რეკლამა
  • 2018-11-18
  • რეგისტრირებული წევრი - 234
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 897

ავტორი: გიო საჯაია ჟანრი: დოკუმენტური / პოეზია გამოქვეყნება: 2016-12-21

ოდა ვიზალიბერალიზაციას

ეს ქვა, უფრო სწორად - ბეტონის ნაჭერი,
რომელიც სახლში, სალოცავად განკუთვნილ კუთხეში მიდევს,
სულაც არ არის გოდების კედლის ფრაგმენტი,
ის, "Deutsche Grundstuecksauktionen AG"- ის აუქციონზე,
7800 ევროდ ნაყიდი, ბერლინის კედლის ფრაგმენტია.
ყოველ დილით, სახლიდან გასვლის წინ,
ხელით ვეხები და ეს არის ჩემი ლოცვა,
ლოცვა მიზნისთვის, რომელსაც სახლიდან გასულმა უნდა მივაღწიო.

დღესაც, ამ სხვებისგან არაფრით გამორჩეულ,
გრიგორიანულ კალენდარზე 2016 წლის
19 დეკემბრით აღნიშნულ დღეს,
ვეხები ისტორიის ამ უმნიშვნელო ფრაგმენტს
და ვიწყებ სვლას ნათელი მომავლისკენ,
რომელსაც ვიზალიბერალიზაცია მიქადნის.

პირველი, ვინც კარის ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე მახსენებს,
რომ ერთი გრადუსითაც არ უნდა გადავუხვიო
აღებული კურსიდან, შუახნის მამაკაცია -
დგას სადარბაზოს კიბეზე და შარდავს.
ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებიან
და მე ვკითხულობ ზიზღს, მისაში
და ის კითხულობს უხერხულობას, ჩემსაში
და მე მინდა მივიდე მასთან,
მამაკაცური ღირსება დავუჭირო,
კარგად დავუფერთხო მოსაქმების შემდეგ,
შარვალში მოწიწებით ჩავუბრუნო,
ზონარი საგულდაგულოდ შევუკრა,
მხარზე ხელი დავარტყა მეგობრულად,
ყოჩაღ-მეთქი, ვუთხრა და უკანმოუხედავად გავშორდე,
მაგრამ ჩვენ შორის სავიზო რეჟიმის რუბიკონია - შარდის მდინარე,
რომლის გადალახვის ძალაც არ შემწევს
და ვერ მივდივარ.

სადარბაზოდან გასულს,
თვალში მშიერი მოხუცი მხვდება,
არც - ქალი, არც - კაცი, უბრალოდ - მოხუცი,
რომელმაც, სულ ახლახანს, სანაგვე ყუთში, ვიღაც მაძღარის,
არც ქალის, არც - კაცის, უბრალოდ - მაძღარის მიერ
გადაგდებული პურის მოზრდილი ნაჭერი იპოვნა
და თავისი, დრო-ჟამისგან დანაოჭებული,
ცხოვრების უკუღმართობით გაუხეშებული
და თავად ცხოვრებასავით დეფორმირებული,
მაგრამ უსაშველოდ მშობლიური
და აუტანლად სევდისმომგვრელი,
აცახცახებული ხელებით გულში იხუტებს
და შეშინებული თვალებით უცქერს ვიღაც გამვლელ მოქალაქეს,
არც ქალს, არც კაცს, უბრალოდ მოქალაქეს,
რომელიც უშვერი სიტყვებით ლანძღავს იმის გამო,
რომ შემთხვევით, ნაგვის ყუთიდან, პურს,
ვიღაცის უკანალში ამოსმული ქაღალდი ამოაყოლა,
რომელიც ქარმა სახეზე ააფარა,
ამ არაქალს, თუ არაკაცს, მაგრამ - მოქალაქეს,
როგორც უტყუარი საბუთი, წუთისოფლის ამაოებისა.
და მე მინდა, მივიდე მათთან და ვთხოვო მოხუცს,
მიწილადოს პური, რამეთუ მეც დიდ მარხვაზე ვარ,
ანუ სულიერად ვშიმშილობ,
ჩემი წილიდან კი გაცხარებულ მოქალაქეს ვუწილადო ლუკმა -
ნატეხი ქრისტეს ხორცისა,
რომ იქნებ, ერთხანს მაინც გაჩუმდეს
და დაფიქრდეს ჯვარცმის თანმხლებ ტკივილზე,
მაგრამ ჩვენ შორის სავიზო რეჟიმის მწუხარების გზაა - Via Dolorosa,
რომლის გავლის ძალაც არ შემწევს
და ვერ მივდივარ.

