რეკლამა
  • 2018-05-22
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 851

ავტორი: ჰარირამა ჟანრი: დოკუმენტური / პროზა გამოქვეყნება: 2016-03-02

ვეფხვებს ვერ ვიტან (შემოკლებული ვარიანტი)

42 წლის ვარ, უმაღლესი განათლებით, ვმუშაობ, მაქვს საკუთარი ფირმა. რას ვაკეთებ? რა მნიშვნელობა აქვს? ყველანი ვცდილობთ მუშაობით პური ჩვენი არსობისა მოვიპოვოთ, ხოდა, მეც ჩემს სამსახურში იგივეს ვცდილობ. ვერ გაგიგეთ? სხვა რამეს მეკითხებოდით? კონკრეტულად რას ვაკეთებ? მოდით, ეგ ჩემს საიდუმლოთ დავტოვოთ.

კარგით, როგორც გნებავთ. მაშინ იქნებ კიდევ რამე გვითხრათ საკუთარი თავის გარშემო?

გარშემო? ეგ რა იდიოტობაა? გარშემო და შემოვლითი გზებით არც სიარული მიყვარს და მითუმეტეს, არც ლაპარაკი. ცხოვრებაში პირდაპირობა მჩვევია, შესაბამისად სათქმელსაც პირდაპირ ვამბობ; ვცდილობ, არ მივედ-მოვედო. გარშემო კი არა, პირდაპირ გეტყვით, თუ რამე გაინტერესებთ, ასეთი ადამიანი ვარ მე, პირდაპირი, ყველანაირი გადახვევა-გადმოხვევა უცხოა ჩემთვის და მიუღებელი. 

ოჯახური მდგომარეობა?

მყავს მეუღლე და სამი შვილი.

როგორი მეუღლე ხართ? 

როგორი მეუღლე ვარ? - არ მიყვარს ეგ სიტყვა, ისე, უპრიანი იქნება, ეგ ჩემს ცოლს კითხოთ. მე სხვა რამე მაინტერესებს და ახლავე მოგახსენებთ. დაფიქრებულხართ „მეუღლე“ ნაწარმოები სიტყვა რომაა, ქმარი და ცოლი კი - პირველადი? იცით, დარწმუნებული ვარ, ქართველ ადამს ერქვა ქმარი და ქართველ ევას კიდევ - ცოლი, ანუ მათი სახელები იყო ქმარი და ცოლი.

ეს კაცი, ვის კითხვა-პასუხსა და აზრებსაც ახლა ეცნობით, ჩემი მოთხრობის მთავარი პერსონაჟია (ამ ბოლო ჟამს, მოცალეობისას, მოთხრობებს ვწერ, ხანდახან ლექსებსაც, "ბოლო ჟამიც" რა სიმბოლურად გამომივიდა ნათქვამი), რომელიც, როგორც ირკვევა, წაიმანიაკებს და 42 წლის კაცის ძირითად გართობას შეღამებულზე პარკებში და ბაღებში, ბუჩქებში ჩამალვა, მერე სპაიდერმანის ტანსაცმელში, პარიკმოსილი იმ ბუჩქებიდან ამოხტომა და უმეტესად ბავშვებისა და მოხუცების დაწიოკებაა. ამოუხტება, თავისთვის, მშვიდად და წყნარად მიმავალ მოხუცს ან ბუნჩულა ბავშვს, ინდიელთა საომარი ყიჟინით და გულგახეთქილებს სდევს მცირე დისტანციებზე. მერე დევნას თავს ანებებს და სხვა მსხვერპლს უკვე სხვა ადგილას და სხვა პარკში უსაფრდება. მოკლედ შიში და პანიკა დათესა ჩვენმა გმირმა პატარა პროვინციულ ქალაქ N–ში, დიდხანს დაბოგინობდა, ვერავინ იხელთებდა, ფრთხილი და საზრიანი იყო შობელძაღლი, ხანდახან კარგახნიან შესვენებას აკეთებდა, ხან კი დღეში ორჯერ–სამჯერ გამოენთებოდა ხოლმე და შიშის ზარსა სცემდა უმწეო მსხვერპლთ, მანამ, სანამ, შემთხვევით საკუთარ შვილს არ გამოენთო...

