რეკლამა
  • 2018-10-23
  • რეგისტრირებული წევრი - 232
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 890

ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2016-07-08

* * *

უკვე მერამდენედ ვხვდები “მარშუტკაში” ისეთ დროს, როცა მძღოლს, ადგილების შევსების მიზნით, ზოზონ-ზოზინით მიჰყავს ტრანსპორტი. საშველი არ ადგება დანიშნულების ადგილამდე მისვლას. სამაგიეროდ საშუალება გეძლევა ქუჩები საგულდაგულოდ ათვალიერო.

ვუყურებ, ჩემს პატარა ქალაქში მშენებარე ობიექტებს, და ვფიქრობ: ნეტავი მეთქმევინებოდეს,  შენდება და მშვენდება ჩემი ქალაქი-მეთქი. ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ უწოდებთ მშვენებას ტროტუარზე ამოზრდილ სხვადასხვა ზომის ნაგებობებს, ან ორ კორპუსს შორის ჩაჭედილ ობიექტებს. გაივლის ვინმე, გულუბრყვილო სამუშაოს მაძიებელი და დასაქმების იმედი გაუჩნდება. რეალობა კი ასეთია: აშენდება ეს უსახური ფარდული და მის ფასადს "დაამშვენებს" ნაცნობი წარწერა - "ქირავდება". ან, უკეთეს შემთხვევაში აქ სავაჭრო, ან კვების ობიექტი გაიხსნება, რომელიც სხვა, მსგავსი ობიექტის კლიენტთა ხარჯზე იარსებებს.

მაინც, რა უცნაური ეკონომიკური “მოდელია” ჩვენთან: თითო მომხმარებელზე სამი-ოთხი გარემოვაჭრე; თითო მაღაზია, და ამდენივე მცირე საკონდიტრო საწარმო მოდის. თუ გაგიმართლა და რომელიმე ასეთ ობიექტზე დასაქმდი, ათი-თხუტმეტი ლარის სანაცვლოდ მთელ შენ ენერგიას გამოწურავენ.

ცხონებული გური მასწ-ი მახსენდება, - ჩემი, ეკონომიკური გეოგრაფიის მასწავლებელი. ერთი დებულება უყვარდა და ხშირად იმეორებდა: ეკონომიკა საძირკველია, პოლიტიკა ზედნაშენიო. დროის მიმართებაში ვერ ჩავეძიები ამ დებულების ჭეშმარიტებას და აწმყოში, თუ პოლიტიკას პოლიტიკოსებთან გავაიგივებთ, ზედგამოჭრილია: რა უხეირო ეკონომიკაც გვაქვს, ხელისუფლებაც ისეთი გვყავს. შენ კი, ვინაც ოჯახისგან მოშორებულმა, სხვა ქვეყანაში მრავალწლიანი ჭაპანწყვეტით მცირე კაპიტალი დააგროვე, ექსპერიმენტებისთვის სადა გცხელა. გიჯობს იქ დააბანდო, სადაც სხვები აბანდებენ... და შენდება და “მშვენდება” ჩემი ქალაქი.

"გამომიხვედი შენც ეკონომისტი”- ირონიულად მეღიმება საკუთარ თავზე და, როგორც იქნა, ტრანსპორტიდან ჩავდივარ.

ტროტუარზე  ლურჯი ”ოპელი” გაჩერებულა და თავახდილი საბარგულიდან თვალს მტაცებს ხასხასა სიყვითლე.

-რამდენად ყიდი მანდარინს? – ვეკითხები შუახნის მძღოლს და ენასმომდგარ “ბიძია”-ს ვყლაპავ. დროულად მახსენდება, რომ გარედან მეც ნახევარი საუკუნე მაწევს მხრებზე, შიგნიდან კი ჩემს თავს მარტო მე ვხედავ. 

- ბაგაჟნიკში რომაა, აი ლარი და იაშიკში ლარნახევრიანი მანდარინაა.
სმენას იავნანასავით ელამუნება ეს კილო.

-სიდოური გურული ხარ? – “ვუქცევ” და ვერც ვაცნობიერებ რომ ფამილარული ვხდები.

-ნატანებელი. შენ? 

-X იდან ვარ

-მერე იქოური ქალი მანდარინას ყიდულობ?

- გავყიდე იქაურობა.  მშობლები აღარ არიან, მე კი ვერ ვეპატრონე ამ სიშორიდან – ვიმართლებ თავს.

-ძმაი არ გყავს?

-არა

-ა, ამიზა იკლავენ თავს ბიჭიზა.

-ჰო - ვეთანხმები და გონებისთვალს ვარიდებ მომაბეზრებელად ამოტივტივებულ ფემინისტურ მოსაზრებებს. გაკიცხვას ისევ ეს მირჩევნია. 

მრავალგზის განმეორებადი სიზმარიც საკმარისია, რაც მამისეული სახლის დამთმობს აწვალებს. 

ხოლო სიზმარი ასეთია:

შენს სახლში ხარ. ტკბები კედლებს შიგნით მსუნთქავი მშობლების აურით. ეზოში კი ყველა ხე მწიფე მოგონებებით მსხმოიარეა. გიხარია, მსუბუქად დაბიჯებ... და ამ დროს ჭიშკარში უცხო ადამიანი შემოდის. გახსენდება, რომ ეს სახლი შენ აღარ გეკუთვნის, გრცხვენია და იმალები, სხვის კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრილი.