რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ნათია როსტიაშვილი ჟანრი: / პროზა გამოქვეყნება: 2016-09-09

სუნთქვის შემგროვებელი

                                 
ჩემს სამსახურად წოდებულ აქოთებულ ოთახში ვზივარ და ვფიქრობ: მეყოფა თუ არა გამბედაობა, ადამიანს, რომელსაც სულ სამი დღეა ვიცნობ, მაგრამ უკვე საკუთარი ბებიასავით მიყვარს, ჩემი უცნაური უნარის შესახებ მოვუყვე. იქნებ ამ საიდუმლოს ამოთქმამ ცოტა ადგილი მაინც გამომინთავისუფლოს ამბებით ჩახერგილ ფილტვებში. იქნებ ამ ჩამძიმებულ გულსაც რაღაც მოაკლოს, შეამსუბუქოს.
დალი ბებოს ჰაერის არომატიზატორი უჭირავს და ოთახში დაფაჩუნობს, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე ,,ჰაერს აკეთილშობილებს“. იცის, ამ ოთახის სუნს ჭკუიდან გადავყავარ და სადაც ვზივარ, იქ განსაკუთრებული მონდომებით ახრჩოლებს, თუ აშხეფებს.
ფანჯრისკენ ვტრიალდები. საცრემლე სადინარში გაჩხერილ წვეთს, უხილავი ძაფით, შიგნითკენ ვექაჩები, ვისრუტავ. არ მინდა, დალი ბებომ აცრემლებული მნახოს.
- ნენსი, შვილო, - მეუბნება, - ასე ძალიან ნუ განიცდი.
მართალია, მისკენ ზურგით ვზივარ, მაგრამ დალი ბებოს ზურგიდანაც შეუძლია, თვალებში ჩამხედოს.
_ თუ გკითხავენ, სად მუშაობო, შენც ადექი და ინგლისურად უთხარი ხოლმე. ყველამ კი არ იცის ინგლისური, შვილო, ზოგი ვერც მიხვდება რა სამსახურია!
ასეთ გულუბრყვილო, გულწრფელ დამშვიდებას, ცრემლის საქაჩი ძაფები რაა - ჯებირების შემაკავებელი ჯაჭვების აწყვეტაც შეუძლია. ჰოდა, აიწყვიტა. წამოვიდა და წამოვიდა. წამოიღო შლამი და ლექი, ჩამოიცალა.
მართალია, ჩემს ამ მდგომარეობას უკვე ვერანაირი მსუბუქი თვითირონია ვეღარ უშველიდა, მაგრამ მაინც ვცადე - წარმოვიდგინე, კითხვაზე: ,,სად მუშაობთ, გოგონი?“ ცხვირაწეული ვპასუხობ: „სექენდ ჰენდში“ და ინგლისურის არმცოდნე კითხვის დამსმელი, შურით სკდება.
მოვაღე პირი და ხმით ავტირდი.
_ დამშვიდდი, შვილო. გუშინაც სულ ტყუილად თქვი, თავი უსარგებლო მგონიაო. გამოგიჩნდება რამე უკეთესი სამსახური. შენ რომ იყავი, იმ სამი გასაუბრებიდან, ერთგან მაინც როგორ არ მიგიღებენ!.. აბა, სულ ჩემნაირი ბებრუხუნა თანამშრომელი კი არ გეყოლება, სულ ასე გამოყრუებულ ოთახში კი არ იჯდები! მთელი ცხოვრება წინა გაქვს, უმაღლესდამთავრებული, ლამაზი გოგო ხარ, ყველაფერი გამოგივა შენ!
რაღა გამაჩუმებდა. წლობით ჩაკირული ემოციები ამიდუღდა შიგნეულში და ამოხეთქა. ამოხეთქა და ამოიყოლა იმ ჩემი უცნაური ნიჭის თუ წყევლის საიდუმლოც. ვუთხარი, რომ სინამდვილეში, ერთადერთი საქმე, რომელიც გამომდის - სუნთქვის წაკითხვაა.
დედის სუნთქვის გაშიფრვის ამბავი
მოვუყევი, როგორ შეწვა იმ საბედისწერო დილით დედამ კატლეტი. ჯერ მე მაჭამა, მერე თვითონ გადაიღო. ერთხელ ჩაკბიჩა და თეფშზე დადო. მეტი არ ვაცალე, ბუშტი შევაჩეჩე გასაბერად.
- ნენსი, აცალე დედას საუზმობა! - მითხრა ბებიაჩემმა.
- არა უშავს, ამას, რომ დავბრუნდები, მერე დავასრულებ. დღეს ხომ შაბათია, ადრე ვამთავრებ. სამსახურიდან გადავირბენ, ფეხსაცმელს დავტოვებ ქუსლის გამოსაცვლელად და წამოვალ. - უთხრა დედაჩემმა დედამისს, ხელები ხელსახოცზე შეიწმინდა და ბუშტი გამიბერა.
იმ დღეს, დედა, სამსახურიდან არ დაბრუნებულა. მის ნაცვლად გაფითრებულსახიანი ნათესავი ქალი მოვიდა, ბებოსთან ერთად ოთახში შეიკეტა. მოგვიანებით, იმ გაფითრებულმა და უკვე თვალებამოწითლებულმა ქალმა თავისთან წამიყვანა, რამდენიმე დღით. შეკითხვის დასმა ვერ გავბედე, თვითონაც არაფერი უთქვამს. ერთხელ, ვახშმობისას, მისმა ქმარმა სიტყვა „ავარია“ ახსენა და ამან თვალები დაუბრიალა. ეგ იყო და ეგ.
სახლში რომ მოვყავდი, გული მისკდებოდა, ვაითუ დედა აღარ დამხვედროდა, მაგრამ ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, დედაჩემის გაღიმებული სახე დავინახე. ლამის გული ამომვარდა მონატრებისგან. ასე თვალანთებული და გაღიმებული მიყურებდა კარგა ხანს დედაჩემი, დღეები ისე გადიოდა, თვალს არ მაცილებდა. ზოგჯერ მზერა დაებინდებოდა ხოლმე და ვხვდებოდი - მინაა გასაწმენდი. გავძახებდი ბებოს, მოიტანდა ისიც ძველი პირსახოცის ნაგლეჯს, ტირილ-ტირილით დააორთქლავდა მინას, გააპრიალებდა. გადაუსვამდა შავ ჩარჩოსაც და ფოტოდან ისევ ძველებურად თვალებაციმციმებული დედა მიღიმოდა.