სიმართლე გითხრათ, მოთხრობა თავის პერსონაჟიანად მაგარი შტერობა იყო... მაგრამ მე სხვა რამე მაშფოთებს, - ვაკვირდები და ავტორთან პორტრეტული მსგავსების გარდა, სხვა მსგავსებასაც ვამჩნევ. აი, ეგ არ მომწონს, ზუსტად ეგ.

ამბავი კი ასე დაიწყო...

ოოო, მაგარი ცხელი გამოვიდა ზაფხული, ხოდა ამ სიცხის გამო იყო, რომ გადაარქვეს სახელი.

თბილისი არა, გრილისი!

ნადვილი ცხელისი იყო, მდუღარისი, კუპრგოგირდისისაც კარგად აიტანდა. უბრალოდ ბოლო ორი, უსიამოვნოდ ჟღერდა.
მოკლედ ისე ცხელოდა, ქალაქში სამუშაოდ გამოსული ეშმაკები, შესვენებაზე ჯოჯოხეთში გრილდებოდნენ. წუწუნებდნენ კიდევაც, - სეზონი ჩაგვივარდაო, ყველაზე დიდი, ზრახვად ცოდვას გამოვკრათ ხელიო. მაგაზედაც მადლობელი ვართ, რადგან ისე ცხელა, კაცს ცოდვის ჩადენა ფიქრშიაც ეზარებაო.

მზის გადასვლას და შეღამებულ-შებინდებულზე სიოს ელოდნენ ცხელისს დარჩენილები. იყვნენ ისეთებიც, გაიაფებულ დენზე მომუშავე კონდიციონერებით რომ გრილდებოდნენ, მაგრამ ეგ ის უმცირესობა იყო, რომლებსაც უმრავლესობა მხოლოდ გინებით იხსენიებდა.

დილის ცხრა საათს თუ გადამიშორდებოდა, სახლიდან აღარ გავდიოდი. უთენია უნდა გაადაადგილებულიყავი ადამიანი, რამის გაკეთებას თუ ესწრაფვოდი. ამიტომ სამსახურშიაც, ან დილით შვიდ საათზე მივდიოდი და მზის გადასვლამდე იქიდან ფეხის გამომდგმელი არ ვიყავი, ანდა საერთოდაც არ მივდიოდი. საქმეც ბევრი არაფერი მქონდა და ამით არაფერი შავდებოდა. თანაც სასტუმროს დირექტორი თავად ვიყავი.

ჰოდა, მორიგი ცხელი დღის შემდეგ, მზე რომ მთებს იქით, ზღვებს იქით და საერთოდაც გაღმა გავიდა, მარტოობისგან გულგაწვრილებულმა (ოჯახი კოჯორში იყო გახიზნული და ცხელისს მძევლად ვყავდი დატოვებული), ტელეფონი მოვიმარჯვე და მეგობარს დავურეკე. მეგობარიც ჩემნაირი, მზით გათანგული, სახლსა შინა მარტო მყოფი და დაშტერებული იყო. შევთანხმდით რომ ვესტუმრებოდი. სტუმრობის საფასურად, ცივი საზამთრო და ეგეთივე (ცივი) შამპანური დააწესა მასპინძელმა. მე აღვშფოთდი და განვუცხადე, - თუ კარგია, შენ მესტუმრე-მეთქი, - მაგრამ გაჯიუტდა, - არაფერსაც არ გესტუმრები. იდეა შენი იყო, კეთილი ინებე და მესტუმრე. რაზეც შევთანხმდით, ეგენიც მოაყოლე, თორემ კარს არ გაგიღებო.

ძალიანაც არ შევწინააღმდეგებივარ. რომ დავფიქრდი, ჯობდა კიდევაც მასთან სტუმრობა. დასვრილი ჭურჭელი მისი გასარეცხი იქნებოდა. ჰოდა, ასეც ვუთხარი, - ჩათვალე, ჭურჭლის რეცხვის ფულს ვიხდი-მეთქი. ვერაფერს მიხვდა, რადგან ამირან გულში მღეროდაო, ისე მომდიოდა.

