ კი, ქალაქის ყველაზე აქტუალურ ბარში, მან არყის ისეთი რაოდენობა მიიღო, მიკვირს სიზმარს რომ არ გადაჰყვა. ბარის მეპატრონე კი, თბილი ქვეყნებისკენ მოლივლივე ბოინგის, ბიზნეს კლასის ილუმინატორიდან ენას გვიყოფს და გვეჯღანება. - აბა დამეწიეთო!..  
- ცამდე მართალი ხარ, ტიციან! - თავში ხელები შემოირტყა ქიმიკოსმა, - თბილ ქვეყნებზე რა გითხრა, მაგრამ ბოლო შარვალი ღილებიანად რომ მექნება გასაყიდი, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს! 
- ასეთი რა დალიე, შე უკუჩვენებავ! - გაუბრაზდა ფიზიკოსი კოლეგას.  
- თავად ნახე! - შუაზე გაკეცილი ანგარიში ხელის ცახცახით მიაწოდა ქიმიკოსმა. - მთელი დღე თან დამაქვს მომაკვდავის ანდერძივით.
ფიზიკოსს თვალები შუბლზე აუვიდა: 
- მერე რას დამჯდარხარ აქ მაო ძედუნივით?! ითხოვე სადმე პოლიტიკური თავშესაფარი, და ჩალპი უკაცრიელ კუნძულზე! 
- Молчать, мать вашу через ё! - ხმა აიმაღლა გრეღორიჩმა, -  ბოლომდე ათქმევინეთ  კაცს!
ტიციანმა განაგრძო: 
- გულწრფელად გეტყვით მეგობრებო, ასე საქმე არ გამოვა! ამიტომ, მე გთავაზობთ კოლექტიურ ლაშქრობას ქალაქგარეთ. დღესასწაულამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ჩემი გათვლებით ათ დღიანი გაუჩინარება ან გადაგვატანინებს ამ საშინელ დამოკიდებულებას, ან საბოლოოდ დაგვღუპავს!
- დაგვღუპავს რა თქმა უნდა! - აიტაცა ფიზიკოსმა, - ასეთი სისულელე რამ მოგაფიქრებინა, თუ კაცი ხარ?! 
- სიმართლე გითხრათ, მიფიქრია ამაზე! - გაამხილა პროფესორმა, - მაგრამ მე მხოლოდ უწყინარ ექსკურსიას ვგეგმავდი, ადგილობრივ პარკებში ულამაზესი ადგილებია...
- ულამაზეს ადგილებში კი გადარეული გიდი ნაჯახით დარბის და ჯერონიმოს გაჰყვირის! - შეახსენა პროფერსორს ბელამ, - მე წინააღმდეგი ვარ!
- ასევე წინააღმდეგი ვარ! - აუბა მხარი ტყუპისცალმა, - ტიციანის შემოთავაზება სულაც არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ ახლა, ჩვენი ქალაქის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, ამაზე საუბარი, ვფიქრობ, უბრალოდ არასერიოზულია! 
- ჩანაფიქრი უდავოდ საინტერესოა და ნამდვილად იმსახურებს სათანადო ყურადღებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეც დელას დავეთანხმები! - დათმო პოზიციები პოფესორმა - თუმცა, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ახლო მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს!

ამგვარად, ჯგუფმა უკუაგდო ტიციანის შემოთავაზება, რომელიც ერთი შეხედვით, წინასწარვე ფიასკოსთვის იყო განწირული, თუმცა ენთუზიაზმით აღსავსე შიზოფრენიკებს, როგორც წესი, არ სჩვევიათ უკან დახევა. ამდენად, ტიციანი, როგორც ზემოთ აღწერილი კონტიგენტის თვალსაჩინო წამომადგენელი, დანებებას არც აპირებდა, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ინიციატივის სათავისოთ შემობრუნებისთვის აუცილებელი იყო ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტი, არაორდინალური მოქმედება, როგორც იტყვიან მხედრით სვლა. დასაწყისისთვის, მას ჯგუფის სრული ყურადღება უნდა მიეპყრო. ტიციანმა ელვის სისწფით დატოვა ფანჯის რაფა და პროფესორის მაგიდასთან მოახლოებისთანავე, ბანქოს თამაშისას სახელოში შემონახული  მაღალი თულფის მსგავსად, ექიმს თეთრი დალუქული კონვერტი ცხვირწინ დაუგდო.
  
ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამ ქმედებაში განსაკუთრებული არაფერია და სათანადოდ ვერ შეაფასოს ჩვენი კრეატიული ინიციატორის გონებრივი სისხარტე. ამიტომ, ნება მიბოძეთ, დაწვრილებით აგიხსნათ ამ მანევრის სრული მზაკვრულობა, მიგასწავლოთ, სად მარხია ძაღლის თავი! 

როგორც იცით, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტი თვითგადაჩენასა და თვითგანადგურებასთან ერთად, არის თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ყოველდღიურად გვევლინება ათასგვარ ფორმაში და სხვადასხვა სახით. ჩემ მიერ შემუშავებული, ათ ბალიან შკალის მიხედვით, საშუალო შეფასებას სჯერდება მოაზროვნეთა ისეთი პასუხგაუცემელი კითხვები, როგორის არის ბერტრან რასელის მიერ კაცობრიობისთვის ნაანდერძევი  - „არსებობს თუ არა მატერია?“.“თუმცა უმაღლესი ორდენის კავალერები უდავოდ არიან ისინი, ვისთვისაც ცნობისმოყვარეობა რეფლექსამდეა დაყვანილი,  ვგულისხმობ იმ ხალხის კატეგორიას, რომლებსაც სხვების თანდასწრებით შეუძლიათ ურცხვად მოიხოცონ ცხვირი და ამის შემდეგ, წამის მეასედით, გნებავთ უნებლიედ, ჩაიხედონ ცხვრსახოცში, რათა დაიკმაყოფილონ ამგვარი ბიოლოგიური ინტერესი. ერთი სიტყვით, ცნობისმოყვარეობა არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საკვანძო მექანიზმი, მამუშავებელი ძრავა, რისი მეშვეობითაც, ტიციანმა წარმატებით განვლო საწყისი ეტაპი და სრული ყურადღება დაიმსახურა. შემდეგი ამოცანა, რომლის წინაშე აღმოჩნდა ტიციანი, სადავეების შენარჩუნება გახლდათ, ვინაიდან იმ იდუმალ კონვერტში სხვა არაფერი იყო, გარდა კომუნალური ხარჯების აღმრიცხველი ქვითრისა და ამგვარი მაკულატურისა, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა კონკრეტულ საქმეს.                                                                                                                                            

- რა დევს კონვერტში? - დაინტერესდა პროფესორი.
- ბილეთები! - უპასუხა ტიციანმა, - რვა ბილეთი ხვალინდელ ღამის მატარებელზე.

გაგიკვირდებათ და ამ ცნობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. თავი რომ არ მოგაწყინოთ, მორიგი ფსევდოფილოსოფიური დაკვირვებებით ადამიანის ამორალურ ბუნებაზე,  რომლის ძირითადი თვისება არის უსაზღვრო ამპარტავნება და ეგოიზმი, შემოვიფარგლოთ შემდეგი აპოფთეგმით:„"და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღრმთისა".  მართალია, თავდაპირველ ცოდვამდე, იმ სუბტროპიკულ ადგილებში ჩასახლებულ წყვილს ეს თვისებები არ გააჩნდა, მაგრამ რაიმე ცნობები არც დადებით თვისებებზე შემოგვრჩენია. მითუმეტეს, რომ  ეგოიზმსა და ამპარტავნებას მაინც და მაინც უარყოფითთა სფეროს ვერ მივაკუთნებთ, ვინაიდან ეგოიზმი არის სიყვარულის ის ერთადერთი ფორმა, რომლის ჭეშმარიტებაში ვერც ერთი გონიერი არსება ეჭვს ვერ შეიტანს. შეიძლება ეჭვი შეგეპაროს კეთილშობილი მეუღლის და ოცი წლის სტაჟის მქონე საიდუმლო საყვარლის სიყვარულში, ან ყველაზე ერთგული ძაღლის ერთგულებაში, მაგრამ ეგოიზმი უეჭველია, თქვენ ან გიყვართ საკუთარი თავი ან არა. რაც შეეხება ამპარტავნებას, პირადად მე, მას ამოვიღებდი სასიკვდილო ცოდვების ნუსხიდან, ან საერთოდ, თავდაბლობით ჩავანაცვლები. წმინდა წერილის ხელშეუხებლობაზე კი, მის უწმინდესობას, რომის პაპს, გრეგოლ პირველს გაესაუბრეთ, რომელმაც ერთ მშვენიერ დილას, ანგელოზების ათსაფეხურებიანი იერარქია გაანახევრა და თავისი ჭია რომ გაეხარებინა, ერთი ხელის მოსმით მოახდინა ციური რანგების გადახალისება.მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთია ადამიანის ბუნება და სადაც გადახდილია, დანაყრებაც ღირს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არარსებულ ბილეთებს. პირველი, ვინც წამოეგო სიხარბის ტბაში შეგდებულ  ანკესზე, ვალებით განებივრებული ქიმიკოსი აღმოჩნდა.                                    

- ის მაინც გვითხარი, სად მიგყავართ?                                                                                            
- რაში გაინტერესებს? - შეწუხდა ფიზიკოსი, - ამ სულელულ ავანტურაში ნუ ჩაებმები!
- ავანტურა უძახე შენ და ჩემს შემთხვევაში ეს შესაძლოა გადარჩენის ერთადერთი გზა იყოს. კრედიტორებს ცოტახნით მაინც დავემალები!  
- უკუნეთში რომ გაგიწევია ბატონო, ქალაქის წინაშე ჩვენს ვალდებულებას რას უშვრები? - შეახსენა ქიმიკოსს დელამ.                                                                                                  
- მართლაც, - ტრადიციულად აუბა მხარი ტყუპისცალმა, - მოგვეჭრა თავიო რომ  იძახდი, უკვე აღარ გაღელვებს ხომ ჩვენი დაწესებულების რეპუტაცია?!                                                    
- თავის მოჭრას ვინ ჩივის, ჩემო ბელა, კასტრაციის საშიშროების წინაშე ვდგავარ კაცი და ამ ჩვენს დაწესებულებას, როგორც შენ უწოდე,  ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრი ჰქვია. ჩვენში ყველაზე თავზეხელაღებული ლოთი კი ჩვენი მკურნალი ექიმია, რომელ რეპუტაციაზე მელაპარაკები, ან ეს ანონიმური რა ჭირია? რომელი ინკოგნიტო გრეღორიჩი გვყავს,- მთელმა ტუნდრამ იცის მაგის ამბავი.                                                          
- Красиво сказал ботаник, красиво - ესიამოვნა ღრეღორიჩს.                                                  
- ვაი შე საცოდავო, химик он а не ботаник - შეუსწორა დელამ.
- Один хуй!
- გადაწყვეტილება მიღებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! - ხმა იმაღლა ქიმიკოსმა, - მე ტიციანს მივყვები.
- ის მაინც თუ იცი სად მიყვები? - შეეკითხა ფიზიკოსი კოლეგას.
- სად მივემგზავრებით ტიციან? - დროულად დაინტერესდა ქიმიკოსი.
ტიციანმა კონვერტი ჯიბეში ჩაიჩურთა და საგანგებოდ გამოაცხადა: - სამხრეთისკენ, ასობით კილომეტრში  მდებარე ტყე-პარკში!                          
- აგაშენა ღმერთმა! - გაექილიკა ფიზიკოსი, - მაგ შენი პარკი იუნესკოს მიერ თუა დაცული?                                                                                                                                                  
- ამ უადგილო სარკაზმის ფრქვევას გიჯობთ, კოლეგას მიბაძოთ! - ურჩია ტიციანმა, - ათ დღიანი ვოიაჟი  თქვენც არ გაწყენდათ.                                                                                    
- მივბაძავ, სხვა რა გზა მაქვს?! მაგის მარტო გაშვება არ შეიძლება.
- ეს რა სიგიჟის მომსწრენი გავხდით, - აღშფოთდა დელა, - იღონეთ რამე ექიმო!
- რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა პროფესორმა, - როგორც გადაწყვეტთ, ისე იქნება.  

დავა საკითხზე დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დომინოს პრინციპით ტიციანის შემოთავაზებას გრეღორიჩიც დაეთანხმა. მათ გაღვიძებისთანავე ნორა შეუერთდა, რის შემდეგაც, პროფესორი აბრამი იძულებული გახდა უმრავლესობის მხარეს დამდგარიყო. ტყუპებმა კი თავიანთი სკამები აიტაცეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს კაბინეტი. დასკვნითი სიტყვა ტიციანმა წარმოთქვა:
- ბატონებო, ქალბატონო ნორა, მე, ტიციან ილიადისი, ვდებ ფიცს, რომ ჩვენი ერთობლივი ეპოპეა თითეული ჩვენგანისთვის წარმატების საწინდარი გახდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი დღეები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ცხოვრებაზე. ხვალ, საღამოს ათი საათისთვის ვიკრიბებით ცენტრალურ სადგურზე. ჩაიცვით თბილად! კარვებსა და სხვა ატრიბუტიკას თავად უზრუნველვყოფ. ბატონებო, ქალბატონო ნორა, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ მიღებული გადაწყვეტილება!

                             (გაგრძელება იქნება)