რა თქმა უნდა, ასე მარტივად ვერ გადავიტანდი დედის აღარყოფნას, რომ არა ის ამბავი, თავდაყირა რომ ამომიტრიალა რეალობა.
სახლში მობრუნების საღამოსვე თვალში მომხვდა საწოლსა და კედელს შორის დედეჩემის გაბერილი ბუშტი. წამებში გაიდღაბნა მთელი ოთახი, მთელი სამყარო. მკვეთრად და გარკვევით მხოლოდ ბუშტს ვხედავდი. უბრალოდ „ბუშტი“ არც ეთქმოდა, ეს ხომ ყველაზე დიდი ხილული სასწაული იყო დედამიწაზე! დედა აღარ მყავდა, მაგრამ მისი სუნთქვა ძველებურად ცოცხლობდა. აქვე იყო, ჩემს საწოლთან. ნამდვილი, ნამდვილი, ცოცხალი! ღმერთო, გმადლობ და ბოდიში, რომ რაც დედა გამიქრე - აღარ მწამდი.
კარგა ხანს მიკარება ვერ გავბედე. მერე ძალა მოვიკრიბე და მივედი. ავიღე, მჭიდროდ მოკრული პირი იმხელაზე შევუხსენი, ცხვირის წვერი რომ ჩამტეოდა. ფრთხილად შევისუნთქე დედაჩემის ფილტვებამომვლილი ჰაერი. ვიგრძენი, როგორ ამომევსო ნესტოები მაცოცხლებელი ჰაერით. როგორ გადავიდა ცხვირ- ხახაში, ხორხში, სასულეში, ბრონქებში... როგორ ტოვებდა თბილ კვალს ჩემი სასუნთქი სისტემის გზებზე. ფილტვებიც რომ ბოლომდე ჩამითბა, სუნთქვა შევიკარი. თან ბუშტს მჭიდროდ მოვუკარი პირი, მომავალი საღამოებისთვის გამოვიზოგე. შავი რეალობიდან ფერად სიზმარში გადასვლას ჰგავდა ეს ყველაფერი. ყველა ტკივილი დამიამდა, ავმჩატდი. ალბათ, ყველაზე ძლიერმოქმედ ნარკოტიკსაც არ ექნება ასეთი ძლიერი ზემოქმედება. სხვანაირი, რეალურობას გაცდენილი ბედნიერება იყო: დედა, რომლისგანაც ცხრა ცა, ცხრა მიწა, ცხრა ზღვა  და ცხრა განზომილება მაშორებდა, ასე იოლად „დავიბრუნე“ - ერთი შესუნთქვით. 
ერთი ულუფა დედის ნასუნთქი ჰაერის მიღება ყოველ საღამოს, ძილის წინ - სავალდებულო და სასიამოვნო რიტუალად მექცა. მერე და მერე, ამ სუნთქვისგან მხოლოდ სიამოვნების მიღება კი არა, მისი წაკითხვაც ვისწავლე. უკვე ვიცოდი, ადამიანი ამბების, ემოციის, შეგრძნებების გადამმუშავებელი მანქანაა, რასაც შეისუნთქავს, იმავეს ამოისუნთქავს, ოღონდ უხილავ ასო-ნიშნებად დაშიფრულს. ეს შიფრები სასუნთქ გზებზე გემოს ტოვებენ. ამ გემოს წაკითხვა კი ამქვეყნად ყველაზე აზარტული საქმიანობაა. ერთხელაც, დედაჩემის სუნთქვას დამწვრის გემო ჩავატანე. ასეთი გემო მხოლოდ იმედგაცრუებას შეიძლებოდა ჰქონოდა. მივხვდი, რომ დედის გაცნობას ახლა ვიწყებდი...
შემდეგ საღამოს ჩასუნთქული ჰაერის ყლუპი ნოტიო იყო და მწკლარტე გემო დაჰკრავდა. თითქოს ნესტიან კედელზე მოდებული ობის თხელი ფენისთვის ენის წვერი ამესვას. ეს გემოც სულ იოლად გავშიფრე - მარტოობა. ღმერთო, რა დიდი სისულელე იყო, დედას რომ იმის გამო იცოდებდნენ, ჩაკბეჩილი კატლეტი დარჩა თეფშზეო, ხელოსანთან „შიბლეტები“ დატოვა ქუსლის შესაცვლელად და ვეღარ ჩაიცვაო... როგორ ვერავინ გაიცნო დედა, როგორ არასწორად შეიცოდეს! ვიგრძენი, ფილტვებში შეკავებულ თბილ ჰაერს როგორ შეერია სიმლაშე. ესეც მარტოობისა იყო, ოღონდ უკვე - ჩემი მარტოობის. ყველა მარტოობა არაა ერთნაირი. დედაჩემის მარტოობა მწკლარტე იყო, ჩემი მარტოობა - მლაშეა. ობი და ცრემლი სხვადასხვა რამეა...
შეკავებულ სუნთქვას შეკავებული ცრემლი რომ შევუწყვილე, კინაღამ დავიხრჩვი. პირველად მაშინ გავიფიქრე, რომ ერთი ბუშტი ყოველთვის გაბერილი, გამზადებული უნდა გქონდეს ადამიანს, რა იცი, როდის დაგახრჩობს შეკავებული ცრემლი, სუნთქვა, დარდი ან სიყვარული. ხომ უნდა დატოვო შენი უთქმელი, არმოყოლილი ამბები სააქაოს?
