რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ლევან ლორია ჟანრი: სათავგადასავლო / პროზა გამოქვეყნება: 2016-12-20

პარალელური წრფეებიც იკვეთებიან

„კახაბერს ეზოში ტანკი „ტ 72” ედგა, მკერდში კი სიყვარულით აძგერებული გული...”

დაიბადა თუ არა კახაბერი, ჯუანშერის ფიქრი ის იყო, სკოლის შემდეგ ისტორიულზე უნდა ჩავაბარებინო, რაც შეიძლება მალე მივაღებინო კომპარტიაში, მერე მინიმუმ რაიკომის მდივანი გახდება, დაწინაურების პერსპექტივით და რაღა აკლია, იქნება ცეკას მდივანიც გახდესო. ამას ყველაფერს მეუღლესთან, მშვენიერ და თვინიერ მაგდანასთან ათანხმებდა და ისიც კვერს უკრავდა, რადგან იცოდა, მზე და მთვარე ამოსდიოდა ჯუანშერს თავის ერთადერთ შვილზე და დედის ნუგეშზე. თვითონ ჯუანშერს აგრონომიული ჰქონდა დამთავრებული. სოფლის ხილის მიმღები პუნქტის გამგე იყო და გულდედავა ტყემლით თუ ფრანგულა მსხლით დატვირთული მანქანებით მდიდრდებოდა და ავსებდა ახალ-ახალ მუთაქებსა და ბალიშებს ბელადის თავიანი კუპიურებით, შემნახველ სალაროს წიგნაკში კი ხუთნიშნა რიცხვზეც იყო ასული. ეს ის დროა, როცა კომუნისტური პარტია თითქოსდა მგზნებარე, მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდა კომუნიზმის აშენებას, თან კი ერიდებოდა უკან გამოხეული შარვლის, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებდა, როგორმე დაწეოდა და გადაესწრო ამერიკისთვის. ისიც უნდა ვთქვათ, კომუნიზმი რომ უსაქმური ხალხის მოგონილი ზღაპარი იყო, მაშინაც ჰქონდა ეჭვი ჯუანშერს, იმდენს კი ვერ მიხვდა, ეს დაგროვილი ფული დროზე გამოეყენებინა. ჰოდა , შეიცვალა ფული და დარჩა ისევ იმ ფუქცია აღდგენილ ბალიშების და უფუნქციოდ დარჩენილი სალარო წიგნაკის, ხილის მიმღები პუნქტის და მცირეოდენი, შავი დღისთვის შემონახული დოლარების ამარა, ხოლო კომუნიზმის აჩრდილი მხოლოდ ჩინეთშიღა თუ დაძრწოდა და მისგან შეშინებული ჩინელები დამშეული კალიებივით იყვნენ შესეული მსოფლიოს და საქართველოს ტყეებს, მინდვრებს, სოფლებსა თუ ქალაქებს.
კომუნისტობა უკვე სირცხვილადაც კი ითვლებოდა, ზოგი ჩუმად, ჩამქრალ სანთლებთან ხევდა პარტიულ მანდატებს, ზოგიც საჯაროდ, პარტიულ კრებებსა თუ მიტინგებზე, ზოგჯერ თავისას და ზოგჯერ სხვისას. ჯუანშერი შვილის მომავალს უკვე ბუნდოვნად ხედავდა. ეს ის პერიოდია როცა კიდევ ერთი იმპერია ღაფავს სულს და თავზე ტყლაპიანმა საბჭოთა ლიდერმა ვითომდა მეტისმეტი დემოკრატობანობით ,,პერესტროიკა”, ჯუანშერის თარგმნით გადაშენება დაიწყო. ქვეყანაში გაშლილ ეროვნულ მოძრაობას კახაბერმაც აუბა მხარი. მეცხრე კლასში იყო, რომ თითქოსდა საყვარელი მამიდის სანახავად ვანში რამდენიმე დღით დასავანებლად წასულმა, დიდ ქალაქს მიაშურა და აპრილის აქციებს შეუერთდა. მაშინ მობილური არ იყო, მისი ადგილმდებარეობა რომ გადაემოწმებინა და სახლში მშვიდად მყოფ ჯუანშერს ამბავი მოუტანეს, შენი კახაბერი მთავრობის სახლის წინ არის წამოწოლილი და შიმშილობსო. ჯუანშერმა ამბის მომტანი გააფრთხილა, მაგდანას არაფერი უთხრაო, თვითონ კი დიდ ქალაქს გადაწყვიტა წასვლა. საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი საბჭოთა სისტემის სისასტიკე, სტუდენტობისას ცხრა მარტის ღამეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, ვიღაც თეთრით მოსილმა ქალმა უთხრა, წამომყევიო და ტყვიების ზუზუნს ისე გამოატარა, ნაკაწრიც არ მიუღია, იღლიასთან გახვრეტილ ნათხოვარ პალტოს თუ არ ჩავთვლით. ის ქალი ისე გაქრა, მადლობაც ვერ უთხრა. გადარჩენილ ჯგუფელებს ეკითხებოდა, ქალი ხომ არ დაგინახავთ თეთრებში ჩაცმულიო, ყველა უარობდა. ერთი-ორჯერ კიდევ დააპირა თეთრით შემოსილი ქალის ამბის მოყოლა, მაგრამ უკბილო ხუმრობად რომ ჩაუთვალეს, მერე მიივიწყა კიდეც.
