რეკლამა
  • 2018-08-16
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 867

ავტორი: ლექსო დორეული ჟანრი: / კრიტიკა გამოქვეყნება: 2016-11-10

დაჯექი, მკითხველო!

,,მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო!
შენ იყავი პაატა შამუგია,
მე ვიქნები ღმერთი!”

პაატა შამუგია

,,უფალო, იქნებ ცოტა ხანი გავცვალოთ როლი
შენ გახდი პეტრე...“

მამა პეტრე, იგივე კვარაცხელია


(პაატა შამუგიას ,,დაუჯდომელის“ ტექსტუალური ანალიზის ცდა)

პაატა შამუგია, როგორც ,,ნივთი თავისთავად” (ნოუმენი), უკვე არის იმ რანგისა და დამსახურების პოეტი, რომ თამამად შეუძლია, მსოფლიო ლიტერატურიდან ამოირჩიოს რომელიმე კლასიკოსი ავტორი და დემონსტრაციულად შეიჯავროს მისი შემოქმედება და არამც და არამც - პიროვნება. მართალია, ამგვარი პრივილეგიისათვის დაბადებულთა არც თუ ისე მცირე ნაწილი წარმატებით არის ათვისებული (მარტო ტოლსტოისა და შექსპირის, ნაბოკოვისა და დოსტოევსკის, ერეკლე საღლიანისა და ელიოტის, უელბეკისა და პრევერის, პაუნდისა და უიტმენის ურთიერთობათა მაგალითები რად ღირს), მაგრამ, მონდომების შემთხვევაში, პაატა, ალბათ, მოახერხებს დარჩენილი, ვაკანტური კლასიკოსებით შემდგარი სიიდან მისთვის სასურველი კანდიდატის შერჩევას.
მკითხველი ამ საპატიო შესაძლებლობის მორალურ ლეგიტიმურობაში მაშინვე დარწმუნდება, როგორც კი მის წიგნს - ,,დაუჯდომელი“ (აქვე უნდა ითქვას, რომ კრებულის სათაური ზედმიწევნით შესაბამისია შინაარსისა და ფორმის კატეგორიების) - თვალს შეავლებს.
მოგეხსენებათ, საუბარია ლექსების კრებულზე, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში რაღაც ახალს დაუდო სათავე და სავსებით დამსახურებულად, უკონკურენტოდ (დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონი ცირა ბარბაქაძის და ბატონი ელგუჯა მარღიას სერიოზულ ლიტერატურულ არტეფაქტებად განხილვა მიჭირს) მოიპოვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ,,საბა“.
არტურ შოპენჰაუერი წერდა: ,,მე მაშინ ვწერ, როცა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი. ხოლო თუ ჩემი ეს წესი საყოველთაო გახდება, სამყაროში სულ რამდენიმე წიგნიღა დაიწერება“-ო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,დაუჯდომელი“ ერთ-ერთი იმ ,,რამდენიმეთაგანია“, რამდენადაც პაატამ შეძლო შეექმნა ტექსტი, რომელიც განუხორციელებლად ეგზისტენციალურია, რადგან მასში სარგებლობა წინ უსწრებს სიამოვნებას.
ხსენებული პროექტი დასრულებული როდია - პირიქით, ეს მას გააუქმებდა; ,,დაუჯდომელი“ მოძრაობის, პროცესის წიგნია, რომელიც თვითდაფუძნებას ჰპოვებს იმით, რომ  მკითხველისგან განყენებისთანავე ანაზდეულად არტიკულირდება ყოველგვარ სოციალურ პრაქტიკაში განუხორციელებად ლიტერატურაში, როგორც ,,გრანდ ნარატივში“. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, პაატამ შექმნა ტექსტი, რომელსაც არსებობისათვის არ ესაჭიროება მკითხველი და აწმყოს თანადასწრებულობა, როგორც მიმართების ობიექტები. ის არის თვითკმარი ორი ძირითადი თვალსაზრისით: 
1) მას შემდეგ, რაც განსახილველი ტექსტი განუდგება, მიატოვებს მკითხველს, არ წყვეტს არსებობას და საკუთარი მყოფობის გამართლებას (დაფუძნებას) იწყებს თავისივე თავში.
და 2) შელინგის პერიფრაზს რომ მივმართო: ის არ არის ახალი დროის ყველა სახარებისაგან გულაჩუყებული, ანუ მასში ყოველთვის გაცილებით მეტია მოცემული, ვიდრე რეფლექსია იმ მყიფე და არამყარ პრობლემათა ჯამზე, რასაც ზოგჯერ თანამედროვეობასაც ვეძახით.
ეს უკანასკნელი ფაქტორი, უწინარესად, გულისხმობს იმას, რომ კრებულში წარმოდგენილი პოეზია თანამედროვე საქართველოს კონკრეტულ-ლოკალურ პრობლემებზე რეაქციას არ წარმოადგენს, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. პაატა შამუგია არ არის რიგითი პოეტი-სოციოლოგი, რომელიც საკუთარ ლექსებში პანაშვიდს გადაუხდიდა შაბიამნით მოწამლულ მეზობელს, ანდა დერიდას ერთ-ერთ, რადიოში მოსმენილ ფრთიან ფრაზაზე დაყრდნობით დაამუნათებდა წმინდა სინოდის რომელიმე გაზულუქებულ წევრს. ამ ავტორის სოციალურ თემაზე დაწერილ ლექსებში დაკვირვებული მკითხველი ამოშიფრავს იმ მეტაფიზიკურ შინაარსებსა და განწყობებს, რომელთა განამდვილებაც, გამართლებაც ხშირად სწორედ ყოველდღიურ, რუტინულ, ადამიანურ მუნყოფიერებაში ხდება. პოეტის ამგვარ არჩევანს აქვს თავისი თეორიული საფუძველი პაულ ტილიხიდან მომდინარე პარადიგმაში, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, თვით ყველაზე სპეკულაციური ონტოლოგიური სისტემის ფესვები სოციალურ პრაქტიკაში შეიძლება იქნას გასაგნებული და ამოკითხული.
პაატა შამუგია არც პოეტი-რეაქციონერია, რომლის მიზანიც ყოველგვარი ,,სხვა“-სგან გამიჯვნა და მასთან დაპირისპირებაა. ის ჭეშმარიტი დეკონსტრუქტივისტია, რადგან, განსხვავებით ფსევდოლიბერალებისაგან, რომლებიც მუდმივი ოპოზიციის პოზიციაში იმყოფებიან და მიმართავენ მხოლოდ დემონტაჟის პოლიტიკას ისე, რომ არაფერს აშენებენ, პაატა ცნებებსა და ტრადიციათა ტაბუებს, დრომოჭმულ კონცეპტებს უპირისპირდება და თავადაც გვთავაზობს ყოფნის ალტერნატიულ შესაძლებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი მიზანი (და ,,ტელოსიც“) მხოლოდ ნგრევა, არარსებობა კი არ არის, არამედ შეიძლება იმავე ნანგრევებიდანაც კი ახალი სინამდვილის რეკონსტრუირება (იხ. ლექსი ,,სანიშნე“ - ,,როცა ქვების აცდენას ვისწავლი და ჩემკენ ნასროლი ლოდებისგან ტაძარს ავაგებ”), ანდა არსებობის წიაღში მყოფი არარსებობაა.
მერე და, ამ გარემოებას მართლაც რა მართებულად და მახვილგონივრულად შენიშნავს წიგნის უკანა ყდაზე გიორგი ხასაია: ,,პაატა შამუგია მიმართავს წერის ისეთ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია უართან - ის  ენობრივ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოეტურის ტრადიციულ გაგებას ქართულ პოეზიაში“.
ყოველივე ეს, ცხადია, იმის დამსახურებაა, რომ პაატა შამუგია ინტელექტუალი პოეტია, რომელიც გამოწვლილვით კარგად იცნობს ფილოსოფიის ისტორიას. ამის საზომი პოეზიაში შეიძლება იყოს კონკრეტული ცოდნისეული, რაციონალური გამოცდილების იმგვარი პოეტური გადააზრება, შეიძლება ითქვას, განსაზღვრაც (სახელდებაც) კი, რაც შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი ტექსტის უკიდურესად ღრმა ცოდნის გარეშე. ქართულ პოეზიაში ამის კლასიკური მაგალითია გალაკტიონის სტრიქონები, სადაც ის, მართალია, სულ რამდენიმე სიტყვით ეხება ჰეგელისა და შოპენჰაუერის კონცეფციათა ,,სულის მონადას“, მაგრამ მკითხველი განცვიფრებული რჩება ხსენებულ ფილოსოფოსთა უმთავრესი იდეების მსგავსი სიზუსტითა და მომცველობით  ენაში გამოსახვით. დევიზი: ,,იქ სადაც მთავრდება ფილოსოფია, იწყება პოეზია“ მხატვრვრული ლიტერატურის ამ ჟანრს სწორედაც განუზომლად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ გრძნობად-ირაციონალურად მისაწვდომი გახადოს ის ცოდნები, რომლებსაც ფილოსოფია აღმოაჩენს და გადანერგოს, გაასაგნოს ის ენის ექსისტენციალურ, გამოგონების მითში. პოეზიაზე ფსონის დადების მიზანდასახულობა არ იყო მხოლოდ კომუნიკაცია (გაგებინება) და მეტი სოციალური სანქციის მოპოვების მცდელობა. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავისი ონტოლოგიური გამართლება ორი მნიშვნელოვანი თვალსაზრისითაც: პირველ რიგში, ფილოსოფიაში კარტეზიანიზმის გადარჩენა და ამით შესაძლებელი პოლიდისკურსულობა (ერთგვარი ესთეტიკური ტრანსცენდენტალიზმი) ბადებდა იმედს, რომ ეს მისი (ფილოსოფიის) ფიგურაციის უნივერსალურობას ისტორიაში შეაკავებდა (დაიჭერდა); მეორე თვალსაზრისით კი, ცოდნის ცხოველ სიტყვაში კვლავდაბადებით გაიხსნებოდა შემეცნების ახალი შესაძლებლობის ,,არხე“: პოეზია, როგორც მათემატიკაზე ზუსტი მეცნიერება (იხ. პაატა შამუგიას ლექსი: ,,მე ვფხიზლობ“ - ,,რათა პოეზია გავხადო მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი...“). გალაკტონი აგნებს შეუძლებლად ადეკვატურ, იქნებ ერთადერთ შესიტყვებებსაც კი ხსენებულ მოაზროვნეთა კონცეპტების ძირითადი არსის გამოსავლენად და რეციპიენტიც ხვდება, რომ ამგვარი რამ მხოლოდ მათი ძირეული თავმოაზრების (Selbstbesinnung) შედეგი შეიძლება იყოს და არა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ყურმოკვრულ ინფორმაციათა გაჟღერებით ხაზგასმის: 

,,წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი,  
წმინდა სინათლის დიად ბადეში 
ისე ცოტაა გასაგებელი, 
როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში”.

,,მე, ვისაც მტანჯველ აზრად გაუარს - 
დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით, 
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს, 
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით“.
	