ასე გრძელდებოდა ყოველღამ, სანამ ბუშტიდან  ბოლო ულუფა ჰაერიც ჩემს ფილტვებში არ გადაიხაპა. უცნაურად შეიკრა წრე. თუკი დაბადებამდე დედაჩემის მუცელში ვცხოვრობდი, დედაჩემი, სიკვდილის შემდეგ ჩემს ფილტვებში განაგრძობდა არსებობას. მე და დედა ერთმანეთში ვიყავით. აღდგა ჩვენი ძილისწინა საუბრებიც. უბრალოდ, ადრე თუ ძილის წინ ზღაპრებს მიყვებოდა ხმადაბლა, ახლა იმ არარსებული პერსონაჟების ნაცვლად, საკუთარ თავზე, თავის რეალურ განცდებზე მიამბობდა უხმოდ. ეს იყო ყველაზე გულწრფელი საუბარი დედა-შვილს შორის. მე უკვე კარგად ვიცნობდი დედას.
იმ საღამოდან, ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი ასეთი იყო: იატაკი სავსეა თავდაყირა მდგარი ქინძისთავებით. ბუშტი საიდანღაც მოფრინავს, იატაკზე ეცემა და მე გულამოვარდნილს მეღვიძება.
*** 
დალი ბებოსთან ჩემი საიდუმლოს ამოთქმიდან ორ დღეში გასაუბრების პასუხზე დამირეკეს - შეგიძლიათ ხვალიდანვე შეუდგეთ მუშაობასო. იმ სამი სავარაუდო სამსახურიდან, ეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაგრამ რას დავეძებ. იმ აქოთებულ ოთახში ჯდომაზე ბევრად უკეთესია!
ახალ სამსახურში გულაფანცქალებული წავედი. თან ვფიქრობ, აწი, როცა მკითხავენ, სად ვმუშაობ, მხოლოდ და მხოლოდ ქართულად ვუპასუხებ - სწრაფი კვების ობიექტში-მეთქი, თორემ ეს „ფასთ ფუდი“ რაღაცით „სექენდ ჰენდს“ მაგონებს. 
საღამოს, მთელი დღე დგომისგან ფეხებდასივებული დავბრუნდი. სახლის კართან, ჩემს უმძიმეს ჩანთაში ხელი ჩავყავი და მთელი დუჟინი გასაღების ასხმულა ამოვაჩხარუნე. აქედან ერთი სახლისაა, დანარჩენი ჯართია. დილით „ბოლტ-გაიკის“ ყუთიდან ამოვკრიფე და ავასხი. რგოლზე მოკონწიალე კინკილა გასაღები რაღაცნაირად სევდიანი სანახავი იყო, განწყობას მიფუჭებდა. თითქოს ყველას გასაგონად მოსთქვამდა: „ხალხო, შემომხედეთ, როგორი საბრალო ვარ, ჩემს პატრონს, დალი ბებოს გარდა, ხმის გამცემი არავინ ჰყავს!“ 
ვიდექი დაღლილი და ბედნიერი, გასაღებს საკეტს ვარგებდი და ვფიქრობდი: აი, როგორი ყოფილა შეგრძნება, რომ ცოცხალი ხარ, რომ რაღაც სარგებლობის მოტანა შენც შეგიძლია.
ახალ სამსახურში მაჯაზე ბევრზანზალაკიანი სამაჯურები მიკეთია ხოლმე. ხელს მაღლა ისე ვწევ, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გაჟღარუნდეს. გასაღების ასხმისა არ იყოს, ავიკვიატე. ავწევ ხელს და ხმამაღლა ვამბობ: „თავისუფალი ვარ!“ მოდიან კლიენტები. ვაწვდი სხვადასხვანაირ ნაყინს: შოკოლადისას, ვანილისას ან კარამელისას, ვის როგორ... და ვუღიმი, ყველას ერთნაირად.
ზოგჯერ ვფანტაზიორობ, რომ „თავისუფალი ვარ“ ჩემი ოჯახური სტატუსია და ყველი მამაკაცს, რომელიც ამ ფრაზის გაგონების შემდეგ ჩემკენ მოიწევს, შეკვეთის მოცემა კი არა, ჩემი „დათრევა“ უნდა. მხიარული თამაშია.
_ აი თქვენი ჰამბურგერი, - შევციცინებ, მერე იმასაც ჩავეკითხები, კოკა-კოლაც ხომ არ სურს? - აჰ, არა? იქნებ სპრაიტი? კი ბატონო, ინებეთ თქვენი სპრაიტი.
შანს არ ვუშვებ, ადამიანებს ველაპარაკო. მერე რა, რომ მხოლოდ მენიუზე. მთავარია,  ნორმალური ადამიანივით ცხოვრებას ვთამაშობ, როლში ვიჭრები.
მუშაობიდან ორიოდე კვირის შემდეგ ვიგრძენი, რომ აქაც ერთ ადგილს ვტკეპნიდი. რაღაც ახალი მჭირდებოდა. ამბები, შეგრძნებები. ვიცოდი, როგორც უნდა გამომეხმო. მე ხომ ჩემი პირადი ბედნიერების ფორმულას მივაგენი: თუკი ჩემში ჩალექილი სხვების სუნთქვის შლამს მარცვალ-მარცვალ, სიტყვა-სიტყვა ამოვზიდავ, ამით ადგილს გამოვათავისუფლებ კარგი ამბებისთვის. დალი ბებოსთვის გულის გადაშლის მერე აშკარად ვიგრძენი, როგორ ამომევსო გამოცარიელებული ადგილი ენდორფინებით. ბედისწერაც პოზიტივზე მოიმართა. ამიტომაც გამოჩნდა იმაზე ცოტათი უკეთესი სამსახური, ვიდრე მქონდა. 
ეს ნიშნავს, რამდენის სუნთქვის ამბავსაც თან დავატრებ ჩამძიმებულს, ყველას „გადახურდავება“ შემიძლია პოზიტივზე! ერთი ეგაა, დალი ბებო ცოდოა ამდენის საზიდავად. თითო ამბისთვის თითო მსმენელი მჭირდება. ეგეც დილემა. მართალია, ამბავი ცოტა მაქვს, მაგრამ არც პოტენციური მსმენელი მყავს ბევრი.
სამსახურის მერე იქვე, სკვერში, სკამზე მთვლემარე ლოთს გადავაწყდი. სკამის მეორე ბოლოში ჩამოვჯექი და ვუთხარი: 
- რაღაცას უნდა მოგიყვეთ. აუცილებლად. მსმენელი მჭირდება.