- რაიო, - შემეკითხა?
- რაიო, კი არა, ყინულები გაამზადე შამპანურისთვის ბევრი. გაიგე?
- კარგი, ბატონო, კარგი, ეგ ჩემზე იყოსო.

ჩამოვედი მეთორმეტე სართულიდან ქვემოთ ქუჩაზე. საზამთროც და შამპანურიც ჩემი კორპუსის მაღაზიაში იყიდებოდა, თანაც შედარებით იაფად გამოვიდოდი, ორივეში ერთად ალბათ ორ ლარს დავზოგავდი, მაგრამ ძუნწობას და ყაირათიანობას საღმა აზრმა აჯობა, მართალია გასავლელი ბევრი არაფერი მქონდა, ჰა, ჰა ერთი კილომეტრი, მაგრამ, საზამთროთი და შამპანურებით მთლად სასიამოვნო სასიარულო, ცხელისის იმ ცხელ საღამოს ნამდვილად ვერ იქნებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მეგობრის სახლთან ახლოს, ძვირად მეყიდა; სამაგიეროდ იქამდე ბარგის გარეშე, ხელცარიელს მევლო და ოდნავ აგრილებულზე, მთაწმინდის კალთებიდან ჩამოხეტებული სიოსთვის მიმეშვირა შუბლი და მკერდი, თანაც საღამოს ცხელისის ქუჩაში სეირნობით გავხალისებულიყავი (ეგ უკვე ჩემს მონდომებაზე იყო დამოკიდებული).

უბანი გამოცოცხლებულიყო, ხალხი გამოსულიყო ქუჩაში. თუმც, მაინც გვიანი შემოდგომის ბუზებივით, ზლაზვნით ირჯებოდნენ. გარეთ გამოსულებს წყლიანი შლანგები მოემარჯვათ და ქუჩებს რწყავნენ. მივესალმე, მოვიკითხე. ვერ იყვნენ ჯანზე, სად მივდიოდი იმითაც კი არ დაინტერესდნენ. აბა შემოდგომის გრილიანი ყოფილიყო, ყველაფერს წვრილწვრილად გამოგკითხავდნენ და გამორიცხული არ იყო, სადაც მიდიოდი, გამოგყოლოდნენ კიდევაც. 

ეხლა კი, - ბარო, ჯიგარო, გინდა წყალი მოგასხაო? - შემეკითხა ერთერთი და უარი რომ ვუთხარი, გაიკვირვა კიდევაც, - სანამ ქვემოთ ჩახვალ, გაშრებიო, - მაინც უარი ვუთხარი და ჩემს გზას დავადექი.

თერგის ქუჩა კეკელიძეს რომ კვეთავს, იმ ადგილს რომ გავცდი, მარცხენა მხარეს, ტროტუარის პირას მდგარ ფოთლებ დამწვარ ცაცხვს ვუახლოვდებოდი და ვიღაცამ წამჩურჩულა, - ე, ბიჭო, მიდი, გაიხსენი ახალგაზრდობაო. შევშფოთდი. აქეთ-იქით მიმოვიხედე, არავინ იყო, არადა აშკარად გავიგონე და არ მომესმა. რა უნდა გავიხსენო მეთქი? - გავიფიქრე და პასუხიც მომესმა, - აბა, თუ მაგარი ხარ, გამოექანე და აგე, ფოთოლგაცვენილ ტოტს ზემოთ რომ ფოთლებიანი ტოტი მოჩანს, ახტი და თავით მისწვდიო. შენ ხო არ უბერავ მეთქი? - ვუთხარი გულში. აბა, ქუჩაში მარტო ლაპარაკს ხომ არ დავიწყებდი და უბნელების საღადავებელი გავხდებოდი, - სიცხისაგან გაუბერაო. იმას, ვინც მე მელაპარაკებოდა, ჩემი გულში ნათქვამიც კარგად ესმოდა. აშკარად არ უჩიოდა ტელეპათიურ ნიჭს.