რვა აპრილის ღამეს ის თეთრით მოსილი ქალი ესიზმრა, შვილს ჩააკითხეო, ეუბნებოდა. მერე როგორ მოქცეულიყო ის არ უთქვამს. სიზმარი არავისთვის მოუყოლია, სოფლის წყაროს წყლისთვისაც კი, მაგდანას დაუბარა, ვანში წავედიო, დასაც ვნახავო და ბაღანასაც ამოვიყვანო. მაგდანამ, ხო იცი შენს დას ჩვენი სოფლის წყალი რომ მთელ ქვეყანას ურჩევნია და ნახევარი ლიტრი მაინც წაუღეო. იმ დღესვე ჩააკითხა შვილს დიდ ქალაქში. მალევე მიაგნო მთავრობის სახლის წინ, მწვანე ადეალაში გამოხვეულს. შიმშილობისგან დასუსტებულ კახაბერს სოფლიდან წამოღებული წყალი დაალევინა და თვალზე მომდგარი ცრემლებით სთხოვა, დედაშენს დამბლა დაეცა, უკანასკნელ დღეშია და შენს ნახვას ითხოვსო. კახაბერს, ჯერ კიდევ კლასის მოსწავლეს, მიუხედავად მრავალმხრივი კლასიკური თუ ჩვეულებრივი წარმოდგენებისა, რომლებიც არც თუ იშვიათად უტრიალებდა თავში, მატყუარა მამა ვერ წარმოედგინა და უსიტყვოდ გამოყვა სოფელში. შვილს რომ გვერდით ხედავდა ჯუანშერი, სულ გადაავიწყდა მეუღლე გაეფრთხილებინა, ყასიდად მაინც წოლილიყო ლოგინში, ან როგორ გააგებინებდა, მაშინ მობილური ტელეფონი ჯერ კიდევ არ იყო, თუმცა სისხლიანი დარბევისა და მსხვერპლის ამბავი გზაშივე გაიგეს მამა-შვილმა - ყოველგვარი მობილურის გარეშე. კახაბერს, გარდაცვლილების ამბავი რომ შეიტყო, უხერხულობის გრძნობამ დარია ხელი, სოცოცხლის შერცხვა. მამას გულმოსულმა შეხედა და დედაზე გაბრაზდა, რაღა ახლა გახდა ავადო.
სოფელში მაინც ჩაასწრეს ახალ ამბავს. გაზაფხულის მზიანი დილა იდგა და მაგდანა "ჭუკი, ჭუკი, ჭუკიო”, ბოლო ხმაზე ეძახდა საუზმეზე საყანესა თუ სავენახეში დაფანტულ ზამთარს, მელას თუ კაცს გადარჩენილ ინდაურებსა და ქათმებს. სიდამბლის არაფერი ეტყობოდა და ეზოში ჩარბენილ კახაბერს რომ მოკრა თვალი, გული გაუნათდა. ამ კაშკაშა სინათლეში ქმრის მინიშნებებს ვერაფრით მიხვდა. "რაფერ ხარ ნენა, მამიდაშენი რაფერაა”, - გულში იხუტებდა შვილს. კახაბერი ვერ ჩაწვდა მამის ტყუილი სიბრძნე იყო თუ სიმუხთლე, ერთი კი უთხრა, რატომ მომატყუეო და მერე სამი დღე თვალებში არ შეუხედია მისთვის.
ცხრა აპრილის ღამემ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საბჭოთა იმპერიის სიბნელე და სისასტიკე. ამ რეჟიმს სარძიკველშიც უდანაშაულო ადამიანების სისხლი ედგა, მაღლა სართულებიც სულ სისხლის გუბეებით იყო მორწყული და მოიშალა, ისე როგორც ერთ დროს ბაბილონის გოდოლი. გათავისუფლებული ქვეყნები თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს. თავისუფლების ნიავმა დაჰბერა სოფელსა თუ ქალაქში. გარდა იმისა, რომ ქვეყანა გათავისუფლდა, მასთან ერთად, როგორც ერთ დროს პანდორას ყუთიდან, გათავისუფლდა ყველა გრძნობა, კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი დოზით კი სიძულვილი და ქვეყანა უამრავ მარტივ მამრავლად თუ პარტიად დაიყო. მერე კი სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რომლითაც ზოგი პარტიული ლიდერი ამაყობდა კიდეც, ნახეთ რა მაგრები ვართ, თავს იმის ფუფუნების უფლებაც მივეცით, სამოქალაქო ომში ჩავებათ და ერთმანეთი ვხოცოთო. მიწაზე ბალახს რცხვენოდა, ცას კი მეხთა ტეხასავით ანათებდა უცხოური წარმოშობის ფუგასური საავიაციო თუ სახმელეთო ბომბები, რომლებსაც ერთმანეთს ესროდნენ არა მარტო შორიახლო ნათესავები, დრო და დრო ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მებრძოლი ერთი ოჯახის წევერებიც კი.