კაცს, ეტყობა, ნანასავით ჩაესმა ჩემი ხმა, ძილ-ბურანში ტკბილად გაეღიმა. ვყვებოდი, არ ვჩერდებოდი. ვცდილობდი, ყველა დეტალი ზუსტად გამეხსენებინა. ნამცეციც არ უნდა ჩამრჩენოდა ამ ამბიდან. 
სიმპოს სუნთქვის გაშიფრვის ამბავი
დედაჩემის შემდეგ სხვისი სუნთქვის შესუნთქვა არ იყო იოლი. თითქოს მართლა ჩემს ფილტვებში ცხოვრობდა და მასთან მდგმურის შესახლება მერიდებოდა.
არადა, უკვე სტუდენტი ვიყავი და ადამიანების გაცნობა-გამოცნობა სხვა მეთოდი არ ვიცოდი. არ ვიცოდი, არ გამომდიოდა. თითქოს პარალელურ რეალობაში ვცხოვრობდი. თითქოს ჩემს ცხოვრებას კი არ ვცხოვრობდი, სხვისა შემოვიცვი და არ მომერგო.
ჯგუფში სიმპატიური ბიჭი გვყავდა, მეტსახელად „სიმპო“. მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი ჯგუფისთვის გაუგებარი იყო (სახეზე ეწერათ), რა ჯანდაბით მოვხიბლე ამ მუდო გოგომ? ასე იყო თუ ისე, მე შემარჩია. მართლა სიმპო იყო სიმპო. ოღონდ ისეთი არა, პრიალა გარეკანისთვის რომ ივარგებდა. წვერს ატარებდა, ძველი ნივთები, მშობლების დროინდელი ტანსაცმელი და ფანდურზე დაკვრა უყვარდა. ახლა უკვე ვიცი, რომ მეც მაგ პრინციპით შემარჩია: არათანამედროვე, ძველმოდური, თან კარგად შენახული, უხმარი. მოკლედ, მის ტანსაცმელ-საკრავების კოლექციას ჰარმონიულად ვერწყმოდი. სულ ეს იყო, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი. სიმპომდე თითქოს ცხოვრება ცალკე გზით მიდიოდა და მე ერთი მივჩანჩალებდი ამ ფართო გზის პარალელურად, საცალფეხო ბილიკზე. სიმპოსთან ურთიერთობამ კი მეც დიდ გზაზე გადამიყვანა, მეც საერთო მარაქაში გამრია. ეს იყო მთავარი.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ერთად ვიყავით თუ არა. სულ ვხედავდი. თითქოს თვალების შიგნიდან ეკრანი მქონდა ამოკრული, მისი მოძრავი გამოსახულებით. სადაც არ უნდა გამეხედა - ჯერ იმის სახე ჩანდა ჩემიდან და მერე დანარჩენი - თვალს გარეთა სამყარო.
ერთხელ, ჯგუფელის დაბადების დღეზე ვიყავით. სიმპომ ბევრი გასაბერი ბუშტი მოიტანა და მაგიდაზე დაყარა. ჩემ გარდა ყველამ დაიწყო გაბერვა. მე ვერ გავბედე. მეგონა, ბუშტს თუ ჩავბერავდი, ყველა ჩემი ამბავი ან კედელზე გამოეფინებოდა, ან თვითმკვლელივით ჭაღზე ჩამოეკიდებოდა. გააჩნია, იუბულარი სად მიუჩნდა ადგილს. იმ საღამოს სიმპოს გაბერილი ბუშტი ქურდულად ჩამოვწყვიტე აივნის მოაჯირიდან და სახლში წამოვიღე, როგორც საიდუმლო ინფორმაციის უტყუარი წყარო.
სიმპოს სუნთქვის წაკითხვის დაწყებისთვის გამბედაობა მხოლოდ ორი დღის მერე მოვიკრიბე. ბებოს რომ ჩაეძინა, ბუშტით ხელში საწოლში შევწექი, საბანი ამოვიკეცე, თვალები დავხუჭე და დაგროვილი ჰაერის პირველი ულუფა მორიდებულად შევისუნთქე. თავს უხერხულად ვგრძნობდი. თითქოს სხვის ფიქრებში უკითხავდ შესული ქურდი ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ჩემი სუნთქვის წამკითხველი რეცეპტორები ხელისცეცებით აგნებდნენ სიმპოს გულის კინჭულებში ჩატოვებულ ემოციებს, ტვინის ხვეულებში გადამალულ ინფორმაციებს. არც კი მეგონა, ამდენი წლის შუალედის შემდეგ, ასე იოლად თუ შევძლებდი სუნთქვის შიფრის ამოკითხვას. გემოებიდან - ჩამწიფებული ხურმის სიტკბო და მწვანე მანდარინის სიმჟავე დაჰკრავდა, ტემპერატურიდან - ზომიერი სითბო,  სუნი - დაჭაობებული წყლის. ადვილად გასაშიფრი გამოდგა სიმპო, პირველივე შესუნთქვით ბოლომდე წასაკითხი. სულ რამდენიმე ემოციის, ინტერესისა და შეგრძნების პატრონი გამოდგა, რომლებიც წრეზე ტრიალებდნენ. ახალს ვერაფერს აღმოაჩენდი. დედაჩემის სუნთქვა სხვა იყო. ყოველ შესუნთქვაზე ახალ-ახალი შრეები ჩნდებოდა... სიმპოს მიმართ ინტერესი დამეკარგა. სამუდამოდ.
ამ საღამოდან, ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი ასეთი იყო: ხელგაშლილი შუა გზაზე ვდგავარ. ხალხი მოდის და ჩემი სხეულის გავლით ისე აგრძელებს გზას, თითქოს არც ვარსებობ.
