რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ტატო ახალი ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2017-01-02

კოშკა

-	აფსუსი არაა ახლა ასეთი ადგილის გაფუჭება? - ხელი მუხლზე დაირტყა ჩემმა, როგორც უბანზე უწოდებენ, „დიდმა ბრატმა“, მამაჩემის ბავშვობის მეგობარმა კოშკა ძიამ და ლუდით სავსე ბაკალი ნახევრამდე დაიყვანა ერთი მოყუდებით. - როგორ მამწყურებია ტო, დაასხი არაყი, თორემ გამეყინა ძვლები.
-	როდის უპირებენ დანგრევას? -ვიკითხე მე და ჩემს ლუდსაც ზუსტად ისევე მოვექეცი, როგორც ეს კოშკამ ჰქნა.
-	ხუივო მამუ ზნაეტ, მარა ასეთი კორპუსის დანგრევა ტეხავს ტო. - შენა, მესამეზე რო ის რუსი ქალი ცხოვრობდა გახსოვს?
-	იულია ტო? როგორ არ მახსოვს, კაი ქალი იყო.
-	ჰოდა თუ გახსოვს დამისხი ეგ პივაც, თორე გათბა. - არ მოეწონა ჩემი „საჩკაობა“ კოშკას,- მამაშენი იცნობდა კარგად. მაგის ადგილას ეხლა ტიპი რო გადმოვიდა ხო აზზე ხარ?
-	ხო  გამიგია. ვუპასუხე მე და ლუდის სავსე ბაკალი მივაწოდე კოშკას.
-	აი გაიხარეე! ხოდა ეგ დებილი, მეოთხედი თავი რო აქვს, გუშინწინ სახლში ჩამომადგა და იცი რას მეუბნება ტო, შენ რო ყველა ოთახში შუქი გინთია, ჩემამდე დენი აღარ ამოდის და უთოს ვერ ვამუშავებო ტოო.
-	მერე რა ქენი, გამორთე ტელევიზორი? - გამეცინა მე.
-	რა ტელევიზორი ტო, ახლა ავალ ამ თავპლასტმასასთან და თავისივე უტიუგით მანჟეტებს და ვარატნიკს გავუტკიცინებ-თქო - ვიფიქრე, მარა მერე გამახსენდა, რო მაგის უთოს ძაბვა არ ყოფნის, ისევ ჩემი უთოთი ჯობია - მეთქი და წავავლე ხელი ქეჩოში, შემოეთრიე უნდა დაგაუთოვო-თქო. ატეხა პანიკა, ძაღლობა, ტრალი-ვალი და ორასით გამშტრაფეს. არ გინდა ახლა ერთი დებილის გულისთვის ორასი მანეთის გასროლა?
-	ვაა, ვერ მოგსვლია კაი ამბავი, ხო იცი შენა. -მეწყინა ალალად.
-	ისევ მაგას რო ავაძროთ?-ხმა ამოიღო მამაჩემის მეორე ძმაკაცმა პუშკინამ, რომელიც ოცი წლის ასაკში გამელოტდა, მაგრამ ძმაკაცებმა „პაგანიალა“ შეუნარჩუნეს.
-	ეგეც იდეაა, -დაეთანხმა კოშკა, - მომე ერთი პაპიროზი.
-	არ გინდა ტო, მძღნერის გემო აქვს ამას.-დაეზარა სიგარეტის ამოღება პუშკინას.
-	აჰა, მძღნერის გემოც გცოდნია, შენადა ხშირად მოიხმარ ხოლმე? ჩემს ბავშვობაში სიგარეტის ჟოშკებს პროჭები ერქვათ.
-	აჰა და მოწიე, არ მომკლა ამისმა ბუტიაობამ.-გაბრაზდა პუშკინა და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დააგდო.
-	არ მინდა, ტატუშას სიგარეტს მოვწევ. პროჭო. აუ სადაა ჩემი კრისუშა, ათ წუთში დავასუფთავებინებდი მაგის ბაითს.
-	ჰოოო, კრისა ვირტუოზი კარმანშიკი იყო ცხონებული. თან ტატუშ, ტიპს რო ლაპატნიკს გაუწევდა, მაყუთის ნახევარს უკან უბრუნებდა თავის ლაპატნიკიანად ჯიბეში, თან აზზე ვერ მოდიოდნენ ტო. ერთხელ, მეტროში როჟას მარცხენა ხელიდან მოხსნა საათი და მარჯვენაზე გაუკეთა მაზიანზე, ტიპი ხაბარზეც არ იყო ისე ტო.