თვითონ კახაბერი ამ დროს დამამთავრებელ კლასში იყო, მაგრამ სკოლა მიატოვა, მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა, მამის ოც კალიბრიანი თოფი აიღო, სამწყერე საფანტით დატენილი გილზებით სავსე ფალასკა ზურგზე გადაიკიდა და სხვა მოხალისეებთან ერთად რაიონის შემოსასვლელთან ტრანშეების გათხრას მიჰყო ხელი. თუმცა ზუსტად არ იცოდა ვისგან უნდა დაეცვა თავი, ან ვისთვის უნდა შეეტია. ტყუილში შემჩნეულმა ჯუანშერმა ახლა ვეღარ გააჩერა შვილი. მაგდანას ყოველ ნახევარ საათში ასულიერებდა, წყლით ნახევრად სავსე საღვინე ჭიქაში ვალოკარდინის და კატაბალახას ნაყენს ოც-ოცდახუთ წვეთს ურევდა და ასმევდა. ვერ გადაეწყვიტა თვითონაც ფრონტზე წასულიყო, როგორც ჯარისკაცის მამა, თუ ცოლისთვის მიეხედა, როგორც მოსიყვარულე ქმარს. ამ ფიქრებში სამი თვე გავიდა და ისევ შეახსენა თავი თეთრით შემოსილმა ქალბატონმა - ისევ სიზმარში: სადაც ახლა სანგარში კახაბერია, მისი დაბადების წინა დღეს ყუმბარა ჩავარდება და ხვალ შუადღემდე თუ არ ჩააკითხავ, მერე გვიანი იქნებაო. ჯუანშერი დილითვე მოხალისეების პოზიციაზე იყო. პარკში ჩადებული მოხარშული მსუქანი დედლით და ხაჭაპურებით შევიდა სამეთაუროში, ჩემს ბიჭს ხვალ დაბადების დღე აქვსო და ერთი დღით სთხოვა რაზმის დიდ ულვაშა მეთაურს შვილის სახლში გაშვება. თვითონ კახაბერს დედამისის კაპლებზე ვერაფერი უთხრა, ან კი რას ეტყოდა, გინდაც მართლა დამბლა დასცემოდა მაგდანას, ერთხელ სახელგატეხილს ვინ დაუჯერებდა. ისე კი ლაპარაკში ახსენა, ცისმარი დავინახე ვიღაც ბიჭთან ერთად მიდიოდა გზაზე და მოგიკითხაო. მამის გულის ამბავი, თორე ისე არც ცისმარი დაუნახია, მით უმეტეს ცისმარის არც მოკითხვა დაუბარებია და ის ვიღაც ბიჭიც ჯუანშერის ფანტაზიის ნაყოფი იყო. ცისმარი კი, ყველამ იცოდა სოფელში, თვითონ ცისმარის და მისი მშობლების ჩთვლით, რომ კახაბერის უსიტყვო ტრფობის საგანი იყო, დიდი ხნის წინ გამხელილი და ტკბილი სევდა. ცისმარი კახაბერის პარალელურ კლასელი იყო, ხოდა ზუსტად პარალელურ წრფეებით მოდიოდნენ მთელი ეს წლები და სადღაც უსასრულობაში თუ შეძლებდნენ გადაკვეთას და როდის, ალბათ არც თავად უწყოდნენ. ერთხელ იყო მხოლოდ, მესამე კლასში კახაბერმა წერილი მისწერა სატრფოს და წერილში სამასსამოცდახუთჯერ ეწერა, მიყვარხარ. სხვა არც არაფერი. არ გეგონოთ, თვითონ დათვალა, უბრალოდ ორი გვერდი შეივსო. საპასუხო წერილში ცისმარიმ (მანამდე ყველა მიყვარხარ სათითაოდ დათვალა და მერე გადათვალაო, როგორც ამბობენ) საქციელი დაუწუნა, ამ წერილის წერას სჯობდა საგმირო საქმე გენახვებინა და რადგან ნაკიან წელიწადში არ გეყვარები ჩემი საფოსტო ყუთი დაივიწყეო. დავიწყების ვერაფერს იტყვი, რადგან ორივე ინახავდა ამ წერილებს, თუმცა გადაუკვეთ პარალელურ წრფეებად კი რჩებოდნენ ისევ.
ლოყებშეღაჟღაჟებულმა კახაბერმა ვერაფერი თქვა, სამაგიეროდ მეთაურს შვებულებაზე უარი არ უთქვამს, ის კი არა კახაბერს მადლობაც გამოუცხადა კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და სამდღიანი შვებულება გამოუწერა. ისევ სამწყერე გილზებით სავსე ფალასკით და იგივე ოც კალიბრიანი თოფით ბრუნდებოდა კახაბერი სახლში. წამოსვლამდე ჯუანშერმა ცალკე გაიყვანა მეთაური და სთხოვა, კახაბერის ადგილზე სანგარში არავინ დადგეს, იქ ყუმბარა ჩამოვარდება და სჯობს გვერდით ახალი სანგარი გათხაროთო. მეთაურმა, ჯერ გუნებაში გაიფიქრა, ეს მგონი ალაოდ არისო, მერე ქათმის ცხიმითა და ხაჭაპურით ოდნავ დასვრილი ულვაშები შეისწორა და კიო, დაპირდა. თუმცა წესად ჰქონდა, ულვაშზე ხელს რომ ისვამდა, მაშინ ცრუობდა სწორედ. ორასი მეტრი არ ექნებოდათ გამოვლილი, ყუმბარის აფეთქების ხმა გაისმა, მაგრამ ამ ხმას ისე იყო ქვეყანა შეჩვეული, არც მამას გაკვირვებია და არც შვილს. ის კი გაუკვირდათ, გზაში მწვანე ვილისი დაეწიათ და მძღოლის გვერდით მჯდომმა მეთაურმა ჯუანშერს სთხოვა საქმე მაქვსო, ოღონდ ამჯერად ულვაშებზე ხელ გადაუსმელად. მანქანში ორნი რომ დარჩნენ, მაშინღა გაარკვია ჯუანშერმა, რომ ნახევარ საათში ზუსტად იმ ადგილზე სადაც კახაბერი უნდა მდგარიყო, მართლა ყუმბარა ჩამოვარდა. კიდევ კარგი, კახაბერის შემცვლელი ბუჩქებში იყო გადასული ფრიად საჭირო საქმისთვის და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ,,სიდან გქონდა ინფორმაციაო”, - მეთაური გაფართოებული თვალებით ეკითხებოდა ჯუანშერს. ჯუანშერმა, მაინც არ დამიჯერებსო და თეთრით მოსილ ქალბატონზე არაფერი უთქვამს. ის კი თქვა, ეს ამბავი წუხელ სიზმარში მესიზმრა, დრო და დრო სიზმრები მიხდებაო. მეთაურმა, ერთი პირობა იფიქრა, ხო არ დავაპატიმროო, მაგრამ ჯუანშერის საქციელს მისთვის ნაცნობი ვერც სამხედრო და ვერ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის მუხლი ვერ მიუყენა და ისღა სთხოვა, თუ რაიმეს კიდე ნახავ სიზმარში აუცილებლად შემატყობინეო და რადგანაც სროლების ხმა ძლიერდებოდა, სასწრაფოდ დაუბრუნდა დისლოკაციის ადგილს.