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას პაატა შამუგიას იმ ლექსებზეც, რომლებშიც ფილოსოფიური თემები ისე შემოდის, რომ ხვდები, ავტორი მათ სიღრმეშია ჩასული და ამიტომაც ახერხებს, ამ უკანასკნელთ მხატვრული სიცოცხლე მიანიჭოს (გადაუგრძელოს). ავტორი აზროვნების ისტორიის გარკვეული თეზისებისა და კონცეპტების თანამედროვე მხატვრულ-ლინგვისტურ სივრცეში რეპრეზენტაციასა და რეაქტუალიზაციას ხშირად ახერხებს პაროდირებისა და ფალსიფიცირების სტილისტიკური მეთოდებით. ეს კი მეტად რთულ, ფილოსოფიურ თემებში გაცილებით საფუძვლიან კომპეტენციას მოითხოვს, ვიდრე მათგან ინტელექტუალური ვარიაციების შექმისას არის საჭირო.
მაგალითად, განვიხილოთ პოემის - ,,კიბერნეტიკული ფსალმუნი“ - ერთი ნაწილი:

,,წმინდა არს კანტი და ლაიბნიცი და კირკეგორი“
	
საკითხში ღრმად ჩახედული მკითხველი მიხვდება, რომ სიტყვა ,,წმინდა“-ს კანტთან მიმართებით გამოყენება რელიგიურ დისკურსთან არ არის დაკავშირებული და ამ ეპითეტის გერმანელი მოაზროვნის სახელის გვერდით გაჩენის მიზეზი მისი მთავარი შრომა ,,წმინდა გონების კრიტიკაა“! ეს კი უაღრესაც მახვილგონივრული და საინტერესო მიგნებაა, რომელსაც შთამბეჭდავობას მისი ირონიულ-პაროდიული სულისკვეთება ანიჭებს.
იგივე შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით, რთულ და მრავალშრეობრივ ტექსტზე - ,,ავტორიტეტული სიყვარული“. მოვიტან ციტატებს:

,,... ან რომ არ მოვდგეთ პლატონს და მეტაფიზიკური ძილი არ  დავუფრთხოთ“.

და იქვე: 

,,... და ბოდრიარი რომ არ დავიხსნათ სიმულაკრის ბორკილებიდან“

დიდი მტკიცება არ უნდა, რომ ამ მხრივ ძალზე უსუსური მიმდინარე ქართული პოეტური სინამდვილის შუქზე გასნაკუთრებით დასაფასებელია ისეთი ავტორი, რომელიც აზროვნების ისტორიის უთანამედროვეს პარადიგმებზე ასეთ ენობრივ თამაშებს დგამს.
პაატა შამუგიას პოეზიაში მრავლად შეხვდებით ქვეტექსტებად გატარებულ ისეთ იდეებს, რომლებიც გაგაოგნებთ თავისი სიღრმით, საინტერესოობითა და მომნუსხველი სიახლით. ლექს ,,მე ვფხიზლობს“ ავტორი იწყებს შემდეგი სტრიქონებით:

,,მე ვფხიზლობ, 
რათა აღდგეს კავშირი ჩრდილებსა და სხეულებს შორის“

გაორებულობის, გამიჯნულობის როგორი მისტიკური, ნოვატორული და მედიტაციური ხედვაა, არა? უთუოდ ამ კონცეპტთან მიმართებით არის წარმოსაჩენი კიდევ ერთი საზრისულად პოსტსტრუქტურალისტური  მიგნება:

,,სიტყვები მნიშვნელობის გარეშე დარჩნენ“

(,,დაუჯდომელი“ - ,,იოანეს კონდაკი 9“)

ასე რომ, პაატა შამუგიას ტექსტებში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მეტად დახვეწილ, ინტუიტიური აზროვნების ნამდვილ ნიმუშებს, რომელთა გახსნა-გაგებაც საკმაოდ რთული ჰერმენევტიკული სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ,,დაუჯდომელის“ მკითხველი მხოლოდ ინტელექტუალური მომზადების მქონე, ერუდირებული ადამიანი შეიძლება იყოს და მასზე ფართო მასებს ხელი არ მიუწვდება.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პაატა შამუგიას, როგორც ტიპური პოსტმოდერნისტი ავტორის დახასიათებაც. ის სრულყოფილად ფლობს პოსტმოდერნისტული ციტირების სისტემას და, ამიტომაც, მის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ალუზიებს, რემინისცენციებსა და დეციტაციებს; ასევე ტექსტუალური დეკონსტრუქციის ზოგიერთ თვალსაჩინო მეთოდსაც.
მაგალითად, პოემა ,,დაუჯდომელის“ ერთ-ერთ თავ ,,ბართლომეს იკოსი 11“-ში ავტორი გვთავაზობს საოცრად მახვილგონივრულ ალუზიას ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობიდან ,,საჩუქრების ღამე“, სადაც გამოხატულია ენის თვისება - სიტყვების ხშირად გამეორებით მათი დავიწყებისა. ,,თომას იკოსი 4“ კი, სადაც პაატა შამუგია მადლობას უხდის უფალს იმისთვის, რომ ,,თეოსოფიამ დაამტკიცა, რომ უფალი არ არსებობს“ ასევე ალუზიაა ლუის ბუნუელის სიტყვებისა: ,,მადლობა ღმერთს, ათეისტი ვარ“.
კანტის გამოთქმის: ,,ორი რამ ანცვიფრებს ჩემს სულს: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში“  მეტად შთამბეჭდავ პაროდიულ დეციტაციას წარმოადგენს ავტორი შემდეგ სტრიქონებში:
,,ორი რამ აღავსებს ჩემს სულს განცვიფრებით:
საბჭოთა ტროიკა აბაჟური ჩემ ზემოთ და აპენდიქსი ჩემში“
ტექსტუალური დეკონსტრუქციის, როგორც დესტრუქციული ავტოიმუნურობის  შესანიშნავ ფაქტს გვთავაზობს შემდეგი სტრიქონები, რომლებიც საკუთარ თავსვე აუქმებენ:

,,...მაგალითად, ლექსის დაწერა,
თუნდაც, ცუდი ლექსის
(მთლად ისეთი ცუდისაც არა, როგორიც ეს ლექსია)“

პოსტმოდერნული ციტირების სისტემის თვალსაზრისით,  პაატა შამუგია ბრწყინვალედ ფლობს ენასაც, რაც კარგად ჩანს ამგვარ, მეტად ბუნებრივ ლინგვისტურ გამოსახულებებში: 

,,და თელავიდან თელავივამდე 
ჩასვლას სულ ხუთი წუთი ვუნდები“

,,შოპინგზე გასვლა, კუჭში გასვლა, კოსმოსში გასვლა,
მაგრამ არცერთ შემთხვევაში - მარილზე გასვლა“.