***
როგორც ჩანს, მთვლემარე ლოთისთვის მოყოლა ჩამეთვალა, ახალმა, კარგმა ამბავმა არ დააგვიანა. ერთ-ერთმა კლიენტმა, რომელიც მანამდეც ბევრჯერ შემიმჩნევია, მიწოდებული ქვითარი გამომართვა, წვრილი ასოებით რაღაც მიაწერა და დამიბრუნა. „წვიმა დილიდანვე ისე ბარდნის, საღამომდე დადებს... გუბეს) პარალელურ ქუჩაზე, საავადმყოფოსთან უნდა ავიდე, ამ საღამოსვე, სანამ გუბე ფეხდაუდებელი და გაუკვალავია. მეორე წყვილ ბოტსაც წამოვიღებ, წამო, ჩავაჭყაპუნოთ. ლუკა.“
სანამ ჩავიკითხე, უკვე წასული დამხვდა. უცებ ხელი ისეთი მონდომებით ავიქნიე, სამაჯურს  ერთი პატარა ზარი ასწყდა.
ჰო, „თავისუფალი ვარ“ აღარ დამიყოლებია.
იმ დღის მერე ახალი ცხოვრება დაიწყო. ყველაზე ნამდვილი. ერთმანეთს ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდით. ლუკაზე ორი რამ ვიცოდი, გული აწუხებდა, საოპერაციო იყო. ეგ ერთი და მეორე - ერთ-ერთი ინსტიტუტის სტუდენტებისგან შემდგარ დასს ხელმძღვანელობდა, რეჟისორი იყო. მეც ხშირად მივყავდი რეპეტიციებზე, მაგრამ იქ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. მეჩვენებოდა, რომ ერთ-ერთი სტუდენტი, სალო, ლუკაზე იყო შეყვარებული. ერთხელ, ლუკას დაბადების დღეზე მივედით სარეპეტიციოში და უამრავი ბუშტი დაგვხვდა სცენაზე. ლუკას ბავშვივით გაეხარდა. მერე მითხრა, თურმე სალოს მთელი ღამე გაუთენებია ამეების ბერვაში, მე რომ გავეხარებინეო. არ მესიამოვნა. ბუშტი წამოვიღე, თავის დაზღვევის მიზნით - ორი ცალი.
მეორე საღამოს ლუკამ ისევ ახსენა, სალო რა ტიპია, მთელი ღამე უწვალია, ბერვაში გაუთენებია, რომ ჩემთვის სიურპრიზი დაეხვედრებინაო.
_ გატყუებს, - ვუთხარი. - ბუშტში სუნთქვა კი არა, ჰაერი იყო.
_ რაო?..
_ მე სუნთქვის გაშიფრვა შემიძლია, მართლა. ის ბუშტები სპეციალური ხელსაწყოთია გაბერილი და არა სუნთქვით. ანუ არც ისე ძალიან უწვალია, როგორც გგონია.
ლუკამ ამაზე ბევრი იცინა და „მთხოვა“ ჩემი და ჩემი შეყვარებულის სუნთქვის ამოკითხვა მინდა შეგიკვეთოთ, ეგებ როგორმე ურიგოდ მიგვიღოთო.
_ შენი სუნთქვის წაკითხვა არ მინდა. შევეშვი ამ საქმეს. იმიტომ, რომ მერე გაშიფრული ამბების ამოსუნთქვა აღარ გამოდის, მიგროვდება და სიმძიმეს მიტოვებს. სიმძიმეს და კიდევ - სიზმარს. ერთგვარი გადასახადია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის აკრძალული ნიჭით სარგებლობისთვის. თან ბოლო დროს, სუნთქვიდან ახლო მომავლის ამოცნობაც ვისწავლე არ მინდა ვიცოდე, მერე რა იქნება. ჩემი სუნთქვის წაკითხვის მცდელობა უკვე მქონდა, მაგრამ... გინდა, მოგიყვე?
_ კი. მოყევი და მერე აბსურდის სპექტაკლი დავდგათ: „სუნთქვის შემგროვებელი“, მთავარ როლში - სალო, - ლუკამ წეღანდელივით ხმამაღლა გაიცინა, - ვხუმრობ. სალოზე ვხუმრობ, სპექტაკლზე - ჯერ არ ვიცი. მიდი, გისმენ. აჰა, ათი თვალი და ათი ყური გამოვიბი. უბრალოდ არ ჩანს. ყველას გაგვაჩნია  ჩვენ-ჩვენი არამოკვდავური ნიჭი, მილედი.
ჩემი სუნთქვის ვერგაშიფრვის ამბავი
იმ დღეს ფილტვებჩამძიმებულს გამეღვიძა. სასუნთქი გზა არმოყოლილი ამბებითა და შეკავებული ემოციით მქონდა ჩახერგილი. ამ დღემდე ვთვლიდი, ჩემი სუნთქვის გაშიფრვა არ ღირდა, არაფერი იქნებოდა ამაში საინტერესო. ალბათ მხოლოდ ჰაერის წყალ-წყალა ნაკადი შემრჩებოდა ხელში. ბევრი-ბევრი -  მიწის გემო დაჰკრავდეს, რომლიდანაც მხოლოდ სევდისა და მარტოობის ამომარცვლა თუ მოხერხდება-მეთქი. იმ დილით კი, ჩემმა გაძნელებულმა სუნთქვამ აზრი შემაცვლევინა.