კახაბერს დიდად არც ანაღვლებდა მამამისის საუბარი მეთაურთან, ცისმარიზე ფიქრი მოეძალა და იმ ბიჭზე ფიქრობდა, ჯუანშერის ფანტაზიის ნაყოფზე. ისე საკვირველი არც არაფერი იყო, ცისმარი საპირისპირო სქესის სიყვარულისთვის მოჩიტულ, ლამის მთელ სოფელს და ზაფხულობით დიდი ქალაქიდან ნათესავებთან დასასვენებლად ჩამოსულ ნახევარ ქალაქს უყვარდა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ნახევარი ჩამოსვლას ან ვერ ახერხებდა, ან ახერხებდა, მაგრამ მძაფრ კონკურენციაში ჩაბმისაგან თავს იკავებდა. ეს ამბავი შურით ავსებდა ცისმარის მეგობარ თუ კლასელ გოგონებს. თვითონ ცისმარის, სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ ანაღვლებდა ადამიანების შური იმიტომ, რომ გარდა სილამაზისა და ალუჩისფერი თვალებისა, უფალს ჭკუაც საკმაოდ ებოძებინა მისთვის, მაგრამ იმას კი დარდობდა, რომ ცივი იყო ვითარცა ყინული. ყოველ ცისმარე დღეს გათენდებოდა თუ არა ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, უსიყვარულოდ ნუ მატარებ, მეც განმაცდევინე ამ გრძნობის სიდიადე, იმას არ ვნაღვლობ, ორი-სამი სანტიმეტრით ავმაღლდები თუ არა, უბრალოდ შემაყვარე ვინმეო. გასაგებია, როგორ სიყვარულსაც სთხოვდა უფალს, თორემ ისე მშობლებიც ძალიან უყვარდა, მეგობრებიც და ცხოველებიც კიდევ თავის თავს ერჩია. კახაბერის სამასსამოცდახუთმიყვარხარიან წერილსაც გადახედავდა ღიმილით და ამ ყველაფერზე უფრო კი გამოცანებით უყვარდა საუბარი, დაახლოებით ასეთის: გაზაფხულს დამატებული სამი ნიანგი რას უდრის? გამარჯობას თუ ეტყოდი თუ ხასიათზე არ იყო, ზედაც არ შემოგხედავდა (თავის ტოლებზე ვამბობ, თორემ უფროსი და მხცოვანი გამარჯობას და მოკითხვას რას დაასწრებდა). ხასიათზე მყოფი თავისთვის იტყოდა: ნიორი სანაყში მოძებნის სხვა ნიორს და სახამებლის ფერი დროშა ქარს ამოავარდებსო. თუ მოისაზრებდი და ეტყოდი, კარტოფილი ძალიან გამამაცდა და რა გიკვირსო, უკვე შემოგხედავდა, ანუ ყურადღების ღირსად გაგხდიდა. მეტიც, გაგიღიმებდა და გკითხავდა: იქნებ იცი, ან გაიგე ზღვის გოჭის თაყვანისმცემელმა მთვარემ ამ დილით ჰოპ თუ თქვაო? ვთქვათ და ეტყოდი კიო, ამ დროს ახალი კითხვა გელოდა წინ, თან მხოლოდ უფალმა უწყის, რა. ერთხელ დიდი ქალაქიდან ჩამოსულმა ბიჭმა, ცისმარის ალუჩისფერი თვალების მხილველმა და მათზე უგონოდ შეყვარებულმა, მიყვარხარო, რომ უთხრა, ცისმარიმ ასე უპასუხა: ძალიანაც კარგი, მეც არ მიკვირდა, იასამანი ამ დილით აგრერიგად გახარებული რად იყო და თვალს რად მიკრავდაო. ბიჭმა ეს პასუხი თანხმობად მიიღო და არც აცია და არც აცხელა, ცოლად გამომყევიო, შესთავაზა. ცისმარიმ, კიო, გამოგყვები, ოღონდ ჯერ გველეშაპი მოკალი, მერე მისი კბილები დათესე, მოსავალი ცეცხლის მფრქვეველი რაშებით მომკე, მერე დევების წისქვილში დაფქვი, მოზილე, შიგ შენი სურვილი აურიე, ცხრა პიწკვი მარილი და ცხრა პიწკვი შაქარი დაამატე, ცხრა ნაპობი შეშით თონე გაახურე, კვერი გამოაცხვე, შეჭამე, სიზმარში საბანი არ გადაიძრო, ჩემს წერილს მიიღებ, იქ ეწერება სად ვარ და გათენებისას მოდიო... ამ სურვილებს ისე შეუშინებია ის ბიჭი, იმ დღესვე გასცლია არა მარტო სოფელს და დიდ ქალაქს, ქვეყანსაც კი და ზოგი იმასაც ამბობდა, ამერიკაში გადაიკარგაო.
მერე ერთი ამბავი მოედო კიდევ სოფელს: ერთხელ გოგოები ერთმანეთში ჭორაობდნენ. ძირითადი მასალა, რათქმა უნდა ბიჭები იყო და გათხოვება, ერთმა რომ თქვა, პრინცს ველოდები თეთრი რაშითო, მეორემ, მე თეთრ რაშს შავი მერსედესი მირჩევნია ცე კლასისო. ცისმარიმ ამაზე ბევრი იცინა, კლასს კიდევ ვერ გაცდიო. იმანაც გაწიწმატებულმა, აბა, შენ ვის ელიო და მეც პრინცს ველი, ოღონდ ტანკითო, ნარნარი ხმით დააბრეხვა უცებ.