თუ პირველ შემთხვევაში საქმე მახვილგონივრულ ენობრივ თამაშთან (,,თელავიდან თელავივამდე“) გვაქვს, მეორეგან ავტორი სიტყვა ,,გასვლის“ პოლიკონოტაციურობას იყენებს.
რაც შეეხება ,,დაუჯდომელის“ ესთეტიკურ შრეს, ის მეტად საინტერესო და არატრადიცულია. პაატა შამუგია უარს ამბობს ყოველგვარ ,,იზმზე“ და მკითხველს ახალ, ცოცხალ და, რაც მთავარია, კონცეპტუალურად იმაგინაციურ მხატვრულ სახეებს სთავაზობს (მაგალითად, ასეთია წამწამების ხიდთან შედარება: ,,წამწამები გამოდე ყოფნასა და არყოფნას შორის, როგორც უკვდავი მირაბოს ხიდი“ ; ასევე აღტაცებას იწვევს შემდეგი მხატვრული სახე: ,,და იყოს ყველა შენი სიტყვა - ტყვია უმისამართო“). საინტერესო კი ის არის, რომ პოეტი გარკვეულ მეტაფორა-კონცეპტთა აზროვნების ნიმუშებად დამკვიდრებასაც ცდილობს და ამ მიზნით ის სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებული ფორმებით გამოთქვამს მათ. ამ თვალსაზრისით გამოსარჩევია მზერის იარაღთან შედარების მხატვრული სახის შემდეგი ვარიაციები:

,,წმინდა არს მორალისტების თვალები,
კალაშნიკოვის ლულასავით შუბლზე რომ გვებჯინება“

(ლექსი ,,კიბერნეტიკული ფსალმუნი“)

,,და თვალებს იარაღივით მოგაბჯენს შუბლზე“

(პოემა ,,დაუჯდომელი“; ,,ანდრიას იკოსი 2“)