მივიწევ წინ, ნათელი მომავლისკენ.
აი, უსახლკარო ბავშვი,
არც - ბიჭი, არც - გოგო, უბრალოდ - ბავშვი,
რომელიც, ეს-ესაა, გაიყინება და მოკვდება.
არც გარდაიცვლება, არც სულს განუტევებს, უბრალოდ, მოკვდება.
ტროტუარის გაყინულ ბორდიურზე ჩამომჯდარა და არაფერს ითხოვს,
საერთოდ არაფერს,
ზის და გარდაუვალ სიკვდილს ელის,
როგორც მისი თანატოლები ელიან საახალწლოდ სანტას.
და მახსენდება საკუთარი თავი ამ ასაკში,
როგორ ვმალავდი ხიზილალიან პურს კარადაში,
ძვირფას სერვიზში, რადგან მშობლებმა, რამდენჯერმე, 
საჭმლის ფანჯრიდან გადაყრის ფაქტზე წამასწრეს
და სხვა გზა არ მქონდა, სადმე უნდა დამემალა...
როგორ ვიპარებოდი სკოლიდან, როცა უნდა მესწავლა,
როგორ ვიმიზეზებდი ათას სისულელეს,
ოღონდ კი წიგნი არ გადამეშალა
და რამე არ ამომეკითხა მასში ისეთი,
რასაც, შემდგომში, ადამიანად უნდა ვექციე.
და მე მინდა მივიდე ამ ბავშვთან,
ბოდიში მოვუხადო ჩემი არასწორი ბავშვობის გამო და ვუთხრა,
რომ ჩემი ბრალია, მისი გალურჯებული ტუჩები,
მისი დიდი, შეშინებული თვალები,
მისი პატარა, გაყინული სხეული,
რომელშიც, ეს-ესაა, სისხლიც გაიყინება -
ყველაფერი ჩემი ბრალია,
მაგრამ ჩვენ შორის სავიზო რეჟიმის მარადიული თოვლის სამყოფელია,
საიდანაც მასთან სანტა არ მოვა, სულ რაღაც 12 დღეში,
როცა საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს,
მის ნაცვლად მოვა ყინულის დედოფალი,
რომელიც აკოცებს, მოეფერება და ყველაფერს დაავიწყებს:
ამ სიცივეს, ამ შიმშილს, ამ გულგრილობას, ამ უსამართლობას,
ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, ამ ქუჩას, ამ ტროტუარს, ამ ხალხს,
ამ ჩემს თავს, რომელიც მასთან ვერ მივდივარ

და განვაგრძობ სვლას ნათელი მომავლისკენ.
წინ ქალაქის მთავარი გამზირია,
რომლის ერთ მხარეს, სექსუალური უმცირესობა,
საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით,
მშვიდობიან აქციას-პერფორმანსს მართავს.
(ხვალ, მათ ადგილს,
რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები დაიკავებენ,
რადგან გუშინ, ფანატიკოს მუსლიმებს,
ჩვენ, ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა,
მედრესეს კარზე, ღორის მოჭრილი თავი მივუჭედეთ).
გამზირის მეორე მხარეს, ასი ათასი წმინდა მოწამის
ზომბებად ქცეული სამასი ათასი შთამომავალი დგას,
რომელთა უმრავლესობა, ცოტა ხნის წინ, ომიდან გაიქცა,
როცა სამშობლოს კარგავდნენ,
ახლა კი აქ დგანან, მკერდზე მჯიღის კვრით,
საბრძოლო შეძახილებით,
ამ ათიოდე არც კაცის, არც ქალის,
უბრალოდ - თავისუფალი ადამიანის ჩასაქოლად მომართულნი,
წინ კი, "Dolce & Gabbana"-ს მარკის კაბაში გამოწყობილი,
"Prado"-ს მარკის ჯიპზე ამხედრებული მამაო მოუძღვით.
და მე მინდა მივიდე ამ მამაოსთან
და ვეამბორო "Breguet"-ის მარკის საათზე
და ვთხოვო, შეინდოს მისი ყოვლის მომხვეჭელი ხელით
ეს ათიოდე ადამიანი, რამეთუ ისინიც ღვთის შვილები არიან,
მაგრამ არ მივდივარ,
რადგან ჩვენ შორის სავიზო რეჟიმის უკუნი სიბნელეა
და სინათლე არ მყოფნის ავის და კარგის გასარჩევად.