ეს ნათქვამი, ისე როგორც სხვა, რასაც ცისმარი ამბობდა, მეორე დღეს იცოდა მთელმა სოფელმა, მათ შორის კახაბერმაც. ამიტომ სოფლისკენ მიმავალ გზაზე, მამამ რომ ჰკითხა, დაბადების დღეზე რა გიყიდოო, ტანკი ტე 72 მინდაო. სხვა ჯუანშერის ადგილზე ხუმრობად ჩათვლიდა შვილის ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა, თვითონ ჯუანშერი კი ასე ნამდვილად არ ფიქრობდა და კარგიო, დაპირდა. მაგდანა ეფერებოდა საღსამალათ შვილს და ქვეყნად ყველანაირი ომის მომგონებელს წყევლიდა და მარხავდა, შავს ვერ იმეტებდა და წითელ, აყალო მიწაში. თითქოს ომის ღმერთს მაგდანას წყევლის შეეშინდაო, გათენდა მეორე დღე და რადიომ გამოაცხადა, სამოქალაქო ომი დამთავრდა, სამთავრობო ჯარებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი და აწი მშვიდობის გეშინოდეთო. მოხალისეები საკუთარ სახლებს და ჯარისკაცები ყაზარმებს უბრუნდებოდნენ, გათხრილ სანგრებთან კი ექსკურსიებზე დაყავდათ უცხოელი ტურისტები, თითქოს სხვა რამ უკეთესი სანახი ამ ქვეყანაში არ მოინახებოდა. ამასობაში ჯუანშერი, საქმე მაქვს ვანში, სიძესთანო და პატარა ჩანთით, რომელშიც შავი დღისათვის შენახული დოლარები ეწყო, ისე წავიდა ზუსტად არც უთქვია როდის დაბრუნდებოდა. ერთი კვირის თავზე სოფელი გააყრუა ტანკის მუხლუხების ღრჭიალმა და ჭიშკრის ერთი ბოძის ამოთხრაც კი დაჭირდათ ხმაურზე შეყრილ მეზობლებს, რუს ტანკისტს ეზოში რომ შეერახრახებინა უზარმაზარი მახინა მთელი შეიარაღებით, დამატებით კი კოშკურაზე სასაჩუქრე წითელი ბანტით. სიმართლეს თუ ვიტყვით, ეს დიდად არც არვის გაკვირვებია, როგორც უკვე ვთქვით, სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ხალხი ძირითადად ბეტეერებით დადიოდა ბაზარში თუ ყანაში და არც ტანკი იყო უცხო ხილი. კახაბერს სხვა რა გზა ჰქონდა, ეზოში ტანკი ედგა, მკერდში კი სიყვარულით აძგერებული გული. ისღა დარჩენოდა ტანკზე ამხედრებულს ცისმარის ხელი ეთხოვა. ეზოში რაც საუკეთესო ვარდები იყო, ყველა დაჭრა და ოთხმოცდაცხრამეტ ვარდიანი თაიგული შეკრა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიანაც დაკაწრეს ვარდებმა და უსისხლოდ ომ გამოვლილი ახლა ვარდებთან ომში ღვრიდა სისხლს. მერე რუს ტანკისტს უთხრა, ,,პაეხალიო” და მთელი სოფელი, გარეთ გამოფენილი უყურებდა, ტანკით როგორ მიდიოდა კახაბერი ახალ ომში, ამჯერად სატრფოდ გულის დასაპყრობად.
ცისმარის სახლამდე ერთი კილომეტრიც არ იქნებოდა, ოღონდ ჯერ სოფლის ცენტრიც უნდა გაევლოთ, სადაც სკოლა, გამგეობა და კირით შეღებილი სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები იდგა. აქვე სოფლის წყაროსთან იყო ბირჟა, აქ თავს იყრიდა ლამის მთელი სოფელი, უსაქმურებიც და საქმოსნებიც. ახლა კი არავინ ჩანდა, მთელი სოფელი კახაბერის ტანკს ამოსდგომოდა უკან. ცისმარის ჭიშკარს რომ მიუახლოვნდნენ, ,,სიგნალ დავაიო”, რუსს უთხრა. იმან, ,,ნეტ სიგნალა ეტა ჟე ნე მერსედესო”. სხვა რა გზა ჰქონდა კახაბერს, თვითონ უნდა მიეცა სიგნალი და ,,ცისმარიო”, - დაიძახა, თან გული ისეთი აჩქარებით აუთრთოლდა მკერდში, იმას ნატრობდა ნეტა არ გაფრინდებოდესო და ჰაერის ნაკლებობას გრძნობდა, ისე როგორც ცხოვრების მდინარის მიერ ნაპირზე ამოგდებული ღლავი. ცისმარის ორსართულიანი სახლის ყველა კარი და ფანჯარა ღია იყო, თითქოს რაღაცას ელისო. ეზოში მწვანე ბალახზე ინდაურები დადიოდნენ და კახაბერის ძახილზე, ფრთები გაშალეს, თითქოს ,,ბოლეროს” ცეკვავენო და ,,ყურუ, ყურუ, კურუმო...”, ჟრიამული ატეხეს, რამაც ღიმილი მოჰგვარა ყველას გარდა კახაბერისა და ჯუანშერისა, რომელიც შვილის ტანკის შორიახლოს მიმოდიოდა.
პირველმა ძახილმა რომ შედეგი ვერ გამოიღო, ის იყო კიდე აპირებდა დაძახებას, უცებ სახლის უკანა მხრიდან ცისმარის საყვარელი არიადნა ბებია გამოვიდა, ხელს მზეს უჩრდილებდა და რომელი ხარო, დაიძახა. სანამ ვინმე რამეს ეტყოდა, ტანკი და ამდენი ხალხი რომ დაინახა ჭიშკართან, ეტყობა რაცხა ფარსაგია ჩემს თავსო და გული წაუვიდა.
როცა ადამიანი გიყვარს, გინდაც ცისმარი იყოს და გინდაც სხვა, ბუნებრივია, მისი ბებიაც გიყვარს. შეშინებულმა კახაბერმა ვარდებიც მიატოვა და ტანკიც. კოშკურიდან გადმოხტა და არიადნა ბებიას მივარდა, ნუ გეშინია, კახაბერი ვარო და იქვე პატარა მაგიდაზე მდგომი წყლით სავსე გრაფინი სულ დააცალე თავზე. არავინ იცი სოფლის წყალმა უშველა თუ კახაბერის ხმამ, არიადნა ბებიამ ნელ-ნელა გააახილა თვალი, ჯერ ერთი, მერე მეორე და რა მჭირსო, იკითხა. თუმცა უკვე შეგუებული იყო აზრს რომ კაი არაფერი არ სჭირდა.