რატომ ვუბერავ, ახტი, თუ ტრაკი გაქვს და მიწვდი, რა იყო, გრეხია? - მეღადავება კიდეც ეს ჩათლახი. მერე, სხვა ხმით და მეორე ყურში ჩამესმის, - ახტი, ბიჭო, მაგას უნდა დააცინინო თავი? ჩემ თვალში ფოცხვერივით ბიჭი იყავი, რა მოგივიდაო? უხ, თქვენი-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ რად გინდა, ხომ გითხარით, ფიქრი ესმოდათ ამ ნაბოზვრებს, - რა ჩვენი, მიდი, ნიძლავი მაქვს დადებული, რომ მიწვდებიო, - მეუბნება ეს მეორე. მივხვდი, ვინც იყვნენ. ეშმაკები ხართ, თქვე, ბოზებო-მეთქი, გიცანით, ოხ, ოხ, რა მაგარი ხარო, - დამცინა იმან, ცოტა უფრო წვრილი ხმით რომ ლაპარაკობდა. რა იყო, წყვილად მუშაობთ-მეთქი, - შევეკითხე. წყვილად რა, პატრული კი არა ვართო, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და დავნიძლავდით, გიცნობთ ვინცა ხართ, ამ უბანში ვმუშაობთ ორივეო. ხოდა, დაახვიეთ აქედან-მეთქი და საიდანაც ხმები მესმოდა, იმ მხარეს გულზე ჩამოკიდებული ჯვარი მივუშვირე. ეტყობა, დავუფრთხე ანგელოზები. ხმა აღარ გამიგია მაგათი. 

ესენი მშვიდობით რომ დავფანტე, იმ ტოტს ავხედე. მართლა საინტერესო იყო, მივწვდებოდი თუ ვერა? ათი წლის წინ პრობლემა არ იყო, მაგაზე მაღალზეც ავხტებოდი. ფოცხვერიო, - ტყუილად კი არ თქვეს.

კატისებრებთან სულიერ კავშირს სულ ვგრძნობდი.

კაცი კატა, - გავიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მჭირდებოდა. კატა ვერანაირად აკმაყოფილებდა ჩემს ამბიციებს, მაგრა არავაჟკაცურად ჟღერდა. ვეფხვი, ზუსტადაც, რომ ვეფხვი! აი, ვინ ვიყავი. ვიგრძენი, ვეფხვი როგორ შესახლდა ჩემს სხეულში მთელი თავისი სიდიადითა და სიდინჯით. გარშემო მივიხედ-მოვიხედე, ნაგვის ბუნკერთან დასიცხული ვირთხა დაძუგძუგებდა, ნაგავს ქექავდა, აღძრულმა ზიზღმა და გულგრილობამ დამარწმუნა, რომ კატა ჩემს ცხოვრებაში, დიდი ხნის წინ, უკან მოტოვებული ევოლუციური ეტაპი იყო. დიახაც რომ ვეფხვი შემომსახლებულიყო და პატარა ქუჩის ცხოველები ჩემში ნადირობის არანაირ აზარტს არ აღძრავდნენ. ამურის ლოსი ან კიდევ ბენგალური შველი მჭირდებოდა ნადირობის ჟინის გასაღვიძებლად... დავიბრდღვინე... ვიგრძენი, ბეწვი როგორ ამეშალა, კუნთები მოიჭიმნენ, მზად ვიყავი ნადირობისთვის, მაგრამ მანამდე, ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად, რამდენიმე იოლი სავარჯიშოს შესრულება გადავწყვიტე.
მსხვერპლისთვის საბედისწერო ჩემი ნახტომის გამოსაცდელად, ცაცხვის ის ტოტიც გამოდგებოდა, აბეზარი სტუმრები რომ მეჩალიჩებოდნენ, - აბა, თუ მიწვდებიო. ადამიანი ვერა და ვეფხვი კი უნდა მიწვდენოდა ამ ტოტს. გამოვექანე, ავხტი, ვერ მივწვდი, თუმცა მიზეზსაც უმალ მივხვდი, - მე ხომ ფაქტიურად ახალფეხადგმულ ბავშვივით ვიყავ ჩემს სხეულს და მისი ახალი შესაძლებლობის გამოყენებას მიუჩვეველი. მეორე ცდაზე წარმატებით დავიპყარ სირთულის ეს ზღვარი და სიამოვნებისგან, არარსებული კუდი შოლტივით გავატყლაშუნე და ზემოთ ავპრიხე. ნადირი მჭირდებოდა, შემთხვევით ქალაქის ქუჩებში მოხვედრილი, გზააბნეული, ცხოველი, ჩლიქოსანი...

