რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ნათია ჯანაშია ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2016-11-12

ალპინისტი პინგვინი

განა სიმაღლის შიში აქვს?
პინგვინი ალპინისტია!

სამზადისშია, ფუსფუსებს,
ზურგჩანთას დინჯად ალაგებს:
წერაყინს კარგად ალესავს,
საგზალსაც მოიმარაგებს.

კარავიც ხომ დასჭირდება?
კომპასი, ჯიბის ფანარი,
რუკა, საძილე ტომარა,
თავის ტკივილის წამალი.

წრიაპებს რა დაავიწყებს,
წინ საცალფეხო გზა ელის,
თოკებიც დაგრეხილი აქვს,
თითო - ას შვიდი მტკაველი.

თბილი სამოსიც თან მიაქვს,
სიცივე თუ შეაშინებს, 
მარჯვე და მოხერხებული
ცეცხლს გააჩაღებს მაშინვე.

სამზადისს როცა მორჩება,
შვილებს დაკოცნის მხურვალედ,
შხარისკენ წაბაჯბაჯდება,
შხარას დაიპყრობს სულ მალე!