როცა ასე თუ ისე კარგად იგრძნო თავი, კახაბერმა, ცისმარი სად არისო, ჰკითხა. გაირკვა, რომ ცისმარი მშობლებთან ერთად მეზობელ სოფელში წასულიყო სტუმრად დეიდის (დედის სუნი რომ აქვს) დაბადების დღეზე. კახაბერმა და ხალხმა ერთდროულად ამოიხვნეშეს. კახაბერს, ცხადია სატრფოს ნახვა ეწადა, თუმცა ლეტალური შედეგი რომ არ დადგა და არიადნა ბებია გადარჩა, ახლა ამითაც კმაყოფილი იყო. ახლა ვარდებს უკან ხო არ წავიღებო და ის თავის სისხლნაპკურები ოთხმოცდაცხრამეტი ვარდი არიადნა ბებიას დაუტოვა. რუსმა ტანკისტმა ვიწრო შარაზე მობრუნებისას ერთ ადგილას ცისმარის ღობე შეანგრია, მეორე მხარეს კი ცისმარის მეზობლის და ისევ რახრახით დაბრუნდა უკან. ამ ამბავს რამდენიმე ინდაური და ქათამი შეეწირა მხოლოდ, ეს უკვე მაგდანასი, სამაგიეროდ მეზობლებმა იხეირეს ფრიად, ჯუანშერის დაყენებული ცოლიკაური დააგემოვნეს და დიდხანს ლოცავდნენ კახაბერს და ბედნიერებას უსურვებდნენ. რუსმა ტანკისტმაც სიყვარულში გამართლება უსურვა კახაბერს და კაი ნასვამ-ნაყლაპი დაადგა უცხო ქვეყნის ნაწილისკენ მიმავალ გზას, რომელიც ქვეყანაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლიდა.
მეორე დღეს კახაბერმა დილიდანვე ტანკის მართვის სწავლა დაიწყო, რაშიც ნაბახუსევი სოფლის ტრაქტორისტი იამბული ეხმარებოდა. შუადღით კი მთავრობის ხალხი ამოვიდა, თან ქვეყნის მთავარი ტელევიზია ახლდათ. ჯუანშერს უთხრეს, თუ ოჯახში პრობლემები არ გინდათ, ტანკი სახელმწიფოს უნდა გადასცეო. ჯუანშერმა, ყველა საბუთი წესრიგში მაქვსო, გადმოალაგა ქაღალდები და ისიც აჩვენა, რა ცეცხლის ფასადაც ჰქონდა ნაყიდი ეს ტანკი. არა, ისე კი არ მიგვყავს, ჩვენც ვიყიდითო და ტელეკამერების ფონზე გააფორმეს ტანკის ას კუპონად ყიდვის ფაქტი. არიხრიხებული ტანკი გადავიდა ეზოდან და თან წაიღო კოშკურას ქვეშ ვიღაცის მიერ თეთრად მიწერილი: ც + კ = ს.
ამ ამბის შემდეგ კიდევ სამი დღე გავიდა და კვირაც დადგა, ცისმარის დაბადების დღე. კახაბერს ორი კლასელი გოგო ესტუმრა და აუწყა, იუბილარს შენი ნახვა უნდა და დაგვიბარა, ორ საათზე სკოლის ეზოში მოვიდესო, ოღონდ უიარაღოდ, ტანკების და ზარბაზნების გარეშეო. კარგიო, უთხრა კახაბერმა. პირველი ხდებოდა უკვე, ვარდები ხო არ დამეკრიფაო, იფიქრა, მაგრამ ტანკით რომ არ მიდიოდა, რაღაც ვარდებით მისვლა კარგავდა აზრს, მით უმეტეს ის ოთხმოცდაცხრამეტი ვარდი ალბათ ჯერაც არ იქნებოდა დამჭკნარი
ყველა ღმერთს სთხოვა, მომეცი ძალა ამაყად დავდგეო და ალბათ ცხოვრებაში ყველაზე ძნელ გზას გაუყვა სკოლისკენ, ყველაზე რთული გამოცდის ჩასაბარებლად. ორს თხუთმეტი წუთი აკლდა სკოლის ეზოში რომ ჩააბიჯა, მხოლოდ ნახევარი საათი მომიწევს ალბათ ცდაო, იმედოვნებდა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, ეზოში მომლოდინე ცისმარის რომ მოჰკრა თვალი. ოღონდ ახლა გული არ წამივიდოდეს და ადგილზე დარჩებოდესო, ამასღა ნატრობდა ახლა. ცისმარის ერთი თვისება ჰქონდა კიდევ, ყველას ხო გამარჯობას ეუბნებოდა, ან გამოცანას, მესამე კლასის და იმ წერილის შემდეგ კახაბერისთვის გამარჯობა არ უთქვამს. ეს არ ნიშნავს, რომ ემდუროდნენ ერთმანეთს, თუ რამე სათქმელი ჰქონდა ეუბნებოდა, ოღონდ გამარჯობის და გამოცანების გარეშე. ახლაც ასე დაიწყო საუბარი:
- არიადნა ბებიამ, ვარდებისთვის მადლობაო!
- შენ მოგიტანე!- რას შემიშინე ის ქალი!
- არ ვიცოდი თუ სახლში არ იყავი!
- ის ტანკი რაღა იყო!
- აბა, რავიცი, პრინცს ველი ტანკითო!
- შენ პრინცი ხარ?! - გაიღიმა ცისმარიმ. კახაბერს კი ეგონა, ცის ყველა კარი ერთად გაიღო მისთვის, ჰაერი სხვანაირად მსუბუქი გახდა. ხო მიწაზე ვარ, ასე მგონია მეცხრე ცაზე ვარ, ახლა რომ მოვინდომო, ვიფრენ კიდეცო, გაიფიქრა და ძალაც მოეცა.