ტელეფონის ზარმა, ჩემში ჯერ კიდევ მობინადრე ადამიანი მოაბრუნა.

კახა იყო, ჩემი მეგობარი. 

-	სად ხარ ბიჭო მოდიხარ? 
-	მოვდივარ, ბატონო, მოვდივარ. ცხელა გარეთ და უფრო სწრაფად ვერ ვიზამ.
-	მოდი რა, დროზე. ხო იცი, სიცხეში დრო ისედაც ნელა გადის და ვსევდიანობ...
-	წადი, შენი აიშტაინი თავის რა ვთქვი! სანამ ამოვალ, ეგ ფორმულა გამოყვანილი დამახვდრე?
-	რა ფორმულა?
-	სიცხისა და დროის ურთიერთკავშირის.
-	დროზე მოდი თორემ, მაგასაც დაგახვედრებ და საპანჩურედ გამზადებულ წიხლსაც.
-	რითაც კიდევ ერთხელ დამარწმუნებ, რომ ზოგიერთისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, - ვუთხარი და გავუთიშე. - ვიგრძენი, ვეფხვი აბობოქრდა, აშკარად სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებდა, კაცის საბოლოოდ განდევნის სურვილს ვატყობდი. არ სიამოვნებდა ასე აგდებული საუბარი. მერე რა, რომ მე მელაპარაკებოდნენ, ახლა ჩვენ ხომ ფაქტიურად ერთნი ვიყავით. შემეშინდა ბოღმა არ ჩაედოს გულში და დალეულზე მე რომ ცოტა მოვსუსტდებოდი, არ ემძლავრა და ჩემი მეგობარი არ დაეზიანებინა.

ხომ ძნელია, დაჯერება იმისა რომ შენში ვეფხვი სახლობს, მაგრამ უფრო ძნელი მერე, ამ ვეფხის სხეულიდან და ტვინიდან განდევნაა. ამიტომაც, გზა მშვიდობიანი თაანაარსებობისა ვარჩიე, - კოჰაბიტაცია კაცისა და ვეფხვისა. ამ შემოსახლებულ ვეფხვთან ჩხუბს და დავიდარაბას კეთილი დახვედრა და სიამტკბილობა ჯობდა. ასე სწრაფად და ლოგიკურად არასდროს მიაზროვნია. გადაწყვეტილებებს წამებში ვიღებდი. ეტყობოდა, ვეფხვობა კაცის მენტალობას და გონებრივ შესაძლებლობებზე კარგად მოქმედებდა. სადღაც შიგნით ვიგრძენი, ვეფხვიც დამეთანხმა.

ეს აზრები, ფიქრები, თეზები და ანტითეზები ჩემს ისედაც დასიცხულ თავს, კიდევ უფრო ახურებდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ და გმირობის ჩასადენად მომიწოდებდენ.

ის გოგო

სამზარეულო, საღამოს პირი, ორი დაქალი. სხედან მაგიდასთან, ცივი წვენის ორი ნახევრად სავსე (ეტყობათ, ოპტიმისტები არიან) ჭიქა მაგიდაზე. 22-25 წლამდე ასაკისანი იქნებიან, შეწუხებული სახეები აქვთ. ეტყობათ, სასაუბროდ, ერთდროულად მტკივნეული და თან საინტერესო თემა აქვთ არჩეული.