ცალკე აღნიშვნის ღირსია პაატა შამუგიას ძალზე მდიდარი და მრავალფეროვანი ვერსიფიკაციულ-ფორმალისტური არსენალი. ეს ავტორი იშვიათად მიმართავს რითმიან ლექსს და ისიც მხოლოდ ჩანართის სახით. თუმცა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს, შესრულების ხარისხი ძალზე მაღალია; მაგალითად, შემდეგი სარითმო წყვილები: დუელში - (ირვინ) უელში; ლოქოზე - ლოგოსი - მეტად ოსტატური, ორიგინალური, შეიძლება ითქვას, საავტორო და კეთილხმოვანია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პაატა შამუგიას ,,დაუჯდომელი“ განსხვავებით ამ ავტორის წინა წიგნებისგან, სრულიად არის დაცლილი გამიზნული ეპატაჟურობისაგან და მასში პოეტმა უმაღლესი დონის პოეზიის მოპოვება შეძლო. ამას მოწმობს ხსენებული ტექსტის ზემოთ ჩატარებული: დისკურსულ-სტრუქტურალისტური, საზრისული, ესთეტიკური, ვერსიფიკაციული ანალიზი.
თუმცა, ობიექტურობისათვის აუცილებელია ,,დაუჯდომელის“  უარყოფითი მხარეებიც განვიხილოთ.
პაატა შამუგია, როგორც ,,ნივთი ჩვენთვის“ (ფენომენი), ჯერ არ არის იმ რანგისა და დამსახურების პოეტი, რომ ასე უდიერად, აგდებით მოიხსენიოს მსოფლიო ლიტერატურის ისეთი კლასიკოსი, როგორიც ბალზაკია (იხ. ლექსი ,,სილოგისტური თვითანალიზი“: ,,ბალზაკის ფრაზასავით მოუქნელი მოძრაობები მაქვს“). თუ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიამ მსგავსი გამონაკლისები შემოგვინახა ტოლსტოისა და შექსპირის, ნაბოკოვისა და დოსტოევსკის, ერეკლე საღლიანისა და ელიოტის, უელბეკისა და პრევერის, პაუნდისა და უიტმენის ურთიერთობათა მაგალითებით, ახალგაზრდა, დამწყები პოეტისაგან, რომელსაც ჯერ ღირებული არაფერი შეუქმნია, დიდი ფრანგი მწერლის ამგვარი ამპარტავნული დაუდევრობით ,,გაკიცხვა“ მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და უბრალოდ ხაზს უსვამს მის (პაატა შამუგიას) უსუსურობასა და ზედაპირულობას.
მკითხველი ამაში მაშინვე დარწმუნდება, თუ მის კრებულს - ,,დაუჯდომელი“ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის სათაური სრულიად შეუსაბამოა მის ფორმა-შინაარსთან; ,,აკათისტო“ (ბერძ. Ακάθιστος), ანუ დაუჯდომელი აუცილებლად გულისხმობს კონკრეტულად ღვთისმშობლის მავედრებელ ხოტბას და მის კრებულს (იხ. რამაზ ჭილაიას ,,ლიტერატურათმცოდნეობა“), პაატა შამუგიას არც წიგნში და არც ამავე სახელწოდების პოემაში კი, ღვთისმშობელი ვალდებულების მოხდის მიზნითაც კი არ არის ნახსენები) - თვალს შეავლებს.
მოგეხსენებათ, საუბარია არაფრით გამორჩეულ წიგნზე, რომელმაც სავსებით დაუმსახურებლად მოიპოვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ,,საბა“ (შეგახსენებთ, რომ ამ კონკურსზე წარმოდგენილი იყო ისეთ სერიოზულ და მნიშვნელოვან ავტორთა წიგნები, როგორებიც არიან ცირა ბარბაქაძე და ელგუჯა მარღია; ჟიურიმ კი ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამარჯვებულად პაატა შამუგია დაასახელა).
არტურ შოპენჰაუერი წერდა: ,,მე მაშინ ვწერ, როცა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი. ხოლო თუ ჩემი ეს წესი საყოველთაო გახდება, სამყაროში სულ რამდენიმე წიგნიღა დაიწერება“-ო. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ,,დაუჯდომელის“ ავტორს გერმანელი ფილოსოფოსის ამ წესით არ უხელმძღვანელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაგვიწერდა წიგნს, რომელიც განუხორციელებლად არაეგზისტენციალური და ავხორცულია, რადგან მასში სიამოვნება წინ უსწრებს სარგებლობას.
ხსენებული პროექტი ჩანასახშივე დასრულებული, მკვდარი და გაუქმებულია - ,,დაუჯდომელი“ უძრაობის, სტატიკური დამყაყებულობის წიგნია; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ტექსტი, რომლის არსებობაც მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, აღიარებენ თუ არა მას მკითხველი და აწმყო, როგორც მიმართების ობიექტები. ის არის არათვითკმარი ორი ძირითადი თვალსაზრისით:
1) მას შემდეგ, რაც უმასშტაბო ეპატაჟური ოხუნჯობები მობეზრდება და განსახილველ ტექსტს მალევე მიატოვებს მკითხველი, ის (ტექსტი) საკუთარ მყოფობაში ვერ მოიძიებს ვერანაირ გამართლებას (დაფუძნების შესაძლებლობას) და შეწყვეტს არსებობას.
და 2) შელინგის პერიფრაზს რომ მივმართო: ის არის ახალი დროის ყველა სახარებისაგან გულაჩუყებული, ანუ მასში არაფერია მოცემული გარდა   იმ მყიფე და არამყარი პრობლემების ზედაპირული აღწერების ჯამისა, რასაც ზოგჯერ თანამედროვეობასაც ვეძახით.