ღია ფანჯარასთან ჩამოვჯექი, ჭრელ, გასაბერ ბუშტს დავხედე. ვერ ვბედავდი. მეშინოდა, რაიმე ისეთი არ ამომეკითხა ჩემი სუნთქვიდან, უსიამოვნოდ რომ გამაოცებდა, საკუთარ თავს რომ შემაძულებდა. როდის-როდის, ძალა მოვიკრიბე და ბუშტი ტუჩებთან მივიტანე. პირველი ჩაბერვა გამიჭირდა. ისე მქონდა ჰაერი გაჯერჯვებული ჩემი ყოფილი ბიჭის ბუტაფორიული კოცნებისგან, პერიოდული მიტოვებებისგან, მისგან მოსმენილი გრძნობაგამოცლილი სიტყვებისგან, მზერისგან, მოფერებისგან, ჩემი არეულ-დარეული ფიქრებისგან, შიშისგან, იმედისგან... რომ ამ ყველაფრის ერთად მოკრებვა, შეკუმშვა, ბუშტის ყელისოდენად დავიწროვება და ბუშტში გადაძახება ვერაფრით მოვახერხე. მესამე ცდაზე გამომივიდა. ერთი რომ გაიწიეს ბუშტის კედლებმა, მერე მიჰყვა და მიჰყვა. გადავუძახე ჰაერად ქცეულ დარდისა და სიხარულის ამბებს. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას მინიჭებული შიფრებითა და კოდებით ივსებოდა ჭრელი ბუშტი. სადარდებელი და გასახარი, მარცხი და გამართლება, მარტოობით ჩაშავებული დღეები და ალერსში თეთრად ნათენები ღამეები, ყველაფერი დაიტია. თავი მოვუკარი და ჰაერში რამდენჯერმე ავაგდე. თითქოს მინდოდა, ამბები და შეგრძნებები ერთმანეთში კარგად შერეულიყო, რომ მერე საკუთარ თავზე უტყუარი საშუალო არითმეტიკული დასკვნა გამომენატა. ერთი აგდებაც და ბუშტი ფანჯრიდან გამიფრინდა. დავინახე, როგორ დაეშვა ეზოს ნაგვით სავსე ურნისკენ და თავახდილი კონსერვის ბასრ თავსახურს დაასკდა.
როგორც კი ბუშტი გასკდა და ჩემი სუნთქვა ნაგავს შეერია, პირში ისეთი სიმყრალე ვიგრძენი, გული ამერია. პირდაპირი მნიშვნელობით. იქვე, ფანჯარაში გადაყუდებულს. პირველი სართულის მეზობელს, ლეილას, სარეცხი ჰქონია გაფენილი... გამოაღო ფანჯარა და კივილთან ერთად, წვერზე შხამწასმული სიტყვების ჯერი ამოტყორცნა ჩემზე მორგებული სამიზნისაკენ. სავარძელში მთვლემარე ბებიაჩემი შეხტა, გამოფხიზლდა. გამოფხიზლდა და მაშინვე დღეების თვლა დაიწყო:
_ ერთი პარასკევი ხვალ გავა, მეორე - შვიდ დღეში. ორი პარასკევიღა დამრჩა, ჩემო გოგო...
არ ვიცი ამ „ჩემო გოგოთი“ მე მომმართავდა თუ დედაჩემს. მე მაფრთხილებდა, შენგან მალე წავალო თუ თავის შვილს ანუგეშებდა - მალე მოვალ შენთანო. კარგა ხანი იყო, სავარძელში თვლემისა და დღეების თვლის გარდა აღარაფერი შეეძლო.
ბებოს თვალი მოვაცილე და ქვემოთ ჩავიხედე. მეეზოვე, ლეილას ბრძანებით, დასვრილ სარეცხის თოკებს ჭრიდა. ჩაჭრა და ზედ დარწყეულ სარეცხთან ერთად იმ ურნაში გადაუძახა, სადაც ბუშტის ნაფლეთს ჯერ ისევ ოხშივარივით ასდიოდა ჩემი სუნთქვა. წეღანდელზე უარესი სიმყრალის გემო ვიგრძენი, თავი ვერც ახლა შეივკავე... არც ლეილას უცდია თავის შეკავება. ლანძღვითა და წყევლით ამოვარდა კიბეებზე და გაცეცხლებულმა გვიბრახუნა კარებზე. ეს წავიდა და ცოტა ხანში, ახლა მეეზოვემ ატეხა ბრახუნი ტექსტით: „ნარწყევი ვისი იყო? შენი!“ - ლეილასთვის გაწეული შრომის ანაზღაურებას ჩემგან ითხოვდა.
სიზმარი არ მინახავს, მაგრამ ძილის წინ მელანდებოდა, თითქოს ლეილა და მეეზოვე თავზე მადგნენ და კონსერვის ქილიდან დამპალი ხორცის ჭამას მაძალებდნენ.
***
იმ დღის მერე ლუკა აღარ გამოჩენილა. არავინ იცოდა სად გაქრა. არც თეატრში ჩანდა, არც ტელეფონს რთავდა. ჩემმა უცნაურმა ნიჭმა რომ არ დააფრთხო, მაგაში დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი, ჩემი მოყოლილი არ დაიჯერა. ვიწექი ჩემს საწოლზე დამხობილი და ლუკაზე ვფიქრობდი. ბუნდოვნად გამახსენდა, ბოლოს რომ გაიცინა, ახლოს ვიყავი, უნებურად მისი სუნთქვა შევისუნთქე და გამაჟრჟოლა. ხიფათი, რისკი თუ რაღაც ამდაგვარი ამოვიკითხე, მაგრამ თავი დავაჯერე, რომ შევცდი. ქუჩის ჰაერთან შერეული სუნთქვის გაშიფრვა ხომ დიდად არ გამომდიოდა ხოლმე.
კარზე დააკაკუნეს. იმედიანად წამოვხტი, მაგრამ ზღურბლს იქით, ჩემდა გასაოცად, პირველი სართულის მეზობელი, ლეილა დამხვდა. შემოვიდა და საზეიმოდ დადო მაგიდაზე შინდის მურაბით სავსე ქილა. შინდი ერთადერთი ხილია, რომლის მურაბაც არ მიყვარს. არ გამოვრიცხავ, რომ განგებ შემირჩია. საიდან უნდა სცოდნოდა, მაგრამ მაინც.
_ ნენსი, მე გპატიობ იმ ძველ ამბავს. ვოტ ტაკ! მე ასეთი ქალი ვარ, დიდსულოვნება მიყვარს. ცოტა თუ მოიქცეოდა ღირსეულად, მაგრამ მე ბებიაშენის სიკვდილის ამბავზე ფულიც დავდე მაშინ და ყველაფერი. ნახავდი, ალბათ სიაში... დალაპარაკებით, ვიფიქრე ერთხელ პირადად ავალ და ვეტყვი ნენსის, რომ ვაპატიე. თან მურაბაც... მე ისეთი ქალი ვარ, გაცემა მიყვარს... ის ფულის ხამი ქუჩის მხვეტავი გაწუხებდა, ხომ? რასაც ეგ ცოცხის ტარით გიბრახუნებდა! არ იფიქრო, თითქოს მე გამოვგზავნე, ვინც არწყია, იმან გადაგიხადოს თოკების ჩაჭრის და სარეცხის გადაყრის ფული-მეთქი, არა! მე ისეთი ქალი ვარ... ისე კი, თავიდანვე რომ გაგეღო კარი და ფული მიგეცა, მთელ სადარბაზოს აღარ შეგვაწუხებდა ხმაურით. თან უბედური ბებიაშენი მაშინ უკვე ცალი ფეხით „იქით“ იყო... ხმაურზე რეაქცია არც ჰქონდა იმ საცოდავს?
_ ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები. - ძალიან მშვიდად გავუღიმე. - ოღონდ, თუ არ გეწყინებათ, თქვენს ნაცვლად, თქვენს შინდის მურაბას მოვუყვები.
ბებიაჩემის სუნთქვის ვერგაშიფრვის ამბავი
ქალბატონი ლეილას სარეცხის უნებლიე წაბილწვის დღის შემდეგ ბებოს მშვიდი თვლემა სანატრელი გამიხდა. აღგზნებული მოსთქვამდა, ორი პარასკევი დამრჩა და წამიყვანენო. აი, ყოველღამ აკაკუნებენო. მთელი კვირა არ მოგვასვენა მეეზოვემ. ასეთ რეჟიმს შევეჩვიეთ: საღამოს, ვახშმის მერე კარზე ბრახუნს ვუსმენდით. როგორც კი ეს ბრახუნი  შეწყდებოდა, ბებო მშვიდად იძინებდა. უხაროდა, ამაღამაც ვერ წამიყვანესო. ერთხელაც, სანამ დააბრახუნებდა, გავუღე და ფული ფეხებთან მივუყარე. ჩვენი ბიუჯეტისთვის არც ისე ცოტა თანხა იყო, მაგრამ ბებიაჩემისთვის სტრესის მოხსნად მიღირდა. ვერ გავთვალე, რომ ბებოს გრაფიკიდან ამოვარდნა გაუჭირდებოდა. წრიალებდა, ბრახუნს ელოდებოდა. მაგ ბრახუნის ჩაწყნარება ხომ ერთგვარი ნიშანი იყო, რომ მორჩა, აწი მშვიდად შეიძლება დაძინება. აღარ იყო ნიშანი და აღარ იყო მოსვენება.
საწოლში ჩაწოლაზე ძლივს დავითანხმე. ჩაწვა თუ არა, მალევე მოეშვა და თვალები მილულა. ვუყურებდი მის ბუდეში ჩაცვენილ, დახუჭულ თვალებს და ვფიქრობდი, ახლა რომ მოკვდეს, ხომ ვერასდროს გავიგებ, რა სწყინდა, რა უხაროდა?
ოთახიდან გავედი და გასაბერი ბუშტით დავბრუნდი. თან რაღაც სინდისის ქენჯნის მაგვარს ვგრძნობდი. ჩავეხუტე და ამეტირა.
_ დღეს რა დღეა? - თვალი გაახილა.
_ ხუთშაბათი, ბე... ბე, გეხვეწები, ეს ბუშტი გამიბერე რაა, ვითომ ისევ შენი პატარა ნენსი ვარ...
_ პარასკევი თენდება? პარასკევი თენდება? - ანერვიულდა.
უცებ გავიაზრე, რომ შეუძლებელს ვითხოვდი, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, ბებოს სუნთქვა წამეკითხა, აღარ მოვეშვი. ალბათ რამხელა ძალისხმევა დასჭირდა იმ ერთი ჩაბერვისთვის. ჩებერა და ძალაც გამოეცალა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, მეორედ ვეღარ გაიმეორებდა. ოდნავ ამობურცულ ბუშტს თავი წამში მოვუკარი და ბებოს შუბლზე ვაკოცე. დამშვიდდა და ჩაეძინა.
ძილის წინ, თითქმის ცარიელი ბუშტი გულში ჩავიხუტე და დიდხანს ვიტირე.
ბებოს აღარ გაუღვიძია.
იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იმ ერთი, მაგრამ მთელი ძალით შებერვისთვის ბებოს სუნთქვა არ ეყო და სულიც ამოაყოლა - ალბათ სამარეშიც არ მომასვენებს. „ბუშტში ბებოს სულია.“ - ამ აკვიატებულ ფიქრს ჭკუიდან გადავყავდი. დასაფლავების მეორე დილითვე მომეჩვენა, რომ კარადიდან, სადაც ბუშტს ვინახავდი, კაკუნი ისმოდა. ქუჩაში გავვარდი. რაც კი ჯიბეში ფული ჰქონდა, ბუშტები ვიყიდა და მთელი დღე ვბერავდი. ვბერავდი გამეტებით, მთელი ძალით, რომ როგორმე სუნთქვა ამომხაპვოდა და სული ამომეყოლებინა, მაგრამ საკუთარი თავისთვის სამაგიეროს გადახდა არ გამომივიდა.
ვეღარ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი. ხან ვფიქრობდი, უბრალოდ ემოციურ ფონზე განვითარებული აკვიატება მქონდა, თამამად შემეძლო შემესუნთქა. საბოლოოდ, ბებოს სუნთქვის გაშიფრვის სურვილს, ბებოს სულის „გადაყლაპვის“ შიშმა სძლია. საფლავთან მივედი და ბუშტს პირი მოვხსენი. სული არ ვიცი, მაგრამ საკუთარი თავი კი გავათავისუფლე - ეჭვებისგან. იმ საღამოს ვალმოხდილს ჩამეძინა. სიზმარი არ მინახავს.
*** 
ლეილას სტუმრობის მეორე საღამოს, სამსახურის უკან, სკვერში მივედი. ის ლოთი ბიძა ერთგული ვინმე ჩანდა, ყოველთვის ერთსა და იმავე სკამზე ეძინა. ჩანთიდან შინდის მურაბის ქილა ამოვიღე და გვერდით მივუდგი. „ახლა ერთად ხართ ჩემი მესაიდუმლეები, - ვთქვი, - შინდო, მაპატიე შენი მომხუფავი რომ შევაშინე.“ ლოთს მაშინდელივით ტკბილად გაეღიმა. ნეტაი მაგას, მე კი სულ კოშმარები მესიზმრება და...