-	სიცხის ბრალია, თორემ რა მაჩხუბებდა? რა მითხრა ისეთი, რისი გულისთვისაც ასეთი ამბის ატეხვა შეიძლებოდა?
-	კარგი, ნუ ნერვიულობ. აგერ, ნახავ, თუ არ მოცუხცუხდეს.
-	არა რა, არ იცნობ მაგას, კარი რომ მოიხურა, ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა. რა ვქნა? ვგიჟდები, ისე მიყვარს.
-	ნუ ამბობ ეგრე. გაიგე, ეგრე არავინ არ უნდა შეიყვარო. თვითონ გაგიჟდეს, თუ ძალიან უნდა. მაგის ძმაკაცებს ხომ არ დალაპარაკებიხარ? ან თვითონ აღარ დაგლაპარაკებია ან არც დაურეკავს?
-	არა, არა, არა, მაგას არ ვჩივი, გოგო? ზარიც კი არ გამოუშვია, საშინლად თავმოყვარეა. 
-	რამდენიმე დღის წინ ყველაზე ბეზპონტა კაფეში ვიყავით ჯგუფელები და მაგის ძმაკაცები მაინცადამაინც იქ გაიჩითნენ.
-	ვინ და ვინ იყვნენ, მითხარი, რა?
-	გიო და ლევანი.
-	მარტო?
-	არა, ეკა და ჯული, იცი? 
-	აუუ, მაგ ბანძებთან რა უნდოდათ?
-	ბანძები უძახე შენ!
-	არადა, ლევანი მაგარი კაი მასტია, მაგრა მევასება, იმ შტერმა როგორ დაითრია?
-	რავი აბა, მაგათ ტვინში ჯობია არ ჩაიხედო. შენ რომ იმ ბანძს გამჯობინებს, მერე ეგეთ სირს რა უნდა ელაპარაკო. მომხედე, იცი, სირი ძველქართულად ჩიტი რომ ყოფილა?
-	კი, კი ვიცი.
-	მაგრა უბერავდნენ რა, ეს ძველი ქართველები, სხვა სახელი ვერ მოიგონეს? ხოდა, მაგიტომაც გადაარქვეს მერე და ჩიტი დაარქვეს.
-	რას გადაარქვეს? აჰა, ეხლა ჩიტიიია... 

ხმამაღლა იცინიან. თემას უბრუნდებიან. 
-	ისე, შენც ისეთი ხარ, რომ კაცს გონია განწირულია და არაფერი გამოუვა.
-	კარგი, რა! მაგ ლევანზე თუ მეუბნები, - შემხვდიო. შევხდი. სადაც დამპატიჟა, წავყევი, უარი არ მითქვია და საწოლში ვერ გავათრევდი. 
-	ეგ საწოლია, მაგათ რომ აგიჟებს, მაგის შემდეგაა, რომ გონიათ, რამე უფლება აქვთ შენზე. იცი, რატომ ვიჩხუბეთ? რა მითხრა, იცი ? არა რა, რომ ვფიქრობ, უნდა მეჩხუბა, სიცხე არაფერ შუაშია. 
-	რა გითხრა? მიდი, თქვი რა? 
-	რა და, სიცილით მეუბნება, - რომ ვიჟიმავებთ, მერე ჩემი ტყვე ხარო! 
-	რატოო?
-	მეც ეგ შევეკითხე. რატომო და ძველქართულადო, ჟიმაობას ტყუვნაი რომ ჰქვიაო, ხომ იციო?
-	მერე, მერეო?
-	ჰოდა, მაგ ტყუვნასა და ტყვეს, ერთი ძირი აქვს და ფაქტიურად დატყვევებას, ტყვედ აყვანას ნიშნავსო. ხოდა, მაგაზე გავცოფდი და ვუყვირე, შენი აკაკი შანიძე დედა ვატირე, ტყვედ ვინც აგიყვანია, ისევ ის აიყვანე და აქედან კიდე დაახვიე-მეთქი. ძაან გავცოფდი. 
-	ვაა, ეგ შანიძე მაგრა გაგხსენებია, - იცინის. - სწორედ მოქცეულხარ, დეგენერატი.
-	ტყესაც ეგ ფუძე აქვს და მაგაზე რაღას იტყვი-თქო. მოდი და, ეგეთ კრეტინებს ჩიტი არ დაუძახო. ლევანიც ეგეთი იქნება. კოცნოს ეხლა ის მახინჯი გოგო. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მობრუნდება და მუხლზე დაჩოქილიც შეგეხვეწება შერიგებას. - მერე საათზე დაიხედავს, - მაკუნი, უნდა წავიდე. დღეს ჩემს წინაპრებს, დაქორწინებიდან ოცდამეშვიდე წელი აქვთ და სახლში უნდა ვიყო. პატარა სუფრა და რამე იქნება. მთხოვეს, არ დავიგვიანო. თუ გინდა, წამოდი შენც.
-	აჰ, არა, რა, ისე ვინ იქნებიან?
-	არავინ, მაგათი მეგობრები და ნათესავები, ოც კაცამდე იქნებიან. იქნება მდუღარე და გულამოყოლებული სადღეგრძელოები, პურის ჭამა, გიტარა ჩქარი ტაშით.
-	აჰ, არ, არ, არ მინდა, ჩქარი და ცხელი არ გამაგონო, ამ პაპანაქებაში, ეგეთი ყველაფერი შემძულდა.
-	კარგი, როგორც გინდა. გავალ მაშინ. - კვლავ საათზე იხედება. ეტყობა მართლა აგვიანდება, - შვიდი ხდება უკვე.
-	მოიცა, ჩაგაცილებ კეკელიძემდე და თან სიგარეტსაც ვიყიდი. იცი, კუთხეში მაგარი მაღაზია გახსნეს, პარლამენტი ყველაზე იაფადაა. თან, გზაშიც წავიჭორავებთ.
-	ხო, ეგ დღეს ჩვენებურად არ გამოგვივიდა. - ორივე იცინის. მაკუნა ცარიელ ჭიქებს ნიჟარაში ჩააწყობს. ოთახიდან გადიან.