ეს უკანასკნელი ფაქტორი, უწინარესად, გულისხმობს იმას, რომ კრებულში წარმოდგენილი პოეზია თანამედროვე საქართველოს კონკრეტულ-ლოკალურ პრობლემებზე რეაქციას წარმოადგენს. პაატა შამუგია არის რიგითი პოეტი-სოციოლოგი, რომლის შესაძლებლობები მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ პანაშვიდი გადაუხადოს შაბიამნით მოწამლულ მეზობელს, ანდა დერიდას ერთ-ერთ, რადიოში მოსმენილ, ფრთიან ფრაზაზე დაყრდნობით დაამუნათოს სინოდის რომელიმე გაზულუქებული წევრი. ავტორის მიერ რუტინული ცხოვრების უინტერესო, მშრალი და დოკუმენტალისტური აღწერების მიღმა არაფერი იკითხება. ის ვერ ახერხებს, ყოველდღიურობის მომაბაზრებელ სივრცეში რაღაც მნიშვნელოვანის, მეტაფიზიკურის დანახვას. ყოველივე აქედან გამომდინარე, რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი სოციალური აგენტისაგან? არც არაფრით; და ამიტომაც, მისი ლექსები იმ პრობლემებზე ადრე მოკვდება, რომლებსაც ისინი ეძღვნება. პოეტის ამგვარ არჩევანს თავისი თეორიული საფუძველი არ აქვს და ვერც ექნება; დღეს უკვე ექსტრემისტული სოციალიზმის თავგადაკლული გულშემატკივრებიც აღიარებენ, რომ პაულ ტილიხის მოსაზრება, რომ ნებისმიერი, თვით ყველაზე სპეკულაციური ონტოლოგიური სისტემის ფესვები სოციალურ პრაქტიკაში შეიძლება იქნას გასაგნებული და ამოკითხული, უბრალოდ არამართებულია.
პაატა შამუგია პოეტი-რეაქციონერია, რომლის თვითმიზანიც ყოველგვარი ,,სხვა“-სგან გამიჯვნა და მასთან დაპირისპირებაა. ის ინერციით ფსევდოდეკონსტრუქტივიზმის ტყვეა, რომელიც მხოლოდ დემონტაჟის პოლიტიკას მიმართავს ისე, რომ თავად არაფერს აშენებს და მხოლოდ განყენებით, წინააღმდეგობით ცდილობს თვითდამკვიდრებას და ყოფნის ალტერნატიულ შესაძლებლობას არ გვთავაზობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი მიზანი მხოლოდ ნგრევა, არარსებობაა და არა - ახალი სინამდვილის რეკონსტრუირება. ამას მოწმობს მისივე ლექსი ,,სანიშნე“, რომელშიც ავტორი აღიარებს, რომ მისკენ ნასროლი ლოდებისგან ტაძრის აგება არ შეუძლია, ჯერ (!) არ აქვს ნასწავლი:  ,,როცა ქვების აცდენას ვისწავლი და ჩემკენ ნასროლი ლოდებისგან ტაძარს ავაგებ“. პერსპექტივა კი, რომ ის ამას ოდესმე შეძლებს, მეტად საეჭვოა. სამაგიეროდ, მშენებლობის პროცესი უკვე დაუწყია და მას შესაშური წარმატებითაც უძღვება ჩვენი დიდი პოეტი-პრარაბი სევარიონ ნადირაძე:
,,და მოშურნეთა ნასროლი ქვებით
შენდება ჩემი ციხე-სიმაგრე“.
ასე რომ, ვერაფრით გავიზიარებთ გიორგი ხასაიას მიერ ,,დაუჯდომელის“ უკანა ყდაზე გამოთქმულ აზრს, თითქოს: ,,პაატა შამუგია მიმართავს წერის ისეთ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია უართან - ის  ენობრივ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოეტურის ტრადიციულ გაგებას ქართულ პოეზიაში“.
ყველაფერი პირიქით არის, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ პაატა შამუგიას ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალზე მწირია და ის მეტისმეტად ზედაპირულად იცნობს ფილოსოფიის ისტორიას. რა შეიძლება იყოს ამის საზომი? რა თქმა უნდა, კონკრეტული ცოდნისეული, რაციონალური გამოცდილების იმგვარი პოეტური გადააზრება, შეიძლება ითქვას, განსაზღვრაც (სახელდებაც) კი, რაც შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი ტექსტის უკიდურესად ღრმა ცოდნის გარეშე. ქართულ პოეზიაში ამის კლასიკური მაგალითია გენიალური გალაკტიონის სტრიქონები, სადაც ის, მართალია, სულ რამდენიმე სიტყვით ეხება ჰეგელისა და შოპენჰაუერის კონცეფციათა ,,სულის მონადას“, მაგრამ მკითხველი განცვიფრებული რჩება ხსენებულ ფილოსოფოსთა უმთავრესი იდეების მსგავსი სიზუსტითა და მომცველობით ენაში გამოსახვით. დევიზი: ,,იქ სადაც მთავრდება ფილოსოფია, იწყება პოეზია“ მხატვრვრული ლიტერატურის ამ ჟანრს სწორედაც განუზომლად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ გრძნობად-ირაციონალურად მისაწვდომი გახადოს ის ცოდნები, რომლებსაც ფილოსოფია აღმოაჩენს და გადანერგოს, გაასაგნოს ის ენის ექსისტენციალურ, გამოგონების მითში.
პოეზიაზე ფსონის დადების მიზანდასახულობა არ იყო მხოლოდ კომუნიკაცია (გაგებინება) და მეტი სოციალური სანქციის მოპოვების მცდელობა. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავისი ონტოლოგიური გამართლება ორი მნიშვნელოვანი თვალსაზრისითაც: პირველ რიგში, ფილოსოფიაში კარტეზიანიზმის გადარჩენა და ამით შესაძლებელი პოლიდისკურსულობა (ერთგვარი ესთეტიკური ტრანსცენდენტალიზმი) ბადებდა იმედს, რომ ეს მისი (ფილოსოფიის) ფიგურაციის უნივერსალურობას ისტორიაში შეაკავებდა (დაიჭერდა); მეორე თვალსაზრისით კი, ცოდნის ცხოველ სიტყვაში კვლავდაბადებით გაიხსნებოდა შემეცნების ახალი შესაძლებლობის ,,არხე“: პოეზია, როგორც მათემატიკაზე ზუსტი მეცნიერება.	
გალაკტონი აგნებს შეუძლებლად ადეკვატურ, იქნებ ერთადერთ შესიტყვებებსაც კი ხსენებულ მოაზროვნეთა კონცეპტების ძირითადი არსის გამოსავლენად და რეციპიენტიც ხვდება, რომ ამგვარი რამ მხოლოდ მათი ძირეული თავმოაზრების (Selbstbesinnung) შედეგი შეიძლება იყოს და არა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ყურმოკვრულ ინფორმაციათა გაჟღერებით ხაზგასმის: 