-	ეგ კრისუშამ კი არა გუდინიმ გააკეთა, - გაეცინა კოშკას, - ვა რა დრო გავიდა და რა ხალხი წავიდა, ადრე ყველა ერთად ვიყავით უბანში, ახლა კიდე ბავშვობის ძმაკაცი სიგარეტს გიჩეკავს. პროჭი.
-	ნუ შეიყავი რა! - ამოუვიდა ყელში პუშკინასაც.
უცებ უბანში გაფითრებული გოშიკა შემოვარდა, ჯერ მე შემომხედა, თითქოს თვალებით მესალმებაო. მერე კოშკას შეხედა შიშით და ძლივს ამოიძრო ხორხიდან ეს ორი სიტყვა:
-	დადუ დაბრიდეს.
-	რა თქვი ბიჭო? -ძლივს ამოიხრიალა კოშკამ წუთიერი დუმილის შემდეგ.
-	დადუ დაბრიდეს შენი გიოს საფლავთან ახლოს. დააკონკრეტა გოშიკამ და სიკვდილმისჯილივით მოიკუნტა კოშკას წინ. 
კოშკა ადგა, ჩემი სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო და სადარბაზოსკენ წავიდა.
      მე შვიდი წლის ვიყავი, როცა კოშკა მოკლეს, ახალი წლის პერიოდი იყო, სამი რიცხვი.  საქართველოში ეს ის დრო იყო, როცა ქურდებს უფრო დიდ პატივს სცემდნენ, ვიდრე პროფესორ-მასწავლებლებს. უბანში მაგარი ჩხუბი ატყდა. გვერდითა ეზოს ბიჭები ჩვენი ეზოს ბიჭებთან ჩხუბობდნენ. კოშკას ბიჭიც, გიოც ჩართული იყო ამ დავიდარაბაში. ატყდა ერთი ამბავი და უცებ გასროლის ხმა. ყველა გაჩერდა, ჩხუბი შეწყდა, „ტალპა გაიშალა“. გიო თავისივე სისხლში იწვა და თავზე იარაღიანი დადუ ედგა. მაშინ 14-15 წლისები იყვნენ. კოშკამ ფანჯრიდან დაინახა და მარტო იმიტომ ვერ გადმოხტა, რომ ყინვისგან ჩაჭედილი გისოსი ვერ გაარღვია. როცა მთელი უბანი ეზოში ჩავიდა, დადუ გამქრალი იყო უკვე. როგორც შემდგომში გაირკვა, დადუსთან ერთად მისი ოჯახიც აორთქლდა.
      „კოშკა მაშინ მოკლეს“ - ამბობს მამაჩემი.
      უეჭველი ვიცოდით, რომ კოშკა შვილის მკვლელს ეძებდა მოსაკლავად და  მისნაირ კაცს მილიცია-პოლიცია კი არა ქრისტე-ღმერთი ვერ შეუშლიდა ხელს ამ საქმეში. 
       კოშკაზე უბნელები ამბობდნენ, მაგისთვის შეუძლებელი არაფერიაო. 
-	კლინტონის დაბრედვას რა უნდა ტო,-ამბობდა კოშკა, - ერთი ზვანოკი „პრაფესორასთან“, ეგ და მაგისი „ჩისტილშიკი“ გაგაზავენ და ორ დღეში ფაფუ კლინტონი.
მე კიდე ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ საბურთალოს ორი ყველაზე სისხლისმსმელი პიროვნება, „პრაფესორა“ და მისი „ჩისტილშიკი“ მეტსახელად „სმალა“, კოშკას ერთ „ზვანოკზე“ დაგაზავდნენ ამერიკაში და აი სად დაენძრა კლინტონს. 
მაგრამ დადუ ჯერ კიდე არ ყავდა მოკლული.
გიოს სიკვდილის მერე სამი წელი იყო გასული, როდესაც სპორტის სასახლეში კრივის ერთ-ერთი სარტყელისათვის ბრძოლა იყო დანიშნული. მამაჩემმაც, როგორც კრივის უუდიდესმა მოყვარულმაც „გააძრო“ სამი ბილეთი და მეხუთე გაკვეთილიდან „მომხსნა“.