ის ბიჭი

უნივერსიტეტის ბაღი. სკამზე ბიჭები სხედან. 30 წლამდე იქნებიან. სიმპატიური ბიჭები არიან. ერთი ზედმეტად აღგზნებული ჩანს.
-	მოიცა, ვისთან ერთად იყოო, რას ამბობ?
-	დაწყნარდი, მთელი სასტავი იყო, ბიჭებიც, გოგოებიც. 
-	რამდენი იყვნენ? - ექვსი, შვიდი? 
-	არ დამითვლია. 
-	არ მოგესალმა? 
-	არა, მართალი გითხრა, ჩვენც თვალს ვარიდებდით და იმანაც იგივე ქნა.
-	აუ, მაგარი უვერენი ვარ, დაგინახათ. 
-	ეგ ხომ ისედაც გითხარი, თვალს ვარიდებით ერთმანეთს და ესე იგი, დაგვინახა კიდევაც. ეგ ბარი რამხელაცა, შენც იცი. 
-	რას შვებოდნენ, მითხარი...
-	აუ, არ უნდა მეთქვა რა, შენთვის. არაფერს არ შვებოდნენ განსაკუთრებულს... იცინოდნენ, ცეკვავდნენ. 
-	ესეც ცეკვავდა?
-	არა, არა, ხომ არ დავაბრალებ? გეუბნები, არ უცეკვია. თხოვდნენ, მაგრამ არ ცეკვავდა.
-	მაგრად უყვარს ცეკვა. ალბათ თქვენ რომ იქ იყავით, თორემ ეგ არ გაჩერდებოდა. ცეკვას ვინ თხოვდა ვერ დაინახე?
-	ეეე, გარეკე მე მგონი შენ... რა ვიცი, გოგოები, ბიჭებიც.
-	მაგათი დედაც... (ეტყობა, გაბრაზებულია ძალიან).
-	ეუჰ, მაგარი ხარ, რა. თუ ეგრე გიყვარს, წადი და შეურიგდი, ძმაო. 
-	შევურიგდები, მაგრამ მაინც ვანანებ მაგ საქციელს.
-	რა საქციელს? 
-	რას და, სახლიდან რომ გამომაბუნძულა. ეხლა იცი რას ვიზამ? - ავადგები სახლში. მე შენ გეტყვი, შორსაა... 
-	ჩვენ წამოგყვეთ?
-	არა, რას ამბობ? - იცინის. - მე პირველი დავარტყამ და თქვენ გვერდებიდან დასცხებთ, თუ რა პონტში წამომყვებით?
-	რავი, გაგამხნევებდით. 
-	კაი, თუ ძმა ხარ, რას გამამხნევებ? ერთი რომ დავურეკო, სიხარულის კივილით ჩამოვა აქ. მაგრამ ჯობია ავადგე. ისე, სახლშია რო? (ურეკავს, არვინ არ პასუხობს, ისევ რეკავს). ავალ, რა, ავადგები. 
-	კაი, წადი, მაგრამ არ გარეკო, წესიერად მოიქეცი (არიგებენ ჭკუას).