იმ ღამეს ვერაფრით დავიძინე. ხან ახალი, კარგი ამბისთვის გამოთავიუფლებული ადგილი მეიმედებოდა, ხანაც ლუკას სუნთქვაში დაჭერილი შემაშფოთებელი სიგნალი მაშინებდა. დილით მესიჯი მივიღე: „თუ გაღმა წერილი გაქვს გასაგზავნი, მომეცი წავიღებ, არ მეზარება:))))))  ნუ, ძალიანაც ვერ შეგპირდები, ეგებ არც გადამიშვან საზღვარზე ;)  საოპერაციოში შევდივარ ექსკურსიაზე, ნენს, ყველაზე მაგარი გუბეების საავადმყოფოში. როგორც არ უნდა ჩაიაროს - მიყვარხარ.“
რაც ხელში მომხვდა, გადავიცვი და გიჟივით გავვარდი. კარგა ხნის სირბილის შემდეგ გავიაზრე, რომ ტაქსი უნდა გამეჩერებინა. გადაბმულად ვრეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. რეკვა შევწყვიტე თუ არა, ზარი შემოვიდა - სამსახურიდან. „მაპატიეთ, მაგრამ სამყაროს ყველა სამსახური ფეხებზე მკიდია.“ - ვუპასუხე და გავთიშე. პირველად ვთქვი „ფეხებზე მკიდია.“ როგორი გულის მოსაფხანი სათქმელი ყოფილა.
საოპერაციოს დერეფანს ადვილად მივაგენი. ფანჯარასთან გავჩერდი. ვიღაც ქალი მომიახლოვდა. ღმერთო, როგორ ჰგავდა ლუკას! 
_ ნენსი ხართ?.. - ძალიან ჰგავდა. ძალიან. გამაოგნებლად. - მე ლუკას და ვარ. ლუკამ თქვენთვის რაღაც დამიტოვა. ახლავე მოვიტან, დამელოდეთ.
_ დაგელოდებით... - შვპირდი. თითქოს, მისი ამ თხოვნის გარეშე სადმე წამსვლელი ვიყავი...
რომ გაბრუნდა, თვალი არ გამიყოლებია, რაღაცნაირად შემეშინდა, ზურგიც ლუკასი არ ჰქონოდა.
ლუკას აღარყოფნაზე ფიქრი მოდიოდა, მკბენდა, მკაწრავდა, კაბის ბოლოზე მქაჩავდა, მაგრამ ვცდილობდი, თავიდან მომეცილებინა.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ნერვიულად დააბიჯებდნენ წინ და უკან. ათნი მაინც იქნებოდნენ. მივხვდი, როცა რგოლზე ბევრ გასაღებს ვკიდებდი, ან სამაჯურზე ათას წვრილმანს ვაკონწიალებდი, ქვეცნობიერად ამას შევნატროდი, ეს მინდოდა - დიდი ოჯახი და ბევრი გულშემატკივარი.
ლუკას და დაბრუნდა (ღმერთო, როგორ ჰგავს, როგორ!), წითელი ბუშტი და ბუშტის წითელ ძაფზე გამობმული ბარათი მომიტანა. გამოვართვი და დერეფნის მეორე, ნახევრად ჩაბნელებული ბოლოსკენ გავიქეცი. გადავსებული თვალებით, ძლივს მოვახერხე ბარათის ჩაკითხვა:
„ნენს, აჰა, შენ ჩემი პირადი ინფორმაციის საბადო (იხ. ბუშტი). იქნებ რაიმე ისეთი კომპრომატი ამოშიფრო, მერე გული აღარ დაგწყდეს ჩემს „წასვლაზე“: )) კაი ვხუმრობ, ჩემებურად - შავად. მიყვარხარ. ნუ გეშინია, გადავრჩები. გადავაგორებ.“
მივრბოდი ამ უსასრულო დერეფანში და ვფიქრობდი: ,,ახლა რომ წავიქცე და ბუშტი გამისკდეს... შესუნთქვამდე რომ გამისკდეს!..“ ჩემივე გულისცემის ხმაური ყურებს მიგუბებდა. კიდევ კარგი, როგორღაც, ჩამთავრდა დერეფანი, თორემ მესამედაც რომ მომესწრო ,,რომ გამისკდეს“-ის გაფიქრება, ნამდვილად გამისკდებოდა - გული.
კედელთან აწყობილ ყუთებს შორის, იატაკზე ჩავჯექი და ბუშტის კვანძის გახსნა ვცადე, მაგრამ თითები ვერაფრით დავიმორჩილე, საქსოვი ძაფივით ამებლანდნენ ერთმანეთში. შიშისგან გაყინული ხელები, ბუშტს მოვხვიე. მოვხვიე და უცებ ისეთი ნაცნობი სითბო წამოვიდა შიგნიდან... სულ დამილღვა თითებიც და ეს ჩემი ყალყზე შემდგარი ნერვებიც უცებ მოეშვნენ, თითებთან ერთად, ესენიც ,,გამოიბლანდნენ“, დალაგდნენ. პანიკამ გამიარა. ხელმეორედ ვცადე და ახლა უკვე სულ იოლად გავუთავისუფლე ყელი ბუშტს. შევისუნთქე თუ არა, გარშემო ყველაფერი გაქრა. აღარაფერი არსებოდა ლუკას ნასუნთქი ჰაერისა და ჩემი რეცეპტორების გარდა...
***
დერეფენი იქიდან აქეთაც ისევე გიჟივით გამოვირბინე, როგორც წეღან - საწინააღმდეგო მიმართულებით. ლუკას და ისევ იქ დამხვდა - ფანჯარასთან. მივირბინე, უზომოდ მშობლიურ თვალებს გავუღიმე და აჩქარებული სუნთქვისგან სული როგორც კი მოვითქვი, ვუთხარი:
_ ნუ გეშინიათ... ლუკა გადარჩება... ზუსტად ვიცი - გადააგორებს.