,,წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი,  
წმინდა სინათლის დიად ბადეში 
ისე ცოტაა გასაგებელი, 
როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში”.

,,მე, ვისაც მტანჯველ აზრად გაუარს - 
დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით, 
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს, 
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით“.
	
ცხადია, გალაკტიონისაგან განსხვავებით პაატა შამუგიას ყოველივე ეს არ ახასიათებს. მისი იმ ლექსების, რომლებშიც, ,,ფილოსოფოსობას“ ცდილობს, წაკითხვისას, ხვდები, რომ ავტორს ბუნდოვანი, ზერელე წარმოდგენაც არ აქვს თემებზე, რომლებსაც უკიდურესად ზედაპირულად ეხება. უმწეოა პაატა შამუგიას მცდელობები აზროვნების ისტორიის გარკვეული თეზისებისა და კონცეპტების პაროდირებისა. მოგეხსენებათ, ამ მეთოდური სტილისტიკით სარგებლობა, ფილოსოფიურ თემებში გაცილებით საფუძვლიან კომპეტენციას მოითხოვს, ვიდრე მათგან ინტელექტუალური ვარიაციების შექმისას არის საჭირო. პაატა შამუგიას კი არც შესაბამისი ცოდნა (კომპეტენცია) გააჩნია და მითუმეტეს - საკმარისი ნიჭი.
მაგალითად, განვიხილოთ პოემის - ,,კიბერნეტიკული ფსალმუნი“ - ერთი ნაწილი:

,,წმინდა არს კანტი და ლაიბნიცი და კირკეგორი“

სამწუხაროა, რომ პაატა შამუგიას ფილოსოფიური განსწავლულობა იმ ინფორმაციულ მომზადებას ვერ სცდება, რომ კანტის მთავარ შრომას ,,წმინდა გონების კრიტიკა“ ჰქვია. ამისთვის ხომ ყველას მოუკრავს ყური, ვისაც ზრდადასრულებულ ჰომო საპიენს-ად ყოფნაზე აქვს პრეტენზია. იმ გენიალურ აღმოჩენას, რომ თურმე კანტი ,,წმინდა გონების კრიტიკის“ ავტორი ყოფილა, პაატას ნამდვილად ვერ ჩავუთვლით ინტელექტუალურ გმირობად. ხოლო რა დამატებითი დამსახურების გამო არიან მაინც და მაინც ლაიბნიცი და კირკეგორი წმინდა და არა, მაგალითად, ფიხტე და განსაკუთრებით სავლე წერეთელი, გაუგებარია.
იგივე შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით, ღიმილის მოგვრამდე უსუსურ ტექსტზე- ,,ავტორიტეტული სიყვარული“. მოვიტან ციტატებს:

,,... ან რომ არ მოვდგეთ პლატონს და მეტაფიზიკური ძილი არ  დავუფრთხოთ“.