ყველა გზა იკვეთება

ქუჩას მოვუყვებოდი და მსხვერპლს ვეძებდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი. ჩასისისხლიანებულ თვალებში მონადირის ჟინი მიკრთოდა. შორიდანვე იგრძნო ჩემში ვეფხვმა, სიომ მოიტანა... მათი სურნელით იყო ქუჩა სავსე. ფალიაშვილიდან ჩამოდიოდნენ. ორნი იყვნენ, - კენარნი და ალვანი ტანად, მსხმოიარე ვაზსა ჰგავდნენ. და იმ ვაზის მტევნებსაც, დასაჟღლიმ-დასაკბენს. სისხლი მწყუროდა.

შევჩერდი. ისინი კი თავისით, თავისი ფეხით მოდიოდნენ, ბაკაბუკით მოუყვებოდნენ ქუჩას. მე იქ ვიცდიდი კბილალესილი, მხურვალი, მონადირის აზარტითა და ვნებით სავსე. ჩემსკენ გამოიხედეს, რაღაც არ მოეწონათ და ქუჩის მეორე მხარეს გადაწყვიტეს გადასვლა. მათი გაქცევა ჩემს გეგმებში არ შედიოდა. სხარტად და სწრაფად გადავედი მეორე მხარეს და სამშვიდობოს გადასულებს (ასე ეგონათ), წინ დავხვდი. ქვემოდან ზემოთ ავხედე, - ჯოგს ჩამორჩენილი დაჭრილი ნიამორები ხართ? - შეშინებულები მიყურებდნენ. თვალებში პირველყოფილი შიში დაბუდებოდათ. რა გინდა ბიძია, - იკითხა ერთერთმა. ბიძია არ ვარ მე, ვეფხვი ვარ, ვეფხვი და... - დავიბრდღვინე. აუ, გიჟი ჩანს მაკუნი გავიქეცითო, - დაიყვირა და ახლო სადარბაზოსკენ გაიქცნენ. რას გამასწრებდნენ?! - მივყევი. ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ეს მე ვდენიდი მათ იმ ადგილისკენ, სადაც მათ მშვენიერ ყელს ჩემი კბილი გაფატრავდა.

სადარბაზოში შეცვივდნენ. შევყევი. ყვიროდნენ, თუმცა უიმედობა იგრძნობოდა მათ ხმებში. დავიბრღვინე, მსხვერპლმონადირებული ვეფხვის ღრიალით. და ამ დროს,“შოთიკო, გვიშველეო“ მესმის. შოთიკო ნამდვილად არ შედიოდა დღის მენიუში. შევჩერდი და უკან მოვიხედე. სადღაც ნახევარ ბრუნს აკეთებდა ჩემი ყბა, შოთიკოს მთელი ძალით მოქნეულ მუშტს რომ შეეგება. კიბეებთან დავეცი. დაცემულს არ ურტყამენ-მეთქი, - მინდოდა დამეყვირა. ვინ გაცალა? - მიდი, შოთიკო, დაარტყი მაგ მანიაკსო, - ყვიროდნენ გოგოები. გოგოები კი არა, ალქაჯები იყვნენ, სისხლისმსმელები. გაილაღა შოთიკომ, ფეხსაც კარგად ხმარობდა, შობელძაღლი. ვეფხვი, დავინახე, ჩუმად გაიძურწა სადარბაზოს ოდნავ ღრიჭოში.

(თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ვეფხვი კი არა, ქუჩის დასაწყისში, უხილავი ნაბოზვრები რომ გამეჩითნენ, იქიდან, ერთერთმა მაგარი ნიძლავი მოიგო.)

გადავრჩი. ორი თვის მკურნალობა დამჭირდა, სანამ სიარული ხელახლა ვისწავლე.

სამაგიეროდ, წერა დავიწყე მოთხრობების და ვეფხვებს ვერ ვიტან.