სამაგიეროდ, მივდივარ ნათელი მომავლისკენ,
რომელსაც ვიზალიბერალიზაცია მიქადნის.
და ვხედავ ქუჩაში გამოსულ პოეტს,
რომელსაც ჩინოვნიკებმა სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა,
რომ მისი სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლების ფაქტი,
მინუს უსასრულობა სიცივეში,
სახელმწიფო კანცელარიის წინ
ღამეების თენებით გაეპროტესტებინა,
რადგან ოჯახი ჰყავს შესანახი და სიმსივნიანი დედა,
რომლებსაც საუკეთესო ლექსების წერითაც კი ვერ შეინახავს.
და მე მინდა მივიდე მასთან და ვუთხრა,
რომ როცა მე მის ადგილას ვიდექი, მას ჩემი არ ესმოდა
და მივდივარ და ვეუბნები,
მაშინ, როცა ახლა ჩემი უპირობო მხარდაჭერა სჭირდება,
როცა არ არის ამის თქმის დრო და ადგილი,
როცა ის თანადგომას მოელის ჩემგან,
მაგრამ ჩემი ამპარტავნება არ მაძლევს იმის საშუალებას,
ეს ყველაფერი ახლა და აქ არ ვთქვა ან საერთოდ დავივიწყო
და მე მივდივარ და გულს ვტკენ და ვტკბები იმ ტკივილით,
რომელიც მას ხერხემალში ხრის
ჩემი უადგილო სიმართლის წინაშე,
რადგან ასეთია ჩემი ბუნება,
რადგან არაფრით ვარ ვინმეზე უკეთესი,

მაგრამ საკმარისია, ჩემსა და სხვა ერთმანეთზე უარესებს შორის
არსებული სავიზო რეჟიმის უფსკრული ამოივსოს
შურითა და ზიზღით,
ბოღმითა და ცოდვის ტრიალით,
მშიერი მოხუცების,
უპატრონო ბავშვების,
უფლებაახდილი ადამიანების გვამებით,
მარგალიტს დახარბებულ ღორებად ქცეული,
უხრწნელი ღვთისმსახურებით,
ქვეყნის გამყიდველი, გახრწნილი ერისკაცებით,
გაუმაძღარი სახელმწიფო და
ფარისეველი საზოგადო მოღვაწეებით,
უბრალო გაბოროტებული ადამიანებით,
ჩემით, ბოლოს და ბოლოს,
რომელსაც შემიძლია, ეს ყველაფერი დავწერო
და შემდგომ ამისა, თავი არ მოვიკლა, 
და სხვა, ამ ლექსით გამოწვეული ნგრევის ნარჩენებით,
საკმარისია, ეს უძირო უფსკრული ამოივსოს
და მიზანი მიღწეული იქნება -
ჩვენ აღარ დაგვჭირდება ვიზა
ამ ჩვენი წილხვედრი ჯოჯოხეთის დასატოვებლად,
რომელსაც საქართველოს ვეძახით
და ჩვენი ჭეშმარიტი სახით,
იმ სამოთხეში შესასვლელად, რომელსაც ევროპა ჰქვია.
ამდენად, წინ, უკეთესი მომავლისკენ!
წინ, მედგრად და ურყევად, ვიზალიბერალიზაციისკენ!
წინ, "ჩემო კარგო ქვეყანა", სულ წინ!