და იქვე: 

,,... და ბოდრიარი რომ არ დავიხსნათ სიმულაკრის ბორკილებიდან“

ვიკიპედიაში სახელდახელოდ ამოკითხული ნიუსებით ლექსების გამოტენვით შეიძლება 13 წლის თინეიჯერები გააკვირვო, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში - სერიოზული მკითხველი. ეს ხომ უბრალო ყალთაბანდობაა, რომელსაც ვერავის ”აჭმევ”. უნივერსიტეტის წინ გამვლელ ოთხიდან ხუთმა საშუალო სტატისტიკურმა არათუ სტუდენტმა, არამედ სტუდენტის სიმულაციამაც იცის, რომ ,,ბოდრიარი“ ჩვენში ,,სიმულაკრის“ სინონიმია; აი, პლატონს რომელი მეტაფიზიკური ძილის დაფრთხობას უპირებს პაატა, ამას კი, თავად არისტოტელეც ვერ გეტყოდათ.
დიდი მტკიცება არ უნდა, რომ, ინტელექტუალური გაქანების თვალსაზრისით, შამუგია კიდევ ერთი ,,გამორჩეული“ მარგალიტია მიმდინარე ქართული პოეტური სინამდვილისა. 
პაატა შამუგიას ტექსტებში გამოთქმული აზრები ზედაპირზე ტივტივებს; ამიტომ ჩირაღდნით რომც ეძებოთ, ვერსად იპოვით ქვეტექსტს - აქ ყველაფერი ისეთი ბანალურია, ავტორს რომ არ იცნობდე, იფიქრებდი, ვინმემ ხომ არ აუკრძალა რაიმე საინტერესოს თქმაო. აი, მაგალითად, ლექს ,,მე ვფხიზლობს“ პაატა იწყებს ,,აღმოჩენით“, რომელიც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ის პლატონის ,,სახელმწიფოს“ მეშვიდე წიგნში მოთხრობილ, ყბადაღებული ”გამოქვაბულის მითიდან” მოყოლებული, უამრავმა მწერალმა გაარემიქსა. მათ რიგებს უერთდება პაატა შამუგიაც:

,,მე ვფხიზლობ, 
რათა აღდგეს კავშირი ჩრდილებსა და სხეულებს შორის“

უბრალოდ სასაცილოა 21-ე საუკუნის ტექსტში ამგვარი იდეის გატარება, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაგან იმდენად გაცვდა, რომ ზოგიერთმა ფრანგმა თეორეტიკოსმა საკუთარ წიგნსაც კი დაარქვა სათაურად:
,,სიტყვები მნიშვნელობის გარეშე დარჩნენ“

(,,დაუჯდომელი“ - ,,იოანეს კონდაკი 9“)
	
პაატა შამუგია ასევე ძალზე ზედაპირულად ფლობს პოსტმოდერნისტული ციტირების სისტემას და მხოლოდ ისეთ საყოველთაო, მარტივ და ფართოდ გავრცელებულ ფორმებს მიმართავს, როგორებიცაა: ალუზია, რემინისცენცია და დეციტაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ვერ აკეთებს შესაბამის მინიშნებას პირველად ტექსტზე, რამაც მკითხველი უნდა აფიქრებინოს, რომ საქმე მიზანმიმართულ კონცეპტუალურ  ინტერტექსტუალობასთან აქვს და არა შემთხვევით, უნებლიე პლაგიატთან.
მაგალითად, პოემა ,,დაუჯდომელის“ ერთ-ერთ თავ ,,ბართლომეს იკოსი 11“-ში გამოთქმული აზრი: ,,სიტყვების გამუდმებული გამეორებით, / ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ნებისმიერი მათგანი“  - ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობიდან - ,,საჩუქრების ღამე“ - არის მოპარული. არგენტინელმა მწერალმა პაატა შამუგიას უბრალოდ დაასწრო, როდესაც გამოხატა ენის თვისება - სიტყვების ხშირად გამეორებით მათი დავიწყებისა: ,,წლები გადის და უკვე იმდენჯერ ვყვები ამ ამბავს, რომ არ ვიცი, ის მახსოვს თუ მხოლოდ სიტყვები, რომლებითაც ამ ამბავს ვყვები და ვყვები“  (ბორხესი). 
,,თომას იკოსი 4“ კი, სადაც პაატა შამუგია მადლობას უხდის უფალს იმისთვის, რომ ,,თეოსოფიამ დაამტკიცა, რომ უფალი არ არსებობს“, ასევე ნასესხებია. ეს წინააღმდეგობრივ-ირონიული იდეა ოდნავი ლინგვისტური სახეცვლილებით აქვს გამოთქმული ლუის ბუნუელს სიტყვებით: ,,მადლობა ღმერთს, ათეისტი ვარ“.
კანტის გამოთქმის: ,,ორი რამ ანცვიფრებს ჩემს სულს: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში“  ამგვარი, უმწეო პაროდიული დეციტაცია (,,ორი რამ აღავსებს ჩემს სულს განცვიფრებით: / საბჭოთა ტროიკა აბაჟური ჩემ ზემოთ და აპენდიქსი ჩემში“) კი ასევე ვერ იმეტყველებს დადებითად პაატა შამუგიას ინტელექტუალურ განსწავლულობაზე. გერმანელი ფილოსოფოსის ზემოციტირებული ფრაზა ხომ იმდენად ცნობილია, რომ კეთილმა ადამიანებმა ის მის საფლავსაც კი წააწერეს; ხოლო არაერთმა პოპმომღერალმა უკვე საკუთარი სიმღერის ტექსტსადაც კი აქცია.
ტექსტუალური დეკონსტრუქციის, როგორც დესტრუქციული ავტოიმუნურობის თვითლიკვიდაციის უმწეო და შესაძლებელთა შორის ყველაზე პრიმიტიულ ფაქტს გვთავაზობს შემდეგი სტრიქონები, რომლებიც საკუთარ თავსვე აუქმებენ:

,,...მაგალითად, ლექსის დაწერა,
თუნდაც, ცუდი ლექსის
(მთლად ისეთი ცუდისაც არა, როგორიც ეს ლექსია)“

პოსტმოდერნული ციტირების სისტემის თვალსაზრისით,  პაატა შამუგია მწირად ფლობს ენასაც, რაც კარგად ჩანს ამგვარ, მეტად ხელოვნურ ლინგვისტურ გამოსახულებებში:
 
,,და თელავიდან თელავივამდე 
ჩასვლას სულ ხუთი წუთი ვუნდები“

,,შოპინგზე გასვლა, კუჭში გასვლა, კოსმოსში გასვლა,
მაგრამ არცერთ შემთხვევაში - მარილზე გასვლა“.

თუ პირველ შემთხვევაში საქმე ფილმ ,,მიმინოდან“ გადმოწერილ, სემანტიკურად უმოტივაციო ენობრივ თამაშთან (,,თელავიდან თელავივამდე“) გვაქვს, მეორეგან ავტორი ,,აღმოაჩენს“, რომ სიტყვა ,,გასვლას“-ს თურმე მხოლოდ ერთი კონოტაცია არ აქვს და მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია როგორც მარილზე, ასევე კუჭში გასვლაც.
რაც შეეხება ,,დაუჯდომელის“ ესთეტიკურ მხარეს, ის მეტად უინტერესო და ტრადიციულია. პაატა შამუგია უარს ამბობს ახალი მხატვრული სახეების წარმოებაზე და თავს უკრავს ყოველგვარ ,,იზმს“. მაგალითად, ასეთია წამწამების ხიდთან შედარება: ,,წამწამები გამოდე ყოფნასა და არყოფნას შორის, როგორც უკვდავი მირაბოს ხიდი“ , რომელიც მის თანამედროვე პოეტ, გიორგი კეკელიძესთანაც არის გამოყენებული ლექსში - ,,სიყვარულის სირთულეები“: 

,,წამწამი წამწამზე მომადე,
ახლა ჩვენს შორის ბეწვის ხიდია“:  

ხოლო ,,სიტყვის“ ,,ტყვიასთან“ შედარება, რომელსაც პაატა მიმართავს (,,და იყოს ყველა შენი სიტყვა - ტყვია უმისამართო“. ) იმდენად გაცვდა, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, თავად მაყვალა გონაშვილმაც კი დააბინადრა თავის შემოქმედებაში პირდაპირი შესიტყვებით: ,,სიტყვა-ტყვია“ და ამით საბოლოოდ გააფორმა ამ მხატვრული სახის მომავალში ნებისმიერი გამოყენების შესაძლებლობის შეუძლებლობა. 
საინტერესო კი ის არის, რომ პოეტი გარკვეულ, ასევე ტრივიალურ მეტაფორა-კონცეპტებს ხშირად საკუთარ თავსაც კი ჰპარავს. ამ თვალსაზრისით გამოსარჩევია მზერის იარაღთან შედარების, ყველა ძირითად ენაში იდიომადქცეული მხატვრული სახის შემდეგი ვარიაციები:

,,წმინდა არს მორალისტების თვალები,
კალაშნიკოვის ლულასავით შუბლზე რომ გვებჯინება“

(ლექსი ,,კიბერნეტიკული ფსალმუნი“)

,,და თვალებს იარაღივით მოგაბჯენს შუბლზე“

(პოემა ,,დაუჯდომელი“; ,,ანდრიას იკოსი 2“)

ცალკე აღნიშვნის ღირსია პაატა შამუგიას ძალზე ღარიბი და ერთფეროვანი ვერსიფიკაციულ-ფორმალისტური არსენალი. ეს ავტორი იშვიათად მიმართავს რითმიან ლექსს და ისიც მხოლოდ ჩანართის სახით. თუმცა, მისდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს, შესრულების ხარისხი საგანგაშოდ დაბალია; მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი სარითმო წყვილები: დუელში - (ირვინ) უელში; ლოქოზე - ლოგოსი; პირველი მათგანი ამგვარ რითმათა აგების ყველაზე მარტივ, არსებითი სახელისა და საკუთარი სახელის გარითმვის ხელოვნებას გვთავაზობს; მეორე კი უსაშველოდ არაკეთილხმოვანია.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ პაატა შამუგიას ,,დაუჯდომელი“ მსგავსად ამ ავტორის წინა წიგნებისა, მორიგი ვულგარულ-ეპატაჟური გამოხტომაა და მასში პოეტმა თუნდაც მცირე დოზის პოეზიის მოპოვებაც ვერ შეძლო. ამას მოწმობს ხსენებული ტექსტის ზემოთ ჩატარებული: დისკურსულ-სტრუქტურალისტური, საზრისული, ესთეტიკური, ვერსიფიკაციული ანალიზი.

პატივისცემით, ლექსო დორეული
პატივისცემით, ლექსო დორეული