         - მე კახაბერი ვარ!
- სხვას არაფერს არ იტყვი?!
- რა ვთქვა?!
მაინც გამოცანა მოეძალა ცისმარის.- პარალელური წრფეები იკვეთება? - კითხა უცებ.
          - რა ვიცი!
- ანუ ტანკით რომ ხარ, მაშინ ხარ დიდ გულზე, ხო! - თქვა ცისმარიმ და აღარ იღიმოდა უკვე, სკოლის ჭიშკრისკენ იყურებოდა, სადაც დედამისი ჩამოდიოდა, ჩქარი ნაბიჯებით და აჩქარებული სუნთქვით.
      პირველად მაშინ მიხვდა კახაბერი, ჯოჯოხეთი რა იყო. ისიც მიხვდა, რომ სულ ერთი ნაბიჯია სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე. ცისმარის დედამ ქალიშვილს სულ ქოქოლა აყარა, რას დამჯდარხარ ამ არანორმალურთან, სახლში სტუმრები გელოდება, დეიდაშენიც მოვიდა უკვეო. ცისმარის ალუჩისფერი თვალები ცრემლმა მწიფე ალუჩისფრად შეაფერადა. კახაბერს მზერას არიდებდა და დედამისმა ხელი რომ მოკიდა, არ გაუძალიანდა, მასთან ერთდა გადავიდა სკოლის ეზოდან, სადაც კვირა დღის მიუხედავად უამრავ ხალხს მოეყარა თავი. კახაბერი გაქვავდა თითქოს, მიხვდა რომ მომენტი დაკარგა, ის მომენტი, როცა ცისმარიმ უთხრა სხვას არაფერს არ იტყვიო, არასდროს განმეორდებოდა აწი და მიხვდა რომ ერთი მიყვარხარ უნდა ეთქვა სწორედ. ის მიყვარხარ, - სამასსამოცდამეექვსე. ისე გადავიდა სკოლის ჭიშკრიდან, ისეთი სახით აუარა ხალხს გვერდი, ვერავინ ვერაფერი უთხრა. იმ მომენტში ალბათ ვინმეს რამე რომ ეთქვა, ან შეაკვდებოდა ან შემოაკვდებოდნენ.
სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაწყვიტა, ამ ქვეყანაზე მე არაფერი მესაქმებაო. შინ არავინ დახვდა - ჯუანშერი ტყეში ეძებდა წაბლსა და ნიგოზზე გასაზრდელად გაშვებულ საკალანდო ბურვაკებს, მაგდანაც თან ახლდა, ეკალას საკრეფად. კახაბერმა აივანზე გაჭიმული სარეცხის თოკი დაუნანებლად მოჭრა და სახლის უკან აპრილის ბლის ხეზე ჩამოკიდა. ის რომ ფიზიკას ცუდად სწავლობდა, ახლა ,,დაეხმარა" და ვერ განსაზღვრა, ,,ყველაფერი ას კუპონად” მაღაზიაში ას კუპონად ნაყიდი მზით დამწვარ-გამომშრალი წვრილი თოკი მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. ფრიად უმტკივნეულოდ მოადინა ზღართანი გაკვირვებული ბლის ხის ძირში წაქცეულ ჯორკოსთან. რომელსაც ისე დაეწია ტოტი, თოკი რომც არ გამწყდარიყო, მიწამდე მაინც ჩამოაწვდენდა კახაბერს, რომელსაც სულ რამდენიმე წუთის წინ ცაში აფრენა ეწადა. ზემოდან დაყურებდა ხე კახაბერს და ფიქრობდა, არამი იყოს შენთვის რაც ბალი მიჭმევია, ღირსი არა ხარ, ყველა იმ ბლის კურკა ცხვირზე დაგახალოო.
უცებ ჭიშკრის ხმაც გაისმა . მოუსვენრობაშეპყრობილ ჯუანშერს რაღაც ძალა ეწეოდა სახლისკენ. მეზობლებმა გზაშივე ამცნეს სკოლის ეზოში მომხდარი ამბავი. ,კახაბერო”, - ჯუანშერი იძახდა და შვილს ეძებდა, ჯერ ეზოში, მერე ოთახებში. მან კი სასწრაფოდ ჩამოხსნა ბლის ხიდან თოკის ნაგლეჯი, ნაჩქარევად შეჩურთა საზამთროდ დამზადებულ შეშებს შორის, ჯორკოც თავის ადგილს დაუბრუნა. ეს ყველაფერი რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ გამოეხმაურა მამას. ჯუანშერმა, შვილი რომ დაინახა, შვებით ამოისუნთქა, ოღონდ ვერაფრით ვერ მიხვდა რა აწუხებდა ასე. მაგდანამ სარეცხი თოკი მოისაკლისა, ნეტა სად გაქრაო და დანანებით გაიფიქრა, ტანკი რომ ეზოში გვყოლოდა, ხომ არ მოიპარავდნენო. კახაბერმა დედ-მამას გამოუცხადა, დიდ ქალაქს მივდივარ, ბიძაჩემთან ვიცხოვრებ და იქ ვისწავლიო. ალბათ ეს იყო მოუსვენრობის მიზეზიო, თავი დაიწყნარა ჯუანშერმა. რაზე ისწავლიო, რომ კითხეს, სამხატვროზე მინდა ჩაბარებაო. კახაბერს გარკვეული ნიჭი მხატვრობის მართლაც ჰქონდა, ბავშვობაში საოცარ რაღაცეებს ხატავდა, განსაკუთრებით კი ნაწვიმარ, მზით გამშრალ სილაზე უყვარდა ფიგურების გამოყვანა. ეს ყველაფერი ვანელმა ხელოსანმა ბიძამ (მამიდის ქმარმა) ასწავლა. ის ეუბნებოდა ჯუანშერს და მაგდანას, კახაბერს მხატვრობის ნიჭი აქვსო. სახლში რომ რემონტი ჰქონდათ, მაშინ ისწავლა მისგან კახაბერმა მშრალი და სველი სილა რა საოცარ შეხამებას ქმნის. ასევე ისწავლა ფერებისა და ჩრდილების თამაში და სხვადასხვა ფიგურების გამოყვანა. ახალ სურვილზე მშობლებს უარი არ უთქვამთ, ჯუანშერმა მე გამოგყვებიო. კახაბერი, ოღონდ სოფელს გასცლოდა და ყველაფერზე იყო თანახმა. მართლაც, მეორე დღესვე დაადგნენ დიდი ქალაქის გზას მამა და შვილი. ჯუანშერმა მეორე ბიძასთან, მაგდანას ძმასთან დააბინავა კახაბერი, რეპეტიტორიც უშოვნა - ახლობელი მხატვარი და სოფელს დაუბრუნდა.