მე, მამაჩემი და კოშკა ძია ვიჯექით „პარტერში“ და ვუყურებდით ერთი-მეორეს მიყოლებით როგორ ამტვრევდნენ სახის ძვლებს ქართველი მოკრივეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოწინააღმდეგეებს.
კრივის შემდეგ, გამარჯვების აღსანიშნავად, რესტორანში სუფრა „დაყარა“ მამაჩემმა და თავისი მეგობრები შეკრიბა.
სუფრასთან დასხდომამდე კოშკას ყურადღება მიიპრო ჩვენი მეზობელი მაგიდის ერთ-ერთმა წევრმა. 
-	იმ ნაბოზრის მამა ტო! - ჩაილაპარაკა კოშკამ, პისტოლეტი ამოიღო, და მაგიდასთან მივარდა. 
-	 სადაა შენი ნაბოზარი ბიჭო!- ჩაავლო ხელი კოშკამ და იარაღი თავზე დაადო.
-	აქ ვარ , არ ისროლო! - დაიღრიალა კეპკიანმა და ქუდი მოიძრო.
ცოცხალი დადუ და ნახევრადმკვდარი შეიარაღებული კოშკა პირისპირ აღმოჩნდნენ. ერთი გამოკვრა და მორჩა, მაგრამ კოშკამ დაძაბული ათი წამის მერე იარაღი დაუშვა.
-	წადი! - და მამამისს შეხედა.
-	რა?
-	წადი-მეთქი! - გაიმეორა კოშკამ და გზა გაუხსნა.
-	არ მესვრი?
-	წადი! - ყვირილზე გადავიდა კოშკა და დადუც დაიძრა. დადუ და მამამისი გავიდნენ. ჩვენს დარჩენასაც აღარ ჰქონდა აზრი, დავიშალეთ.
მეორე დღეს მამამ სკოლაში წამიყვანა და გზაში ზუსტად ის კითხვა დავსვი, რომლის გაგონებაც ალბათ ყველაზე მეტად არ უნდოდა მამაჩემს:
-	რატომ არ მოკლა კოშკა ძიამ?
მამაჩემი ჩემსკენ დაიხარა და სახე სახესთან დამიფიქსირა, შემდეგ გასწორდა და მუხლებზე დაეშვა.
-	მისმინე მამა, - დაიწყო დაბალი ხმით,- დადუ მოსაკლავი იყო. კოშკას უნდა მოეკლა, მაგრამ დადუსთვის კოშკას რომ ესროლა, დადუს დედ-მამასაც მოკლავდა.
-	როგორ მოკლავდა დედ-მამას, მარტო დადუს მოკლავდა.
-	არა მამა. როცა გიორგი მოკლეს, კოშკაც მოკვდა მაშინ. დღეს კოშკას აღარაფერი უხარია, ესე იგი მკვდარია და სულ მკვდარი ქნება. მე ვიცნობ კოშკას, ერთად გავიზარდეთ, ან მკვდარი იცოცხლებს, ან თავს მოიკლავს და მოკვდება. ეგრე მოუვიდოდა დადუს მამას, როცა დადუ მოკვდებოდა, დადუს მამაც მოკვდებოდა, მაგას კიდევ არაფერი დაუშავებია და მოსაკლავი არ არის. გაიგე?
-	კი. - დავეთანხმე მე, მეგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ვერაფერი გავიგე.
-	ხოდა თუ გაიგე ერთი რამე დაიმახსოვრე, სანამ კაცს მოკლავ, ის გაგახსენდეს, რომ მაგის სიკვდილით სულ ცოტა ორ უდანაშაულო ადამიანს კლავ და მაგას არც მე და არც ღმერთი არ გაპატიებს. გაიგე?
-	კი. - ისევ დავეთანხმე მე.
-	მამამ საყელო გამისწორა, ცხვირზე ხელი ჩამომისვა, „ასე რომ ჩამოდის უკან რატომ რატომ აღარ ადისო“ ცხვირში ხელი მსუბუქად ამკრა, გამიღიმა და სკოლის კარებისკენ მიბიძგა.
დადუს სიკვდილიდან მეორე დღეს კოშკა ძია თავისი შვილის საფლავზე იპოვნეს გარდაცვლილი. ვენა გადაუჭრია.
დღეს კოშკას გარდაცვალების დღეა, 30 დეკემბერი.