რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ლუკა ქვიშელი ჟანრი: / პროზა გამოქვეყნება: 2016-06-28

ჟუბიე

                                                               - ჟუბიე - 

ნაშუაღამევი იქნებოდა. უკვე მერამდენედ გაღვიძებოდა, საწოლიდან დგებოდა  ისე, რომ შუქს არ  აანთებდა და ფანჯარასთან მიდიოდა. გულისყურით აკვირდებოდა გარეთ ღამეს.    
- რომ გათენდება, ჯერემ ხელ-პირს დევიბან, მერე... არა, არა! ჯერემ ლოგინს მივალაგეფ და მერე დევიბან. მერე ქათმებს დავაპურეფ. საქათმეში რომ შევალ კარი არ უნდა დამჩეს ღიათ. ერი ნახევარლიტრიანი ბანკა პურისკეკალი უნდა დუუყარო. მერე კვერცხს ევიღეფ ბუდიდან. 5 უნდა იყოს, მარა ერთი უნდა დავტიო. მერე კუხნაში შევალ და გაზს ავანთეფ, მარჯვენა კამფორკას, ნელ ცეცხლზე ტაფას დავდგამ, ერ კობზ ზეთს დავასხამ და ორ ცალ კვერცხს დავატაფავ. მარილი პაწა უნდა. კვერცხს რომ გული გუუმაგრდება გაზს გამოვრთავ. პურს ხელით მოვტეხავ, დანა არ უნდა ვიხმარო, ხელს გამიჭრის. ამასობაში ტაფა გაგრილდება და ქე შევჭამ. მერე კიდომ ავანთებ გაზს და ჩაინიკით ერ ჭიქა წყალს დავადგამ. ორთქლი რომ ამუუვა გაზს გამოვრთავ, ე, მაი არ უნდა დამავიწყდეს! არა, არ დამავიწყდება, კი ვიზამ. მერე ყვაილებს მოვრწყავ, წყალი ერი ცუცუნიე უნდა. მერე დედასან წავალ. პაწა ხანს გაჩერდიო - ასე მითხრა. ა! რა გინდა? ყოლისფერი დევიმახსოვრე!  - ფიქრობდა ფანჯარასთან მდგომი ღამესმიშტერებული ჟუბიე.  შეცივდა და ლოგინში ჩაწვა. ადრიანად გაეღვიძა და ,,დედა,,-ო!      
- ოჰ, ა! აბდალა არ ვარ ახლა მეე? დედა რომ სახლში არაა თლად დამავიწყტა!    
საწოლიდან წამოდგა, შარვალი ამოიცვა, პერანგი ჩაიცვა და სვიტრშიც გაუყარა თავიც და ხელებიც. მერე სარკის წინ დადგა და როგორც შეეძლო ისე გაისწორა სამოსი.  
- ჯერემ ხელ-პირი უნდა დევიბანოოო.    
დაიბანა.    
- ახლა ქათმებს პურისკეკალი უნდა დუუყაროოო.  
კუხნაში ტომარაში  ნახევარლიტრიანი ქილა ამოუსვა და ხორბლით აავსო. საქათმის კარი ფრთხილად შეაღო. ჟუბიეს დანახვაზე ქათმებმა კრიახი მორთეს და მისკენ  გამოიქცნენ.  
- მოით, მოით! ა, მევიტანე!  
წელშიმოხრილი  საკენკს აუჩქარებლად ყრიდა ჟუბიე. სანამ ამ საქმით იყო დაკავაებული ჟუბიას მხრებზე, ზურგზე და თავზეც კი, ასე 5-6 ქათამი  დააჯდა.  
- მეიცათ, მეიცათ! რა იცით აი, ა?! არ დამსვაროთ! მეც კი მყვარხართ მარა, ხომ არ გაწუხებთ? - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა ჟუბიე.  
მერე ბუდესთან მივიდა და მართლაც 5 კვერცხი დახვდა,    
- ოთხი უნდა ევიღო და ერთი დავტიო.  
ასეც მოიქცა.  კუხნაში გაზთან მივიდა.  
- ჯერემ არ შევჭამ... ჯერემ დედასან წავალ...    
მიდიოდა და ფიქრობდა ჟუბიე:  
-  ახლა რომ ეწყინოს რომ არ მიზაკუსკია?... არ მუუყობი... მაინც ვერ გეიგებს... მარა აი ტყუილი რომ არ მინდა? რა ვქნა ახლა მე?... მივბრუნდები და კვერცხს შევიწვავ!  
მიბრუნდა.          
- მარა ახლა ძაან რომ მომენატრა?.... არა! ჯერემ დედასან წავალ!  
- სა მიხვალ, ბიჯო, ჟუბია ასე იალონში? - გამოსძახა მეზობელმა ანიჩქამ.  
- დედასან მივალ, დედასან.  
- ჯვარი გეწეროს, ჟუბია, ჯერემ! -  გამოსძახა და ჩაილაპარაკა: - ჯვარი გეწეროს, შე საცოდაო...    
  საფლავის ცივ ქვაზე იჯდა და გუშინდელ და დღევანდელ ამბებს უყვებოდა. არც ის დაუმალავს რომ არ უზაკუსკია, მარა პირობა მისცა, რომ სახლშიდაბრუნებისთანავე კვერცხს შეიწვავდა. შუადღემდე ესაუბრა ჟუბიე დედას...    
  - ჯერემ გაზი უნდა ავანთო, მერე ნელ ცეცხლზე ტაფა დავდგა...ზეთი ერი კოვზი უნდა...მარილი პაწა... ასე დამიბარა დედამ...    
მარტოდდარჩენილი, რომლის სხეულშიც სული ისვენებდა, სახლისკენ მიდიოდა.