       ერთი კვირის შემდეგ დიდ ქალაქში მთავარ პროსპექტზე სხვა რამდენი მე მხატვართან ერთად ნახატების ბაზრობასთან იყო კახაბერი, დასაკეც სკამზე იჯდა, მოლბერტი გაეშალა და ბლის ხეს ხატავდა, რომლის ტოტზე ერთ ლარიანი თოკის ნაგლეჯი იყო ჩამოკიდებული, დაბლა წაქცეული ჯორკო და მიწაზე კი ჩამჯდარი, ხელებში თავჩარგული ბიჭი ჩანდა, ყელზე თოკის ნაგლეჯით და ფეხზე „დვამიაჩა” კეტებით. გამვლელ-გამომვლელი ნახატთან ჩერდებოდა. ცოტა ხანში იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, მიტინგი გეგონებოდათ და პოლიციელებმა ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს. თვითონ კახაბერი ვერაფერს გრძნობდა, სხვა განზომილებაში იყო თითქოს. რომ მოსაღამოვდა მაშინ დაამთავრა ხატვა და ერთმა უცხოელმა ტურისტმა, ეს ნახატი რა ღირსო, იკითხა. კახაბერს რომ ჰკითხეს, მილიონიო. მილიონს ვერა და ათას დოლარს ვიხდიო, უცხოელმა. მაშინ კახაბერის ერთადერთი სურვილი იყო, თავზე გადაეფხრიწა ეს ნახატი იმ უცხოელისთვის, მაგრამ უცებ ჯუანშერი გაახსენდა, მისი გულისთვის მთელი ნაგროვები თანხა რომ გაიმეტა და ტანკში გადაყარა. თვითონ ეს ნახატი ყველაზე საშინელ დღეს აგონებდა მის ცხოვრებაში, რატომ დახატა ამასაც ვერ ხვდებოდა. ალბათ თუ დავხატავ, მაშინ იმ დღეს გონებიდან ამოვშლიო, ფიქრობდა.
ასი დოლარით ახლად გაცნობილი მხატვრები იქვე ახლოს მდებარე სახინკლეში დაპატიჟა, დანარჩენი კი ბიძას დაუტოვა ჩემებს გადაუგზავნეო და ახალ გამოცხადებულ ომში წავიდა, უკვე არასამოქალაქო, სამამულო, იმ კუთხის დასაცავად, რომელზეც "უცხოს თვალი ეჭირა”.
კახაბერის ნაწილი ქალაქს იცავდა. ხიდთან იყვენ ჩასაფრებულები. ახლა ავტომატიც ჰქონდა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმსტყორცნიც. სატანკო შეტევას ელოდნენ. ხიდი დანაღმული იყო. ბევრნი იყვნენ გადამთიელები. ტანკიც გამოჩნდა, უკან ქვეითები მოჰყვებოდნენ. ხიდს რომ მიუახლოვდა, შედგა ტანკი, თითქოს შეშინდაო, მერე ერთი ისროლა ქვემეხით და ხიდზე გააგრძელა გზა. ამაოდ ატრიალებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობის სახელურს. მოღალატეებს სადენები გადაეჭრათ და ტანკი ხიდის აქეთა მხარეს იყო უკვე. კახაბერმა არ ავაცილოო და სანგრიდან წამოიმართა და ტანკს დაუმიზნა. უცებ თვალში მოხვდა წარწერა, ც + კ = ს და ისროლა კიდეც. ტანკს ცეცხლი მოედო, კოშკურა მოძვრა, ერთი ადგილზე დატრიალდა და დადუმდა. კახაბერმა სანგარში დაბრუნება ვერ მოასწრო, ავტომატის ჯერმა მოცელა და საიდანღაც გაჩენილ ჯუანშერს ჩაუვარდა ხელში...
თვალი რომ გაახილა, თეთრმა კაშკაშა შუქმა თვალები მოჭრა, მაგრამ ამ შუქშიც გაარჩია ცისმარის სახე. ალბათ სამოთხეში ვარო, გაიფიქრა. ცისმარის ალუჩისფერი თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ცრემლები ლოყაზეც ჩამოსდიოდა. სამოთხეში არ შეიძლება რომ ტიროდნენ, გამოდის, მიწაზე ვარ ისევო, - ფიქრი გააგრძელა კახაბერმა. ცოტათი წამოიწია და ცისმარის უკან მაგდანას, თეთრხალათიან ექიმს და ჯუანშერს, ხელში სოფლის წყაროს წყლით სავსე ნახევარლიტრიანით რომ მოჰკრა თვალი, მაშინ მიხვდა, მართლა მიწაზე იყო, თან ცოცხალი. აცრემლებულ ცისმარის უყურებდა და ალბათ პარალელური წრფეებიც იკვეთებაო, გაიფიქრა. მერე, რადგან სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული და საუბარი არ შეეძლო, კალამი მოითხოვა. ჯერ რიცხვი დაწერა, სამასსამოცდაექვსი, მერე წერტილი დასვა და გვერდით მიუწერა, მიყვარხარ...
23 ნოემბერი, 2016 წელი